საშიში მავნებელი ამერიკული თეთრი პეპელა და მასთან ბრძოლის ღონისძიებები

444 Views Comment Off
ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ამჟამად საქართველოში მავნებლის მაღალი გავრცელების ზონებია ფოთის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ლანჩხუთის რაიონები, აჭარისა და აფხაზეთის ა.რ.

საშუალო გავრცელების — აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, ჩოხატაურის, ხონის რაიონები; დაბალი გავრცელების — ქ. ქუთაისი, ხარაგაულის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს რაიონები. სურამის ქედი წარმოადგენს ბუფერულ ზონას (გამყოფს საკარანტინო ზონისა და მავნებლისაგან თავისუფალ ზონას შორის).
ამერიკული თეთრი პეპელა პოლიფაგი მწერია, იკვებება 300-ზე მეტი სახეობის მცენარით, ხეხილის, ტყის ჯიშების, დეკორატიული მცენარეების, ვაზის, სიმინდისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფოთლებით. უპირატესობას ანიჭებს თუთას, ამერიკულ ნეკერჩხალს, თხილს, კაკალს, თხმელას, ვაშლსა და მსხალს. აფუთქარების პერიოდებში იწვევს მცენარის სრულ გაშიშვლებას, რის შემდეგაც დაზიანებულ მცენარეზე ქერქიჭამიები სახლდებიან.
თუ ამერიკული თეთრი პეპელა მავნეობს ზედიზედ რამდენიმე წელი, მაშინ მცენარე ხმება.
ამერიკული თეთრი პეპლის ფრთები თოვლივით თეთრია, ზოგჯერ გვხვდება შავი ან ყავისფერი ლაქებით. იგი, ძირითადად, ორ თაობას იძლევა. თუმცა, იშვიათად, თბილი შემოდგომის პირობებში, შესაძლოა, გაჩნდეს არასრული მესამე თაობაც. პირველი თაობის პეპლები აქტიურად ფრენენ აპრილ-მაისში, ხოლო მეორე თაობა ჩნდება ივლის-აგვისტოში.
მწერის კვერცხის განვითარების ხანგრძლივობა 7-20 დღეა, მატლის — 30-45, ხოლო ჭუპრის — 14-20 დღე. ვადები მერყეობს კლიმატური პირობების შესაბამისად. კლიმატური პირობების გამო, ტენიანი, ხანგრძლივი გაზაფხულისა და მოკლე, გრილი ზაფხულის პერიოდში მავნებლის განვითარების ციკლი საგრძნობლად გახანგრძლივებულია, ხოლო მოკლე თბილი გაზაფხულისა და ზომიერად ტენიანი ცხელი ზაფხულის პერიოდში – პირიქით, შემოკლებულია.
აგროტექნიკური და მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები ტარდება შემოდგომა-გაზაფხულზე.
მოზამთრე ფაზების გასანადგურებლად უნდა მოხდეს ხეების გამხმარი ქერქის ჩამოფხეკა, ნაფხეკის, ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნასხლავი ტოტების შეგროვება — დაწვა, ხეების ქვეშ ნიადაგის ღრმად შემობარვა და მორწყვა, ხეებზე საჭერი სარტყლების გაკეთება.
პეპლის მასიური გამოფრენის ვადების დასადგენად საჭიროა ფერომონიანი სქესმჭერის (5 ცალი 1 ჰა-ზე) ან ქარხნული წესით დამზადებული სინათლის დამჭერების გამოყენება (5 ცალი 1 ჰა-ზე).
ოჯახის პირობებში შეიძლება კუსტარული წესით დამზადებული დამჭერების (წყლიან თასში სადგამზე იდგმება ანთებული ლამპა მაღალვატიანი ნათურით, რომელიც იზიდავს პეპლებს) გამოყენება. დაფიქსირებული პეპლები სავარაუდოს ხდის მავნებლის მატლის გამოჩენას 10 დღიან
ვადაში. შესაბამისად, აუცილებელი ხდება ბრძოლის მექანიკური ღონისძიებებისათვის მზადება.
აბლაბუდაში თავმოყრილი ამერიკული თეთრი პეპლის 1-2-3-4 ასაკის მატლების წინააღმდეგ მაღალ ეფექტს იძლევა საკარმიდამო ნაკვეთებსა და ქალაქის გამწვანებაში მავნებლის ბუდეების ტოტებზევე მოწვა (რომელიც გრძელ ჯოხზე გაკეთებული ჩირაღდნების საშუალებით ხდება) ან აბლაბუდიანი ტოტის მოჭრა და დაწვა. ტოტის მოჭრის შემთხვევაში, იმ ადგილას, სადაც იგი დაეცემა, უნდა გადატარდეს ალი. ამ დროს ნადგურდება ძირს ჩამოცვენილი მავნებელი. მატლის აბლაბუდაში ყოფნის პერიოდი გრძელდება 15-20 დღე.
ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებები
მსხმოიარე ბაღებში, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებში, საკურორტო ზონაში, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით ქიმიური ღონისძიებების გატარება შეზღუდულია, მიზანშეწონილია, ბრძოლის მიკრობიოლოგიური საშუალებების გამოყენება (ლეპიდოციდი 1კგ/ჰა, ბიტოქსიბაცილინი 2-3კგ/ჰა, ბიკოლი 5კგ/ჰა, დიპელი 0,5კგ/ჰა, სონიტ-კ 3-4.5 კგ/ჰა). ამ პრეპარატებით შესხურება მაღალეფექტურია პირველი ასაკის მატლის წინააღმდეგ, აგრეთვე მაშინ, როდესაც კვერცხი ფერს იცვლის და მუქდება. ამ შემთხვევაში ვირუსი ან ბაქტერია იწვევს ეპიზოოტიას, დასენიანებული მატლი მასიურად იღუპება, ვეღარ აღწევს მე-3 ასაკს.
ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები
მე-4 ასაკის ბოლოდან მე-5 — მე-6 ასაკის ჩათვლით აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ბრძოლის ქიმიური ღონისძიება სხვადასხვა ქიმიური ჯგუფების კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების პრეპარატების გამოიყენებით. სასურველია ყოველ წელიწადს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებისას ვცვალოთ პრეპარატების ასორტიმენტი, რათა ადგილი არ ჰქონდეს მავნებლის რეზისტენტული ფორმების წარმოქმნას.
მე-7 ასაკში მატლი წყვეტს კვებას, არჩევს დასაჭუპრებელ ადგილს და იჭუპრებს. ბოლო, მე-7 ასაკში ქიმიური წამლობა არაეფექტურია. სასურველია მოზამთრე ჭუპრების შეძლებისდაგვარად შეგროვება და დაწვა.
გახსოვდეთბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მავნებლის ყოველი თაობის წინააღმდეგ, შემჭიდროვებულ ვადებში, რათა არ მოხდეს მავნებლის არეალის გაფართოება — ერთი საკარმიდამო ნაკვეთიდან მეორეზე, ასევე მიტოვებულ ნაკვეთებში დაბუდება.
მცენარეთა ბიოლოგიური და ქიმიური დამუშავებისათვის გამოიყენება პესტიციდების სახელმწიფო კატალოგით ნებადართული პრეპარატები. პესტიციდების გამოყენება ხდება რეკომენდირებული ხარჯვის ნორმების და რეგლამენტების დაცვით.
უსაფრთხოების ზომები
წამლობების ჩატარების დროს აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. წამლობის დროს დამწყვდეული უნდა იქნას შინაური ფრინველი, ცხოველი და შეიზღუდოს ფუტკრის ფრენა. აუცილებლად უნდა დაიხუროს ჭები, წამლობის ადგილს უნდა მოვარიდოთ მოსახლეობა (განსაკუთრებით ბავშვები). პირებს, რომლებიც უშუალოდ ატარებენ წამლობას, უნდა გააჩნდეთ სპეცაღჭურვილობა.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არქონის შემთხვევაში უნდა ეცვათ გრძელსახელოიანი (სასურველია წყალგაუმტარი) ტანსაცმელი, რომლის სახელოებიც ჩატანებული იქნება რეზინის საყოფაცხოვრებო ხელთათმანებში, თვალებზე უნდა ეკეთოთ სათვალე, ხოლო სახეზე აფარებული უნდა ჰქონდეთ ერთჯერადი სამედიცინო ან თვითნაკეთი პირსახვევი (დოლბანდის რამოდენიმე ფენა რომელშიც ჩატანებული იქნება ბამბის ძალიან თხელი ფენა, რათა დოლბანდმა არ გაატაროს წამალი). უსაფრთხოების წესების დაცვით შეიძლება თავიდან ავიცილოთ პესტიციდით მოწამვლა.
დაუშვებელია წამლობისას თამბაქოს მოწევა, წყლის ან საკვების მიღება!
პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. წამლობა ტარდება დილის ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში, უქარო ამინდში. წამლის შეშრობის შემდეგ შეიძლება შინაური ფრინველებისა და ცხოველების გამოშვება, თუმცა სასურველია ისინი შეწამლულ ადგილებს შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ 3-5 დღის განმავლობაში.
შეწამლული ხილის, ბოსტნეულის საკვებად გამოყენება დაუშვებელია ქიმიური წამლობიდან მინიმუმ 20 დღის მანძილზე, სანამ მათზე მოხვედრილი პრეპარატი არ დაიშლება. ბიოლოგიური პრეპარატების შემთხვევაში კი ლოდინის პერიოდი 5 დღეა. გამოუყენებელი პესტიციდების ნარჩენები ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, კვების პროდუქტებისაგან და ცხოველთა საკვებისგან მოშორებით.
არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება უშუალოდ ღია წყალსაცავების, წყალსატევების  ახლოს ან ზღვის პირას სანიტარიულ-ჰიგიენურ და გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით(300 მრადიუსით).

სამუშაო ხსნარის მომზადება და შემასხურებელი ტექნიკის გამოყენება
ხელის შესასხურებელ აპარატებში («სოლო» ან ზურგსაკიდი აპარატი), ყოველ 10ლ. წყალში იხსნება 5 გრ დეცისი, 4 გრ კარატე ან არივო, 15 გრ ბი-58 ახალი. 1200 ლიტრიან სატრაქტორო შემასხურებელ აპარატში 1200 ლ. წყალში – 600 გრ დეცისი, 480 გრ. კარატე ან არივო, 2,4 ლ. ბი-58 ახალი. სამუშაო ხსნარები უნდა დამზადდეს უშუალოდ ავზებში. აკრძალულია პესტიციდების ან გამზადებული სამუშაო ხსნარების ღიად, უყურადღებოდ დატოვება.
შესხურება დასაშვებია, როდესაც ქარის სიჩქარე არ აღემატება 3-4 მეტრს წამში. თუ შესხურებიდან არ არის გასული 2 საათი და წვიმამ ჩამორეცხა პრეპარატი, სასურველია შესხურების ხელახალი ჩატარება.
უნივერსალური შემასხურებელი აპარატის Tifa-100E-ს გამოყენებისას ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრადუსს, ხოლო ქარის სიჩქარე 16 კმ საათს. 6 ლ. დიზელის საწვავში იხსნება 1 ლ. დეცისი. სამუშაო ხსნარის ნისლის წვეთების ზომა 35-50 მკ უნდა იყოს. სამუშაოები უნდა ჩატარდეს ადრე დილით ან საღამოს საათებში. ღრუბლიან ან გრილ ამინდებში შესაძლებელია დღის საათებში Tifa-100E-ს საშუალებით წამლობის ჩატარება.
ამერიკული თეთრი პეპელას ბუნებრივი მტრები 
ამერიკულ თეთრი პეპელას გავრცელება-განვითარებას ახასიათებს ძირითადად სამ-ხუთწლიანი აღმავლობის ციკლი. ხელშემწყობი გარემო პირობების შემთხვევაში ხდება მავნებლის პიკური აფუთქარება. მომდევნო წელს უმეტესად იწყება პროცესის დაღმასვლა — 3-4 წლიანი პაუზით, ახალ აფუთქარებამდე. პაუზის პერიოდში მიზანშეწონილია მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარება. ამ დროს ბუნებრივად ხდება ენტომოფაგების გამრავლება.
საქართველოში დაფიქსირებულია ამერიკული თეთრი პეპელას შემდეგი ბუნებრივი მტრები: ენტომოფაგები — ჩვეულებრივი ოქროთვალა (Chrisopa carnea Steph), მტაცებელი ობობები და ჭიანჭველები, აგრეთვე კრაზანები, ჩოქელები; ფრინველები — ბეღურები, პარაზიტები-იქნევმონიდები და ბუზების ზოგიერთი ოჯახი (Tachnidae).
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB