ტორფი, ტორფის კომპოსტები და მათი დამზადება

ტორფი, კომპოსტი, სასუქი

ტორფი არის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მასა, რომელსაც განუცდია ნაწილობრივი გადალპობა ჭარბი ტენიანობის პირობებში, უჰაერო (ანაერობულ) მდგომარეობაში.

არჩევენ მაღლობის, დაბლობის და გარდამავალ ჭაობის ტორფებს.

მაღლობის ტორფი

მაღლობის ტორფის შექმნაში მონაწილეობს უმთავრესად ხავსი და ისეთი მცენარეები როგორიცაა: მიწა-მაყვალა, შტოში და სხვა.

ეს ტორფი გამოირჩევა დაბალი დაშლის ხარისხით, მაღალი მჟავიანობით და საკვები ელემენტების მცირე შემცველობით. მასში pH მაჩვენებელი 3-4,5 ფარგლებშია.

ორგანული ნივთიერების შემცველობა 95,1 % აღწევს, ნაცრის 4,9 %, აზოტის 1,0 %, ფოსფორის 0,1 %, კალიუმის 0,2 % კალციუმის 0,4 %.

დაბლობის ანუ მდელოს ტორფი

დაბლობის ანუ მდელოს ტორფი წარმოიქმნება მდელოს მცენარეებისაგან მას ახასიათებს ნაცრის ელემენტების მაღალი შემცველობა, დაბალი მჟავიანობა და დამაკმაყოფილებელი დაშლის ხარისხი. დაბლობის ტორფის pH მაჩვენებელი 5-7 ფარგლებშია.

ორგანული ნივთიერების შემცველობა 87,1 %, ნაცარის 12,9 %, აზოტის 2,8 %, ფოსფორის 0,4 %, კალიუმის 0,1 % კალციუმის 2,0% შეადგენს. თუ ნაცრის შემცველობა ტორფში აღემატება 12%, ასეთ ტორფები მაღალნაცრიანს მიეკუთვნებიან. მაღალი ნაცრიანობით გამოირჩევიან დაბლობის ტორფები.

გარდამავალი ტორფი

გარდამავალი ტორფის წარმოქმნაში მონაწილეობს, როგორც მაღლობის ჭაობის მცენარეები ( ხავსები) ისე დაბლობის მცენარეები.

ეს ტორფი ხასიათდება მჟავე ან სუსტმჟავე არეს რეაქციით, მცირე ნაცრიანობით, უმნიშვნელო დაშლის ხარისხით და საკვები ელემენტების მაღალი შემცველობით.

ამ ტორფის pH მაჩვენებელი 4-6 ფარგლებშია. ორგანული ნივთიერების შემცველობა 90,0%, ნაცარის 5-6 %, აზოტის 1,0-2,3 %, ფოსფორის 0,1- 0,2 %, კალიუმის 0,1 % კალციუმის 0,5-2,5 %- ის.

ტორფს რომელიც შეიცავს 5-25 % ჰუმიფიცირებულ ნივთიერებას სუსტად დაშლილს უწოდებენ; 25-40 % – საშუალოდ დაშლილს, 40 % მეტს- დაშლილ ტორფს.

ტორფს სასუქად იყენებენ მხოლოდ მაშინ როცა მისი დაშლის ხარისხი 40-50 %, ნაცრიანობა 10%, pH მარილის გამონაწურში 5,5 მეტია.

საქართველოს ტორფებს ახასიათებთ ძალზე დაბალი დაშლის ხარისხი და მჟავე არეს რეაქცია, ამიტომ მას სასუქად არ იყენებენ. ის წარმატებით გამოიყენება საფენად მეცხოველეობის ფერმებში, ტორფნეშომპალიანი ქოთნების დასამზადებლად და ნიადაგის დასამულჩად.

ტორფის დაშლის ხარისხის გასადიდებლად მისგან ამზადებენ ტორფის სასუქებს და ტორფკომპოსტებს, რისთვისაც მას უმატებენ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს.

ტორფის სასუქი ეწოდება ისეთ ორგანილ სასუქს, რომელშიდაც ტორფის რაოდენობა თანაბარია, ან ნაკლებია დასაკომპოსტებლად მიმატებულ ნივთიერებაზე: არჩევენ ტორფ-ნაკელის, ტორფფეკალის და სხვა ტორფის სასუქებს.

ტორფის კომპოსტი ეწოდება ისეთ ორგანულ სასუქს, რომელშიდაც ტორფი რაოდენობრივად ჭარბობს, მასზე დასაკომპოსტებლად მიმატებულ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს.

არჩევენ: ტორფ-ნაკელის, ტორფ წუნწუხის, ტორფ-ფეკალის, ტორფ-კირის, ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის, ტორფ-ნაცრის, ტორფ-ფოსფორიტის ფქვილ წუნწუხიან, ტორფ-კირ-წუნწუხიან და სხვა კომპოსტებს.

ტორფის კომპოსტები

ტორფის დაკომპოსტების მიზანია მასში არსებული საკვები ელემენტების მცენარისათვის შესათვისებელ ფორმასი გადაყვანა და საკვები ელემენტების დანაკარგების თავიდან აცილება.

ტორფ-ნაკელის კომპოსტი

ტორფ-ნაკელის კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება ყველა სახის ტორფი. მასში ნაკელსა და ტორფს შორის შეფარდება არის 1:3. დასაკომპოსტებელ მოედანზე პირველად  აწყობენ 50 სმ სიმაღლისა და 4-5 მ  სიგანის ტორფის ფენას და იმისათვის რომ დამატებულმა წუნწუხმა არ გაჟონოს ზემოდან ამატებენ ნაკელის ფენას და ასე შემდეგ აწყობენ ტორფისა და ნაკელის ფენებს 1,5 -2 მ სიმაღლემდე.

სიგრძე შეიძლება ნებისმიერი იყოს. კომპოსტი მზად არის 2-3 თვეში, მაშინ როცა მასში არსებული ნამჯა მიიღებს მუქ მურა შეფერილობას და მასა ფხვიერი გახდება.

ტორფ-წუნწუხის კომპოსტი

ტორფ-წუნწუხის კომპოსტი მზადდება სანაკელეში. ამისათვის აწყობენ ტორფის 50 სმ ფენებს და თანდათან ასველებენ წუნწუხით. შტაბელის მთლიანმა სიმაღლემ უნდა შეადგინოს 1,5-2,0 მ, სიგანემ 4 მ. სიგრძე ნებისმიერია. ყოველ ტონა ტორფზე ემატება 0,1-1,0 ტ წუნწუხი. კომპოსტი მწიფდება 2-3 თვეში.

ტორფ-ფეკალის კომპოსტი

ტორფ-ფეკალის კომპოსტი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანული სასუქია, მას ამზადებენ ბეტონის ძირიან მოედანზე. ამისათვის ჯერ შლიან ტორფის 1,5-2,0 მ სიმაღლისა და 4 მ სიგანის ფენას, სიგრძე ნებისმიერია. შუაში უკეთებენ ჩაღრმავებას და შიგ სპეციალური მანქანით ასხამენ ფეკალის მასას და ზემოდან ფარავენ ტორფით.

ყოველ ტონა ტორფზე იღებენ 0,5 ტ ფეკალურ მასას. ერთი თვის შემდეგ კარგად აურევენ ბულდოზერით. კომპოსტი მზად არის 2-3 თვეში.

ტორფ-კირის კომპოსტი

ტორფ-კირის კომპოსტი. ეს კომპოსტი მზადდება მჟავე ტორფებისაგან, რომელსაც ემეტება კირი 0,8 ჰიდროლიზური მჟავიანობის ექვივალენტური რაოდენობით. მიახლოებით 20 ტ ტორფზე ამატებენ 0,5-1,0 ტ კირს. კომპოსტი მზადაა 3-4 თვეში.

ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის  კომპოსტი

ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის  კომპოსტი. ამ კომპოსტის მომზადების მიზანია ფოსფორიტის ფქვილის ხსნადობის გადიდება და ტორფის მჟავიანობის შემცირება.

მის მოსამზადებლად ტორფს შლიან 25-30 სმ სიმაღლის და 4-5 მ სიგანის ფენად და ყოველ ტონა ტორფზე უმატებენ 1-30 კგ ფოსფორიტის ფქვილს, კარგად აურევენ და ტკეპნიან. შემდეგ ამავე წესით ამზადებენ მეორე ფენას და ა.შ სანამ გროვის სიმაღლე არ მიაღწევს 1,5-2,0 მ. დაკომპოსტების დაჩქარებისათვის უმატებენ წუნწუხს. კომპოსტი მწიფდება 4-6 თვეში.

ავტორი: ა. თხელიძე /აგროქიმია/

იხილეთ აგრეთვე: საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება

თქვენი რეკლამა