ქაფურის ხე – ეთერზეთოვანი კულტურა, გამრავლება, გამოყენება

ქაფური, ხე, ეთერზეთი

ზოგადი დახასიათება

ქაფურის ხე (ლათ.(Cinnamomum camphora) ეკუთვნის დაფნისებრთა ოჯახს Lauraceae და ცინამოუმის გვარს, რომელიც დაახლოებით ასი სახეობითაა წარმოდგენილი.

იგი მარადმწვანე, სწრაფმზარდი მერქნიანი ხემცენარეა, რომელიც სამშობლოში (აღმოსავლეთ აზია) 45 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ-მდე სიმსხოსი იზრდება. ხანში შესული ხეების ქერქი გლუვია, ხორკლიანი პრიალა მომწვანელო ყვითელი ფერის. აჭარაში 80-90 წლის ქაფურის ხის სიმაღლე 15-18 მეტრია, დიამეტრი კი – ერთ მეტრამდე.

ღერო სწორმდგომი, სწრაფმზარდი, ზომიერად დატოტვილი და ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანია (სამშობლოში 1000 წლამდე) ახალგაზრდა ღერო მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-მწვანეა, გლუვი ზედაპირით, ზრდასრულის ქერქი მუქი მურა შეფერვის ხდება.

ქაფურის ხის ფესვი მთავარ ღერძიანია, კარგად განვითარებული და ძლიერ დატოტვილი. მცენარის ზრდა-განვითარებასთან ერთად ფესვთა სისტემა თანდათანობით იზრდება ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით.

ფოთოლი კვერცხისებრი ფორმისაა, მარტივი, წაწვეტებული, მოგრძო, მორიგეობით განლაგებული, კიდე ტალღისებრი, მთლიანი, წვრილი და გრძელყუნწანი; ფირფიტა – ხეშეში, ზევიდან პრიალა მწვანე, ქვევიდან – მტრედისფერი, რომელზედაც ნათლად ჩანს სამი ძარღვი ეთერზეთის შემცველი გამჭვირვალე უჯრედებით. ფოთოლს ახასიათებს მოკლე ყუნწი და რიგრიგობით განლაგება.

ყვაილები წვრილი მოყვითალო თეთრი ფერის, ნახევრად ფარისებრი საგველათი, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი, სხედან იღლიაში ან ტოტების წვეროზე. ნაყოფი წვრილი კურკანაა, ერთ თესლიანი, მწიფე მუქი ლურჯი მრგვალი, უხვწვნიანი, ქაფურისთვის დამახასიათებელი სურ-ნელოვანი ნაყოფგარემოთი, პრიალა ზედაპირით.

გავრცელება

გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილი ქაფურის ხის გარდა, გვხვდება ცრუ ქაფურის ხეც, რომელიც ჩვენში უფრო მოზრდილ ხედ იზრდება. ფოთლები უფრო ფართო აქვს, ვიდრე ნამდვილ ქაფურის ხეს, გლუვი და პრიალა ზედაპირით. შეიცავს ქაფურის ზეთს.

როგორც სამშობლოში, ისე საქართველოში, არის ქაფურის ხის სახეობათა და ფორმათა მრავალფეროვნება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მორფოლოგიური, სამეურნეო და ქიმიური მაჩვენებლებით. ფართოდ არის გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, აფრიკაში, ბრაზილიასა და არგენტინაში.

საქართველოში

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ქაფურის ხე პირველად შემოიტანეს კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე სოხუმში და ბათუმში. ქაფურის ხე, როგორც დეკორატიული მცენარე ჩვენში აკლიმატიზებულია და ფართოდ გაავრცელეს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში – აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის რაიონებში.

1919-20 წლებში, ბათუმის მიდა-მოებში გაშენებული ქაფურის ხეებისაგან შეგროვილი ნედლეულიდან ადგილობრივი საჭიროებისათვის ქაფურის მიღებას ბათუმშიც აწარმოებდნენ, სადაც ფოთლებისგან ზეთის გამოსავალმა ერთ პროცენტს მიაღწია.

საქართველოში ქაფურის ხის ნარგავები ზღვის დონიდან 200-300 მ-ის სიმაღლეზეა გავრცელებული, სადაც მისთვის სავსებით ხელსაყრელია ნიადაგურ-კლიმატური პირობები.

გამოყენება

ქაფურის ხის როგორც საამშენებლო მასალის შესახებ პირველი ცნობები ჩინურ წყაროებში გვხვდება, ხოლო VI საუკუნის არაბულ ძეგლებში მოიპოვება ცნობები არაბების მიერ ქაფურის სამკურნალოდ გამოყენებაზე.

მერქნისა და ბუნებრივი ქაფურის მისაღებად მას ჩინელები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ხმარობდნენ და ახლაც იყენებენ. უძველესი დროიდან კუნძულ ტაივანზე ქაფური ერთადერთი მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო.

ქაფურს დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და მისი წარმოება სახელმწიფო მონაპოვრად ითვლებოდა. XVII საუკუნის ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ჩინეთის კანონმდებლობით ქაფურის ხის მოჭრისათვის დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. 1720 წელს ქაფურის ხის მოჭრისათვის სიკვდილით დაუსჯიათ 200-ზე მეტი კაცი. დროთა განმავლობაში ეს კანონი შეუცვლიათ.

ადგილობრივ მოსახლეობას, გარკვეული გადასახადის გადახდის შემდეგ, კრისტალური ქაფურის დამზადების უფლება ეძლეოდა. სიმაგრისა და გამძლეობის გამო ქაფურის ხის მერქანი ზოგ ქვეყნებში გემთმშენებლობაში მოიხმარება. მისგან მზადდება ძვირფასი ავეჯი და მუსიკალური ინსტრუმენტები.

ქაფურის ხეს, მარადმწვანე ფოთლების, გაშლილი ვარჯისა და ლამაზი გარეგნობის გამო, დეკორატიულ მცენარეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იგი ადვილად იტანს გასხვლას და საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს მოცემულ ფორმას.

მისი მერქანი მკვრივია, შეფერილი, ადვილად მუშავდება, წარმოქმნის ლამაზ პრიალა ზედაპირს, კარგად იშრობს საღებავს და ძვირფასი მასალაა ქაღალდისა და სხვა ნაწარმის დასამზადებლად.

ქაფურის ხის მერქნის მაღალ ღირსებას კიდევ უფრო ზრდის მასში ქაფურისა და ქაფურის ზეთის შემცველობა, რის გამოც მისგან დამზადებულ ავეჯს მერქნის მღრღნელი მწერები ვერ აზიანებს, ხოლო მისგან დამზადებული ზანდუკები ჩრჩილისაგან საიმედოდ იცავს ბეწვეულს და შალეულს.

ქაფური საუკეთესო ანტისეპტიკური ნივთიერებაა, იხმარება ჩრჩილისა და შალეულის სხვა მწერების მოსასპობად. ქაფურის ეთერზეთს ხმარობენ საპნის არომატიზაციისათვის.

ბუნებრივ ქაფურს ფართოდ იყენებენ ცელულოიდის, კინოლენტების, უკვამლო დენთის, ხელოვნური ტყავის, საღებავებისა და სხვა მრავალი ფართო მოხმარების ნაწარმის დამზადებისას.

ქაფურს, როგორც გულის მარეგულირებელ საშუალებას, ფართოდ იყენებენ მედიცინაში. გარდა ამისა, ქაფური შედის ამოსახვლებელი, სიცხის დამწევი, სახსრებისა და კუნთების რევმატული ანთების წინააღმდეგ (ერთი წილი ქაფურის, შვიდი წილი სპირტის და ორი წილი წყლის ნარევი), დაშავებული სხეულის დასაზელი (ერთი წილი ქაფური, 9 წილი ზეთისხილის ზეთის ნარევი) და სხვა დასამზადებელი წამლების შემადგენლობაში.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით წყალში განზავებული ქაფურის ფხვნილი შეიძლება გამოიყენონ თესლის აღმოცენებისა და კალმების დაფესვიანების უნარის გასადიდებლად.

დასასრულს, ქაფურის ხე ლამაზი მარადმწვანე მცენარეა და ფართოდ გამოიყენება დეკორაციულ მებაღეობაში, პარკებისა და ხეივნების გასაშენებლად.

ნიადაგი

ნიადაგის ხსნარის რეაქციისა და ფიზიკური თვისებების მიმართ ქაფურის ხე მაღალ შეგუების უნარს ამჟღავნებს. იგი იზრდება სუსტი, მჟავე და ნეიტრალური რეაქციის მქონე მსუბუქ, საშუალო და მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.

მისთვის საუკეთესოა და ზრდის მაღალ ენერგიას ამჟღავნებს საკვები ელემენტებით მდიდარი ტენით უზრუნველყოფილი ნორმალურად დრენირებული სუსტი, მჟავე და ნეიტრალური რეაქციის თიხნარი და ქვეთიხნარი ნიადაგები.

ქაფურის ხის გამრავლება

ქაფურის ხის გამრავლება ხდება როგორც გენერაციულად, თესლით, ისე ვეგეტატიურად. თესლით გამრავლება უმჯობესია საწარმოო პლანტაციების გაშენების დროს, რადგანაც იგი ნაკლებ შრომატევადია და გამრავლების მაღალ კოეფიციენტს იძლევა.

ქაფურის ხის ვეგეტაციური გამრავლების სახეებიდან უკეთესი შედეგი მიიღეს გადაწვენით გამრავლების დროს, ხოლო მყნობამ და კალმების დაფესვიანებამ პრაქტიკული გამოყენება ვერ ჰპოვა.

გადაწვენით გამრავლებას უნდა მიმართონ უხვზეთიანი სათესლე ეგზემპლარების გამრავლების დროს, რათა უცვლელად შეინარჩუნონ მათი დადებითი სამეურნეო მაჩვენებლების და ეთერზეთის უხვად შემცველი მცენარეებიდან სათესლე პლანტაცია შექმნან.

თესლით გამრავლების დროს დიდი სიჭრელეა, ამიტომ გასამრავლებელი თესლი უნდა შეაგროვონ წინასწარ შემოწმებული სადედე ხეებიდან, რომელთაც ახასიათებთ კარგი ზრდა, ეთერზეთის დიდი გამოსავალი და მეტი ყინვაგამძლეობა. სადედე ხეებიდან ნაყოფი სრული სიმწიფის ფაზაში გროვდება სუსტი შერხევით.

დაბალბუჩქიან ბორდიურებად ქაფურის ხეები ეროზიის საწინააღმდეგოდ შეიძლება გააშენონ ტენიანი სუბტროპიკების მთაგორიან ადგილებში, მათი კონტურული გადაადგილებით. ქაფურის ხეები ასევე შეიძლება გააშენონ წყალგამყოფების არხების გასწვრივ – კედლების გასამაგრებლად.

ქაფურის ხეების გასაშენებლად ნიადაგი ძირითადად უნდა დაამუშაონ კულტურის გაშენების წესის შესაბამისად, ადგილობრივი ნიადაგის პირობებისა და რელიეფის გათ-ვალისწინებით.

ვაკე და 80-მდე დაქანების ნაკვეთებზე ნიადაგი 45-50 სმ სიღრმეზე საპლანტაჟო გუთნით მთლიანად უნდა დაამუშაონ და სათანადო ღონისძიებათა გატარებით დაიცვან გადარეცხვისა და დაჭაობებისაგან.

დღეისათვის მოქმედი აგროწესებით ქაფურის პლანტაციაში სასუქების შეტანა ხდება დიფერენციალურად პლანტაციის ასაკის, მოსავლიანობის, ნიადაგის ტიპისა და ნოყიერების გათვალისწინებით.

ყველაზე კარგ შედეგს ორგანული სასუქები იძლევა. ის მოქმედებს ხანგრძლივად და აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს, რის გამოც ნიადაგში თერმული პროცესები აქტიურდება. ამასთანავე, უმჯობესდება რა წყლისა და ჰაერის რეჟიმი, იქმნება ნორმალური პირობები მიკროორგანიზმის მოქმედებისათვის.

ორგანული სასუქებიდან ყველაზე უკეთესია გადამწვარი ნაკელი. საზამთრო გადაბარვის დროს ნაკელთან ერთად შეაქვთ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. მათი დოზები ასეთია: ოთხ წელიწადში ერთხელ 1 ჰა-ზე გათვალისწინებულია 50 ტ ნაკელი და 50-100 ტონა ტორფნაკელი ან მინერალური კომპოსტის შეტანა.

ქაფურის მცენარის პლანტაციებიდან მწვანე მასის მოსავლის აღება მესამე წლიდან იწყება. შემოდგომაზე, როდესაც ფოთლებში და ახალგაზრდა ტოტებში მაქსიმალურად არის დაგროვილი ქაფური და ქაფურის ეთერზეთი, მწვანე მასას ჭრიან ხერხით ან ბაღის მაკრატლით, რაც ღეროებისა და ტოტების სისქეზეა დამოკიდებული.

უცხოეთში (ფლორიდაში) ეს პროცესი მექანიზებულია – იხმარება სპეციალური საჭრელი იარაღები. თუ აღებულ მოსავალს – მწვანე მასას მაშინვე ქარხანაში არ გაგზავნიან, მისი შენახვა შესაძლოა 1-2 დღის განმავლობაში. მზისგან დაცულ ადგილას, გრილში შლიან მას თხელ ფენად. გადასამუშავებლად გზავნიან პატარა ტოტებს ფოთლებით.

მცენარის ეთერზეთოვანი ნედლეულის გადამუშავება

მცენარის ეთერზეთოვანი ნედლეულის გადამუშავება შეიძლება ნედლ ან ხმელ მდგომარეობაში. ქაფურის ხის ნედლეულის მერქნიანი ნაწილიდან ეთერზეთის მისაღებად ჯერ ბურბუშელას ამზადებენ ან პატარა სისქის ნაფოტებად ისე აქუცმაცებენ, რომ წყლის ორთქლით სრულად და ადვილად გამოიყოს ქაფური და ზეთი.

ქაფურის ხის ნედლეულის წყლის ორთქლით გადამუშავებისას მიიღება ე. წ. ნედლი ქაფურისა და ზეთის ნარევი, რომელშიც ქაფურის შემცველობა 60-65%-მდე მერყეობს და მისი შემცველობის მიხედვით, სხვადასხვა სიძლიერით კრისტალდება.

ქაფურის ნედლი ზეთი ნახევარფაბრიკატია, მისი შედგენილობა საკმაოდ რთულია. 150-1950-ზე ფრაქციული გამოხდით მიიღება ქაფურის თეთრი ზეთი, რომელიც შეიცავს: პინენს, კამფენს, ფელანდრენს, დიპენტენს და ლიმონენს.

2000-ზე გამოხდით მიღებული პროდუქტი უმთავრესად ქაფურისაგან შედგება, რომელსაც თხევადი ნაწილიდან წნეხით აცლიან და რაფინირებას ახდენენ. 225-2700-ზე გამოხდილი ქაფური ცნობილია მიხაკისფერი ქაფურის ზეთის სახელით, მისი ხვედრითი წონა ერთზე მეტია, მასში არის 25-35% საფროლი, რომელიც ჰელიოტროპინინის სინთეზურად მიღების ერთ-ერთი ნედლეულია. საფროლს შეიცავს ფესვებიდან და ხის ტანიდან მიღებული ნედლი ზეთი, ფოთლები კი მას მოკლებულია.

ავტორები: რეზო ჯაბნიძე; სულიკო ბერიძე; ნანა ჯაბნიძე.
/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/

თქვენი რეკლამა