ფოსფორის ნაკლებობა მცენარეებში

მოცვი, ფოსფორი

ფოსფორი (Phosphorus (P)) მონაწილეობს მცენარეში მიმდინარე მრავალ ქიმიურ რეაქციაში და წარმოადგენს ენერგიის მთავარ გადამცემს. ის შედის ფოსფოლიპიდების, ნუკლეინის მჟავების, მრავალი კოფერმენტისა და ნუკლეოპროტეიდების შემადგენლობაში.

ფოსფატები ასრულებენ აგრეთვე ქიმიური ბუფერის როლს, რომლებიც ინარჩუნებენ უჯრედის შიგთავსის რეაქციას შესაბამის დონეზე.

ფოსფორისა და აზოტის ფუნქციები ურთიერთდაკავშირებულია და ამ ორი ელემენტის ნაკლებობის სიმპტომები შეიძლება იყოს მსგავსი.

ფოსფორი მონაწილეობს აზოტოვან ნივთიერებათა ცვლაში და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ისეთ პროცესებში, როგორებიცაა – თესლის გაღივება, აღმონაცენის განვითარება, ფესვების ზრდა და თესლისა და ნაყოფების მომწიფება.

ნიადაგში არსებობს ფოსფორის როგორც არაორგანული, ისე ორგანული ნაერთები, მაგრამ ხშირად ისინი წყალში არ იხსნებიან და ხსნად ფორმაში გადადიან მხოლოდ ქიმიური ან მიკრობული ფაქტორების მოქმედებით. ხსნადი ფოსფატები ნიადაგში საკმარისი არაა და ისინი ნაკლებ მოძრავია, განსაკუთრებით მძიმე თიხნარ და რკინით მდიდარ ნიადაგებში.

ფოსფორი, ვაშლი

ფოსფორის ნაკლებობის ზოგიერთი სიმპტომები მსგავსია აზოტის ნაკლებობის სიმპტომებისა. მაგ., ფესვების, ყლორტებისა და ფოთლების შენელებული ზრდა, სუსტი ყვავილობა, ფოთლების ნაადრევი ცვენა და მოსავლის შემცირება.

მაგრამ ფოსფორის ნაკლებობის შემთხვევაში ფოთლები არის მოლურჯო-მომწვანო ფერის, ყავისფერი ლაქებით. ნაყოფები რბილია და მჟავე.

ფოსფორის ნაკლებობის პირველი ნიშნები ჩნდება ხნიერ ფოთლებზე, ის იწვევს ფოთლების ხმობას, რაც ყოველთვის ფოთლის ფირფიტის კიდიდან იწყება.

ფოსფორი, ლურჯი, მოცვი

ფოსფორის დეფიციტი (მცენარისათვის მიუწვდომელი ფოსფორი) დამახასიათებელია მჟავე ნიადაგებისათვის, ასევე ძლიერ ტუტე, ღარიბ თიხნარი და რკინით მდიდარი ნიადაგებისათვის.

ფოსფორის ნაკლებობის თავიდან აცილება შეიძლება ნიადაგში შესაბამისი ფოსფორიანი სასუქების შეტანით, რომლებიც შეტანილი უნდა იქნას რაც შეიძლება ახლოს მცენარის ფესვებთან. ზოგჯერ სასუქები შეაქვთ უშუალოდ თესვის დროს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს არა იმდენად ნაკლებობას, არამედ მის მიუწვდომელ არსებობას, მაშინ შეიძლება მდგომარეობა გამოსწორდეს ნიადაგის ხსნარის pH-ის ცვლილებით.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.

იხილეთ აგრეთვე: აზოტის ნაკლებობა მცენარეებში

თქვენი რეკლამა