საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება

ნიადაგები, ნიადაგი, აგროქიმია, საქართველო

ყვითელმიწა ეწერი ნიადაგები

საქართველოში გავრცელებულ ნიადაგებს შორის ყველაზე დაბალი ნაყოფიერებით ხასიათდებიან. ისინი გამოირჩევიან ფუძეებით არამაძღრობით, მჟავე არეს რეაქციით, pH წყლის გამონაწურში 3,9-5,12 ფარგლებში მერყეობს.

გაცვლითი და ჰიდროლიზური მჟავიანობის მაღალი, ჰუმუსის, საერთო აზოტის და ფოსფორის დაბალი შემცველობით. ნიდაგის ზედა ფენაში ამ მაჩვენებლების შემცველობა 2,85; 0,15 და 0,10 % იშვიათად  აღემატება.

საერთო კალიუმი საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა. რაც შეეხება საკვები ელემენტების მოძრავ ფორმებს აზოტი 8-10 მგ და ფოსფორი 3,0-12,5 მგ  მცირე ან საშუალო რაოდენობითაა  გაცვლითი კალიუმის შემცველობა მცირე ,საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და 6,0-27,0 მგ/100 გრ ფარგლებში მერყეობს.

ყვითელმიწა ეწერ ნიადაგებში ხშირად ჭარბი რაოდენობით მოიპოვება რკინა, ალუმინი და მანგანუმი, რაც საგრძნობლად აფერხებს მჟავიანობისადმი მგრძნობიარა კულტურების ზრდა-განვითარებას და ამცირებს გამოყენებული სასუქების ეფექტურობას. მიკროელემენტების მოძრავი ფორმებიდან ხშირად დეფიციტში იმყოფება მოლიბდენი, მოკირიანების ჩატარებისას შესაძლებელია დეფიციტში აღმოჩნდეს თუთიაც.

ამ ნიადაგების ნაყოფიერების და ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებისათვის საუკეთესო შედეგს იძლევა მოკირიანება, ორგანული სასუქებისა და ფოსფორიტის ფქვილის შეტანა. მაღალ ეფექტს იძლევიან აზოტიანი სასუქებიც.

წითელმიწა ნიადაგები 

გამოირჩევიან საშუალო ან გადიდებული ნაყოფიერებით, მჟავე არეს რეაქციით,  ფუძეებით არამაძღრობით, ჰუმუსის 5-7 % და საერთო აზოტის 0.24-0,27 % საკმაოდ მაღალი შემცველობით, საერთო ფოსფორი ამ ნიადაგში მცირე ან საშუალო რაოდენობითაა, საერთო კალიუმი საშუალოზე დაბალი 1,0-1,2 %.

მიუხედავად იმისა რომ ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა გადიდებულია 10,3-16,2 მგ 100 გ ნიადაგში, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის სუბტროპიკული და მარცლოვანი კულტურების მაღალი მოსავლის მისაღებად. მოძრავი ფოსფორით ღარიბია ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი 6,7-9,2 მგ,

გაცვლითი კალიუმი საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა 12,3-24,0. საკვები ელემენტების როგორც საერთო ისე შესათვისებელი ფორმები ნიადაგის სიღრმის მატებასთან ერთად როგორც წესი მცირდება და სულ ქვედა ჰორიზონტში მინიმუმამდე დადის.

წითელმიწა ნიადაგებზე ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევიან ნაკელი, ტორფკომპოსტები და ფოსფორიანი სასუქები. კარგ შედეგს იძლევიან აზოტიანი და მაგნიუმიანი სასუქებიც.

ალუვიური ნიადაგები

ეს ნიადაგები უფრო ხშირად ფუძეებით არამაძღარია და მისი pH მაჩვენებელი  6,0-7,9 ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსით და საერთო აზოტით ღარიბი ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი. ჰუმუსი 2,2-3,52%-ის, საერთო აზოტი 0,14-0,26 % ფარგლებშია.

საერთო ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით ღარიბია, შესაბამისად 0,13-1,17 % და  0,5-1,3 %. საკვები ელემენტების მოძრავი ფორმებიდან ჰიდროლიზური აზოტი საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და 7-15 მგ ფარგლებში ცვალებადობს, მოძრავი ფოსფორით ღარიბია 0,7-5,9 მგ.

რაც შეეხება გაცვლით კალიუმს ის მცირე, საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და 10,2-32,2 მგ/100 გ ფარგლებში მერყეობს ალუვიური ნიადაგების პოტენციალური და ეფექტური ნაყოფიერება მეტად არაერთგვაროვანია.

აქედან გამომდინარე ყველაზე კარგ შედეგს ამ ნიადაგებზე აზოტიანი სასუქები იძლევიან, მათ საგრძნობლად ჩამორჩება ფოსფორ კალიუმიანი სასუქები. საკმაოდ მაღალ ეფექტს იძლევა ნაკელისა და სრული მინერალური სასუქის ერთობლივი შეტანა.

ნაშომპალა კარბონატული ნიადაგები

გამოირჩევიან კარბონატების მაღალი შემცველობით და ტუტე არეს რეაქციით. pH მაჩვენებელი 7,7-8.0 ფარგლებშია. ჰუმუსისა და საერთო აზოტის შემცველობა ამ ნიადაგში საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და შესაბამისად ჰუმუსი 3,93-6,07 %-ის, საერთო აზოტი 0,27-0,28 % ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი საშუალო რაოდენობითაა 7-15 მგ 100 გრ ნიადაგში, საერთო და მოძრავი ფოსფორი მცირედ ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი.

საერთო ფისფორი 0,14-0,20 %, მოძრავი 1,0-2,8 მგ 100 გრ ნიადაგში ფარგლებში ცვალებადობს. საერთო და გაცვლითი კალიუმის შემცველობა ამ ნიადაგში გადიდებული ან მაღალია. საერთო კალიუმი 1,5- 1,8 %,  გაცვლითი 25-30 მგ 100 გ ნიადაგში ფარგლებშია, რის გამოც კალიუმიანი სასუქები ეფექტს არ იძლევიან.

ამ ნიადაგების მაღალი ნაყოფიერების შესანარჩუნებლად საჭიროა ორგანული და აზოტ-ფოსფორიანი სასუქების სისტემატური შეტანა.

ყომრალი ნიადაგები

ახასიათებთ ფუძეებით არამაძღრობა, სუსტ მჟავე არეს რეაქცია. მისი pH მაჩვენებელი 5,6-6,8 ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსისა და საერთო აზოტის შემცველელობა ამ ნიადაგში საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა და შესაბამისად ჰუმუსი 2,8-5,1 % ფარგლებშია, საერთო აზოტი 0,18-0,22 %.

საერთო კალიუმის შემცველობა გადიდებულია 1,7-2,0 %. ეს ნიადაგი ღარიბია ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი აზოტით, ღარიბია მოძრავი ფოსფორით. ჰიდროლიზური აზოტი 7-10 მგ ფარგლებშია, მოძრავი ფოსფორი 8-15 მგ 100 გ ნიადაგში. რაც შეეხება გაცვლით კალიუმს მისი რაოდენობა გადიდებული ან მაღალია- 17-25 მგ 100 გ ნიადაგში.

მიკროელემენტების მოძრავი ფორმების შემცველობის მიხედვით ყომრალი ნიადაგი მოლიბდენით და თუთიით ღარიბია, მარგანუმით საშუალოდ არის უზრუნველყოფილი ან გადიდებული რაოდენობითაა.

ამ ნიადაგების ნაყოფიერების ასამაღლებლად აუცილემელია მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლივი გამოყენება. ეროზირებულ ყომრალ ნიადაგებზე კარგ შედეგს იძლევა სიდერატების თესვა.

ყავისფერი ნიადაგები

ეს ნიადაგები ფუძეებით მაძღარია, მისი pH მაჩვენებელი 7,0-7,4 ფარგლებშია, კარბონატების შემცველობა 3,0-11 %. ჰუმუსის რაოდენობა უფრო ხშირად საშუალოა 3-5 %. საერთო აზოტის ფართო ფარგლებში ცვალებადობს 0,13-0,38 %. ჰუმუსით ღარიბ ნიადაგში ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა 6,66-8,1 მგ/ 100 გ არ აღემატება, საშუალოდ უზრუნველყოფილში 10,0 მგ-ზე მეტია.

საერთო ფოსფორი მცირე ან საშუალო რაოდენობითაა 0,09-0,24 %, მოძრავი ფოსფორი საშუალო ან გადიდებული რაოდენობით 2,15-4,38 მგ 100 გ ნიადაგში. ეს ნიადაგი გამოირჩევა საერთო  კალიუმის საშუალო1,5-2,0 % და გაცვლითი კალიუმის (25-40 მგ 100 გ ნიადაგში) გადიდებული ან მაღალი შემცველობით.

ყავისფერი ნიადაგები ღარიბია თუთიით, მდიდარის ბორით, სპილენძით და კობალტით საშუალოდ არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად იმის, რომ ეს ნიადაგები საშუალო ნაყოფიერებით გამოირჩევიან მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენება.

მდელოს ყავისფერი ნიადაგები

ნეიტრალური ან სუსტ ტუტე არეს რეაქციით (pH 7,1-7,4 ) და ფუძეებით მაძღარობით ხასიათდებიან. CaCO3 რაოდენობა ზედა ფენაში 2,0- 9,6 % ფარგლებშია. ეს ნიადაგები მცირე ჰუმუსიან ნიადაგებს მიეკუთვნებიან, მისი შემცველობა ნიადაგის აკუმულაციურ ჰორიზონტში 2,12-3,50 %.

საერთო აზოტი საშუალო რაოდენობითაა 0,17-0,19 %, საერთო ფოსფორი მცირე ან საშუალო 0,13-0,21 %. საერთო კალიუმი საშუალო 1,25-1,8 %. რაც შეეხება საკვები ელემენტების მოძრავ ფორმებს ჰიდროლიზური აზოტი მცირე რაოდენობითაა 4,0-8,0 მგ 100 გრ ნიადაგში. მოძრავი ფოსფორი ყამირ ნიადაგში დაბალია 0,2-2,0 მგ, გაკულტურებულში გადიდებული რაოდენობითაა 4,6-5,7 მგ , გაცვლითი კალიუმის შემცველობა მაღალია 19,6-61,7 მგ 100 გ ნიადაგში.

ეს ნიადაგი ბორით სპილენძით და კობალტით უზრუნველყოფილია. თუთიას მცირე რაოდენობით შეიცავს, რაც განპირობებულია ამ ნიადაგში კარბონატების შემცველობით და მათ მიერ ამ ელემენტის ძნელადხსნად ფორმაში გადაყვანით.

მდელოს ყავისფერი ნიადაგების ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებისათვის დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ორგანული სასუქების გამოყენებას და სიდერატების თესვას. ამ ნიადაგებზე წამყვანი როლი ეკუთვნის აზოტიან სასუქებს.

რუხი ყავისფერი ნიადაგები

რუხი ყავისფერი ნიადაგები გამიორჩევიან დაბალი ნაყოფიერებით, დიდი სიმკვრივით და ტუტე არეს რეაქციით. ეს ზედაპირიდანვე კარბონატულია, pH მაჩვენებელი 8,0-8,4 ფარგლებში მერყეობს.

ჰუმუსით, საერთო აზოტით და ფოსფორით ღარიბ კატეგორიის ნიადაგებს მიეკუთვნება. ჰუმუსის შემცველობა 2-3 % ფარგლებშია, საერთო აზოტის 0,14-0,15%, საერთო ფოსფორი 0,15-0,16 %. ღარიბია აზოტის და ფოსფორის მოძრავი შენაერთებით.

ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა 6,2-8,0 მგ, მოძრავი ფოსფორი 1,86-2,05 მგ 100გ ნიადაგში. საერთო კალიუმით საშუალოდ არის უზრუნველყოფილი 1,3-1,7 %, ხოლო გაცვლითი კალიუმით მაღალი უზრუნველყოფის კატეგორიას მიეკუთვნება, 33,3-80,0 მგ 100 გ ნიადაგში.

რუხი ყავისფერი ნიადაგები დაბალი ნაყოფიერების მძიმე მექანიკური შედგენილობის და დამლაშების გამო ორგანული და მინერალური სასუქების  გამოყენებისა და სიდერატების თესვის გარეშე ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშუალო მოსავლის მიღებას.

ამ ნიადაგებზე განსაკუთრებით მაღალ ეფექტს ამჟღავნებენ აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქები, კალიუმიანი სასუქები შედეგს არ იძლევიან.

შავმიწისებრი ნიადაგები

საკმაოდ მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევა. ახასიათებს ტუტე არეს რეაქცია, რომლის pH მაჩვენებელი 7,5-8,2 ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადგის სახნავ ფენაში მაღალია და 3,88-7,0% ფარგლებში ცვალებადობს, ყამირზე 12 % აღწევს.

საერთო აზოტის შემცველობა ჰუმუსის შესაბამისად 0,2-0,5 % ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი საშუალოდ რაოდენობითაა 9-14 მგ 100 გრ ნიადაგში.

ეს ნიადაგი ღარიბია ან საშუალოდ არის უზრუნველყოფილი ფოსფორის საერთო და მოძრავი ფორმებით. საერთო ფოსფორის შემცველობა 0,08-0,23 % ფარგლებშია, მოძრავი 0,4-2,8 მგ 100 გრ ნიადაგში საერთო კალიუმის შემცველობა მაღალია 1,8-2,2 %, გაცვლითი კალიუმით საშუალოდ არის უზრუნველყოფილი.

შავმიწისებრი ნიადაგების განოყიერებისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ფოსფორიან სასუქებს, შემდგოში აზოტ-კალიუმიანი და ორგანული სასუქების შეტანას.

ბარის ანუ ჩვეულებრივი შავმიწები

შავმიწა ნიადაგები გამოირჩევიან მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით, ნეიტრალური არეს რეაქციით, ჰუმუსისა და საერთო აზოტის მაღალი შემცველობით. ჰუმუსის რაოდენობა ზედა აკუმულაციის ჰორიზონტში 6,6-10,37 % ფარგლებშია, საერთო აზოტი 0,38-0,48 %.

ჰიდროლიზური აზოტი საშუალო ან გადიდებული რაოდენობითაა. ეს ნიადაგი საერთო ფოსფორით საშუალოდ არიან უზრუნველყოფილი 0,17-0,20 %, მოძრავი  ფოსფორით ღარიბია 0,8-1,4 მგ 100 გ ნიადაგში. საერთო კალიუმი საშუალო შემცველობითაა და 1,4 % აღწევს, გაცვლითი კალიუმი გადიდებული ან მაღალი რაოდენობითაა და 29,0-44,9 მგ 100 გ ფარგლებში მერყეობს.

მიკროელემენტების მოძრავი ფორმებიდან მცირე რაოდენობით შეიცავენ მანგანუმს, მოლიბდენსა და თუთიას. მხოლოდ ბორით არიან უზრუნველყოფილი.

შავმიწა ნიადაგებზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფოსფორიანი და იმ მიკროსასუქების გამოყენებას რომელთა სიმცირეც იქნება აღმოჩენილი..

ბიცი და ბიცნარი ნიადაგები

გამოირჩევიან საშუალო ნაყოფიერებით და ცუდი ფიზიკური თვისებებით, ტუტე არეს რეაქციით და ფუძეებით მაძღრობით. ამ ნიადაგის pH მაჩვენებელი 8,1-9.0 ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსს საშუალო რაოდენობით შეიცავენ 2,9-3,94 %.

საერთო აზოტი და საერთო ფოსფორი საშუალო რაოდენობითაა ჰუმუსის შესაბამისად 0,17-0,25 % და  0,15-0,23 %, ფარგლებში ცვალებადობს.  საერთო და გაცვლითი კალიუმის შემცველობა მაღალია 2,2-3,1 % და 40-60 მგ ფარგლებში ცვალებადობენ.

ჰიდროლიზური აზოტით და მოძრავი ფოსფორით ეს ნიადაგი ღარიბია, მათი შემცველობა 5-7 და 1-2 მგ არ აღემატება 100 გ ნიადაგში. მიკროელემენტების ხსნადი ფირმებით გარდა თუთიისა უზრუნველყოფილია.

ბიცობი ნიადაგები

ხასიათდებიან არახელსაყრელი ფიზიკური თვისებებით, ტუტე არეს რეაქციით, pH მაჩვენებელი 8,0-8.6 ფარგლებშია. ჰუმუსისა და საკვები ელემენტების შემცველობა საშუალო რაოდენობითაა და ფართო ფარგლებში ცვალებადობს. ჰუმუსის რაოდენობა 3,42-4,75 %,

საერთო აზოტი 018-0,23 %, საერთო ფოსფორი 0,096-0,177 % არ აღემატება. საერთო კალიუმის შემცველობა მაღალია და 2,28-3,11 %. აზოტისა და ფოსფორის მოძრავი ფორმებით ღარიბია, კალიუმით მდიდარი.

ბიცი, ბიცნარი და ბიცობი ნიადაგების არახელსაყრელი ფიზიკური თვისებების გასაუმჯობესებლად და ნაყოფიერების ასამაღლებლად პირველ რიგში საჭიროა მოთაბაშირების ჩატარება.

კარგ შედეგს იძლევა ორგანული სასუქების გამოყენება და სიდერატების თესვა. მინერალური სასუქებიდან ამ ნიადაგზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან აზოტ-ფოსფორიანი სასუქები.

მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები

ეს ნიადაგები მაღალი პოტენციალური ნაყოფიერებით და ფუძეებით არამაძღრობით გამოირჩევიან. მისი pH მაჩვენებელი 5,1-5.24 ფარგლებში მერყეობს.

გამოირჩევა ჰუმუსის , საერთო აზოტის, ფოსფორის და ჰიდროლიზური აზოტის მაღალი შემცველობით. ნიადაგის 0-10 სმ-ის ფენაში ჰუმუსის რაოდენობა 8,26-18,81 %, საერთო აზოტი 0,388-1,053 %. ფოსფორი 0,240-0,383 % ფარგლებშია.

საერთო კალიუმი მცირე ან საშუალო რაოდენობითაა 0,94-1,44 %. ჰიდროლიზური აზოტი 14,7-27,7 მგ, მოძრავი ფოსფორით ძალზე ღარიბი ან ღარიბია 3,0-8,0 მგ 100 გ ნიადაგში. გაცვლითი კალიუმით ღარიბ ან საშუალოდ უზრუნველყოფილ კატერგორიას მიეკუთვნება 10,7-25,2 მგ 100 გ ნიადაგში.

ამ ნიადაგების განოყიერების საქმეში გადამწყვეტი როლი ფოსფორიან სასუქებს ეკუთვნით.

ავტორი: ა. თხელიძე /აგროქიმია/

იხილეთ აგრეთვე: საქართველოს მეხილეობის ზონები და მათი სამეურნეო მიმართულებები

თქვენი რეკლამა