ნიადაგის ეროზია და მასთან ბრძოლა

ნიადაგი, ეროზია

ნიადაგიდან მისი შემადგენელი ნაწილაკების დაშლას, გადარეცხვა-გამორცეხვას და გადაადგილებას წყლის, ქარის ან სხვა მექანიკური ენერგიის მოქმედების შედეგად ეროზია ეწოდება.

ნიადაგის ეროზიის შედეგად ირღვევა მისი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები, მცირდება მისი ნაყოფიერება და სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა (დაახლოებით 35-70%-ით).

ნიადაგის ძლიერი ეროზიის შედეგად, ზოგჯერ სრულად ნადგურდება ნიადაგი.

ნიადაგის წყლისმიერი ეროზია და მასთან ბრძოლა

ფერდობებზე ზედაპირული წყლის განვითარებული ეროზიის შედეგად, სხვადასხვა სახის სავარგულები თანდათანობით განიცდიან დეგრადაციას და კარგავენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებას. აღნიშნულის პარალელურად, მცირდება სახნავ-სათესი ფართობი.

ნიადაგის ეროზიის გავლენით ხდება მის ჰორიზონტებში არსებული ორგანული და არაორგანული ნაერთების გახსნა და გამორეცხვა, ხოლო, აღნიშნულის შედეგად, ხშირად წარმოიქმნება ტოკსიკური ელემენტები, რომლის მოხვედრა მდინარეებში, ტბებში, ჭაობებში, წყალსაცავებში, გრუნტის წყლებში, ამ უკანასკნელთა ბიოქიმიურ დაბინძურებას იწვევს.

ნიადაგის ძლიერი ზედაპირული ეროზია ხელს უწყობს ზედაპირული წყლების ჩამონადენის გაზრდას, რელიეფის დახრამვას და ხშირ შეთმხვევაში ძლიერი წყალდიდობებისა და ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნას.

ნიადაგის წყლისმიერი ეროზია ვლინდება ჩამორეცხვის (სიბრტყითი ეროზია) და წარეცხვის (ხაზობრივი ეროზია) სახით. მათი ინტენსივობა დამოკიდებულია ნალექის რაოდენობასა და წვიმის ინტენსივობაზე, ნაკვეთის დახრილობაზე, ნიადაგის თვისებებზე, მცენარეული საფარის არსებობაზე, ადამიანის საქმიანობაზე.

ეროზიულ მოვლენებთან ბრძოლა ორგანიზაციულ, სამეურნეო-აგროტექნიკურ, სატყეო-სამეურნეო, ფიტო-სამელიორაციო და ჰიდროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარებას მოითხოვს.

ნიადაგის ქარისმიერი ეროზია და მასთან ბრძოლა

ქარი ნიადაგის ზედაპირიდან იტაცებს მიწის წვრილ ნაწილაკებს, აშიშვლებს, დაუცველს ხდის მცენარეთა ფესვთა სისტემას, ანადგურებს ნიადაგის ზედა, ყველაზე მეტად ნაყოფიერ ფენას.

ქარის მიერ ნიადაგიდან ატაცებული მიწის ნაწილაკები, რომელიც მეტ-ნაკლებად გაჯერებულია პესტიციდებით, აბინძურებს ჰაერს, წყალსატევებს, მდინარეებს, სასმელი წყლის წყაროებს. ასეთი ნაწილაკები ხვდებიან ადამიანთა და სხვა ცოცხალ ორგანიზმთა სასუნთქ გზებში, იწვევენ სერიოზულ დაავადებებს, განსაკუთრებით კი – ბავშვებში და მოხუცებში.

ქარისმიერი ეროზია განსაკუთრებით გაძლიერდა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, ქარსაფარი ზოლების გაჩეხვა-განადგურების შედეგად.

ქარისმიერი ეროზიის გაძლიერება ასევე განაპირობა ნიადაგის დამუშავების და აგროტექნოლოგიების არასწორმა მიდგომებმა.

მცენარეებით მჭიდროდ დაფარული ნიადაგი თითქმის არ განიცდის ქარისმიერი ეროზიის გავლენას. რაც უფრო ძლიერია მცენარის ფესვთა სისტემა, მით უფრო ძლიერია მცენარე და მისგან შექმნილი საფარი ადვილად უმკლავდება ქარის ზემოქმედებას. მოშიშვლებული ან სუსტად განვითარებული მცენარეებით დაფარული ნიადაგის ზედაპირი ადვილად ექვემდებარება ქარისმიერ ეროზიას. დადგენილია, რომ გამომშრალი (ტენდაკარგული) ნიადაგი უფრო ინტენსიურად ზიანდება ქარისაგან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქარსაფარი ზოლები ამცირებენ ქარის მოძრაობის სიჩქარეს, სიძლიერეს და ნიადაგების ნაწილაკების ატაცების ინტენსივობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება, დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და ეფექტურ ღონისძიებას წარმოადგენს.

ქარისმიერი ეროზიის ზონებში უნდა შეიცვალოს ნიადაგის დამუშავების ზოგიერთი ტრადიციული ხერხი და დაინერგოს ახალი, ნიადაგდაცვითი და ტენიანობის შემანარჩუნებელი ღონისძიებები. ჩვეულებრივი გუთნით ნიადაგის დამუშავების ნაცვლად, უნდა დაინერგოს ევროპასა და ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფართოდ დანერგილი ნიადაგის დამუშავების პრაქტიკა – ბრტყლად მჭრელებით, მინიმალურად, ან, სადაც შესაძლებელია, ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საშემოდგომო კულტურების თესვის ჩატარებას აგროტექნიკურ ვადებში და ასევე თესვისთანავე რწყვას. დაგვიანებული თესვის შემთხვევაში, ზრდა-განვითარების თვალსაზრისით, მცენარე და მისი ფესვთა სისტემა საგრძნობლად ჩამორჩება აგროტექნიკურ ვადებში დათესილ მცენარეებს. ასეთ შემთხვევებში, მცენარეს უვითარდება სუსტი ფესვები, ნიადაგთან მინიმალური შეჭიდულობა და ადვილად ექვემდებარება გამოქარვას.

ხოლო, აგროტექნიკურ ვადაში ჩატარებული თესვის შემთხვევაში, ფესვები ძლიერად ვითარდება და ასწრებს 2-3 ძლიერი ნაბარტყის წარმოქმნას. შედეგად, მცენარე არა მარტო წინააღმდეგობას უწევს ქარს და თავისი მასით (ღერო, ფოთლები) იფარავს ნიადაგს, არამედ საკუთარი ფესვთა სისტემითაც იმაგრებს ნიადაგის ნაწილაკებს და აბრკოლებს ნიადაგის ზედაპირის დაშლა-დაკარგვის პროცესს. ასევე ნაყოფიერი შედეგის მომტანია ნიადაგის დატკეპნა, რადგან ეს პროცესი არა მარტო იცავს ნიადაგს, არამედ 15-20%-ით ამაღლებს მოსავლიანობას.

ქარისმიერი ეროზიის ზონებში კარგ შედეგს გვაძლევს ჯვარედინი თესვა. ეფექტურია თესვის ნორმის გადიდება 10-15%-ით, თესლის მსხვილი ფრაქციის შერჩევა და ჩათესვის სიღრმის გადიდება 3-5 სმ-ით.

ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკური ღონისძიებები

ნიადაგის დამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვა და კულტივაცია ფერდობების განივი მიმართულებით, ეროზიის საწინააღმდეგო ნაცადი და ეფექტური ღონისძიებებია.

საკმაოდ ნაყოფიერია კონტურული ხვნა, ნიადაგის სახნავი ფენის გაღრმავება, დანაპრალება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზოლური განლაგება, ნიადაგდამცავი ბალახებით ბუფერული ზოლების შექმნა, ძლიერ დაქანებული და ეროზიული ფერდობების მდგრადობის შენარჩუნება, ნიადაგში ქიმიური რეაგენტების, სტრუქტურა-წარმომქმნელების შეტანა, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნათესებისა და ნარგავების შემთხვევაში მულჩირება (სპეციალური ფირები, გამხმარი გვიმრის ფოთლები, ნამჯა, ტორფი), ნიადაგდამცავი თესლბრუნვის დაგეგმვა-განხორციელება და ა.შ.

თესლბრუნვა

თესლბრუნვის ძირითადი ამოცანაა: ნიადაგის ნაყოფიერების დაცვა და ამაღლება, მოსავლის გაზრდა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მინდვრის დასარევლიანების, მცენარეების მავნებლებითა და დაავადებებით დაზიანების შემცირება, ეროზიის უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება.

წყლისმიერი ეროზიისადმი ნიადაგის დაცვის უნარის მიხედვით, მინდვრის კულტურებს სამ ჯგუფად ყოფენ: 1. ძლიერ დამცავი მრავალწლიანი ბალახები, 2. საშუალოდ მდგრადი თავთავიანები და 3. სუსტად დამცავი სათოხნი კულტურები.

ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვაში მიზანშეწონილია გაიზარდოს მრავალწლიანი ბალახოვანი საფარის ხვედრითი წილი. სათოხნი კულტურები უნდა შეიზღუდოს, ხოლო 15 გრადუსზე მეტად დაქანებულ ფართობებზე წარმოებიდან უნდა ამოიღონ. სათოხნი კულტურები მცირემიწიან ფართობებზე დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, თუ ნაკვეთებზე გატარდება ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი.

ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვაში გამართლებულია საადრეო და ძირითადი კულტურების აღების შემდეგ, შუალედური კულტურების, განსაკუთრებით კი, პარკოსნების, გამოყენება. ასეთი კულტურები, გარდა იმისა, რომ ჰაერიდან კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით შეითვისებენ აზოტს და აფიქსირებენ მას ნიადაგში, ასევე თავისი ფართოფოთლიანი მწვანე მასის წყალობით ამცირებენ წვიმის წვეთებისა და ნიაღვარის მექანიკურ ზემოქმედებას ნიადაგზე, ფესვებით ამაგრებენ ნიადაგს, ანელებენ წყლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარეს და აუმჯობესებენ ჩაჟონვის პროცესს.

წყლისმიერი ეროზიისგან ნიადაგის დაცვის ერთ-ერთი საშუალება, ფერდობის თავში წყალამრიდი არხებით და ნაკვეთების შიგნით წყალშემკრები კვლების მეშვეობით, ფერდობებზე წარმოქმნილი წყლის ნაკადის რეგულირებაა. წყალშემკრები კვლები მიერთებული უნდა იყოს წყალგამყვან არხებთან, საიდანაც წყალი წყალმიმღებებში – ხევებში, ღელეებსა და მდინარეებში ჩაედინება. წყალგამყვანი არხები ქვებით, ან, უკეთეს შემთხვევაში, სტანდარტული ფილებით უნდა მოპირკეთდეს.

5-10 გრადუსის დაქანების მქონე ფერდობებზე მიზანშეწონილია ბექობებით დატერასება. ჰორიზონტალური მიმართულებით გაკეთებული ბექობებით ფართობი 20-50 მ სიგანის ტერასებად იყოფა. მსუბუქი მექანიკური შედგენილობის მიწისა და მცირე ქანობის პირობებში ტერასის განი მეტია, ხოლო მძიმე მექანიკური შედგენილობის ნაკვეთებზე – ნაკლები. ასეთი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობის განხორციელების შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ დაირღვეს თესლბრუნვა და ფართობის კონფიგურაცია. ასევე არ უნდა დაირღვეს ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება და მექანიზაციის გამოყენება, ხოლო მიწის სასარგებლო ფართობი, რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობით დაიკარგოს.

10-12 გრადუსის დახრილობის ფერდობებზე თესლბრუნვაში მიზანშეწონილია ბუფერული ზოლების შექმნა. ეს ღონისძიება გულისხმობს ფერდობების გარდიგარდმო დაუმუშავებელი ზოლების დატოვებას, ხოლო დამუშავებულ ზოლებში მრავალწლიანი ან ერთწლიანი ბალახის თესვას. ბუფერული ზოლები ფანტავენ ჩამონადენი წყლის ნაკადს, ამცირებენ მის მოძრაობას და წარმოქმნილი წყლის ენერგიას – ნიადაგის დამშლელ ძალას. აღნიშნულის შედეგად ბუფერული ზოლები ამცირებენ ეროზიული პროცესების ინტენსივობას. ბუფერულ ზოლებად, გარდა საკვები მიმართულების მრავალწლიანი ბალახებისა, შეიძლება ბუჩქების და ხე-მცენარეების (ჟოლო, მოცხარი, თხილი და ა.შ.) გამოყენება. ბუფერული ზოლების სიგანე და მანძილი დამოკიდებულია ნაკვეთის დახრილობაზე.

10-35 გრადუსზე მეტი დახრილობის პირობებში თესლბრუნვა არ არის საკმარისი, ამიტომ ნიადაგის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია საფეხურისებრი ტერასების მოწყობა. ამ სახის ტერასების გამოყენებით რეგულირდება ზედაპირული ჩამონადენი.

საფეხურისებრი ტერასები ეწყობა ნულოვანი, უკუ და პირდაპირი ქანობით. რაც შეეხება ტერასის სიგანეს, ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზეა დამოკიდებული, მოსაყვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ადგილის კლიმატურ თუ რელიეფურ თავისებურებაზე.

ირიგაციული ეროზია

წყლისმიერი ეროზიის ერთ-ერთი სახეა ირიგაციული ეროზია. ირიგაციული ეროზია ადამიანის მიერ არასწორად წარმართული საქმიანობით არის გამოწვეული. ირიგაციული ეროზია იწვევს მეორად დაჭაობებას, ნიადაგის დამლაშებას, აძლიერებს ნიადაგის ეროზიას და ა.შ.

ირიგაციული ეროზიის თავიდან აცილება შეიძლება სრულყოფილი და მაღალი საიმედოობის მქონე სარწყავი სისტემების მოწყობით, ასევე მორწყვის ტექნოლოგიების დახვეწით (წვეთოვანი მორწყვა და წვიმების სისტემების დანერგვა, მორწყვის სათანადო რეჟიმის დაცვა და ა.შ.). აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ნიადაგის თავისებურებების, ნიადაგისა და აგრო კულტურების თავისებურებების და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ფერდობებზე თოვლის დაკავებისა და ლღობის რეგულირება

თოვლი ნიადაგისთვის მნიშვნელოვანი ნალექია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მისი გამოყენების კოეფიციენტი უმნიშვნელოა. თოვლში არსებულ წყლის მარაგს ნიადაგის ტენის რეჟიმის გასაუმჯობესებლად უნდა იყენებდნენ, რისი მიღწევაც ნიადაგის დანაპრალებით და თოვლის მოტკეპნითაა შესაძლებელი, რაც თოვლში არსებული წყლის მარაგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას უზრუველყოფს. ამით გვალვების შემთხვევაში დატკეპნილი თოვლის ირგვლივ მდებარე ნიადაგი გარკვეულწილად უზრუნველყოფილია ტენით.

ეროზია და ბალახები

იონჯა, სამყურა, ხანჭკოლა და მარცვლოვანი კულტურები კარგად იცავენ ნიადაგს ეროზიისგან და ასევე აგროვებენ აზოტს ნიადაგში. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, იონჯა ერთ ჰა-ზე 300 კგ აზოტს ტოვებს ნიადაგში, წითელი სამყურა 2 წელიწადში – 150 კგ-ს, ხანჭკოლა 1 წელიწადში – 150-200 კგ-ს.

სამარცვლე პარკოსანი კულტურები სეზონში 50-60 კგ აზოტს ტოვებს, ამიტომ ეროზიული ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და ეროზიისგან დაცვის მიზნით, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს შუალედურ კულტურებს, რომელსაც ერთ ჰა-ზე 20-40 ც/ჰა მცენარეული ნარჩენების დაგროვება შეუძლია ნიადაგში და, როგორც გამოკვლევებით ირკვევა, შუალედური კულტურები შესამჩნევად ამცირებს ნათესთა დასარევლიანებასა და დაავადებებისა და მავნებლებისაგან მათ დაზიანებას.

ეროზიული ნიადაგების განოყიერება

ეროზიულ ნიადაგს დაბალი პროდუქტიულობა ახასიათებს და ორგანული და მინერალური სასუქების შედარებით გაზრდილი დოზით გამოყენებას საჭიროებს.

განოყიერების სისტემაში გადამწყვეტი როლი ორგანულ სასუქებს ეკუთვნის, მაგრამ მარტო ისინი ვერ უზრუნველყოფენ საჭირო რაოდენობის მოსავლის მიღებას.

ამ ნიადაგებზე ორგანულ-მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენება მეტად ეფექტიანი ღონისძიებაა. მინერალური სასუქებიდან ყველაზე მცირე რაოდენობითაა აზოტი, შემდეგ კი – ფოსფორი. ნიადაგის ჩამორეცხვის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულია შესატანი სასუქების დოზები.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სასუქების შეტანის წესსა და ვადებს. დამტკიცებულია, რომ ზედაპირულად შეტანილი სასუქებიდან, ფერდობებზე მათი 50% ირეცხება. სასუქების ზედაპირულად შეტანა და მათი ნიადაგის ზევით („ჩაუკეთებლად“) დატოვება ყოვლად დაუშვებელია.

ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა/CENN

თქვენი რეკლამა