შეცდომები ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გამოყვანის დროს

ჩითილი, ჩითილები, ნერგი, ბოსტნეული

ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გამოყვანა საინტერესო და ემოციური პროცესია. მეურნეების (ან მოყვარულების) ერთი ნაწილი ჩითილების გამოყვანით აღტაცებულია, მეორენი ამას მხოლოდ კულტურის მოყვანის აუცილებელ ნაწილად აღიქვავენ, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უყვართ ეს პროცესი და ჩითილების შეძენა ურჩევნიათ.

მიუხედავად იმისა თუ ვინ როგორ უყურებს ამ პროცესს, ყველამ იცის რომ ჯანსაღი მცენარის და შესაბამისად უხვი მოსავლის მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორად გამოყვანილი ნერგია.

ამგვარი ჩითილის გამოზრდა ყველას შეუძლია, მთავარია მონდომება და გარკვეული ცოდნა, თუ ეს ყველაფერი გაქვთ, ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ეს შეცდომებია. ამ შეცდომების გამო კი შეიძლება უხარისხო, დაავადებული მცენარე მივიღოთ და ამან ჩვენი რესურსის არაეფექტური ხარჯვა გამოიწვიოს.

განვიხილოთ რამოდენიმე სერიოზული შეცდომა – ბოსტნეულის (ნერგის) ჩითილის გამოყვანის დროს.

  • უხარისხო სათესლე მასალის გამოყენება

უხარისხო თესლის შეძენა, ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული შეცდომაა ნერგის გამოყვანის დროს. სწორედ სათესლო მასალის ხარისხზეა პირველ რიგში დამოკიდებული საბოლოო შედეგი.

დროის ან ფინანსების ეკონომია გასაგებია, მაგრამ ამან შეიძლება დაგაზარალოთ, ცუდი ხარისხის თესლისგან საუკეთესო შემთხვევაში სუსტ მცენარეებს, ხოლო ცუდ შემთხვევაში საერთოდ ვერაფერს ვერ მიიღებთ.

ამიტომ ეკინომია გონივრული უნდა იყოს, თუ შესაძლებლობა არ გაქვთ, რომელიმე უკვე ცნობილი ან გამოცდილი მომწოდებლისგან შეიძინოთ მაღალი ხარისხის თესლი, სამეზობლოში (სანათესაოში, სამეგობროში) ხომ იცით ვინ მოიწია ამა თუ იმ კულტურის კარგი მოსავალი, მათ ჰკითხეთ და თქვენც იქ შეიძინეთ.

შეძენისას ყურადღებით გაეცანით შეფუთვას (პაკეტებს), მასზე მითითებული უნდა იყოს რაოდენობა (ცალობით ან გრამებში), გამოშვების დრო, ვარგისიანობის ვადა…

  • არასწორი (შეუსაბამო) ნიადაგი

ნერგის გამოზრდისთვის არასწორი შემადგენლობის, შეუსაბამო ნიდაგის ნარევის გამოყენებას შეუძლია შეაყოვნოს მცენარის ზრდა, რიგ შემთხვევებში კი მათი დაღუპვა გამოიწვიოს. არ შეიძლება უბრალოდ შეხვიდეთ ბოსტანში აიღო მიწა და დათესოთ, ეს გაუმართლებელია.

მაგალითად თუ კომბოსტოს ნერგის გამოზრდისთვის ავიღებთ მიწას, სადაც კომბოსტოსთვის ცუდი წინამორბედი კულტურა იზრდებოდა, მასში დიდი ალბათობით იქნება ინფექციები, რომელიც დაასუსტებს ან საერთოდ დაღუპავს თქვენს ჩითილს.

თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნიადაგის ნარევის დამზადება ან შეგიძლიათ უკვე მზა მასალა შეიძინოთ, მთავარია ის ამ კონკრეტული კულტურისთვის იყოს შესაბამისი. ის უნდა შედგებოდეს სპეციალური კომპონენტებისგან: ტორფი, ნეშომპალა, ნაკელი და ა.შ.

  • შეუსაბამო ჭურჭელი ჩითილისთვის

ჩითილებისთვის შეუსაბამო ჭურჭლის გამოყენებამ (მასალა, ზომა, დრენაჟი და ა.შ), შეიძლება ასევე წყალში ჩაგიყაროთ შრომა, რიგ შემთხვევებში ეს იწვევს თესლის ლპობას, გახმობას, თუ მაინც გაგიმართლებთ და ჩითილების ნაწილი ამოვა, არ არის გარანტია. რომ ისინი ნორმალურად განვითარდება.

  • დათესვის წინ თესლის დაუმუშავებლობა

თესლის დათესვისთვის მომზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც ხშირად მეურნეების ნაწილი ყურადღებას არ აქცევს, ეს კი ცალსახად არასწორი მიდგომაა. დაუმუშავებელი თესლის დათესვა (იქნება ეს საკუთრივ წარმოებული, თუ ნაყიდი-დაუმუშავებელი), ხშირად იწვევს ნორჩი ჩითილების დაღუპვას.

რის გამო ხდება ეს? ბოსტნეული კულტურების, ინფექციური დაავადებების დიდი ნაწილი გადადის არა მხოლოდ ნიადაგიდან, არამედ დაუმუშავებელი თესლითაც. თუ თესლი თესვის წინ შესაბამისად არ დამუშავდება, ეს იქონიებს გავლენას, როგორც გაღვივების უნაზრე, ასევე მცენარის შემდგომ განვითარებაზე.

  • მწარმოებლის მიერ დამუშავებული თესლის გაუმჯობესების მცდელობა

მწარმოებლის მიერ, უკვე დამუშავებული თესლის გაუმჯობესების მცდელობამ, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოგცეთ. უმრავლეს შემთხვევებში როგორც მინიმუმ, ეს იმ უპირატესობების ნულზე დაყვანაა, რაც მას ჰქონდა ყიდვის დროს. ცუდ შემთხვევაში კი თესლმა შესაძლოა გაღვივების უნარი საერთოდ დაკარგოს.

ინფორმაცია მწარმოებლის მიერ თესლის დამუშავების შესახებ, შეფუთვის (პაკეტის) უკანა მხარეს წაიკითხეთ ან თუ დაუფასოებელს ყიდულობთ შეძენის ადგილზე მოითხოვეთ.

  • ჩითილის გამოზრდის ვადების გაუთვალისწინებლობა

ზოგიერთი დამწყები მეურნე თვლის, რომ ჩითილის გამოზრდის ვადების დაცვა აუცილებლობას არ წარმოადგენს, ეს მცდარი შეხედულებაა. ვადების არდაცვა მიგიყვანთ იქამდე, რომ მცენარე სუსტად განვითარებული იქნება და გადარგვის შემდეგ შესაძლოა ვერ გაიხაროს.

  • ძალიან ღრმად დათესვა

თუ თესლს ნიადაგში იმაზე ღრმად ჩაფლავთ ვიდრე ეს საჭიროა, შესაძლოა ბევრი ჩითილი არ ამოიზარდოს. ამიტომ ეს ინფორმაცია აუცილებლად მოიკითხეთ შეძენის ადგილზე ან წაიკითხეთ შეფუთვაზე.

  • თესვის სიმჭიდროვე

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა აგრეთვე შემჭიდროვებული თესვა, სიმჭიდროვის შედეგი შეიძლება იყოს, სუსტი წაგრძელებული ჩითილი და არა მხოლოდ ეს, ამგვარი ნათესებში ხშირია დაავადებები.

მიზეზი ბანალურია, მცენარეს ნორმალური განვითარებისთვის არ ჰყოფნის ადგილი, ისინი საკვების უკმარისობას განიცდიან და ცუდად ვითარდებიან.

  • მორწყვის და კვების ნორმების დარღვევა

ნიადაგის დატენიანება უმჯობესია დათესვამდე გააკეთოთ, უშუალოდ დათესვის შემდეგ მორწყვამ, შესაძლოა თესლი გრუნტის სიღრმეში ჩაიტანოს, ამიტომ თუ მანდამაინც უმჯობესია პულივიზატორი გამოიყენოთ. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

არასაკმარისი მორწყვა ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობას იწვევს, რაც ხელს უშლის ნერგის ამოსვლას. იმისთვის, რომ ნიადაგის ზედაპირი არ გამოშრეს ჭურჭელს აფარებენ ცელოფანს, რომელიც ტენს აორთქლების საშუალებას არ აძლევს.

ცელოფნის მოხსნის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ჩითილების დროული მორწყვა, არ გამოაშროთ ნიადაგი.

ჭარბმა მორწყვამ კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა და ახალგაზრდა მცენარის დაავადება. ძალიან ცივი წყლით მორწყვა ასევე აავადებს მცენარეებს.

მიუხედავად იმისა თუ რა კულტურის ნერგი გამოგყავთ, მას სჭირდება კვება, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ინფორმაციას – თუ როგორი კვება სჭირდება, თქვენს მიერ შერჩეული კულტურის ამ კონკრეტულ სახეობას.

  • განათების ნაკლებობა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა

არასაკმარისი განთება იწვევს ახალგაზრდა მცენარის წაგრძელებას (გაწელვას), დასუსტებას. იმის გათვალსიწინებით, რომ მცენარის ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა 12-14 საათიანი განათება, კლიმატური პირობების გათვალსიწინებით იყენებენ ხელოვნურ განათებას.

ძალიან დაბალი ტემპერატურა, კარგ შემთხვევაში ჩითილის ზრდის ტემპის შენელებას გამოიწვევს, ცუდ შემთხვევაში დაღუპვას.

  • დაავადებების და მავნებლების უგულებელყოფა

დაავადებების უგულებელყოფა დაუშვებელია, თავისით არაფერი არ მოგვარდება, ამიტომ დაავადების ან მავნებლის პირველივე ნიშნებზე მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ნერგის პირობები ჩამოყალიბების პროცესში, როგორც წესი, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პრობებისგან სადაც მცენარე შემდგომში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს. თუ ნერგს ამ პირობებთან შეუჩვევლად დავრგავთ, შეიძლება ვერ შეეგუოს, დაავადდეს, ფოთლები დასცვივდეს ან სულაც დაიღუპოს.

ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნერგის გამოწრთობა, ანუ ზრდის მუდმივი ადგილის პირობებთან შეჩვევა. ასე მაგ. მუდმივ ადგილზე გადარგვამდე 10-15 დღით ადრე ნერგების რწყვა მცირდება, 5-7 დღით ადრე კი მთლიანად წყდება. გარდა ამისა, თბილ ამინდში შეგუების მიზნით, ნერგები შენობიდან გარეთ გააქვთ, თავიდან მცირე, შემდეგ კი სულ უფრო მეტი დროით.

  • ჩითილის გადარგვის დაგვიანება და თანმიდევრობის დარღვევა

გადარგვისთვის ყველაზე ძლიერ, კარგად ჩამოყალიბებულ მცენარეებს ირჩევენ. გადარგვა ძირითადად საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში ხორციელდება. ჩარგვისას მცენარის ფესვთა სისტემის შენარჩუნება აუცილებელია, ამიტომ ნიადაგს ატენიანებენ, რომ ამოღებისას ჩითილი არ დაზიანდეს. გადარგვის პროცესს დიდი სიფთხილით უნდა მოვეკიდოთ.

აღნიშნული შეცდომები არ ნიშნავს, რომ ნერგის (ჩითილის) გამოყვანა, რაღაც განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენს. უბრალოდ პროცესი მოითხოვს ყურადღებას და ნორმების დაცვას.

გისურვებთ წარმატებებს და უხვ მოსავალს! 

იხილეთ აგრეთვე: ჩითილების გამოყვანის მეთოდები და თავისებურებები

თქვენი რეკლამა