ორგანული სასუქების გამოყენება სათიბებისა და საძოვრებისთვის

ორგანული, ბიო, სასუქი

სათიბებისა და საძოვრების პროდუქტიულობის მატების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანული სასუქების (ნაკელი, ტორფი, წუნწუხი, კომპოსტი და სხვა.) გამოყენებას.

აღნიშნული სასუქების ზედაპირული შეტანით 2-3-ჯერ დიდდება მოსავლიანობა და უმჯობესდება ბალახნარის ბოტანიკური შედგენილობა. ორგანული სასუქები შეიცავს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რასაც ნიადაგიდან ითვისებს მცენარე, ამიტომ მას ხშირად სრულ სასუქს უწოდებენ.

ცნობილია, რომ 20 ტონა ნახევრად გადამწვარი ნაკელით განოყიერებისას ერთ ჰექტარ ფართობზე საშუალოდ შეიტანება 80-100 კგ აზოტი, 40-50 კგ ფოსფორი, 90-105 კგ კალიუმი და 4700 კგ ორგანული და სხვა ნივთიერება.

ნაკელის ზედაპირული შეტანით უმჯობესდება ნიადაგის, წყლისა და ჰაერის რეჟიმი, მიკრობიოლოგიური პროცესები, რაც ხელს უწყობს ორგანულ ნივთიერებათა დაშლას, იცავს ბალახის განახლების კვირტს და ყლორტებს მოყინვისაგან. ნაკელი უმჯობესია პირველ რიგში გამოვიყენოთ სათიბების გასანოყიერებლად. გადამწვარი ნაკელი, ჩვეულებრივ შეაქვთ 4-5 წელიწადში ერთხელ ჰექტარზე 15-20 ტონა, ხოლო არასაკმარისად გადამწვარი 20-30 ტონა.

სასუქად ვარგისია ყველა სახის პირუტყვის ნაკელი, მაგრამ მოსავლის ყველაზე მეტ ნამატს იძლევა ცხვრის, შემდეგ ცხენის, ღორის და ბოლოს მსხვილი რქოსანი პირუტყვის. ერთხელ შეტანილი ნაკელის მოქმედება (განსაკუთრებით დიდი ნორმების) ბალახის მოსავლიანობაზე 5-6 წელზე მეტხანს გრძელდება.

მაღალმთის მდელოებზე უნდა გამოვიყენოთ პირუტყვის სადგომებთან დაგროვილი ნაკელი. ნაკელის ანაზღაურება ყველაზე დაბალი მშრალი ველის უროიან საძოვრებზე, უფრო მაღალია სუბალპებში, შედარებით დაბალია ალპურ ზონაში, ეს აიხსნება იმით, რომ ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდება სავეგეტაციო პერიოდი და ნაკელის დაშლის პირობები. ნაკელი უმჯობესია გავზიდოთ მთაში – ძოვების სეზონის დამთავრების შემდეგ, ხოლო ბარში უპირატესად ზამთარში, როდესაც მუშახელი და ტრანსპორტი უფრო გამონთავისუფლებულია.

სათიბებზე ნაკელის შეტანის საუკეთესო ვადაა გაზაფხული თოვლის დნობისთანავე, ბალახის ვეგეტაციის დაწყებამდე ან გვიან შემოდგომა ნალექიან პერიოდში, რათა მოხდეს მისი ნიადაგში ჩარეცხვა. გაზაფხულზე ნაკელით განოყიერებული ნაკვეთი მიზანშეწონილია სათიბად იქნეს გამოყენებული, რადგან ნაკელი ბალახს დამახასიათებელ სუნს აძლევს და პირუტყვი ცუდად ძოვს, განსაკუთრებით შეტანის წელს.

სათიბ-საძოვრებზე, ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იძლევა ნაკელის დაბალი და საშუალო დოზები, 10 და 20 ტ/ჰა-ზე. თუ ფერმერს ნაკელი დიდი რაოდენობით უგროვდება, რა თქმა უნდა შეიძლება შევიტანოთ დიდი ნორმით (30-40ტ). მოსავლის მატებასთან ერთად უმჯობესდება ბალახნარის შემადგენლობა, რაც პარკოსნების და მარცვლოვნების გადიდებასა და ნაირბალახების შემცირებაში გამოიხატება.

აღსანიშნავია, რომ გადაუწვავი ნაკელის დიდი ნორმებით შეტანა ხელს უწყობს მდელოს დასარევლიანებას. მდელოზე შეტანილი ნაკელი თანაბრად უნდა მოიბნეს და ეფექტიანობის გასადიდებლად, უმჯობესია ნიადაგი ფარცხით ან სპეციალურად დამზადებული კაბდოთი დაიფარცხოს.

ნაკელის გამოყენების ყველაზე ადვილი და ხელსაყრელი საშუალებაა მდელოზე გადასატანი სადგომების (არხაჯები) მოწყობა. პირუტყვს სათიბზე ან საძოვარზე ამყოფებენ 1-2 დღის განმავლობაში იმ ანგარიშით, რომ ყოველ 1 მ2-ზე მოდიოდეს 1 ცხვარი, შემდეგ გადავანაცვლოთ ახალ ადგილზე. იგი ტარდება პირუტყვის დასვენების საათებში. სადგომის გამოცვლის შემდეგ ნაკელი კარგად უნდა მოსწორდეს ფარცხით.

აღნიშნული ღონისძიებების გატარებით, ბალახნარის მოსავლიანობა 2-3-ჯერ დიდდება, თივაში მარცვლოვნების შემცველობა 7-15%-ით დიდდება, ხოლო პარკოსნების 5-10%-მდე.

ალპურ საძოვრებზე გავრცელებული დაბალი კვებითი ღირებულების ძიგვიანების გასაუმჯობესებლად აუცილებელია გამოვიყენოთ ცხვრის გადასატანი სადგომები. ამ შემთხვევაში ცხვრის ფარა უნდა გავაჩეროთ ძიგვიანზე იმ ანგარიშით, რომ 1 მ2-ზე მოდიოდეს 2 ცხვარი 3 ღამის განმავლობაში. ამ ღონისძიებით ძიგვა პრაქტიკულად ისპობა, ხოლო მოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.

დახრილი რელიეფის სათიბ-საძოვრებზე ნაკელის შეტანის მარტივ ხერხს მიმართავენ: გადამწვარ ნაკელს ფერდობის ზედა ნაწილში ან თხემთან ახლოს გარდიგარდმო მთელ სიგრძეზე ყრიან იმ ვარაუდით, რომ წვიმის დროს ფართობი თვითდინებით მოირწყოს. სარწყავ სათიბ-საძოვრებზე მიმართავენ ასეთ მეთოდსაც: მოსარწყავი ნაკვეთის თავში ჭრიან 1 მეტრის სიგრძისა და 80 სმ სიგანის ორმოს. ორმოში ყრიან ნაკელს და სარწყავ წყალს ნაკელიანი ორმოს გავლით უშვებენ ნაკელზე.

გადამდები დაავადებით (ბრუცელოზი, ინფექციური ანემია, ჰელმინთოზი და სხვა) ავადმყოფი პირუტყვის ნაკელი და წუნწუხი გამოიყენება მხოლოდ თერმიული დამუშავებისა და ვეტერინარული წესების სრული დაცვის შემთხვევაში.

ნაკელის დოზის ორმაგი რაოდენობით შეტანილი ტორფი, ისეთივე ეფექტს იძლევა როგორც ნაკელი. ტორფი უმჯობესია ნაკელთან, კირთან, ფოსფორის ფქვილთან, ნაკელის წუნწუხთან და სხვა სასუქთან ერთად წინასწარ დაკომპოსტებული სახით იქნეს გამოყენებული.

სათიბ-საძოვრებზე ორგანული სასუქების ეფექტიანობა უფრო მეტად დიდდება თუ მასთან ერთდროულად მინერალურ სასუქსაც – განსაკუთრებით ფოსფორს გამოვიყენებთ. მოსავლიანობის ზრდასთან ერთად ბალახნარში მარცვლოვნებისა და პარკოსნების თანაფარდობა უმჯობესდება, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეტანის შემთხვევაში.

ნაკელის წუნწუხი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი სასუქია სათიბებისა და საძოვრების გასანოყიერებლად. წუნწუხის შეტანის ნორმა 10-20 ტ/ჰა-ზე. წუნწუხის აღნიშნული დოზების შეტანით თივის მოსავლიანობა 1,0-1,2 ტ-ით დიდდება.

სათიბებზე წუნწუხის შეტანის საუკეთესო ვადებია ადრე გაზაფხული, ბალახნარის ვეგეტაციის დაწყებამდე. წუნწუხის შეტანა პირველი გათიბვის შემდეგ, აქვიტის კარგ მოსავალს იძლევა. საძოვარზე წუნწუხი უნდა შევიტანოთ პირუტყვის ძოვების სეზონის დამთავრების შემდეგ, შემოდგომით. გაზაფხულზე და ზაფხულის პერიოდში წუნწუხით მორწყულ საძოვარს პირუტყვი ცუდად ძოვს, ამიტომ უმჯობესია თივად გავთიბოთ, ხოლო აქვიტი საძოვრად გამოვიყენოთ. წუნწუხი შეაქვთ 3-4 წელიწადში ერთხელ.

ავტორი: იოსებ სარჯველაძე –
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა