როგორი უნდა იყოს ნერგი – სანერგე მასალის სტანდარტები

როგორ, ავირჩიოთ, ნერგი, ნერგები

ხეხილის სარგავი მასალის ხარისხი მეტწილად სანერგეში წესიერად წარმოებულ ოპერაციებზეა დამოკიდებული.

თუ ნამყენი თვითონვე სწორად გამოზრდილი არ არის, ანუ არაა დამყნილი შესაბამის სტანდარტულ საძირეზე, რომელთანაც ნამყენს სრული შეზრდა-შესისლხორცება შეუძლია, თუ ის წესიერად ფორმირებული და სათანადოდ მოვლილი არ არის, მაშინ ნორჩი ნამყენის ფესვთა სისტემა და მისი ზედა ნაწილები, ხის ჩონჩხი, სათანადო ზრდა-განვითარებას ვერ განიცდის და ამის შედეგად ნამყენი, მომავალი ხის მაღალი პროდუქტიულობის მიღების თვალსაზრისით, უხარისხო და ნაკლებ საიმედო გამოდის.

ხეხილოვანთა ნერგი უნდა ხასიათდებოდეს სტანდარტის ყველა მაჩვენებლით, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს სარგავი მასალის ღირსების შეფასება; თუ ბაღი სტანდარტის დაბალი მასალით შენდება, მაშინ გახარების პროცენტი დაბალია, ნარგაობის სიმეჩხერე მეტად თვალსაჩინოა, ხის ზრდა შეფერხებულია და ნარგაობის შემდგომში ეფექტურობა მეტად დაბალია.

ხეხილის ბაღი აუცილებლად მაღალი ღირსების სტანდარტული სარგავი მასალით უნდა გაშენდეს. სწორედ ამ საკითხებს ეხება ჩვენს მიერ ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევითი მუშაობის შედეგები, რომელიც წარმოდგენილია რეკომენდაციების სახით.

ხეხილოვან კულტურათა საძირეების სტანდარტი

ხეხილის სანერგე მეურნეობა ვალდებულია დაიცვას ნათესარების, კლონური საძირეების, დაკალმებით დაფესვიანებული და ნამყენი ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელიც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ სტანდარტის სახელწოდებით.

აღნიშნულისათვის ხეხილსანერგის აგროღონისძიებები მიმართული უნდა იყოს საძირეების და ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. სანერგის პატრონმა წინასწარ უნდა იცოდეს სარგავი მასალის სტანდარტი გამოსახული ხარისხობრივ მაჩვენებლებში.

ხეხილის ნათესარების, კალმების და კლონური საძირეების ხარისხობრივი მაჩვენებლები

საძირეების რეალიზაციის ან მისი სანერგის პირველ მინდორზე გადარგვის დროს ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დაავადებებისაგან, ფოთლების გარეშე, არ უნდა იყოს გამომშრალი და გამხმარი, უნდა ჰქონდეს ერთი ღერო ფესვებით კარგად შებუსული, ღეროს და ფესვებს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები, კანის დანაოჭება გულგულის და კამბიუმის მერქნის გამუქება.

ქსოვილის სიმწიფე უნდა იყოს სრული. დასაშვებია კვირტგაბერილი საძირის დარგვა მწვანე კონუსის გამოჩენამდე. არ დაიშვება საძირის ღეროს ფუზარიოზით გამოწვეული დამწვრობა და გატეხვა.

თესლოვანი კულტურების ნერგები

ვაშლი _ ძლიერი ზრდის საძირე _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 110-130 სმ, შტამბის დიამეტრი _ 12 მმ.

საშუალო ზრდის და ნაგალა ვაშლის ნამყენი. ჩართული მყნობით, სიმაღლე _ 90-120 სმ, შტამბის დიამეტრი 11 მმ. ნაგალა საძირე ნამყენი ნერგის სიმაღლე 120 სმ, შტამბის დიამეტრი 8-10 მმ.

მსხალი  _ ძლიერი ზრდის საძირეზე ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 110-130 სმ, შტამბის დიამეტრი 12 მმ, მსხალი კომშის საძირეზე და ჩართული მყნობით მიღებული ნერგის სიმაღლე 100-120 სმ, შტამბის დიამეტრი _ 9-11 მმ.

კომში _ საძირე კომში _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის სიმაღლე 100-120 სმ, შტამბის დიამეტრი 9-11 მმ.

ზღმარტლი  _ ნამყენი ნერგის სიმაღლე _ 60-70 სმ, შტამბის დიამეტრი _ 10-12 მმ.

კურკოვანი კულტურების ნერგები

ალუბალი _ ერთწლიანი ნერგი _ 60-80 სმ სიმაღლის, შტამბის დიამეტრი _ 6-8 მმ;

ბალი _ ყველა საძირეზე, ყველა ჯიში – ნამყენი ნერგის სიმაღლე 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;

ქლიავი _ ნამყენი ნერგის სიმაღლე _ 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;

გარგარი _ ნამყენი ნერგის სიმაღლე _ 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი 12-15 მმ;

ატამი _ ერთწლიანი დატოტვილი შტამბის სიმაღლე _ 50-60 სმ; ძირითადი ტოტების სიგრძე 30-40 სმ;

ნუში _ ერთწლიანი ნერგი _ 130-150 სმ სიმაღლის, შტამბის სიმაღლე 50-60 სმ, დიამეტრი 25-40 მმ; ტოტების სიგრძე 30-40 სმ;

ნუშის ორწლიანი ვარჯჩასახული ნერგი _ სიმაღლე 120-130 სმ; შტამბის დიამეტრი 28-30 მმ; ფესვების სიგრძე 60-70 სმ, გვერდითი ტოტების რაოდენობა _ 4-5 ცალი, ფესვების რაოდენობა _ 7-8 ცალი;

ტყემალი _ შტამბის სიმაღლე 60-70 სმ; დიამეტრი 12-15 მმ; ძირითადი ტოტების სიგრძე _ 40-50 სმ;

ღოღნოშო, ჭანჭური _ ნერგის სიმაღლე 120-150 სმ, შტამბის დიამეტრი _12-15 მმ.

ალუჩა _ შტამბის სიმაღლე 60-70 სმ, შტამბის დიამეტრი 14-15 მმ;

შინდი _ ბაღში ირგვება 2-3 წლიანი ნამყენი ნერგი შტამბის სიმაღლე 50-60 სმ, შტამბის დიამეტრი 15 მმ, 40-60 სმ სიგრძის ნაზარდებით.

ავტორები:  იუზა ვასაძე; /გივი ბადრიშვილი /; ვაჟა კვალიაშვილი.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

იხილეთ აგრეთვე: კაკლოვანი, კენკროვანი და სუბტროპიკული კულტურების საძირეთა სტანდარტი

თქვენი რეკლამა