იანვარი და მეურნე კაცი (იანვარი — ბაღში და ბოსტანში)

2958 Views

ზამთრის პერიოდში არანაკლები სამუშაო აქვს მეურნე კაცს, როგორც წელიწადის დანარჩენ დროს, გვეუბნება ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი.

მისი განმარტებით, ზამთრის ნებისმიერი მზიანი თუ უბრალოდ, უნალექო დღე კარგმა მეურნემ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, რათა ადრიან გაზაფხულზე მოძალებული სამუშაოებისგან თავი დაიზღვიოს და ბევრი რამ გაუკეთებელი არ დარჩეს.

იანვარი ზამთრის შუაგული თვეა და მარჩენალ მიწას აქედანვე სჭირდება საგაზაფხულოდ მომზადება. კარგად მოფოცხილ და დასუფთავებულ საკარმიდამო ფართობში, პირველ ეტაპზე, მიზანშეწონილია მოკირიანება (სადაც საჭიროა-აგროკავკასია), შემდეგ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის შეტანა.

ყოველივე ეს თანაბრად უნდა გავანაწილოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავბაროთ, როგორც ლენტისებური, ისე ჩვეულებრივი წესით. უმჯობესი კი ყოველთვის ლენტისებური გადაბარვაა.

შემოღობილ ფართობს ყოველთვის სჭირდება ყურადღება, სარების გამაგრება, დაზიანებული ადგილების შეკეთება. იანვრის თვის ზომიერი და მშრალი ამინდები ძალიან კარგი დროა ხეხილოვანი მცენარეებისთვის ზედმეტი ხმელი ტოტების შესაცლელად. უმჯობესია, სასხლავი მაკრატლის და  მომცრო წალდის დახმარება, რათა ხმელი და დაზიანებული ტოტების შეტეხვით არ დავაზიანოთ ძირითადი მცენარე.

ნეშომპალას სიკეთეზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ იანვარში ხმელი, ჩამოცვენილი ფოთლების მოგროვება და სანეშომპალედ განკუთვნილ ადგილებზე გატანა უნდა მოვახდინოთ.

ჩვენი მეურნეები ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ ამ საუკეთესო, ბუნებისგან მოძღვნილი უნიკალური სასუქის სათავისოდ გამოყენებას და ზამთრისა  თუ ადრიანი გაზაფხულის მზიან ამინდში დაუნანებლად წვავენ,  მხრჩოლავი კვამლი ასდის ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს.

ნეშომპალისგან მიღებული მიწა-სასუქი საუკეთესო საკვებია ოთახის მცენარეებისთვისაც. მათ, ვისაც ოთახის ყვავილები უყვართ, ვურჩევთ, საგანგებოდ მოამზადონ ნეშომპალა იანვარში და აპრილში ქოთნების მიწა ამით შეცვალონ ანუმოახდინონ შერევა.

იანვარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა სარების, ჭიგოების მომზადება და ზომების მიხედვით მისი დალაგება, რათა გაზაფხულზე ლობიოსა თუ პომიდვრისთვის მზად გვქონდეს.

მართალია, გასხვლის პერიოდი ადრე გაზაფხულზე იწყება, მაგრამ იანვარში თუ კარგი ამინდებია, ნუ შეგვეშინდება ვენახის გასხვლაც, _ გვირჩევს აკაკი ღლონტი და ამბობს, რომ კივის გასხვლაც დასაშვებია ამ დროს, რადგან არიან მეურნეები, რომლებსაც ასეულობით ძირი კივი აქვთ და ყველას ერთად გაზაფხულზე გასხვლა ძნელი მოსასწრებია, ამიტომ, იანვრის კარგ დღეებს არა ერთი საგაზაფხულო საქმე უნდა გამოვტაცოთ.

იანვარი კარგი თვეა ორმოების მოსამზადებლადაც, რომლის განოყიერება უმეტესად ორგანული სასუქით უნდა მოხდეს. პერიოდულად ბარის პირით ავურიოთ და გაზაფხულზე კი უკვე მომზადებულ ღრმულში ჩავრგოთ სასურველი კულტურის ნერგი.

წყარო: gurianews.com, სტილი დაცულია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2165 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB