თესლბრუნვა, პარკოსანი და შუალედური კულტურების როლი

135 Views

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორიგეობა დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე. ზოგიერთი მცენარის უნარი, რომელიც ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით, უშუალოდაა დაკავშირებული ფესვთა სისტემასთან.

ამ მხრივ, მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარეების ნარევად თესვა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის – ორგანული მასალის დაგროვებისთვის. ნიადაგის ორგანიკა კი, როგორც ცნობილია, ნიადაგის მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურის შექმნის საფუძველია.

სხვადასხვა სახის მცენარეებს განსხვავებული ნივთიერებები გამოაქვთ ნიადაგიდან, როდესაც არ ხდება კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგი დროთა განმავლობაში იფიტება. ნიადაგში და ნიადაგის ზედაპირზე ვეგეტაციის განმავლობაში მრავლდებიან კონკრეტული კულტურის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები და მავნებლები, რომლებიც შემდეგ წელს უფრო აქტიურად შეუტევენ იმავე კულტურას.

თესლბრუნვა გულისხმობს: მეურნეობის პერსპექტიული განვითარების გეგმის საფუძველზე, დროისა და ტერიტორიის მიხედვით, კულტურათა მორიგეობის დადგენას, რასაც თან ახლავს ნიადაგის დამუშავებისა და განოყიერების შესაბამისი სისტემა.

თესლბრუნვა ხელს უწყობს

→ მოსავლიანობის ზრდას;

→ ბიომრავალფეროვნების ზრდას;

→ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და შენარჩუნებას;

→ მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების რაოდენობის რეგულირებას;

→ მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის შექმნას.

თესლბრუნვა ეფექტურია, თუ იგი სწორად დაიგეგმება და თანამიმდევრულად განხოციელდება. თესლბრუნვა უნდა იგეგმებოდეს კონკრეტული პირობების მიხედვით.

თესლბრუნვის დაგეგვმისას მეურნემ უნდა გაითვალისწინოს

→ ადგილის ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები;

→ მოსაყვანი მცენარეების თავისებურებები;

→ კულტურებისათვის გამოყოფილი ფართობების თანაფარდობა;

→ საკვების საჭიროება;

→ საწარმოო სიმძლავრე;

→ საბაზრო ასპექტი.

თესლბრუნვა ეფექტურია, თუ იგი სწორად დაიგეგმება და თანამიმდევრულად განხოციელდება. თესლბრუნვა უნდა იგეგმებოდეს კონკრეტული პირობების მიხედვით.

თესლბრუნვა ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს, ყოველი ეტაპი გათვალისწინებული უნდა იყოს. დაგეგმილი და მკაცრად შესრულებული თესლბრუნვის უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელი ხდება პირუტყვისათვის მიღბული საკვების კალკულაცია, თესლის დროულად დამზადება, პარკოსანი კულტურების მოყვანით ნიადაგის აზოტით უზრუნველყოფა, წინამორბედი და მომდევნო კულტურების ურთიერთშეხამება.

თესლბრუნვა ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს

პირველი ეტაპი – თესლბრუნვის ნაკვეთები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ყოველ ნაკვეთს დაახლოებით თანაბარი ფართობი დაეთმოს. მეურნეობაში სხვადასხვა ბონიტეტის- ნაყოფიერების მქონე ნიადაგების არსებობა თესლბრუნვის ორ ან რამდენიმე როტაციად დაყოფას გულისხმობს.

მეორე ეტაპი – აუცილებელია იმ მინდვრების დადგენა, სადაც შინაური ცხოველების საკვებს აწარმოებთ. გასათვალისწინებელია სათიბ-საძოვრის ფართობი. მაშინაც კი, როდესაც ეს ფართობი დიდია, თესლბრუნვაში ჩასართავია ცხოველთა საკვებად პარკოსანი კულტურები (ნიადაგის აზოტითა და ჰუმუსით გასამდიდრებლად და საკვების ყუათიანობის გასაზრდელად).

მესამე ეტაპი – განისაზღვროს ე.წ. “კომერციული კულტურები”, ანუ ის კულტურები, რომელთაც წარმატებით გავიტანთ ბაზარზე, როგორც ბიოპროდუქტს, ასეთი სქემები აქტიურად გამოიყენება ორგანულ სოფლის მეურნეობაში, რომლის გამოყენებაც ერთ-ერთი პირობაა ორგანული პროდუქტის მიღებისათის.

მეოთხე ეტაპი – კულტურების განაწილებისას გაითვალისწინეთ თესლბრუნვის სტრუქტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები.

თესლბრუნვის სტრუქტურის ფორმირების ძირითადი პრინციპებია

• პარკოსანი კულტურის წილი თესლბრუნვაში უნდა შეადგენდეს 25-35%-ს;

• ერთი წელიწადი მაინც მინდვრები საკვებ კულტურებს უნდა დაუთმოთ (სარეველების დასათრგუნად);

• რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ შუალედური და საფარი კულტურები. შუალედური კულტურებია ის კულტურები, რომლებიც ითესება ძირითადი კულტურებისაგან თავისუფალ პერიოდში მეცხოველეობისათვის დამატებით მწვანე და წვნიანი საკვების, აგრეთვე სასიდერაციო მასის მიღებისათვის. ეს მეთოდი გარდა საკვები ბაზის გაუმჯობესებისა, ამდიდრებს ნიადაგს საკვები ელემენტებით განსაკუთრებით აზოტით, ხოლო მისი ჩახვნის შემთხვევაში ნიადაგი მდიდრდება ორგანული მასით. (უპირატესად პარკოსნები);

• თესლბრუნვაში ჩართეთ ძირხვენები კულტურები, რომლის ნაყოფი ნიადაგში ვითარდება მაგ: სტაფილო, ბოლოკი, ტოპინამბური, ჭარხალი და სხვა. (სარეველების დასათრგუნად);

• თესლბრუნვაში სარეველების დამთრგუნავი კულტურების შემდეგ ჩართეთ ის მცენარეები, რომლებსაც განვითარების ხანგრძლივი ადრეული ეტაპი ახასიათებს;

• თესლბრუნვაში შეანაცვლეთ საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები.

• თესლბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია იმ კულტურების შენაცვლება, რომლებიც სხვადასხვა ბოტანიკურ ოჯახებს ეკუთვნიან. ეს მხოლოდ იმისთვის არაა აუცილებელი, რომ ნიადაგი არ გამოიფიტოს: საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად ერთი ოჯახის მცენარეებს ერთი და იგივე მავნებლები და დაავადებები აზიანებენ.

პარკოსანი კულტურების წილი თესლბრუნვაში მაღალი უნდა იყოს, ვინაიდან ისინი:

→ უზრუნველყოფენ ნიადაგში აზოტისა და ჰუმუსის დაგროვებას;

→ დადებითად მოქმედებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე (აუმჯობესებენ მის სტრუქტურას);

→ ასტიმულირებენ ნიადაგში მობინადრე ორგანიზმების ცხოველმოქმედებას.

ძირხვენის წილი შედარებით მცირეა, რადგან ისინი:

→ აღარიბებენ ნიადაგს ჰუმუსით;

→ ხელს უწყობენ დაავადებების გაჩენას (მაგ. კარტოფილის ნემატოდა);

→ მოითხოვენ მეტ შრომას.

მოგვყავს თესლბრუნვის რამდენიმე მაგალითი:

• ხუთმინდვრიანი თესლბრუნვა მეცხოველეობის მეურნეობისათვის:

1. იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის ნარევი (ან სამყურის და მარცვლოვანი ბალახისა);

2. იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის ნარევი (ან სამყურისა და მარცვლოვანი ბალახისა); თესლბრუნვის სქემაში თავიდან ორი ერთნაირი ნაკვეთი იქმნება, იმიტომ რომ პირველ ორ ნაკვეთში იონჯა მრავალწლიანი პარკოსანია, მესამე-მეოთხე ერთწლიანი კულტურებია, ხოლო მეხუთე ნაკვეთში ჭვავი და მარცლოვნები ერთწლიანია, მათი აღების შემდეგ იონჯა რჩება როგორც მრავალწლიანი პარკოსანი კულტურა. ეს არის ციკლი, სრული წრებრუნვა. ხუთი წლის შემდეგ იონჯა ისევ თავის ადგილას უნდა დაბრუნდეს. ეს სქემები მეურნეებისათვის ცნობილია.

3. საშემოდგომო ხორბალი;

4. სიმინდი (სამყურის, სოიოს ან ლობიოს შეთესვით);

5. ჭვავი, იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის შეთესვით.

• ექვსმინდვრიანი თესლბრუნვა მემცენარეობის მეურნეობისათვის:

1. იონჯის, სამყურას და მარცვლოვანი ბალახის ნარევი;

2. საშემოდგომო ხორბალი;

3. შვრია ან ქერი, ცულისპირას ან ძაძის შეთესვით;

4. კარტოფილი, ჭარხალი ან ცერცვი;

5. საშემოდგომო ან საგაზაფხულო ხორბალი;

6. ჭვავი, სამყურას (ან იონჯას) და მარცვლოვანი ბალახის ნარევთან.

ზოგადად, შუალედური კულტურები – თესლბრუნვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

შუალედური კულტურები თესლბრუნვაში უნდა იყვნენ ჩართული, რადგან ისინი:

→ წარმოადგენენ დამატებით საკვებ ბაზას;

→ ამდიდრებენ ნიადაგს აზოტით;

→ ქმნიან დამატებითი ფესვების მასას;

→ ასრულებენ ცოცხალი მულჩის როლს;

→ უნარჩუნებენ ნიადაგს ტექნოლოგიურ მზადყოფნას;

→ ხელს უშლიან ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების გამორეცხვას.

შუალედურ კულტურად შესაძლებელია როგორც საშემოდგომო და საგაზაფხულო, ისე საფარი კულტურების გამოყენება. ეს დამოკიდებულია ძირითადად კლიმატურ პირობებზე. მშრალ რაიონებში უმჯობესია საფარი კულტურების გამოყენება, ხოლო ტენიან რაიონებში –საშემოდგომო და საგაზაფხულოსი.

ზამთრის შუალედური კულტურები მოჰყავთ ზედმიწევნით დაგეგმილი თესლბრუნვის საფუძველზე, როდესაც გათვალისწინებულია ყველა მომდევნო კულტურის შესაძლებლობები. შუალედურ შემდგომ კულტურებად შესაძლებელია იყოს სათოხნი კულტურები, მაგ. სიმინდი, კარტოფილი, თალგამურა და საკვები ნივთიერებებისადმი მომთხოვნი სხვა საბოსტნე კულტურები.

ის მცენარეები, რომლებიც ღრმად იდგამენ ფესვებს, უნდა ითესებოდეს იმ მცენარეებთან ერთად, რომელთაც ფესვი ზედაპირულად გააქვთ, რათა ხნულის მთელი სიღრმე ფესვებით თანაბრად იყოს მოცული. ამ თვალსაზრისით კარგია მაგ. ხანჭკოლასა და ჩიტიფეხას ან საზაფხულო ცერცველას და ზეთოვანი ბოლოკის ნარევი.

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა

იხილეთ აგრეთვე: თესლბრუნვა, კულტურათა მონაცვლეობა, თესლბრუნვების კლასიფიკაცია

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB