რატომ მწარდება კიტრი – როგორ მოვიქცეთ?

1347 Views

იშვიათია ფერმერი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამწარებია კიტრი. ძალიან რთულია როდესაც მთელი წლის ნაშრომი საბოლოო ჯამში შორს არის იმ შედეგისგან რასაც ველოდით.

კიტრი ნაყოფიერი კულტურაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა ეკარგება თუ ის საჭმელად უვარგისია.

როგორც წესი სიმწარე გამოწვეულია გარკვეული კლიმატური პირობებით ან ნიადაგის მდგომარეობით. ეს პრობლემები შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თუ პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებთ.

რა ამწარებს კიტრს?

გარემოს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, არასაკმარისი მორწყვის, ხანგრძლივი გვალვის და პირიქით მზის ნაკლებობის, მწირი ნიადაგის და სხვა არა სასურველი ფაქტორების დროს, კიტრის ნაყოფში გამომუშავდება ნივთიერება კუკურბიტაცინი, რომელიც წარმოადგენს მცენარის არასასურველი პირობებისგან, სტრესებისგან დაცვის საშუალებას. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს კიტრის სიმწარეს.

სამწუხაროდ თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ იქნება თუ არა კიტრი მწარე სანამ ის იზრდება, თუმცა თქვენ გაქვთ დრო გარკვეული ღონისძიებებისთვის, რომელიც აგაცილებთ კიტრის სიმწარეს.

კიტრი

ცოტა რამ ისტორიიდან

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, ინგლისელი ექიმები თანამემულეებს მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინათ კიტრის საკვებად გამოყენებისგან, რადგან სიმწარის გამო თვლიდნენ, რომ იგი შეიცავდა შხამიან ნივთიერებებს.

როგორც შემდგომში გაირკვა კიტრის სიმწარეს იწვევს ნივთიერება კუკურბიტაცინი, რომელსაც მცენარე თავდაცვის რეაქციის შედეგად  გამოიმუშავებს და არ წარმოადგენს შხამს, უფრო მეტიც იგი განიხილება, როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალება.

გარკვეული ღონისძიებები

კიტრის სიმწარის ძირითად მიზეზს წარმოადგენს სტრესები ვეგეტაციის პერიოდში. ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე ძირითადად ფაქტორს.

სიმშრალე – ცხელ და მშრალი ამინდების ხანგრძლივი პერიოდით გამოწვეული წყლის ნაკლებობა, კიტრის სიმწარის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ამიტომ აუცილებელია დროული, ამინდის შესაბამისი მორწყვა და მიზანშეწონილია მულჩირება.

მწირი ნიადაგი – საკვები ნივთიერებებით ღარიბი, არანაყოფიერი ნიადაგიც ერთ-ერთი ფაქტორია. ნიადაგს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი გამდიდრება, განოყიერება.

სინათლის ნაკლებობა – სინათლის ნაკლებობა კიტრისთვის აბიოტურ (აბიოტური ფაქტორები – არაორგანული ბუნების ფაქტორების ერთობლიობა, რაც განსაზღვრულ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში. მაგ., ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და სხვა.) სტრესს წარმოადგენს.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად თქვენს ნაკვეთში შეგიძლიათ შეარჩიოთ ის მონაკვეთი, რომელიც საშუალებას მისცემს მცენარეს სინათლე საკმარისად მიიღოს.

ჭარბი აზოტი – ჭარბმა აზოტმაც შეიძლება გამოიწვიოს კიტრის სიმწარე, ამიტომ საჭიროა ტექნოლოგიური ნორმების დაცვა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა აუცილებელია (და პირველ რიგში გასათვალისწინებელი) კიტრის სათესლე მასალის ან ჩითილის შეძენისას გაარკვიოთ, რამდენად შესაფერისია ეს თუ ის ჯიში თქვენი რეგიონისთვის (უკეთესია როცა იცით როგორი ნიადაგია უშუალოდ თქვენს ნაკვეთში).

რა ვუყოთ მწარე კიტრს?

თუ აღმოაჩენთ, რომ კიტრი მწარეა, ნუ იჩქარებთ მის საკომპოსტე გროვაში დამატებას, ჯერ გათალეთ, მოაჭერით ძირის გარკვეული ნაწილი და გასინჯეთ, თუ ისევ მწარეა მაშინ დაამზადეთ მისგან მწნილი, სტერილიზაციის (სითბური დამუშავების) შემდეგ სიმწარე გაქრება.

კიტრი, მწნილი

82Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB