ვერცხლისფერი (ცისფერი) ნაძვი აღწერა, აგროტექნიკა, გამწვანებაში გამოყენება

ვერცხლისფერი, ნაძვი, ცისფერი, გამწვანება, წიწვოვნები

ბოტანიკური აღწერა

ვერცხლისფერი (ცისფერი) ანუ ჩხვლეტია ნაძვი (ლათ. Picea pungens) კულტურაში ყველაზე გავრცელებული ცისფერი ნაძვის სახეობაა. მისი ბუნებრივი ადგილსამყოფელი იუტასა და კოლორადოს (აშშ) კლდოვანი მთებია ზღვის დონიდან 2000-3500 მ სიმაღლეზე.

30-50 მ სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ვარჯი პირამიდულია. ტოტების რგოლები ერთმანეთისაგან რამდენადმე დაცილებულია. ახალგაზრდა ნაზარდის ტოტები ღია მოყვითალო-მოყავისფროა. წიწვები ლეგა ან მწვანე, უხეში, მჩხვლეტავი, მკვრივი, 2-3 სმ სიგრძის.

გირჩები წაგრძელებულ-ცილინდრულია, 6-10 სმ სიგრძის, ნორჩი – მწვანე, მომწიფებისას კი – ღია ნაცრისფერ-ყავისფერი.

გააჩნია სხვადასხვა ჰაბიტუსის, ვარჯის ფორმით, წიწვების შეფერილობითა და ტოტების განლაგებით ერთმანეთისაგან განსხვავებული მრავალი ჯიში. ბაღებში გამოყენების მიზნით ფართო გავრცელება ჰპოვეს შემდეგმა ცისფერმა ნაძვებმა: პირამიდულმა – „Clauca“, „Hoopsi“, „Koster“, „Omega“ და სფეროსებურმა – „Glauca globosa“.

ცისფერი, ნაძვი

აგროტექნიკა

ნაძვი ჩრდილისამტანი, მაგრამ ამავე დროს სინათლისმოყვარული მცენარეა. მხოლოდ თავისუფალ ადგილზე იძენს ის ვარჯის ტიპურ ფორმას. დაჩრდილულ ადგილებსა და ხშირ ნარგაობებში ნაკლებდეკორატიულია.

ყველა ნაძვი უპირატესობას დაბალმჟავიან, მსუბუქ, ნაყოფიერ თიხნარ ნიადაგებს ანიჭებს, მაგრამ სავსებით კარგად ვითარდება ნებისმიერ სხვა გრუნტზეც, მათ შორის, ღარიბ ქვიშნარებსა და მძიმე თიხნარებზეც. არაა მიზანშეწონილი ჯუჯა ფორმების მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგზე გამოზრდა – ამან შეიძლება მათთვის დამახასიათებელი ვარჯის ფორმის დაკარგვა გამოიწვიოს.

ხნოვან ეგზემპლარებს გააჩნიათ მძლავრად დატოტვილი ფესვთა სისტემა და ამიტომ დამატებითი კვება არ ესაჭიროებათ. ნორჩი მცენარეების ძირში კი, ადრე გაზაფხულზე ნოტიო მიწაზე, დაბალი კონცენტრაციის კომბინირებული ან კომპლექსური სასუქების დამატებაა საჭირო. დაუშვებელია ახალი ნაკელის გამოყენება.

გადარგვა შესაძლებელია ან ადრე გაზაფხულზე – კვირტების გაშლამდე, ან შემოდგომაზე. ყლორტების აქტიური განვითარების ფაზაში მცენარე ცუდად ფესვიანდება.

ნორჩი მცენარეები გადარგვას ადვილად იტანენ, მსხვილი ეგზემპლარების გადარგვა კი შესაძლებელია მხოლოდ ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადების შემდეგ. ამისათვის გადარგვამდე 6-12 თვით ადრე მცენარის ვარჯის გარშემოწერილობის ქვეშ მიწას ისე გადაბარავენ, რომ ფესვები გადაიჭრას. ეს იწვევს დამატებითი ფესვების განვითარებას და მკვრივი კოშტის წარმოქმნას. გადარგვის შემდეგ აუცილებელია უხვად მორწყვა.

თუ გადარგვა გაზაფხულზე ხდება, საჭიროა ასევე მცენარეზე წყლის სისტემატური შეპკურება დაფესვიანებამდე.

მოზრდილი ნაძვები საკმაოდ დიდ მდგრადობას იჩენენ როგორც ზედმეტი ტენის, ისე გვალვის მიმართაც, მაგრამ დეკორატიული ჯიშების ექსტრემალურ გარემოში გაშენება სასურველი არაა. სახეობათა უმეტესობა ყინვაგამძლეა. ზაფხულის ნორჩი ნაზარდები ხშირად ზიანდება გვიანი ყინვებით, მაგრამ მათი აღდგენა იოლად ხდება.

ცისფერი, ნაძვი

გამწვანებაში გამოყენება

ნაძვი უნივერსალური მცენარეა დეკორატიულ მებაღეობაში გამოყენების თვალსაზრისით. კლასიკური პირამიდული ვარჯის მქონე ფორმები გამოიყენება ხეივნების შესაქმნელად, მათ რგავენ ჯგუფურად, მარტოულად დომინანტის სახით. ბურთისებური და ჯუჯა პირამიდული ფორმები გამოიყენება მცირე ბაღების რთულ კომპოზიციებსა და მიქსბორდერებში. გართხმული ფორმები შეუცვლელია ფონის შესაქმნელად.

კომპაქტური ეგზემპლარების მიღების მიზნით შემოდგომაზე ახდენენ გვერდითა ყლორტების ცენტრალური კვირტების წაჩქმეტას და იგივე ყლორტების დამოკლებას ზაფხულში.

ზამთრის ბაღისათვის ნაძვი პრაქტიკულად გამოუსადეგარია, რადგან საჭიროებს თანაბარი დაბალი დადებითი ტემპერატურის შენარჩუნებას არა მხოლოდ ზამთრის მოსვენების პერიოდში, არამედ გაზაფხულზეც, აქტიური ზრდის პერიოდში.

ნაძვისთვის განსაკუთრებით საშიშია ზამთარში გამოღვიძება: მაგ., საახალწლოდ სახლში, სითბოში გადატანა და შემდეგ ისევ სიცივეში დაბრუნება. ვერ იტანს ზაფხულის სიცხესაც.

დახურულ გრუნტში ნაძვი კომპაქტურობას კარგავს, რთულდება მისი ფორმირება და დეკორატიულობა იკარგება. ნაძვის შემცვლელად ზამთრის ბაღებსა და ინტერიერში შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული არაუკარია და კრიპტომერია.

ცისფერი, ნაძვი

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა