პომიდვრის დახურულ გრუნტში (სათბურში) წარმოება

სათბური

პომიდორი (ლათ. lycopersicon esculentum) მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო მექსიკა და ცენტრალური ამერიკაა, სადაც იგი მრავალწლიანი მცენარეა.

ფესვი მთავარღერძიანია, მისი ძირითადი მასა ნიადაგში განლაგებულია 40-50 სმ-ის სიღრმეზე, ზოგიერთი ფესვი 2-2,5 მ-ს აღწევს.

პომიდორი სითბოსა და ტენის მოყვარული კულტურაა, თესლი წვრილია, ოდნავ შებუსული, 1 გ თესლში 300-350 მარცვალია.

პომიდორი მნიშვნელოვანი სასურსათე კულტურაა, რაც განპირობებულია მასში საკმაო რაოდენობის ვიტამინებისა და მჟავების შემცველობით. პომიდორი კიტრთან შედარებით ნაკლებად სითბოს მომთხოვნია.

პომიდვრის საწარმოებლად მიმართავენ ჩითილის გამოყვანას. თესლი გაღვივებას იწყებს 100C–ზე ჩითილის გამოყვანისას. დაცული უნდა იყოს განათებასთან თანშეწყობილი ტემპერატურული რეჟიმი.

კარგი განათება და ტემპერატურული რეჟიმი (დღისით 20-250C და ღამით 9-120C) ხელს უწყობს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას და კომპაქტური, აუწოწავი, კარგად შეფოთლილი ჩითილის მიღებას.

პომიდვრისთვის მეტად მავნეა ტემპერატურის მკვეთრი, ხანგრძლივი მერყეობა 10-250C-მდე, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში (120C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ყვავილის მტვერი არ მწიფდება, 150C-ზე არ ყვავილობს. 350C-ზე მაღალი ტემპერატურა კი უარყოფითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე).

ასეთ პირობებში ფოთლები იღებენ მოყვითალო-იისფერ შეფერილობას, ხოლო ნასკვები ცვივა. არასასურველია სათბურში ჰაერის გადახურება – 350C-ზე მეტი ტემპერატურისა და წყლის ნაკლებობის დროს, მკვეთრად უარესდება ნაყოფის ხარისხი, ასეთ პირობებში მოუმწიფებელი ნაყოფი ნაადრევად წითლდება. ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს 18-200C.

პომიდორი მოითხოვს ჰაერის შედარებით დაბალ შეფარდებით ტენიანობას (60-65%) და ნიადაგის მაღალ ტენიანობას. ჩითილის გადარგვისას და მცენარის მსხმოიარობაში შესვლამდე, იგი უნდა იყოს 70-75%, ხოლო მსხმოიარობის დაწყებიდან 75-80%.

სათბურში პამიდორს ზრდიან ორ კულტურათა ბრუნვაში, ზამთარი-ზაფხული (იანვარ-ივლისი) და ზაფხული-შემოდგომა (ივლისი-იანვარი). ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს ის ჯიშები, რომლებსაც შემცირებული განათების პირობებში ახასიათებთ ნაყოფის კარგად გამონასკვის უნარი.

სათბურს წინასწარ ამზადებენ, საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებენ, ასუფთავებენ მინებს ან პოლიკარბონატს, ატარებენ შენობებისა და გრუნტის დეზინფიცირებას.

გრუნტს ამუშავებენ 25-30 სმ-ის სიღრმეზე, შეაქვთ კომპოსტი 10-15 კგ 1მ2-ზე ან ნაკელი, აგრეთვე მინერალური სასუქები. მცენარის განვითარების თავდაპირველ პერიოდში მცენარეები მოითხოვენ აზოტით ზომიერ და ფოსფორით გაძლიერებულ კვებას.

მსხმოიარობის დაწყებიდან საჭიროა აზოტოვანი კვების გაძლიერება, ხოლო

ნაყოფის მომწიფებისას კალიუმით. ამ დროს აზოტისა და კალიუმის თანაფარდობა უნდა იყოს N:K=1:3; 1:4. საკვები ხსნარის კონცენტრაცია მსხმოიარობის დაწყებამდე არ უნდა აღემატებოდეს 0,7%-ს, ხოლო მსხმოიარობის დაწყებიდან 1%-ს.

პომიდორს კვებავენ ყოველ 7-10 დღეში, ამისთვის მცენარის ზრდის პირველ პერიოდში იყენებენ _ ამონიუმის გვარჯილა 10 გ, სუპერფოსფატი 20 გ, კალიუმის სულფატი 20 გ 1 მ2-ზე.

მსხმოიარობის დაწყებიდან საკვები დოზები იზრდება – ამონიუმის გვარჯილა 15 გ, სუპერფოსფატი 25 გ, კალიუმის სულფატი 25 გ, მაგნიუმის სულფატი 15 გ. შესაძლებელია აგრეთვე ნიტროამოფოსისა ან სხვა კომპლექსური სასუქების გამოყენებაც.

პომიდორი, ისევე როგორც კიტრი, საკმაოდ მკვეთრად რეაგირებს CO2 დამატებით გამოკვებაზე, მოსავლიანობა იზრდება ჰაერში CO2 0,3%-მდე შემცველობისას, თუმცა ეკონომიურად უფრო ეფექტურია 0,1-0,2% კონცენტრაცია.

ჩითილის გადარგვამდე გრუნტს ასველებენ 10-15 სმ-ის სიღრმეზე. დასარგავად არჩევენ ნორმალურად განვითარებულ, ჯამრთელ, მექანიკურად დაუზიანეებლ ჩითილებს.

მცენარეებს რგავენ რიგებად, რიგში მცენარეთა შორის 50 სმ, ხოლო რიგებს შორის 80 სმ-ის დაშორებით (2,5 მცენარე 1 მ2-ზე), ან ორმაგ რიგებად – მცენარეთა შორის 50-60X40-50, ხოლო რიგებს შორის 90-100 სმ (საშუალოდ 3.0-3,5 მცენარე 1 მ2-ზე). ჩითილებს რგავენ ვერტიკალურად, პირველი სავეგეტაციო ფოთლის სიღრმეზე.

გადარგვის შემდეგ მცენარე აჰყავთ შპალერზე, შემდეგ რიგთაშორისებს აფხვიერებენ და მცენარეთა ზრდის პარალელურად ახვევენ საყრდენზე. ამავდროულად აშორებენ იღლიებიდან წამოსულ ნამხრევებს, სანამ ისინი მიაღწევენ 5-7 სმ-ის სიგრძეს.

მცენარეთა ფორმირებას ახდენენ ერთ ღეროზე. 2 მეტრი სიმაღლის შპალერის შემთხვევაში მცენარე წარმოქმნის 8-9 მტევანს, რის შემდეგაც, მას ზრდის წერტილს შეამტვრევენ.

პომიდვრის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი, განათებისა და განვითარების ფაზების მიხედვით

სათბური

ჰაერის ტენიანობა სათბურში უნდა იყოს ზომიერი, რათა უკეთ მოხდეს მცენარეთა დამტვერვა და დაცვა დაავადებებისგან. მცენარეთა დამტვერვის გასაუმჯობესებლად, მათ შეარხევენ. ეს ოპერაცია უმჯობესია ჩატარდეს დღის პირველ ნახევარში – 10-საათიდან 14 საათამდე.

დამტვერვისთვის მიმართავენ ფუტკრების გამოყენებას, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პესტიციდების გამოყენებას.

დამტვერვისთვის იყენებენ აგრეთვე ჰორმონებსაც (სავაჭრო ქსელში იყიდება როგორც თხევადი, ასევე ტაბლეტების სახით), მაგრამ აქაც აუცილებელია დოზების დაცვა.

მორწყვას მიმართავენ ნიადაგის შეშრობისას, დაუშვებელია ნიადაგის ძლიერი გამოშრობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ყვავილებისა და ნასკვების ჩამოცვენა, ღეროსა და ნაყოფის დასკდომა, აგრეთვე ნაყოფზე კენწეროს მშრალი სიდამპლის განვითარება.

სარწყავი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20-250C, რწყვას ახდენენ დღის პირველ ნახევარში, რათა დაღამებამდე შესაძლებელი იყოს სათბურის კარგად განიავება, მასში არსებული ზედმეტი ტენის მოსაცილებლად.

მცენარის მსხმოიარობაში შესვლამდე ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობაა 75-80%, ხოლო ინტენსიური მსხმოიარობისას – 80-90%. ამასთან, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – 60-70%.

გადარგვიდან პირველი ნაყოფის გამონასკვამდე პომიდორს რწყავენ 2-3 დღეში, ხოლო შემდეგ რწყვის სიხშირეს ზრდიან და რწყავენ ყოველ 1-2 დღეში, მზის მაღალი რადიაციის დღეებში რწყავენ ყოველდღე. სარწყავი ნორმა შეადგენს 6-13 ლ/მ2.

პირველ მტევანზე ნაყოფის მომწიფების დაწყებისთანავე, იწყებენ ქვედა ფოთლების მოშორებას. პირველ რიგში აშორებენ გაყვითლებულ, დაბერებულ, შემდეგ კი მწვანე ფოთლებსაც. ეს აუმჯობესებს აერაციას, ზრდის განათებას, აადვილებს რწყვას და მოსავლის კრეფას. ფოთლების მოშორებისას ყურადღებას აქცევენ, რომ მცენარეზე დარჩეს 14-16 ფოთოლი. მოსავლიანობა შეადგენს 6-10 კგ/სმ2-ზე.

ავტორი: ი. მჭედლიძე /მებოსტნეობა/

იხილეთ აგრეთვე: კიტრის მოვლა-მოყვანა დახურულ გრუნტში (სათბურში)

თქვენი რეკლამა