ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობა სათბურში

სათბური

წყალს მცენარეებში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. ის მონაწილეობს პირველადი პროდუქტების წარმოქმნის სინთეზში, გვევლინება მინერალური მარილებისა და მეტაბოლიზმის პროდუქტების გამხსნელად, უჯრედებში წნევისა და ტემპერატურის რეგულატორად, ნივთიერებათა გადაადგილების საშუალებად.

აუცილებელია განვასხვავოთ მოხმარებული ანუ მცენარის მიერ შთანთქმული წყალი და მისი მოთხოვნა ნიადაგის წყლის რეჟიმზე, ე.ი. ნიადაგიდან საჭირო წყლის ათვისების უნარი.

კიტრი, სალათა და ბოლოკი გამოირჩევა წყლის მეტი მოთხოვნილებითა და მოხმარებით. ნესვი და საზამთრო მოიხმარენ ბევრ წყალს, მაგრამ ნაკლებ მომთხოვნი არიან ნიადაგის წყლის რეჟიმის მიმართ, თავიანთი მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემის წყალობით. ხახვი პირიქით, მოიხმარს ძალიან ცოტა წყალს, მაგრამ მოითხოვს წყლის განსაკუთრებულ რეჟიმს.

სხვადასხვა მცენარის დამოკიდებულება წყლის რეჟიმზე განისაზღვრება არა მარტო მათი ორგანოების აგებულებით, არამედ ორგანოებითაც, რომლებიც წყალს აორთქლებენ, უპირველეს ყოვლისა ფოთლებით. დიდი, კიდემთლიანი ფოთლების მქონე კულტურები (კომბოსტო) გამომუშავებული, მშრალი ნივთიერების ერთეულზე ხარჯავენ გაცილებით მეტ წყალს, ვიდრე ძლიერ დაყოფილი ფოთლების მქონე მცენარეები (პომიდორი).

მოთხოვნილება წყალზე იცვლება ვეგეტაციის პერიოდში. მცენარის წყლის რეჟიმი განისაზღვრება წყლის შთანთქმისა და ტრანსპირაციის, აგრეთვე ამ პროცესებზე მოქმედი ფაქტორებით.

მცენარის მიერ ნიადაგიდან წყლის შთანთქმა დამოკიდებულია არა მარტო ამ უკანასკნელის ტენიანობაზე, არამედ მის სტრუქტურაზე, აერტევადობაზე, ტენტევადობაზე, ნიადაგური ხსნარის კონცენტრაციაზე და ნიადაგის ტემპერატურაზე.

ნიადაგში ან გრუნტში უნდა იყოს ფესვების განვითარების ოპტიმალური პირობები. დაუშვებელია ნიადაგის ხსნარის მაღალი კონცენტრაცია. თუ ის მცენარის ხსნარის კონცენტრაციაზე უფრო მაღალია, ნიადაგის საკმაო ტენიანობის დროსაც კი, მცენარეებს არ შეუძლიათ საკვები ნივთიერების ათვისება.

სტრუქტურული სიმკვრივისას ან წყლის სიჭარბის დროს (დატბორვა) ადგილი აქვს მცენარეთა ჟანგბადით შიმშილობას. ამას მივყავართ სუნთქვის ინტენსივობისა და ფესვთა სისტემის ცხოველქმედების შემცირებამდე.

სათბურებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოკლიმატურ ფაქტორად გვევლინება ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. ტენიანობის ცვლილება მკვეთრადაა დაკავშირებული ტემპერატურის ცვლილებასთან. ფარდობითი ტენიანობის ოპტიმუმიდან გადახრას მივყავართ მავნებლებისა და დაავადებების მკვეთრ განვითარებამდე.

ფარდობით ტენიანობაზე დიდ გავლენას ახდენს გარეთა ჰაერის ტენიანობაც, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა განიავების დროს (ოქტომბრიდან მარტ-აპრილამდე ჰაერის ტენიანობა საკმაოდ მაღალია).

ტურბულენტული ჰაერმიმოცვლის წყალობით ტენიანობა თითქმის თანაბარია სათბურის მთელ სივრცეში, ხოლო ვენტილირების დროს ის მეტია ცენტრში და დაბალია კედლებთან და ფრამუგების ახლოს. ტენიანობა უფრო მაღალია ზედა ფენებში, სხვაობა შეიძლება 20-25%-ს აღწევდეს.

ვენტილირების დროს ფარდობითი ტენიანობა მცირდება და სხვაობა არავენტილირებად სათბურთან შედარებით 6-20%-ს აღწევს, რწყვით ტენიანობა იზრდება 8-დან 40%-მდე. სათბურის მოცულობის ზრდასთან ერთად, ფარდობითი ტენიანობა მცირდება. ბლოკურ სათბურებში ის 1-9%- ით დაბალია, ვიდრე ერთსექციანში.

მშრალი, სუბტროპიკული და კონტინენტური ჰავის ქვეყნებში, მიმართავენ სათბურის გაგრილების სისტემების გამოყენებას. ამ შემთხვევაში სათბურის შემომსაზღვრელი გარკვეული ნაწილი წრიულად დაკავებულია ადსორბციის უნარის მქონე მასალით, რომელიც ტენიანდება წნევით მიწოდებული წყლით.

სათბურებში მცენარეთა წყლის რეჟიმის დარღვევა ხშირად გამოწვეულია გარემოს მიკროკლიმატური ფაქტორებით, რაც ხშირად დაკავშირებულია მზის რადიაციის სწრაფ ცვლილებასთან.

დღის მანძილზე მზის რადიაციის ზრდის და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის სიმცირისას, მსხმოიარე მცენარის ტრანსპირაცია (წყლის აორთქლება მცენარეთა მიერ) შეიძლება 80 გ-დან 280 გ-მდე გაიზარდოს.

მზის რადიაციას შეუძლია ფოთლის ტემპერატურა 7-140C გაზარდოს, და შესაბამისად მცენარეები თავიანთი გაგრილებისათვის ზრდიან ტრანსპირაციას. ამ დროს გრუნტიდან მიღებული წყალი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება მცენარეთა დამწვრობა გამოიწვიოს.

გრუნტის ოპტიმალური ტენიანობა მიიღწევა მისი ნორმირებული მორწყვით. რწყვის ნორმები განისაზღვრება წარმოებული კულტურების მიხედვით. კიტრის ფესვთა სისტემა განლაგებულია გრუნტის ზედა ფენაში, პომიდორზე უფრო ღრმად. ამიტომ, კიტრის მორწყვის მინიმალური ნორმა შეადგენს 3-4 ლ მ2-ზე, ხოლო პომიდვრისთვის – 6-8 ლ/მ2.

რწყვის განსაზღვრისას ითვალისწინებენ აგრეთვე გრუნტისა და ნიადაგის თავისებურებებს. მსუბუქ, ნაკლებად ტენტევად გრუნტს რწყავენ ხშირად და დაბალი ნორმებით, მძიმე და ტენტევადს _ იშვითად და დიდი ნორმებით.

თანამედროვე სათბურებში გამოიყენება წვეთოვანი მორწყვის სისტემები. ამ მეთოდით, წყალი მიეწოდება უშუალოდ ფესვთა სისტემას, გრუნტის მთელი მოცულობის დასველების გარეშე, როგორც ეს ხდება მორწყვის სხვა მეთოდების გამოყენებისას, როდესაც მთელი სარწყავი ნორმა იხარჯება რამდენიმე წუთში და ნიადაგის ტენიანობის რყევა მორწყვამდე და მორწყვის შემდეგ შეადგენს 15-25%-ს.

წვეთოვანი რწყვისას წყალი მიეწოდება ხანგრძლივი დროის მანძილზე, თითქმის მისი მოხმარების თანაბრად, ჭარბად დატენიანების გარეშე. წვეთოვანი მორწყვა ამცირებს ტენიანობის რხევის ამპლიტუდას 4-5%-მდე და საშუალებას იძლევა უკეთ ვმართოთ ნიადაგის ტენიანობა. ნიადაგის სხვადასხვა ფენებში იცვლება წყლისა და ჰაერის შემცველობა, რაც ფესვებს უკეთ უზრუნველყოფს ჟანგბადით.

წვეთოვანი რწყვისას, წყლის, ჰაერის და კვების მაჩვენებლები ახლოსაა ოპტიმუმთან, მინერალური ელემენტების მიწოდება უკეთ ექვემდებარება მართვას.

წვეთოვანი მორწყვით მოსავლიანობის გაზრდის გარდა მიიღწევა სარწყავი წყლის და სასუქების საკმაო ეკონომია (20-30%). მეთოდი მოითხოვს შედარებით დიდ კაპიტალდაბანდებას და სარწყავი წყლის მაღალ ხარისხს, ან სპეციალურ საფილტრავ მოწყობილობას.

თანამედროვე სათბურებში ფართოდ იყენებენ წყლის გამფრქვევ (ნისლის შექმნის) სისტემასაც, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად ვარეგულიროთ სათბურში ჰაერის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა.

სისტემა განლაგებულია შპალერიდან ზევით, 40-50 სმ-ის დაშორებით, რაც განაპირობებს მცენარეებზე ტენის თანაბარ განაწილებას. მისი საშუალებით შესაძლებელია ფოთლების ტემპერატურის შემცირება 4-60C-ით- ვენტილირების გარეშე, 10-120C–ით – ბუნებრივი ვენტილირებით.

სისტემის წარმატებით მუშაობის პირობა წყლის წვეთების უმცირეს ნაწილაკებად გაფრქვევაა (10-20 მკმ). სისტემა მუშაობს ავტომატურად. გაფრქვევის ხანგრძლივობა 10-20 წამია.

თუ მზის რადიაციის გაზრდისას ფოთლების ტემპერატურა იზრდება 400C-მდე და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა მცირდება 25%-მდე, ნისლის შექმნით შეიძლება ტემპერატურა შემცირდეს 250C-მდე და ჰაერის ტენიანობა გაიზარდოს 90%-მდე.

ავტორი: ი. მჭედლიძე

იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს

თქვენი რეკლამა