ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემები

მზრალი, კორდი, ნაწვერალი

მინდვრის და ტექნიკური კულტურების ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემას, აგრეთვე, უწოდებენ ნიადაგის ძირითადი დამუშავების სიტემას, ალბათ იმის გამო, რომ ნიადაგის ასეთი წესით დამუშავების დროს ყველაზე უკეთესად ხერხდება მცენარის ზრდაგანვითარებისათვის საჭირო პირობების მოწესრიგება და ნიადაგის სტრუქტურის მაქსიმალურად შენარჩუნება, გარემოს დაცვა.

ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემა გულისხმობს საგაზაფხულო მინდვრის კულტურებისათვის მომზადებას და სრულდება შემოდგომით. ასეთ ხნულს მზრალი ეწოდება.

წინათ მზრალს უწოდებდნენ იანვარ-თებერვალში, ანდა ადრე გაზაფხულზე მოხნულსაც. მაგრამ მას მზრალისა მხოლოდ სახელწოდება ჰქონდა მიცემული. ის ამოცანები კი, რაც მზრალად მოხვნით გადაიჭრება, მიუღწეველი იყო. საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ შემოდგომის მზრალი ხნულად შეჰყვებახოლმე ზამთარს და განიცდის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სუსხის გავლენას, რის გამოც მას „მზრალი“ ეწოდება.

მზრალის შემოდგომით დამუშავება ხელს უწყობს ნიადაგში მეტი ტენისა და საკვები ელემენტების დაგროვებას და ტენით დამუხტვას, მავნებელთა და დაავადებების კერებისაგან უკეთესად იწმინდება სარეველა მცენარეების მინდორი. უმჯობესდება ხნულის ფიზიკური მდგომარეობა.

ნიადაგის მზრალად დამუშავების რამდენიმე სახეობას არჩევენ:

• კორდის დამუშავების სისტემა;

• ნაწვერალის დამუშავების სისტემა;

• სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდვრის დამუშავების სისტემა.

ესენი ერთიმეორისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა ამოცანაა პირველ რიგში გადასაჭრელი იმ წინამორბედი კულტურების შემდეგ, რომელიც დასამუშავებელ ფართობზე იყო და შექმნა გარკვეული მდგომარეობა.

კორდის დამუშავების სისტემა

კორდის (ბუნებრივი კორდი, ხელოვნური კორდი, აგრეთვე ყამირი და სხვა) შემთხვევაში მნიშვნელოვან და პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს მრავალწლოვანი ბალახის სიცოცხლის უნარის ჩახშობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადვილად გამოცოცხლდება, მთლად დაფარავს ნაკვეთს და შეუძლებელი იქნება მინდვრის კულტურის მოყვანა. გარდა

ამისა, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბელტის სრული გაფხვიერება იმგვარად, რომ არ გამტვერდეს და შერჩეს მტკიცე სტრუქტურა. ნაწვერალის შემთხვევაში, პირველ რიგში გადასაჭრელ ამოცანას შეადგენს ნაკვეთის გაწმენდა სარეველებისაგან, რომელიც რჩება მოსავლის აღების შემდეგ, ანდა მისი თესლი სიცოცხლისუნარიანი ვეგეტატიური ნაწილებია ნიადაგში.

სათოხნი კულტურების შემდეგ კი (სიმინდი, მზესუმზირა და სხვა) რჩება მათი კაჭაჭები და სხვა ნარჩენები, რომელთაგან ნაკვეთის პირველ რიგში გაწმენდა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.

კორდის დამუშავების სისტემის დროს არჩევენ ბუნებრივ და ხელოვნურ კორდს. ბუნებრივი კორდი ეწოდება ბუნებრივად მოზარდი ველური ბალახების და მცენარეულობის მრავალი წლის დგომის შედეგად ჩამოყალიბებულ კორდს. ხელოვნური კორდი კი მიიღება კულტურული მრავალწლოვანი საკვები ბალახის თესვის გზით, მისი ნაკვეთზე ორი ან მეტი წლის დგომის შედეგად.

ძველად კორდის დამუშავების რამდენიმე წესს მისდევდნენ. თავდაპირველად აწარმოებდნენ ბელტის სრულ 180 გრადუსით გადაბრუნებას.

ბელტის სრული გადაბრუნების წესით დამუშავების დროს იქმნებოდა არახელსაყრელი პირობები, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ბელტის ქვეშ მოქცეული ბალახიანი ზედაპირი იზოლაციას უკეთებდა მას ქვესახნავი ფენისაგან, წყდებოდა ტენის მოძრაობა, ბელტი ძალზე იგვალებოდა და მის გასაფხვიერებლად კაბდოთი და ფიჩხის ფარცხით რამდენიმეჯერ ფარცხვა იწვევდა ნიადაგის გამტვერებას და ეს მაღალნაყოფიერი ნიადაგი ძალიან მოკლე ხანში კარგავდა ნაყოფიერების თვისებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბელტის სრული გადაბრუნება მრავალწლოვანი ბალახის სიცოცხლის უნარს კარგად ახშობდა, მისი ზემოაღწერილი დიდი უარყოფითი მხარეების გამო, თანდათანობით მიატოვეს და იწყეს კორდის დამუშავების სხვა ხერხების ძიება. ერთ-ერთი ასეთი ხერხი გახდა გათერძვა. გათერძვით ხვნის დროს ბელტის სრული გადაბრუნებაკი არ ხდება, არამედ იგი ბრუნდება მხოლოდ 135 გრადუსით და როგორც ჩვეულებრივ აღნიშნავენ, ბელტი წვება 45 გრადუსით.

ვერც გათერძვით ხვნამ გამოიღო სასურველი შედეგი. მართალია, ბელტის 45 გრადუსით მიწვენის გამო მისი ქვესახნავი ფენისაგან იზოლაცია არ ხდება, მაგრამ ატმოსფეროსთან ხნულის შეხების არეს გადიდებამ მაინც გამოიწვია ბელტის გამოშრობა, რამაც კიდევ უფრო შეანელა კორდის დაშლა მინერალიზაციის პროცესი.

ამას ისიც დაერთო, ნაფრთეულის პირიდან ბალახი ამოჩრილი რჩებოდა, მალე იწყებდა გამოცოცხლებას და ძნელი მოსასპობი ხდებოდა. ამის შემდეგ საზრუნავი გახდა ამ საკითხის მოგვარება _ ნაფრთეულის პირიდან მოეშორებიათ ბალახი. ამ მიზნით, გუთანს მარჯვენა კუთხეში ახალი ნაწილი დაუმატეს, რომელსაც ზოგ ქვეყანაში სამკუთხედის მოყვანილობა მიეცა (სკიმკოლტერი), ზოგან კი ოთხკუთხისა (ჯოინტერი).

სკიმკოლტერისა და ჯოინტერის გამოყენებამ მართლაც შესაძლებელი გახადა ნაფრთეულისაგან ბალახის ამოჩრის თავიდანმოცილება, მაგრამ ზემო აღწერილი უარყოფითი სხვა მხარეებისაგან ვერ განთავისუფლდა.

ამის შემდეგ, გათვალისწინებული იქნა რა ბელტის ტექნოლოგიური თვისებები, შემუშავდა აზრი _ ბელტის გაკორდებული ნაწილის მოჭრისა და კვლის ძირზე მოთავსებისა, სამაგიეროდ, ბელტის ქვედა ნახევარი ამოიღებოდა და ზემოდან მოთავსდებოდა.

მეცნიერებმა ამის საფუძველზე შეიმუშავეს კორდის დამუშავების სრულიად ახლი წესი, ე.წ. ორმაგი ხვნა.

მას ორმაგი ხვნა იმიტომ ეწოდა, რომ ერთი და იმავე კვალში ორი ერთკორპუსიანი გუთანი მოძრაობდა. წინამავალი გუთანი კორდის მხოლოდ ზედა ნაწილს იღებდა და კვლის ძირში მოაქცევდა, მიმყოლი გუთანი კი ქვედა ნაწილს ჭრიდა და ზევიდან აყრიდა მას.

კორდის ამ წესით დამუშავებამ აგრონომიულად სრულიად დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო _ მრავალწლოვანი ბალახის ცხოველმყოფელობა სრულიად იხშობა, ზემოჩამოთვლილი მიზეზებით ბელტის გამოშრობა არ ხდება, იგი ისე ფხვიერდება, რომ თითქმის არავითარ დამატებით დამუშავებას არ მოითხოვს; ხნული სწორზედაპირიანი მიიღება.

კორდის დამუშავების ეს პრინციპი _ ორმაგი ხვნა, საფუძვლად დაედო, ე.წ. წინმხვნელიანი გუთნის შექმნას, რომლის შესახებაც უკვე იყო აღნიშნული.

გასული საუკუნის ორმოციანი წლებში ფართოდ გავრცელდა ნიადაგის სტრუქტურის აღსადგენი ისეთი თესლბრუნვები, სადაც 2-3 მინდორი მარცვლოვან და პარკოსან (ცალკ-ცალკე ან ნარევში) მრავალწლოვან ბალახებს ეთმობოდა, ვინაიდან დადგინდა, რომ ერთწლოვანი მინდვრის და განსაკუთრებით ტექნიკური და სათოხნი კულტურების მოყვანის შედეგად მკვეთრად უარესდებოდა ნიადაგის სტრუქტურა, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიით, აგრეთვე ინტენსიური დამუშავებით იკარგებოდა სახნავი შრის ტონობით ნაყოფიერი მასა და სხვა.

ერთწლოვანი და განსაკუთრებით მრავალწლოვანი ბალახების მარტივ (2-3 მინდორი) და რთულ (7-8 მინდორი) თესლბრუნვებში თესვით მიიღწევა ზემოაღნიშნული უარყოფითი მოვლენების პრობლემების გადაჭრა, რომელიც ბალახების კორდის შექმნით წყდება.

ასეთი კორდი, გარდა იმისა, რომ იძლევა საკვები მასის მაღალ მოსავალს, ქმნის წვრილკოშტოვან სტრუქტურას (მარცვლოვანი ბალახები), აღადგენს და ნიადაგის სიღმიდან ამოაქვს დალექილი საკვები ელემენტები ღრმად გავრცელებული ფესვების მეშვეობით (პარკოსანი ბალახები), ქმნიან სახნავ ფენაში ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის საუკეთესო პირობებს (ბაქტერიები, ჭიანჭველები, ჭიაყელები და სხვ.), რითაც ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული მასით და ხელს უწყობენ მათ მინერალურ ფორმაში გადასვლას.

ასეთი ხელოვნური კორდის დამუშავება, ნიადაგის უკვე გაუმჯობესებული სტრუქტურის და ნაყოფიერების მაქსიმალურად შენარჩუნებისათვის წარმოებს წინმხვნელიანი გუთნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური კორდის ძირითადი დამუშავება მართლაც და წინმხვნელიანი გუთნით დამუშავებით შემოიფარგლება, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით _ თუ ხნული უსწორმასწორო და ბელტიანი დადგა, საჭირო ხდება მისი სპეციალური აგრეგატებით დამუშავება იმისდა მიხედვით, თუ რა კულტურა იქნება დათესილი.

ცხადია, საშემოდგომო თავთავიანი კულტურების დასათესად ნაკვეთი ჯერ კიდევ ზაფხულში მოიხვნება. საერთოდ, კორდის მოხვნის კონკრეტული ვადების დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები, რელიეფი, კულტურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და სხვ.

ნაწვერალის დამუშავების სისტემა

ნაწვერალის დამუშავების სისტემა ჩვეულებრივად შედგება მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალის აჩეჩვისა და შემდგომში ნიადაგის სრულ სიღრმეზე კულტურული მოხვნისაგან.

ამა თუ იმ მხარის კლიმატური, ნიადაგობრივი პირობებისა და სახნავი მინდვრების დასარევლიანების მიხედვით, ზოგჯერ საჭირო ხდება დამუშავების აღნიშნულ ძირითად ხერხებს დაემატოს ესა თუ ის დამეტებითი ღონიძიება, ზოგჯერ კი ღრმა ცვლილებების შეტანაც.

ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ითვლებოდა ანეულების სისტემა, რომელიც გულისხმობს ნიადაგის გარკვეული დროით „დასვენებას“ თესვის წინ დამუშავების სხვადასხვა სისტემებით.

ამჟამად ანეულების ეს სისტემა ბევრ ქვეყნებში უარყოფილია, მას პრაქტიკულად არსად აღარ მისდევენ, ვინაიდან უკვე დამუშავებულია ნიადაგის ნაყოფიერების და სტრუქტურის უფრო ეფექტური ღონისძიებები „კულტურა აღმდგენების“ (მაგ. იონჯა) და მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებით.

ასეთ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიწათმოქმედებაში მინიმუმადეა შემცირებული დროის დანაკარგები, მემცენარეობის პროდუქცია ყველაზე კონკურენტუნარიანი მიიღება.

არჩევენ ნაწვერალის საგაზაფხულო კულტურებისათვის დამუშავებას და ნაწვერალის საშემოდგომო კულტურულებისათვის დამუშავებას.

ნაწვერალის საგაზაფხულო კულტურებისათვის დამუშავების (მზრალად) დროს, როგორც წესი, ნაწვერალის აჩეჩვა ტარდება მოსავლის აღებისთანავე, ან არა უგვიანეს 2_3 დღისა, 4_6 სმ სიღმეზე, დისკოებიანი აჩაჩებით.

ნაწვერალის აჩეჩვა რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოთავსდეს, რისთვისაც საჭიროა, მოსავლის აღების შემდეგ, ნაკვეთი სწრაფად იქნეს გაწმენდილი ნამჯისაგან, აჩეჩვა ზედვე მიჰყვეს კომბაინს. თუ ბარდანა ჩალისაგან ნაკვეთის გაწმენდა გვიანდება, მაშინ უმჯობესია აჩეჩვის მაგივრად ნაკვეთი სრულ სიღრმეზე მოიხნას, რადგან დაგვიანებული აჩეჩვა ყოველგვარ აზრს ჰკარგავს.

იმ შემთხვევაში, თუ მინდორი დასარევლიანებულია მრავალწლოვანი სარეველებით, საჭიროა აჩეჩვა 2 ან 3-ჯერადაც ჩატარდეს იმ ანგარიშით, რომ მათი როზეტები გამოჩნდება თუ არა, შემდგომში ყოველი აჩეჩვის სიღრმე გადიდდეს და ამით მოხდეს მათ ფესვებში არსებული ნივთიერებების მარაგის დალევა.

სარეველა მცენარეებისაგან ნაკვეთის გაწმენდის, ნიადაგში არსებული ტენის მარაგის შენარჩუნებისა და გადიდების მიზნით, ზემოხსენებული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, ნაკვეთი მოიხვნება სრულ სიღრმეზე მზრალად. მოხვნის ვადა განისაზღვრება ნიადაგის ტენიანობის მდგომარეობით.

თუ შემოდგომა ხანმოკლეა, ხნული დაუფარცხავი რჩება, თუ იგი ხანგრძლივია, თბილია და ტენის აორთქლება და სარეველა მცენარეთა გამოჩენაა მოსალოდნელი, ასეთ შემთხვევაში ხნული იფარცხება და საჭიროებისამებრ კულტივაციაც ტარდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს დაბლობში თავთავიანი პურეულის მოსავალის აღების შემდეგ დაზამთრებამდე ორი-ორთვენახევარი თბილი პერიოდი რჩება და საჭიროა მისი რაციონალური გამოყენება. მაგალითად, აჯამეთის საცდელი სადგურის მონაცემებით, დასაველთ საქართველოს დაბლობში თბილი პერიოდი მოსავლის აღებას შემდეგ 135_160 დღეს გრძელდება და ხასიათდება აქტიურ (+10გრადეს ზევით) ტემპერატურათა ჯამით, რომელიც 4930_3320 აღწევს.

ასეთივე მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობშიც, რაც შესაძლებლობას იძლევა თავთავიანი პურეულის მოსავლის აღების შემდეგ მოყვანილ იქნეს კიდევ ერთი, მეორე მოსავალი. ამ მიზნით, ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე სრულ სიღრმეზე იხვნება და მაშინვე იფარცხება, რასაც მალე უნდა მოყვეს ე.წ. სანაწვერალო ანუ შუალედური კულტურების თესვა, როგორიცაა: სიმინდი, სოია, ლობიო, ცულისპირა, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი და სხვ. სანაწვერალო კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი ხელახლად იხვნება და რჩება გაზაფხულამდე.

ნაწვერალის საშემოდგომო კულტურებისათვის დამუშავებას უწოდებენ, აგრეთვე, ნაახევარანეულის წესით დამუშავებას, რადგან ამ ნაკვეთზე იმავე წლის შემოდგომით ითესება საშემოდგომო კულტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწვერალი საშემოდგომო ხორბლისათვის ყველაზე ცუდი წინამორბედია, ნაწვერალზე საშემოდგომო პურეულის თესვა ძველადაც იყო გავრცელებული და ამჟამადაც არ კარგავს მნიშვნელობას, რადგანაც თავთავიანი კულტურები ზოგჯერ ზედიზედ ითესება და მათთვის ნიადაგის წესიერი დამუშავება აუცილებელია.

საქართველოს ბარის ურწყავ პირობებში ნაწვერალის აჩეჩვა არ იძლევა სასურველ შედეგს, საჭირო გახდა მასში შეტანილი იქნას არსებითი ცვლილებები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოსავლის აღებისთანავე წინმხვნელიანი გუთნით ნაწვერალის სრულ სიღრმეზე მოხვნა გაცილებით მეტ ეფექტს (300_400 კგ/ჰა მარცვლის მატება) იძლევა, ვიდრე ნაწვერალი ჩვეულებრივი წესით დამუშავება, ე.ი. უმჯობესია ნაწვერალის ეგრეთწოდებული ნახევარანეულის წესით დამუშავება _ ნაწვერალი მოიხნას მოსავლის აღებისთანავე წინმხველიანი გუთნით სრულ სიღრმეზე და თან მიჰყვეს ფარცხვა, ზაფხულის განმავლობაში ჩატარდეს კულტივაცია, აგრეთვე, ფარცხვის თანმიყოლებით, თესვის წინ კულტივაცია ფარცხვით და დაითესოს საშემოდგომო კულტურა.

ამ წესით დამუშავების შედეგად ნიადაგი სარეველებისაგან უკეთესად იწმინდება, ტენიც უკეთესად მარაგდება და ნათესიც ადრე და თანაბრად ამოდის, კარგად ბარტყობს, ზამთარსაც კარგად იტანს.

მინდვრის სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნიადაგის დამუშავების სისტემა

მინდვრის სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნიადაგის დამუშავების სისტემა დამოკიდებულია იმაზე, რომ სათოხნი კულტურების აღების შემდეგ ნაკვეთი ჩვეულებრივ უფრო გაფხვიერებულია და სარეველებისაგან გაწმენდილი, მაგრამ ნიადაგში მაინც ბევრი რჩება სარეველების თესლის და მავნებლებისა და დაავადებათა კერები.

მოვლის პერიოდში ჩატარებული კულტივაცია _ თოხნის გამო ნიადაგის ზედაფენა გაცილებით უფრო მეტად გამტვერებულია ნაწვერალთან შედარებით.

სათოხნი კულტურების უმეტესობა ნაკვეთს ზაფხულის დამლევს ან გვიან შემოდგომით ათავისუფლებს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთზე რჩება მათი ნარჩენები, რომელთა ნიადაგში ჩახვნა მიზანშეუწონელია, რადგან ხშირად ისინი იმდენად დიდი ზომისანი არიან, რომ არც ბელიტით იფარება (სიმინდის, მზესუმზირას, თამბაქოს, ბამბის კაჭაჭები) და არც მოკლე ხანში ხდება მათი დაშლა-მინერალიზაცია.

ამის გამო, ნაკვეთი, როგორც წესი, პირველ რიგში ამ ნარჩენებისაგან უნდა გაიწმინდოს.  რაღა თქმა უნდა, აქ გამორიცხულია აჩეჩვის ოპერაცია და ნარჩენებისაგან გაწმენდის შემდეგ ნაკვეთი მოიხვნება მზრალად, წინმხვნელიანი გუთნით.

როგორც ცნობილია, წინმხვენილიანი გუთანი ზედა გამტვერებულ ფენას ქვეშ მოაქცევს, ხოლო ქვედა ფენას, სადაც გვხვდება სარეველა მცენარეთა თესლისა და ვეგეტატიური გამრავლების ორგანოთა წინა წლების მარაგი, ზევით ამოიტანს.

ნიადაგში არსებული ტენისა და შემოდგომის სითბოს პირობები ხელს უწყობს მათ აღმოცენებას. როდესაც ხნული მოიფინება მათი აღმონაცენებით, მიზანშეწონილია შემოდგომითვე ჩატარდეს ერთი-ორი აოშვა და კულტივაცია.

სათოხნი კულტურები საუკეთესო წინამორბედს წარმოადგენენ საშემოდგომო თავთავიანი კულტურებისათვის. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდდება რთულ მინდვრიანი თესლბრუნვების პირობებში. როგორც ზევით იყო აღნიშნული, საქართველოს დაბლობში შემოდგომა იმდენად ხანგრძლივი და თბილია, რომ სათოხნი კულტურების დასათესად მომზადებისათვის დრო საკმარისზე მეტია.

ცხადია, ასეთი ნაკვეთები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული საშემოდგომო კულტურების მოსაყვანად.

ავტორი: ა. კორახაშვილი /მემინდვრეობა/.

თქვენი რეკლამა