წვეთოვანი მორწყვა და მისი ძირითადი უპირატესობები

წვეთოვანი, მორწყვა

დღესდღეობით, როდესაც მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების სიმცირე, სოფლის მეურნეობის წარმოების ინტესიფიკაცია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დეგრადირება სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენება.

ერთ-ერთი მათგანი წვეთოვანი მორწყვაა. ეს არის რწყვის ისეთი ორგანიზაცია, როდესაც წყლის შეტანა ნიადაგში ხდება უშუალოდ, მცენარის ფესვთა სისტემასთან.

რატომ წვეთოვანი მორწყვა?

რამდენიმე დღეში ერთხელ მცირე დოზებით მორწყვისას, მცენარეები უკეთ ითვისებენ წყალს და საკვებ ელემენტებს, ამავე დროს ნარჩუნდება ნიადაგის ჰაერტევადობა, რაც მცენარეთა ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.

იმის გამო, რომ წვეთოვანი მორწყვით წყლისა და საკვები ელემენტების შეტანა ხდება უშუალოდ მცენარის ფესვთა სისტემასთან, სარეველა მცენარეებისათვის იქმნება უფრო ნაკლებად ხელსაყრელი გარემო.

წყლის თანაბარი განაწილებიდან გამომდინარე გამორიცხულია ცალკეული უბნების ზედმეტად დატენიანება ან ურწყავად დარჩენა.

წვეთოვანი მორწყვის უპირატესობები:

– იზრდება მოსავლიანობა;
– მცირდება ან თითქმის მთლიანად გამორიცხულია ნიადაგის ეროზიული პროცესები;
– მკვეთრად მცირდება ერთეული ფართობის მოსარწყავად გაწეული შრომითი დანახარჯები;
– 2 – 3 ჯერ მცირდება წყლისა და სასუქების დანახარჯები;
– იზრდება მცენარეების მიერ საკვები ელემენტების გამოყენების ეფექტურობა (80-%-მდე), არ ხდება ნიადაგის დამლაშება;
– შესაძლებელია მორწყვა დღეღამის ნებისმიერ დროს, რომელიც გამორიცხავს მცენარეთა მზით დამწვრობას.

წვეთოვანი სარწყავი სისტემის აგებულება: ამ სისტემის ძირითად ელემენტად საწვეთურები გვევლინება. ისინი შეიძლება იყოს კომპენსირებული და არაკომპენსირებული.

კომპენსირებულ საწვეთურებს წნევის ფართო დიაპაზონში ფიქსირებული წარმადობის შესაძლებლობა აქვთ, ხოლო არა კომპენსირებული საწვეთურების გამოყენებისას, წნევის მომატების შემთხვევაში წყლის დანახარჯები იზრდება.

კონსტრუქციულად არჩევენ ინტეგრირებულ (მილის შიგნით მოთავსებული) და არაინტეგრირებული (მილის გარეთ მოთავსებული) საწვეთურებს.

კომპენსირებული საწვეთურების გამოყენებას ძირითადად ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად მიმართავენ. ისინი საგრძნობი სიგრძისა და დახრილობის ნაკვეთზე გამოიყენება. ასეთ ნაკვეთებზე კომპენსირებული საწვეთურების გამოყენება ყველაზე მეტად გამართლებული და რეკომენდირებულია.

არაკომპენსირებულ საწვეთურებს იყენებენ, როდესაც მაგისტრალის სიგრძე მოკლეა და წნევის ცვალებადობა მაგისტრალის სიგრძეზე არ მოქმედებს საწვეთურებიდან წყლის ხარჯვაზე.

არაკომპენსირებული საწვეთურები შედარებით მოკლე დისტანციაზე და სწორი რელიეფის პირობებში გამოიყენება (სხვადასხვა მწარმოებლების საწვეთურებისთვის ეს მანძილი რამდენიმე ათეულიდან, ასეულ მეტრამდე შეიძლება მერყეობდეს).

ინტეგრირებული საწვეთურები სარწყავ მილში შეიძლება განლაგებული იყოს ერთმანეთისგან სხვადასხვა დისტანციაზე, ეს დამოკიდებულია იმ პროდუქტზე, რომლის წარმოებისთვისაც არის განკუთვნილი. მათი დისტანცია სხვადასხვა ბოსტნეული კულტურებისათვის შეიძლება მერყეობდეს 0,3 მ-დან 0,8 მმდე, რაც დამოკიდებულია თავად საწარმოებელ პროდუქტზე.

გარდა ამისა საწვეთურები, როგორც კომპენსირებული, ასევე არა კომპენსირებული, ერთმანეთისგან განსხვავდებიან წყლის ხარჯვის რაოდენობით. იგი საკმაოდ დიდ დიაპაზონში შეიძლება მერყეობდეს 0,6-0,8 ლ/სთ-დან 3-4 ლ/სთ-მდე.

საწვეთურების წყალგამტარობის შერჩევა ხდება შესაბამისად საწარმოებელი კულტურისა და ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხს და განსაკუთრებით მასში მყარი მინარევების არსებობას, ამიტომ მიმართავენ მის აუცილებელ ფილტრაციას. ამისათვის გამოიყენება ფილტრაციის რამდენიმე საფეხური – გრავილის, ჰიდროციკლური, ბადისებური და მათი კომბინაციები.

გრავილის ფილტრებში, გამფილტრავ მასალად გვევლინებახრეშის სპეციალური ფრაქცია, რომელსაც წყლის გაფილტვრა შეუძლია. იგი გამოიყენება ღია წყალსატევებიდან წყლის აღებისას. მისი გამორეცხვა წყლის ჭავლის უკუქცევით ხდება.

მასში გამოიყენება ღორღის ორი ფრაქცია, მსხვილი 1,2-2,4 მმ და წვრილი ფრაქცია 0,5-0,8 მმ (ჭაბურღილის ან ჭის წყლის სარწყავად გამოყენებისას საკმარისია დისკური ან ბადისებური ფილტრების გამოყენება). დისკური ფილტრები ემსახურებიან წყლის ორგანული და არაორგანული მინარევების მოცილებას, ისინი ჩვეულებრივად ექვემდებარებიან წყლით გარეცხვას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, წარმოებაში აქტიურად გამოიყენება წვეთოვანი მილების საშუალებით მცენარეთა გამოკვება ანუ ფერტიგაცია. ამ დროს მიმართავენ წყალში ადვილად ხსნადი, სპეციალური სასუქების გამოყენებას, რომელიც სხვადასხვა კომბინაციით იწარმოება.

მცენარეთა გამოკვებისათვის მოწყობილია სპეციალური, ავტომატიზირებული გამხსნელი და შემრევი სისტემები, რომლებიც თავად ამზადებენ სხვადასხვა საკვებნაზავებს მითითებული პროგრამის მიხედვით. ამავდროულად რეგულირდება მიწოდებული წყლისა და საკვები ხსნარის მარილიანობა, მჟავიანობა და რაოდენობა. აქვე მონტაჟდება წნევის მარეგულირებელი.

მცენარეთა სხვადასხვა სახეობები ერთეული მშრალი ნივთიერების წარმოქმნაზე სხვადასხვა რაოდენობის წყალს ხარჯავენ, ამას ეწოდება მცენართა ტრანსკრიფციის კოეფიციენტი. თუმცა, მხოლოდ იგი როდი განსაზღვრავს კულტურის მოთხოვნას წყალზე.

სხვადასხვა კულტურებს განსხვავებული ტრანსკრიფციის კოეფიციენტი ახასიათებს:

– ჭარხალი 400-450;
– კიტრი 700-750;
– კარტოფილი 620-700;
– კომბოსტო 540-600;
– საზამთრო 600-700;
– ნესვი 620-700 და ა.შ.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წყლით უზრუნველყოფის საკითხში დიდი ადგილი უკავია ნიადაგის მოცულობას, რომელსაც კულტურული მცენარის ფესვთა სისტემა მოიცავს. რაც უფრო მეტია ეს მოცულობა, მით უკეთ მარაგდება მცენარე წყლითა და საკვები ელემენტებით.

ბოსტნეული კულტურების უმეტესობა როგორც წესი ხასიათდება მცირედ განვითარებული ზედაპირული ფესვთა სისტემით და შესაბამისად საჭიროებენ უფრო ხშირ მორწყვას.

სარწყავი წვეთოვანი მილები უკავშირდება მაგისტრარულ მილს და ლაგდება ერთმანეთის პარალელურად, ისინი შეიძლება იყვნენ ერთწლოვანი (თხელი ლენტისებური) და მრვალწლოვანი გამოყენების. მათი დიამეტრი მერყეობს 16 მმ-დან 22 მმ-მდე.

წვეთოვანი მორწყვის საბაზისო სისტემა შედგება რამდენიმე მთავარი ნაწილისაგან:

წყლით მომარაგების სათავე, საქაჩი ტუმბო (პომპა) ფილტრაცია, მაგისტრალური მილგაყვანილობა, სასუქის შემრევი სისტემა, წნევის მარეგულირებლები, დამაკავშირებელი ატრიბუტები.

დამატებით სისტემები შეიძლება მოიცავდნენ ავტომატური კონტროლისა და მართვის კვანძებს, აგრეთვე წყლის ხარჯვის მრიცხველებს.

წვეთოვანი მორწყვის დაგეგვმისას აუცილებელია შემდეგი პარამეტრების გათვალისწინება:

ნიადაგური, წყლის რესურსებისა და მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე შეირჩევა ერთი ან რამდენიმე კულტურა, მათი წარმოების შესაბამისი ფართობები, მწარმოებელი კომპანიები და შემდეგ გადადიან თავად სისტემის პარამეტრების გამოთვლაზე.

პროექტირება მოიცავს:

– წყლის რესურსების საშუალო მოხმარება;
– ნაკვეთზე სარწყავი მილების რაოდენობა, დარგვის სქემის შესაბამისი ნაკვეთის დაყოფა, სარწყავ ბლოკებად (მწკრივების სიგრძე, სიგანე, საქაჩი ტუმბო და წყლის დებეტის გათვალისწინებით);
– საფილტრაციო დანადგარები (ცალკეულ ბლოკებში წყლის ხარჯვისა და რწყვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით);
– მაგისტრალური და გამანაწილებელი მილგაყვანილობის შერჩევა.

ცალკეული სარწყავი ბლოკის წყლის მოთხოვნილება არ უნდა აღემატებოდეს მაგისტრალური მილგაყვანილობის გამტარობას (ის მერყეობს 70-80 მ3/სთ);

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წვეთოვან მილებს აქვთ მაქსიმალური სიგრძის შეზღუდვა, ის როგორც წესი მერყეობს 120-მ-დან 150 მ-მდე, ამიტომ მაგისტრული მილი შეიძლება განლაგდეს ნაკვეთის თავში ან შუაში (გრძელი ნაკვეთების არსებობის შემთხვევაში).

გასათვალისწინებლია ის ფაქტიც, რომ ერთ ბლოკში უმჯობესია ხდებოდეს ერთი კულტურის წარმოება ან ისინი ერთმანეთისგან მკევთრად არ განსხვავდებოდეს წყლის მოთხოვნით.

მრავალწლიანი მილების გამოყენების შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს მილების დაბინძურებას სხვადასხვა მიკრონაწილაკებით, ამიტომ სავეგეტაციო პერიოდის დასრულებისას მათ რეცხავენ.

ამისათვის მილების ბოლოები იხსნება და მათში 20-30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალს ატარებენ. თუკი სარწყავად გამოიყენება ღია წყალსატევიდან მიღებული წყალი, მილებში ზოგჯერ ადგილი აქვს მწვანე ან ლურჯი წყალმცენარეებისა და ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც ლუქავენ საწვეთურებს.

ამიტომ, ასეთ სისტემებში დაბალკონცენტრირებულ 20 მგ/ლ ქლორიან წყალს უშვებენ, გამორეცხვის ხანგრძლივობა 30-60 წუთი.

მცენართა გამოსაკვებად მთელი წლის მანძილზე გამოიყენება კალციუმიანი და მაგნიუმიანი სასუქები, რომელთა მარილებმაც შეიძლება გამოიწვიოს საწვეთურების დალუქვა.

ამ მარილების მოსაცილებლად სეზონის ბოლოს სისტემაში უშვებენ ტექნიკურ აზოტის ან მარილმჟავის 0,6 %-იანი კონცენტრაციის ხსნარს. მჟავური ირიგაციის ხანგრძლივობა, დაახლოებით 1 საათია. წვეთოვანი მორწყვის გამოყენება მაღალი მოსავლის მიღების საწინდარია.

გაზეთი „აგრომანი“.

წვეთოვანი მორწყვის უარყოფით მხარედ საქართველოსთვის შეიძლება დასახელდეს მისი ღირებულება. საწყისი საინვესტიციო კაპიტალი ბევრი ქართველი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

თქვენი რეკლამა