რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ნოემბერში ბაღსა და ბოსტანში

ბაღი, მებაღე, ბოსტანი, ნოემბერი

ნოემბერი ბაღში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის ბოლო თვეა. ამ დროს ბაღი და ნებისმიერი სახის მიწის ნაკვეთი ყველანაირი მცენარეული ნარჩენებისაგან უნდა გავწმინდოთ.

კომპოსტის გროვა კი პოლიეთილენის ფირით ან ტოლით (რუბეროიდი) უნდა დავფაროთ.

თუკი ნაკვეთი ფერდობზე მდებარეობს, სასურველია, ეროზიის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება, რათა გაზაფხულის წვიმებმა მიწის ზედაპირი არ გადარეცხოს. ამისთვის საჭიროა არხების გათხრა ან არსებულის გაწმენდა. შესაძლებელია, ზოგიერთ ადგილას პატარა მიწაყრილის გაკეთებაც, რომელიც წყლის ნაკადს დააბრკოლებს.

ზოგიერთი სახეობის ხეხილის ხეებს (მაგალითად, ვაშლს ხშირად ზიანს აყენებენ თაგვები), ამიტომ, კარგი იქნება ვარჯზე რუბეროიდის ფირფიტის შემოხვევა. თუმცა, მანამდე ძველი ქსოვილის ნაჭრები ან ტომრის ნარჩენები უნდა შემოვახვიოთ, რომ გაზაფხულზე ვარჯის ქერქმა სითბური დამწვრობა არ მიიღოს. აუცილებელია, ხის ვარჯის დაფარვა მოხდეს მიწის დონემდე. ვარჯის მიწასთან ახლოს არსებული არეალი, სადაც მყნობის ადგილია მავნებლებს განსაკუთრებულად იზიდავს.

განსაკუთრებით ბევრი მავნებელი ჰყავს ხეხილოვან მცენარეებს მსუყე ნიადაგებზე. ამიტომაც აუცილებელია, ასეთი ნაკვეთების განსაკუთრებული გულმოდგინებით გაწმენდა და ცალკეულ შემთხვევებში შხამ-ქიმიკატების გამოყენებაც. თუმცა, შხამ-ქიმიკატების გამოყენება მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე და თანაც სიფრთხილით უნდა მოხდეს.

უთოვლო ზამთარში წაყინვებით ხშირად ზიანდება ისეთი კენკროვანი კულტურები, როგორიცაა მარწყვი. თიხნარ ნიადაგზე კი ხშირად მიწიდან ამოიყრება კიდეც, ამიტომაც კარგი იქნება თუ მარწყვის ნარგავებს ტორფით მულჩირებას გავუკეთებთ. რაც გულისხმობს იმას, რომ მწკრივებს შორის 2-3 სანტიმეტრის სისქეზე ტორფი უნდა გავფინოთ. ეს მცენარეს დაიცავს და გაზაფხულზე იგი მეტად მოსავლიანი გახდება. თოვლისაგან დასაცავად კი კარგი იქნება წიწვოვანების ტოტებით მწკრივების დაფარვა.

ნოემბერში თუკი შედარებით თბილი ამინდები დაიჭირა, შესაძლებელია, გარკვეული სახის ბოსტნეულის თესვაც. მაგალითად: სალათა, ოხრახუში (მაკიდო), სტაფილო, ცერეცო და ისპანახი. მარტივი ფორმის სათბურში კი შესაძლებელია ბოლოკისა და ხახვის დათესვა და დარგვა, რომლის მოსავლის მიღება იანვრის თვეშიც შეიძლება.

კარგი იქნება იმ ნაკვეთის გადაბარვაც, სადაც ერთწლოვანი კულტურები მოჰყავთ. დადგენილია, რომ რაც უფრო გვიან გადაიბარება ასეთი ნაკვეთები, მით უფრო მეტი მავნებელი იღუპება.

ნოემბერში გადაბარული ნაკვეთის უპირატესობა ისაა, რომ ამ დროს მიწა თოვლისა და წვიმის საშუალებით მეტ მინერალებს იღებს და მასზე მოწეული მოსავალი უფრო უხვია. უკეთესია თუ მიწის ბელტები ასეთ დროს დაუშლელი დარჩება.

აუცილებელია ხეხილოვანი მცენარეების ვარჯის გასუფთავება, რომ მასში მავნე მწერებმა არ დაიბუდოს და გამოიზამთროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაბალ და უხარისხო მოსავლიანობას გამოიწვევენ. შესაძლებელია, დაცვის მიზნით ვარჯზე წიწვოვანი მცენარეების ტოტების შემოხვევა. თუმცა, ასეთ დროს წიწვოვანთა ტოტები ქვევით უნდა იყოს დახრილი.

ნოემბერში აუცილებელია ადრე აღებული და შენახული მოსავლის კიდევ ერთხელ გადარჩევა და შემოწმება. მნიშვნელოვანია მათი შენახვის ტემპერატურის კონტროლიც. თუ შენახვის ადგილი თბილია, უნდა იზრუნოთ დამატებით ვენტილიციაზე, რათა ტემპერატურა დაიწიოს, ხოლო ზედმეტი სიცივის დროს კი მის დათბუნებაზე უნდა იზრუნოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადგილების მღრღნელებისაგან დაცვა, სადაც მოსავალს ვინახავთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს საბაღო ინვენტარიც. აუცილებელია მათი შეკეთება, გალესვა, გარეცხვა და დეზინფექცია, რის შემდეგაც უნდა შევინახოთ მშრალ ადგილას.

შენახვამდე კი კარგი იქნება და გავპოხავთ მანქანის ზეთით, რაც ინვენტარის ჟანგვას აგვაცილებს თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქმე გაზაფხულზე ბევრ დროს დაგვაკარგვინებს. აუცილებელია სათბურების დეზინფექციაც.

არ უნდა დაგვავიწყდეს ხეზე დარჩენილი ნაყოფების მოცილებაც, რადგანაც შემდგომში ისინი მრავალი სოკოვანი და სხვა სახის დაავადებების გამომწვევად გვევლინებიან.

კარგი იქნება ხეხილოვანი მცენარეების ვარჯების კირით შეთეთრება. ასეთი მცენარეები ადრე გაზაფხულზე უკეთესად უმკლავდებიან სხვადასხვა სახის მავნებლებს.

თუკი ამინდები საშუალებას გაძლევთ, შესაძლებელია ბაღში ძველი, გამხმარი და დაბალპროდუქტიული ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ამოძირკვა, რომ გაზაფხულზე ნაკლები საქმე გქონდეთ და უფრო შედეგიანად გამოიყენოთ ნაკვეთი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ფეიჰოას, მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ახალგაზრდა მცენარეების შეხვევა და დათბუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლებელია, თოვლმა დატეხოს და შემდგომში მათი ზრდა შეფერხდეს.

ავტორი: გიორგი ჯინჭარაძე; gurianews.com

ნოემბერის მეორე ნახევარში მიმდინარეობს ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების საშემოდგომო დარგვაც.

თქვენი რეკლამა