ნერგის (ჩითილის) სათბურში-დაცულ გრუნტში გადარგვის წესები

2486 Views

ნერგების დაცული გრუნტის შენობაში გადარგვა ამ უკანასკნელთა მშენებლობის დასრულების, საფარის გადაჭიმვის ან შემინვისა და ამასთან ერთად, კვლებში ნიადაგის მომზადების შემდეგ ხდება.

შემოდგომაზე სათბურის კვლებში მიწას დეზინფექციისთვის მშრალ ქლოროვან კირხსნარს აყრიან (მიწის ფართობის 1 მ2-ზე 100-200 გრ. კირი).

თუ სათბურის დეზინფექცია შემოდგომაზე არ მომხდარა, გაზაფხულზე მაინც ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ამ მიზნით 10 ლ. წყალში იხსნება 2 სუფრის კოვზი კარბოფოსი (ფოსფორის შემცველი შენაერთი, ინსექტიციდი) და შაბიამანი და ეს ხსნარი უნდა დაესხუროს ნიადაგს (10 მ2 ფართობზე 10 ლ. ხსნარი).

ნერგის გადარგვა რეკომენდებულია დილას, ღრუბლიან ამინდში ან საღამოს. ნერგი ნიადაგს კარგად რომ შეეჩვიოს, გადარგვიდან 1-2 დღე ქაღალდის ხუფებს აფარებენ. 

ნერგის გადარგვამდე მიწაში სანერგე ორმოები კეთდება. მიზანშეწონილია სანერგე შნურით ორმოების წინასწარ მონიშვნა. სანერგე ორმო ისეთი ზომის უნდა გაკეთდეს, რომ ქოთანი, ჭიქა ან ფესვების გოროხი მიწაში მთლიანად მოთავსდეს. ორმოები ნიჩბით ან სანერგე აქანდაზით ითხრება.

სანერგე ორმოების ამოსათხრელად ასევე მოსახერხებელია ბაღის ბურღით სარგებლობა. ბურღი ნიადაგის სტრუქტურას არ არღვევს, რადგან ნერგისთვის ადგილის გათავისუფლება ხდება ნიადაგის მოშორებით და არა მისი შემჭიდროებით. ორმოებიც ერთნაირი დიამეტრისა და სიღრმის შეიძლება გაკეთდეს. 

ბოსტნეული კულტურების ნერგების დასარგავად, ჩვეულებრივ, სანერგე აქანდაზს იყენებენ. ამ მოწყობილობით მოსახერხებელია ორმოების ამოვსება, უქოთნო მეთოდით გამოზრდილი ნერგის ამოთხრა და გადატანა და ა.შ. სანერგე ორმოს გაკეთება შეიძლება ნიჩბით ან ბურღით, მაგრამ ნერგის დარგვა მაინც სანერგე აქანდაზით ჯობს. 

მებოსტნის მთავარი ამოცანა ნერგების გადარგვისას ფესვების დაუზიანებლად შენარჩუნებაა. ასეთ შემთხვევაში მცენარე ახალ პირობებს სწრაფად ეჩვევა, არ ავადმყოფობს და ზრდასა და განვითარებას შეუფერხებლად აგრძელებს. 

გადარგვის წინ მიწა ჭიქებსა და კვლებში, საიდანაც, უქოთნო მეთოდით გამოყვანილი ნერგი უნდა ამოითხაროს, უნდა დატენიანდეს, თუმცა, ზედმეტად არა, რათა გადარგვის დროს ფესვების გოროხი არ დაიშალოს და ფესვების სისტემა არ დაზიანდეს. თუ გადასარგავი ნერგების მიწა მშრალია, გადარგვამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა მორწყოთ.

მცენარის უშუალოდ ორმოში ჩარგვის წინ აუცილებელია მასში დაახლოებით 1-1.5 ლ. ვარდისფერი მარგანეცის ხსნარის ან ქერიფქლას/გულყვითელას ნაყენის ჩასხმა (10 ლ. წყალზე 1 გრ. მარგანეცმჟავა კალიუმი ან 1 ლ. გულყვითელა). 

ნერგის ჩარგვის სიღრმე ბოსტნეული კულტურის სახეობაზეა დამოკიდებული. მოგიყვანთ Y ზოგიერთი ბოსტნეული კულტურის ნერგის გადასარგველი ორმოს სიღრმესა და ზოგიერთ თავისებურებას. 

კიტრის ნერგის დარგვისას მცენარეს ვერტიკალურად დებენ და მიწას აყრიან მხოლოდ ქოთანს ან მიწის ფესვებიან გოროხს ისე, რომ ის კვალის დონიდან დაახლოებით 1 სმ.-ით მაღლა იყოს. ამასთან ერთად, უნდა მიადევნოთ თვალი, რომ ჩანასახოვანი მუხლი (მცენარის ღერო ფესვიდან ჩანასახოვან ფოთლებამდე) მიწით არ იყოს დაფარული.

თუ კიტრის ნერგი სიმაღლეში ზედმეტადაა გაზრდილი, მცენარის ღერო ჩანასახოვან ფოთლებამდე შეიძლება მშრალი ტორფით, ხის ნახერხით ან ტორფისა და ნახერხის ნარევით დაფაროთ. დაუშვებელია ღეროსთვის მიწის ან ნეშომპალის დაყრა, რათა ღეროს ლპობა არ შეეპაროს. 

პომიდვრის ნერგებს მუდმივ ადგილზე გადარგვისას ან პიკირებისას სხვადასხვა მეთოდებით რგავენ. 
თუ ნერგი ზედმეტად გაზრდილია (25-35 სმ. სიმაღლის), ის ვერტიკალურად ირგვება და ღერო ჩანასახოვან ფოთლებამდე ან ნამდვილი ფოთლების პირველ წყვილამდე მიწით იფარება. ჩანასახოვან ფოთლებს ამ შემთხვევაში ჭრიან ან წყვეტენ. 

თუ პომიდვრის ნერგი რაიმე მიზეზით სიმაღლეში ზედმეტად გაიზარდა, ის შეიძლება ორი ხერხით დაირგოს. 
პირველი მეთოდით მცენარე ასე ირგვება: კეთდება დიდი, 12-15 სმ. სიღრმის ორმო და მასში მეორე, ნაკლები დიამეტრის, მაგრამ უფრო ღრმა ორმო – ქოთნის ან ჭიქის სიმაღლეზე. ამ ორმოში მცენარეს ვერტიკალურად დებენ და ჩანასახოვან ფოთლებამდე მიწას აყრიან. პირველი ორმო ჯერ ღია რჩება.

12-15 დღის შემდეგ, როცა ნერგი მიწას შეეჩვევა და გაძლიერდება, პირველი ორმოც ნიადაგის ნარევით ივსება. ჩანასახოვანი ფოთლები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოიჭრას ან მოიწყვიტოს. დარგვის ასეთი მეთოდი პირველ ყვავილებიან ტოტს კვალის ზედაპირთან აახლოებს და შემდეგში ყვავილებისა და ნაყოფის რაოდენობას ზრდის. 

პომიდვრის ზედმეტად გაზრდილი ნერგის დარგვის მეორე მეთოდი უფრო მარტივად და ეფექტურად მიიჩნევა. ამ დროს მცენარეს წინასწარ მომზადებულ, 8-10 სმ. სიღრმის კვალში დახრილად რგავენ. მცენარე ფესვებით სამხრეთისკენაა მიმართული, წვეროთი კი – ჩრდილოეთისკენ. ამ დროს მზისკენ მიდრეკილი ნერგი ვარჯით რკალს მოხაზავს, გასწორდება და შემდეგ ზრდას ვერტიკალურად განაგრძობს.

ჩანასახოვან ფოთლებსა და ღეროს ქვედა ნაწილზე გამოსული ნამდვილი ფოთლების ნაწილს წყვეტენ ან ჭრიან. მცენარის ზემო ნაწილზე (ვარჯზე) რეკომენდებულია მშრალი ტორფის, მშრალი ნახერხის ან უკიდურეს შემთხვევაში, მშრალი მიწის მიყრა, რათა ვარჯი ტენიან მიწას არ ეხებოდეს. 

ასე დარგვისას მცენარეს დამატებითი ფესვები ეზრდება და ფესვების ძლიერი სისტემა უყალიბდება, შესაბამისად ის მეტ საკვებ ფართობს იკავებს და მაღალი და ჯანსაღი იზრდება. ეს მეთოდი პომიდვრის მოსავლის საგრძნობ ზრდას განაპირობებს, განსაკუთრებით, მაღალი სორტების შემთხვევაში.

წიწაკისა და ბადრიჯნის ნერგებს ვერტიკალურად რგავენ და მიწას ნამდვილი ფოთლების პირველ წყვილამდე აყრიან, ჩანასახოვან ფოთლებს კი ჭრიან ან წყვეტენ. ნერგების დარგვისთანავე ყოველი მცენარის გვერდით 60-70 სმ. სიმაღლის სამაგრებს აყენებენ, რადგან წიწაკისა და ბადრიჯნის ფოთლები და რტოები ძალიან ნაზი და ფაქიზია და იოლად ზიანდება. 

ნერგის გადარგვისას მოქმედებათა თანმიმდევრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით და რა ჭურჭელშია ნერგი გამოყვანილი, ასევე ბოსტნეული კულტურის სახეობასა და მცენარის ზომაზე. 

ტორფნეშომპალიან ქოთნებში ან საკვებ კუბებში გამოყვანილ ნერგებს, ბოსტნეული კულტურის სახეობის შესაბამისად, სანერგე ორმოში საჭირო სიღრმეზე უშვებენ, ორმოს მიწით ავსებენ და ღეროს ყველა მხრიდან კარგად ამაგრებენ, რათა მცენარეს თავი ვერტიკალურ მდგომარეობაში კარგად ეჭიროს და ფესვები ახალ პირობებს იოლად შეეგუოს.

მუყაოს ან ქაღალდის ჭიქაში გამოყვანილი ნერგების დარგვისას ჭურჭელს ჭრიან ან უბრალოდ აცლიან და მცენარეს ფესვების გოროხიანად ათავისუფლებენ. თუ საჭიროა მუყაოს ჭიქების შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის, ასე უნდა მოვიქცეთ: ჭიქის შუა ნაწილი დავიჭიროთ მარჯვენა ხელით, ზედა ნაწილი კი მარცხენათი. ამ დროს მცენარის ღერო საჩვენებელ და შუა თითებს შორის უნდა იყოს.

შემდეგ ჭიქა უკუღმა უნდა გადმოატრიალოთ, მსუბუქად შეანჯღრიოთ, მარჯვენა ხელით ჭიქა მოხსნათ, მარცხენათი კი მცენარის ფესვებიანი გოროხი გადმოატრიალოთ და სანერგე ორმოში ჩადოთ. თუ ნერგი მაღალია, მარჯვენა ხელით მისი ღერო უნდა დაიჭიროთ. შემდეგ, ჩვეულებრივ ორმო მიწით ამოავსოთ და ფესვების ირგვლივ მიწა დატკეპნოთ. 

უქოთნო მეთოდით გამოყვანილი ნერგები ასე უნდა გადაირგოს: სანერგე აქანდაზის ვერტიკალური მოძრაობით მცენარის ირგვლივ მიწა სამ მხარეს ისე იჭრება, რომ აქანდაზი ფესვებს არ შეეხოს. თუ ნერგის გამოყვანისას მიწის ჩაჭრა მოხდა, მცენარის ამოთხრისას ნიადაგი ადრე გაკეთებულ ჩანაჭრელებზე უნდა ჩაიჭრას. შემდეგ მიწა მეოთხე მხრიდანაც სანერგე აქანდაზით იჭრება და მცენარე მიწიდან დახრილი აქანდაზით, ფესვები გოროხთან ერთად, ფესვების სისტემის დაუზიანებლად ამოაქვთ. 

შესაძლებელია რამდენიმე მცენარე, ფესვების გოროხებით ხის ყუთში ან ტაშტში ჩაალაგოთ, სათბურში გადაიტანოთ და სათითაოდ დარგოთ. თუმცა უკეთესი შედეგი აქვს მუდმივ ადგილას თითოეული ნერგის სანერგე აქანდაზით ცალ-ცალკე გადატანას და წინასწარ მომზადებულ სანერგე ორმოში დაუყოვნებლივ ჩარგვას.

მცენარე საჭირო სიღრმეზე სანერგე აქანდაზით უნდა ჩაიდოს, ფესვებს სამი მხრიდან მიწა მიეყაროს და შემდეგ სანერგე აქანდაზი ფრთხილად, ფესვების დაუზიანებლად უნდა იქნეს ამოღებული. შემდეგ მცენარეს მიწა ჩვეულებრივ უნდა მიეყაროს. 

meurne.sknews.ge სტილი დაცულია
agrokavkaz.ge

59Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB