საქართველოს მეხილეობის ზონები და მათი სამეურნეო მიმართულებები

მეხილეობა

საქართველოს ეკოლოგიური პირობები მეტად მრავალფეროვანია. საქართველოს რეგიონები და მუნიციპალიტეტები ნიადაგობრივი, კლიმატური და ეკონომიკური პირობების შესაბამისად დაყოფილია მეხილეობის და სუბტროპიკული კულტურების ზონებად.

საქართველოს მეხილეობის და სუბტროპიკული კულტურების ზონები:

  • მეხილეობის სამრეწველო ზონა (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი);
  • ქ. თბილისის საგარეუბნო ზონა (მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი);
  • კახეთის ზონა (შიდა და გარე კახეთი);
  • დასავლეთ საქართველოს ზონა (რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო);
  • აჭარისა და აფხაზეთის საკურორტო ზონა.

მეხილეობის სამრეწველო ზონა (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი)

ეს ზონა მოიცავს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს.

შიდა ქართლის ხეხილის სამრეწველო ზონა განლაგებულია ლიახვის, მტკვრის და ფრონეს ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 – 950 მეტრ სიმაღლეზე. აქ არის თავმოყრილი ვაშლის სამრეწველო ნარგაობის 80 %.

ამ ზონის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10.20C–10.90C -ის ფარგლებშია. ხანდახან, ივლის–აგვისტოს პერიოდში ჰაერის ტემპერატურა 38-400C აღწევს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (>50C) 3300–3500 გრადუსის ფარგლებშია.

სავეგეტაციო პერიოდი 185-195 დღეა. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა – 20-210C, საშუალო მინიმალური ტემპერატურა _12-150C, ნალექების რაოდენობა არ აღემატება 580-585 მმ, თუმცა ხაშურის რაიონში ნალექების რაოდენობა ხანდახან აღწევს 750-800 მმ.

ნიადაგები: რეგიონში გავრცელებულია მდელოს ყავისფერი, ალუვიური კარბონატული ნიადაგები, ჰუმუსის საშუალო შემცველობით.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პატარა და დიდი ლიახვის ხეობას, სადაც თესლოვანი ხილი კარგად შეფერილი, არომატული და მაღალშენახვისუნარიანია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (აქ გაერთიანებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ვალის მუნიციპალიტეტები) სამრეწველო ბაღები შეიძლება გაშენდეს ახალციხის და სამცხე-ჯავახეთის წინამთების ზოლში 850–1000 მ. ზღვის დონიდან.

კლიმატი დამახასიათებელია წინამთებისათვის – ცივი, თოვლიანი ზამთრით და გრძელი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 – 100C, სავეგეტაციო პერიოდი 170-180 დღეა.

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა – 22-250C, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (>50C) 2900–3200 ფარგლებშია, ყოველწლიური ნალექების რაოდენობა – 520-560 მმ-ია. ნალექების რაოდენობის სიმცირის გამო ხეხილის ბაღები მოითხოვენ აუცილებელ მორწყვას.

ნიადაგები: რეგიონში გავრცელებულია მდელოს ყავისფერი და შავმიწა ალუვიური ნიადაგები.

სამეურნეო მიმართულებები

მეხილეობის სამრეწველო ზონა თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოების მთავარი ზონაა. აქ იწარმოება ზამთარში მოხმარების მაღალხარისხოვანი ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ბალი და ალუბალი. აქ აწარმოებენ ვაშლის ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებს: კეხურას, ივერიას, ზამთრის ბანანს, შამპანურ რენეტს, გოლდენ და რედ დელიშესს, ყვითელი ბელფლორს, აიდარედს და სხვა.

შიდა ქართლის ვაკეზე მოჰყავთ ატამი: საკონსერვო, საადრეო, კორონეტი, უსპეხი, ხიდისთაური ვარდისფერი, ელბერტა, კრიმჩაკი, ოქროს იუბილე, ლებედევი, ნექტარინები: სტარკ რედ გოლდი, სტარკ დელიშესი და სხვა.

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ ქლიავი – შავქლიავა, სტენლი, იტალიური უნგრულა, ალტანის რენკლოდი, ატმისებური და სხვა. ამ ტერიტორიაზე კარგად მოდის ბალი და ალუბალი. ბლის მთავარი საწარმოო ჯიშებია – ხარისგულა, დროგანა ყვითელი და თათრული შავი. ალუბლის საწარმოო ჯიშია – ქართული ალუბლები.

კენკროვნებიდან სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ ჟოლო, ქარელის მუნიციპალიტეტში – მარწყვი, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში – მოცხარი.

ქ. თბილისის საგარეუბნო ზონა (მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი)

მცხეთა-მთიანეთში ბაღები განლაგებულია ქართლის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში. როგორც წესი, ეს რეგიონი იყოფა ორ ზონად:

დაბალი ზონა: მცხეთისა და ახალგორის რეგიონები, რომლებიც 600-650 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული ზღვის დონიდან; მაღალი ზონა: დუშეთის და ყაზბეგის რაიონები 700–1200 მეტრამდე. აქ კლიმატი ხასიათდება შედარებით ტენიანი, ზომიერად ცივი ზამთრისა და გრძელი თბილი ზაფხულით.

საშუალო წლიური ტემპერატურა 10.80C -ია, ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობა 185-195 დღეა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 30000C -ზე მეტია, თუმცა მთიან რეგიონში მისი ხანგრძლივობა 21000C არ აჭარბებს. ნალექების რაოდენობა 580-600 მმ. ქვედა ზონებში ბაღები მოითხოვენ აქტიურ მორწყვას.

ნიადაგები: ქვედა ზონაში გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, მცირე ჰუმუსიანი კარბონატული ნიადაგები, ხოლო ზემო ზონაში – მცირე ჰუმუსიანი კარბონატული ნიადაგები, ეროზიის კვალით.

ქვემო ქართლის ზონა: (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრისწყარო, დმანისი) მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები (თეთრისწყარო, დმანისი) განლაგებულია 1000-1100 მეტრზე, დაბალი ზონის (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) მუნიციპალიტეტებში – 550–600 მეტრზე. ვაშლის ბაღები განლაგებულია უფრო დაბალ ზონებში.

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 3800–41000C, ივლის–აგვისტოში საშუალო ტემპერატურა – 35–390C გრადუსს აღწევს. აქ ხშირია გვალვიანი პერიოდი, ხოლო ნალექების რაოდენობა – 550–670 მმ ვერ უზრუნველყოფს მცენარეების მოთხოვნას წყლის მიმართ, ამიტომ მორწყვა აუცილებელია.

ნიადაგები: გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, მცირე ჰუმუსიანი კარბონატული ნიადაგებით, თუმცა შავმიწებიც გვხვდება ზოგიერთ ადგილას.

სამეურნეო მიმართულებები:

ზონაში გავრცელებულია ვაშლის, ქლიავის, ბლის, გარგარის, ბროწეულის სამრეწველო ნარგაობები. მარნეულის და გარდაბნის რაიონებში იწარმოება მაღალხარისხოვანი ბროწეული. ბროწეულის გარდა, აქ კარგად მოდის სხვა სუბტროპიკული ხილიც – აღმოსავლური ხურმა და ლეღვი. ზონაში გარკვეული დატვირთვა აქვს კაკლის წარმოებას.

მარნეულის რაიონში საადრეო ბალის წარმოებას კარგი პერსპექტივა აქვს, აქ წარმოებული პროდუქცია, მაისის ბოლოსთვის მიეწოდება თბილისის ბაზრებს. ეს თითქმის ერთადერთი ზონაა საქართველოში, სადაც შესაძლებელია გარგარის მაღალხარისხოვანი ჯიშების (შალახი, ალიპრიალა, აღჯანაბადი) მოყვანა. ამ ზონაში წარმატებით შესაძლებელია ქლიავისა და ატმის წარმოებაც.

კახეთის ზონა (შიდა და გარე კახეთი)

კახეთის ზონა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კახეთის ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტებია: ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლის წყარო, სიღნაღი და საგარეჯო.

კლიმატი

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,0-13,50C –ს ფარგლებში ცვალებადობს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3500-42500C –ს ფარგლებში მერყეობს. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა (-13-150C) იშვიათად – 15-20 წელიწადში ერთხელ შეიძლება განმეორდეს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2000-2200 საათს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში კი – 1500-1600 საათია.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი შიდა კახეთში 550-800 მმ ფარგლებშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 350-400 მმ არ აღემატება, რის გამოც ხეხილის მორწყვა აუცილებელია. მორწყვა შესაძლებელია მდ. ალაზნისა და მდ. ივრის სარწყავი სისტემით.

ნიადაგები:

ხეხილის ბაღები და ვენახები ძირითადად გაშენებულია: ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატული შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

აღნიშნული ნიადაგები ხასიათდებიან კარგი ფიზიკური და თბური თვისებებით. კარბონატების შემცველობა ამ ნიადაგებში 5-30% ფარგლებში ცვალებადობს. ნიადაგის ზედა ფენებში ჰუმუსი 2-5% ფარგლებშია.

სამეურნეო მიმართულებები:

კახეთი განიხილება როგორც კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი პროდუქციის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზონა. კახეთის კურკოვანი ხილის საქართველოს ბაზრებზე მიწოდება ხდება უკვე ივნისის ბოლოდან. აქ წარმოებული ხილი კარგად არის შეფერილი და გამოირჩევა სიმსხოთი და მიმზიდველი სასაქონლო სახით.

გურჯაანის რაიონში (ჩუმლაყი, სოფელი გურჯაანი, მღებრიაანთ კარი) მოჰყავთ მაღალხარისხოვანი ატამი და ქლიავი. ძირითადად აწარმოებენ ყვითელრბილობიანი ატმის ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებს: ამსდენი, ჰალეს საადრეო, ადგილობრივი თესლნერგები, კორონეტი, ელბერტა, ოქროს იუბილე, ნექტარინები: სტარკ რედ გოლდი, სტარკ დელიშესი და სხვა. კახეთი მარწყვის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი რეგიონია.

ამ ზონაში შესაძლებელია მაღალხარისხოვანი თესლოვანი ხილის წარმოებაც – განსაკუთრებით ვაშლის და მსხლის საადრეო და საშემოდგომო ჯიშები. ზონაში კარგად მოდის სუბტროპიკული ხილი – აღმოსავლური ხურმა, ლეღვი და ბროწეული.

კაკლოვან კულტურებს შეიძლება გარკვეული დატვირთვა მიენიჭოს – ზონაში მაღალხარიხოვან პროდუქციას იძლევა კაკალი, ხოლო ტენით კარგად უზრუნველყოფილ მუნიციპალიტეტებში (ლაგოდეხი) – თხილი.

დასავლეთ საქართველოს ზონა (რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო)

ეს ზონა მოიცავს მთელ დასავლეთ საქართველოს აჭარისა და აფხაზეთის გარდა.

კლიმატი

ჰავა ხასიათდება ნოტიო, ზომიერად ცივი, ზამთრით და ცხელი ზაფხულით. აქტიური სითბოს ჯამი 3200–42000C საზღვრებშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13,50 – 14,60C ფარგლებში მერყეობს.

მზის ნათების ხანგრძლივობა წლიურად 1200–2600 სთ შეადგენს, სავეგეტაციო პერიოდში 1450–1550 სთ-ის საზღვრებშია. ნალექების წლიური ჯამი 1200–1500 მმ-ს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 550–750 მმ-ს შეადგენს.

ნიადაგები:

ზონაში გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება აგრეთვე მდელოს ალუვიური ნიადაგები.

სამეურნეო მიმართულებები:

აღნიშნული ზონა განიხილება როგორც საადრეო ნედლი ხილის წარმოების შესანიშნავი ადგილი. ვანის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია ძალიან საადრეო ტყემლის, ბლის, ატმის, ვაშლის წარმატებული მოყვანა. ზონა განიხილება გადასამუშავებელი მრეწველობის სანედლეულო ბაზად, ტყემლის წარმოების კუთხით.

ეს ზონა საექსპორტო თხილის წარმოების მთავარი რეგიონია და თხილის ბაღების ძირითადი ნაწილი სწორედ აქ არის თავმოყრილი. სამეგრელოს და გურიის მუნიციპალიტეტებში წარმატებით მოჰყავთ თხილის ადგილობრივი ჯიშები: ანაკლიური, ჩხიკვისთავა, გულშიშველა, ხაჭაპურა, დედოფლის თითი და სხვა.

იმერეთში მოჰყავთ აღმოსავლური ხურმის წამყვანი ჯიშები: ხიაკუმე, ჰაჩია და ჩინებული. ზონაში პერსპექტიულია კივის კულტურის წარმოება, რომლის ფართობები ყოველწლიურად მატულობს.

აჭარისა და აფხაზეთის საკურორტო ზონა

აჭარისა და აფხაზეთის საკურორტო ზონა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შავი ზღვის აღმოსავლეთით. ამ ზონის ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტებია: ქობულეთი, ხულო, ხელვაჩაური, ქედა, გალი, ოჩამჩირა, გუდაუთა და გაგრა.

კლიმატი

ჰავა სუბტროპიკული, ტენიანი, ადგილებში ჭარბტენიანიც, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე). აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3800–42000C -ს აღწევს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12–140C შეადგენს.

ნალექები უხვად მოდის, ბათუმის ზონაში 2500 მმ-საც აღწევს, მაგრამ ხეხილის ძირითადი გავრცელების ადგილებში წლიური მაჩვენებელი 1500–1800 მმ-ს ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 800-900 მმ-ს შეადგენს.

ნიადაგები:

დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად შავი ზღვისპირეთშიც გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება აგრეთვე მდელოს ალუვიური, ხოლო ფერდობებზე – ნაწილობრივად ეროზირებული, ხირხატიანი ნიადაგები.

სამეურნეო მიმართულებები:

აღნიშნული ზონა განიხილება როგორც საკურორტო პერიოდის (ზაფხული) ნედლი ხილისა, გადასამუშავებელი მრეწველობის ნედლეულის და კაკლოვანი და სუბტროპიკული ხილის წარმოების ზონად.

ზონაში შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით აწარმოონ თესლოვანი ხილის მაღალხარისხოვანი ზაფხულის ჯიშები (აფხაზური შამპანური (სუისლეპერი) – ვაშლი, ვილიამსი, კალოს მსხალი, გულაბები – მსხალი).

კურკოვანი კულტურებიდან უპირატესობა ენიჭება – ქლიავს, ტყემალს. ზონაში მოდის მაღალხარისხოვანი თხილის მოსავალი, ამიტომაც ამ კულტურაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. აღმოსავლურ ხურმას ჯიშს “ჰაჩიას” კი საექსპორტო დანიშნულება აქვს.

უკანასკნელ პერიოდში ნიშვნელობა შეიძინა კივის კულტურამ, რომელიც კარგად ხარობს და ამ ზონის ტენიან პირობებში უხვ მოსავალს იძლევა.

ავტორები: კუკური ძერია, სმ მეცნიერებათა დოქტორი;
ზვიად ბობოქაშვილი, სმ მეცნიერებათა დოქტორი.

თანამედროვე მეხილეობა სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ახალი ჯიშების გამოყვანა, შემოტანა, შესაბამისად ნერგების შეძენისას, უნდა დაადგინოთ რამდენად შეესაბამება იგი თქვენი მეხილეობის ზონას.

თქვენი რეკლამა