ყვავილნარის გაშენების და მოვლის თავისებურებები

ყვავილნარი, ყვავილნარის, გაშენება, ბაღი

ყვავილნარების გასაშენებლად გამოყენებული მოყვავილე მცენარეები საჭიროებს კომპლექსურ მოვლას, რომელიც მცენარის როგორც ცალკეული სახეობების ისე ყვავილნარის, როგორც კომპოზიციის მოვლას მოიცავს.

ნიადაგის მომზადება

ყვავილნარის ისეთ ადგილებში გაშენებისას, სადაც ნაყოფიერი მიწა ბუნებრივად არ არის, მიწის ნაკვეთს წმენდენ და შესაბამისი ზომისა და კონფიგურაციის, მცირე სიღრმის ტაფობს თხრიან, რომელშიც წინასწარ მომზადებული და სასუქით შეზავებული ნაყოფიერი მიწა იყრება.

ერთწლიანი მცენარეებისთვის განკუთვნილი მიწის ნაყოფიერი ფენის სისქე უნდა იყოს არაუმცირეს 20-30 სმ-სა, მრავალწლიანებისთვის 30-50 სმ, ხოლო ხალიჩა–მცენარეებისთვის არაუმცირეს 15 სმ-სა.

სასუქის სახით გამოიყენება ნაკელი, მინერალური სასუქი (აზოტი — 10 გრ/მ2, ფოსფორი — 9 გრ/მ2, კალიუმი — 10 გრ/მ2) ან კომპოსტი. ნიადაგი მცენარეების დარგვამდე ორი-სამი კვირით ადრე უნდა მომზადდეს.

მცენარეების დარგვა

როგორ უნდა დაირგას მოყვავილე მცენარე? მრავალწლიანი მცენარეების დარგვამდე მიწას ფოცხით ასწორებენ. შემდეგ ყვავილნარი იყოფა მცენარეების ცალკეული ტიპებისთვის განკუთვნილ ნაკვეთებად. მრავალწლიან მცენარეებს, რომლებიც ნაკვეთშივე იზამთრებენ, ზაფხულის მიწურულს და ადრიან შემოდგომაზე 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე რგავენ.

მრავალწლიანები, რომლებიც თესლით მრავლდება, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ითესება. ტიტებისა და ნარცისების ბოლქვები საზაფხულო გაშრობის შემდეგ სექტემბრის ბოლოს ირგვება. ბოლქვების ჩარგვის სიღრმე დაახლოებით 15 სმ-ია და მის ზომაზეა დამოკიდებული.

ბოლქვი, მისი სიმაღლის სამჯერ ნამრავლზე უფრო ღრმად არ უნდა ჩაირგას.

მრავალწლიანი მცენარეები ხშირად მრავლდებიან ძირის რამდენიმე ნაწილად გაყოფით. მრავალწლიანი მცენარის ძირი ითხრება მიწიდან და იყოფა ისეთი გაანგარიშებით, რომ მცენარის თითოეულ ნაწილზე 5-8 კვირტი მოდიოდეს.

ეს ნაწილები, ჩანაფიქრის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში ირგვება. ასეთი მცენარეები დროდადრო გაახალგაზრდავებას და გადარგვას საჭიროებს. მცოცავი ფესურის მქონე მცენარე ერთ ადგილას 8-10 წელი იზრდება, კომპაქტურ ფესურიანი მცენარე 10-15 წელი. ფესვთა ფუნჯისებრი სისტემის მქონე მრავალწლიან მცენარეებს, გადარგვა ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ სჭირდებათ.

მრავალწლიანებს, რომლებიც მიწაში ვერ იზამთრებენ (გეორგინები, გლადიოლუსები) სექტემბრის ბოლოს — ოქტომბრის დასაწყისში თხრიან, მიწისზედა ნაწილს დანით აჭრიან, ფესვებს და ბოლქვებს მიწისგან ასუფთავებენ, აშრობენ და ზამთრის განმავლობაში სარდაფებში ან სპეციალურ საცავებში ინახავენ. ზამთრის მეორე ნახევარში მათ სათბურებში ზრდიან, გაზაფხულზე კი უკან, კვლავ ყვავილნარში რგავენ.

ორწლიანი მცენარეები ირგვება ნერგების სახით, რომლებსაც წინასწარ სათბურებში ან სპეციალურ რიგებში ზრდიან. ნერგებს მუდმივ ადგილას ადრიან შემოდგომას რგავენ. ორწლიანი მცენარეები გაზაფხულზე ყვავიან.

ყვავილობის დასრულების შემდეგ მათ ყვავილნარიდან აშორებენ და მთ ადგილზე ერთწლიანებს ან ხალიჩა–მცენარეებს რგავენ.ერთწლიანები შეიძლება დარგოს ყვავილობადასრულებული ბოლქვოვანების (ტიტა, ნარცისი, კროკუსი) ადგილზეც.

კლუმბებში, რაბატებსა და პარტერებში დარგვამდე საყვავილნარე ადგილებს ორი კვირით ადრე ამზადებენ. ყვავილნარის კიდე გაზონის ან ბილიკის დონიდან 5-10 სმ-ით ზემოთ უნდა იყოს და წვრილი ბორდიურის ვიწრო ზოლით იყოს გარშემორტყმული.

ყვავილნარის დაგეგმილ და წყლით მორწყულ ზედაპირზე ნახატის კონტურებს ხაზავენ, რისი გაკეთებაც ცარცით შეიძლება. ყვავილნარში დასარგველად საუკეთესო ვარიანტია კარგად ჩამოყალიბებული, მოყვავილე ნერგების შერჩევა.

ერთწლიანი ციკლის მქონე მცენარეს მხოლოდ მაშინ რგავენ, როცა მოსალოდნელი ყინვების საფრთხე გადაივლის. რგვის პროცესი დილას ან საღამოს უნდა მოხდეს. გადარგვამდე 4-5 საათით ადრე ნერგებს კარგად რწყავენ.

ნერგი იოლად გაიხარებს, თუ მას მიწასთან ერთად ჩარგავთ. ნერგები ხელით უნდა დარგოთ: ამოთხაროთ საჭირო სიღრმის ორმო, რათა მცენარის ფესვები დარგვისას არ დეფორმირდეს, ნერგი კი მიწაში ფესვების ზოლზე ოდნავ ღრმად უნდა ჩაიფლოს.

დარგვის შემდეგ ყვავილნარი უნდა მოირწყოს არც ისე ცივი წყლით. გაზონის ნაწილი, სადაც ყვავილები არ არის დარგული, გაზონის ბალახით ითესება ან კორდებით იფარება.

ყვავილნარის მიწას შეიძლება დააყაროთ ტორფის ნაფხვენები 1–1.5 სმ. სისქის ფენად, რაც მიწიდან ტენის ამოშრობას შეუშლის ხელს და ყვავილნარსაც ერთგვაროვან იერსახეს მისცემს.ერთწლიანი მცენარეების წამოზრდილი ყლორტები 1–2–ჯერ უნდა გამოიხშიროს, რის შემდეგაც დარჩენილი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება და უხვადაც ყვავის.

ყვავილნარების მოვლა

ყვავილნარის მოვლის ერთ–ერთი უმთავრესი ნაწილი მისი მორწყვაა. ტენიანობა მცენარისთვის არც ზედმეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. სხვადასხვა მცენარეებს ტენის სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს, ამიტომაც მიზანშეწონილია ტენის მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარეები ერთმანეთთან ახლოს იყოს დარგული. ტენის მოყვარულები არიან ბოლქვიანი მცენარეები, მაგალითად, გეორგინები. ყველაზე მეტად მორწყვა მცენარეებს ჭირდება ზრდის, დაკვირტვისა და ყვავილობის პერიოდებში.

ნიადაგის შედარებითი ტენიანობა ამ პერიოდებში უნდა იყოს 70–80% ტენის მოყვარული მცენარეებისთვის, ხოლო 60–70% გვალვაგამძლეებისთვის. მორწყვის ნორმა ერთწლიანი ნარგავებისთვის არის 15–20 ლ/მ2, მრავალწლიანებისთვის კი 30–40 ლ/მ2. მორწყვის სიხშირე ამინდსა და ნიადაგის თვისებებზეა დამოკიდებული. მრავალწლიან მცენარეებს სიმშვიდის ეტაპისთვის მოსამზადებელ პერიოდში დამატებითი მორწყვა ესაჭიროება.

მცირე, თუნდაც ხშირი მორწყვა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ დროს მცენარეების ფესვების სისტემა საკმარისად არ ტენიანდება და პლუს ნიადაგის ზედაპირიც მაგრდება. მორწყვა უნდა მოხდეს საღამოს ან ადრე დილას. წყლის ნაკადი ზემოდან ქვემოთ უნდა იყოს მიმართული.

მორწყვის დროს მცენარეების ფოთლებიდან მტვერი და ჭუჭყიც უნდა ჩამოირეცხოს. მორწყვასთან ერთად კარგი იქნება, თუ წყალი ჰაერშიც გაიფრქვევა, რათა მიწის ახლოს ჰაერის ტემპერატურა შემცირდეს და მცენარეებს შორის და მათ შორიახლოს ტენიანობის დონემ მოიმატოს. ხშირად დიდ ყვავილნარებში საწვიმარ მოწყობილობებს დგამენ.

ნიადაგის გაფხვიერება

ტენიანობის შენარჩუნების, ჰაერის ცვლის გაუმჯობესებისა და სარეველების განადგურებისთვის აუცილებელია ყვავილნარის ნიადაგის დროული გაფხვიერება. პირველი გაფხვიერება უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგის ზედა ფენა შეშრება.

გაფხვიერების სიღრმე დამოკიდებულია მცენარის მიწისქვეშა ნაწილის ხასიათზე. ზედაპირული ფესვების მქონე მცენარეების მიწას აფხვიერებენ 3–5 სმ სიღრმეზე. ჰორიზონტალური ფესვებისა და მცოცავი ხვიარა მიწისზედა ყლორტების მქონე მცენარეების მიწას ძალიან ფრთხილად, 2–3 სმ სიღრმეზე აფხვიერებენ. გაფხვიერება უნდა მოხდეს მცენარეების ცალკეული დაჯგუფებების ირგვლივ.

მრავალწლიანების ზრდის პირობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მულჩირებაც, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორფი ან ტორფკომპოსტები, ასევე ხის ნახერხი, ქვიშა, წვრილი ხრეში. მულჩირებისას მასალა ყვავილნარს ეყრება 2.5–3 სმ სისქეზე თუ ყვავილნარი ახალია, ხოლო რამდენიმე წლის ყვავილნარებს 5–8 სმ-ის სისქეზე.

მულჩირების ვადები – ადრიანი გაზაფხული და შემოდგომაა, დაყვავილებული ღეროების მოჭრის შემდგომი პერიოდი. საკმარისია მულჩირების წელიწადში მხოლოდ 2–3–ჯერ ჩატარება. ამ პროცედურას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მშრალი კლიმატისა და იშვიათი წვიმების რაიონებში აქვს.

მასალა განთავსებული იყო meurne.sknews.ge-ზე, რედაქცია: აგროკავკასია

თქვენი რეკლამა