ბალახნარის გაძოვების ჯერადობა და მასზე მოქმედი ფაქტორები

საძოვრები, გაძოვება

ნაშრომში განხილულია ბუნებრივი საძოვრის ბალახნარის რაციონალური გამოყენების აქტუალური საკითხები, რომლის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ძოვების პერიოდში, საძოვარზე ცხოველის გარკვეული რაოდენობის გამოკვება მათი პროდუქტიულობის შემცირებისა და ბალახნარის გაუარესების გარეშე, დატვირთვისა და სიმჭიდროვის სწორი მაჩვენებლების დადგენა.

საკვები სავარგულების გამოყენების ამჟამად არსებული ექსტენსიური სისტემა ხელს უწყობს სარეველა, მავნე და შხამიანი მცენარეების, მავნებელ-დაავადებების განვითარებას და რაც მთავარია ბალახნარის მოსავლიანობის მკვეთრად შემცირებას.

ბუნებრივი საძოვრების რაციონალური გამოყენება ბალახნარის მაღალი მოსავლის და პროდუქტიულის ხანგრძლივად შენარჩუნების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

წლების მანძილზე ბუნებრივი საკვები სავარგულების უსისტემო ექსპლოატაცია მკვეთრად აუარესებს ბალახნარის ბოტანიკურ-სამეურნეო შედგენილობას, საძოვრული საკვების და თივის ხარისხს, ამცირებს მის მოსავლიანობას და პროდუქტიულობას, ხელს უწყობს სარეველა და დაბალი კვებითი ღირებულების მცენარეების, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას, კორდის დარღვევას და ეროზიული პროცესების განვითარებას, გარემოს დაბინძურებას, განაპირობებს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების შემცირებას. აღნიშნული აუცილებელს ხდის ამ სავარგულების მოვლა-გაუმჯობესებასთან ერთად გონივრული გამოყენების სისტემის შემუშავებას და ყველა კონკრეტული პირობებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.

გაზაფხულზე ძოვების დაწყებას ოპტიმალურ ვადებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს ბალახნარის მოსავლიანობაზე, აქვიტიანობაზე, პროდუქტიულ ხანგრძლივობაზე, ყუათიანობაზე, ძოვნადობაზე და სხვ.

ბუნებრივი ან ნათესი საძოვრის ბალახნარის გაზაფხულზე პირველი გაძოვების დაწყების კალენდარული ვადები, ძოვების დაწყების ამპლიტუდა განსაკუ-თრებით ფართოა ჩვენი რესპუბლიკის ბუნებრივი საძოვრებისათვის. ეს ნაირგვარობა კლიმატურ-ნიადაგობრივ ფაქტორის ნაირსახეობასთან ერთად მნიშვნელოვანწილად ვერტიკალური ზონალობითაც აიხსნება, იგი განაპირობებს ძოვების დაწყების ოპტიმალური ვადების დიდ განსხვავებას მასივების მიხედვით.

ძოვების ძალზე ადრე დაწყებისას მცენარე სწრაფად კარგავს ახლახან შექმნილ საასიმილაციო აპარატს (ღერო-ფოთლების) და ცხადია, ვერ ასწრებს დახარჯული პლასტიკური ნივთიერებების მარაგის აღდგენას, რაც ამცირებს როგორც პირველი გაძოვების, ასევე აქვიტის მოსავალს, აუარესებს ბალახნარის ბოტანიკურ შედგენილობას.

მცირე მოსავალთან ერთად ახლად აღმოცენებულ ბალახში დიდია წყლის და სასურველზე ნაკლები უჯრედისის პროცენტი. ძოვების ძალზე ადრე დაწყებისას იტკეპნება ნიადაგი, ხშირ შემთხვევაში ირღვევა კორდი, მით უფრო თუ ძოვება ტენიან ნიადაგზე ხდება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ნორჩ ბალახში ნიტრატების დაგროვების ფაქტიც.

ძოვების დაწყების ოპტიმალური ვადის დადგენაზე დიდ როლს ასრულებს საკვები მცენა-რის ბუჩქის ფორმა ან შეფოთვლის ტიპი. საძოვრის თითოეული ტიპისათვის დამახასიათებელია გამოყენების ის ოპტიმალური პერიოდი, როდესაც მწვანე მასის მოსავალი და მისი კვებითი ღი-რებულება სულ ცოტა დამაკმაყოფილებელია და ამავე დროს გათვალისწინებულია ბალახნარის დასვენების აუცილებლობის მოთხოვნაც.

ეს პერიოდი, საშუალოდ, იწყება ბალახის აღმოცენებიდან ან კვლავ წამოზრდიდან 4 კვირის შემდეგ (ინტენსიური ზრდის დროს 2-3 კვირის, შემოდგომით კი 5-7 კვირის შემდეგ). ყლორტის ზრდა ვეგეტაციის დაწყებისთანავე ხდება სამარაგო საყუათო ნივთიერებების ხარჯზე და აღმოცენებიდან მხოლოდ 12-15 დღის შემდეგ იწყება მოხმარებული ნივთიერებების შევსება. ასევე არასასურველია ძოვების დაწყების დაგვიანებაც.

მართალია ამ შემთხვევაში ბალახნარის მოსავალი გაძოვების პირველ ციკლში რამდენადმე მატულობს, მაგრამ მცირდება ბალახის კვებითი ღირებულება, პირუტყვის პროდუქტიულობა, კლებულობს მომ-დევნო პერიოდში აქვიტის მოსავალი და გაძოვების რიცხვი, ბალახი უხეშდება და მცირდება ძოვნადობა, მონელებადობის კოეფიციენტი და ა.შ.

ბალახნარის მწვანე მასის მოსავლის და მისი ყუათიანობის მაჩვენებლების უკეთ გამოყენების თავისებურებიდან გამომდინარე, საძოვრის ბალახნარის ძოვების დაწყების ოპტიმალურ ვადად უნდა მივიჩნიოთ მარცვლოვანებისათვის დამუხვლის ფაზა, ხოლო პარკოსნებისა და ნაირბალახებისათვის დატოტვა-დაკოკრების ფაზა.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ძოვების დასაწყისისათვის დაბლარ მარცვლოვან-თეთრსამყურიან საძოვარზე წამოზრდილი უნდა იყოს სულ ცოტა 2 ტ/ჰა მწვანე მასა, ხოლო მეორე და მომდევნო გაძოვებისას კი 4-5 ტ/ჰა. ამათანავე კულ-ტურულ სარწყავ საძოვარზე ძოვება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც საძოვრული საკვების მოსა-ვალი 2-2,5 ტ/ჰა მიაღწევს. ამ დროს ბალახნარში ძირითადად ფოთლები ჭარბობს და ღეროს წარმოქმნა ჯერ კიდევ სუსტად არის გამოხატული, ხოლო ბალახების სიმაღლე 12-20 სმ არ აღემატება.

ხშირად გაზაფხულზე ძოვების დაწყებას უკავშირებენ ბალახნარის სიმაღლეს. ასე მაგალითად, საქართველოს ველის ზონის ვაციწვერიანი საძოვრების გაძოვება ძროხეულის მიერ რეკომენდირებულია დაიწყოს მაშინ, როდესაც ბალახნარის სიმაღლე 10-12 სმ მიაღწევს, ნათესი სარწყავი კულტურული საძოვრის-15-20 სმ, სუბალპური სარტყლის მარცვლოვან-ნაირბალახოვან და მარცვლოვან-პარკოსნიან საძოვრების – 8-12 სმ, სუბალპური მაღალბალახეულობის – 18-22 სმ, ავშნიანი ნახევრადუდაბნოს გაზაფხულის ეფემერეტუმის – 6-8 სმ, მშრალი ველის კაპუეტიანი, უროიანი და ველის წივანიანი საძოვრების – 8-10 სმ, ალპური ზონის (დაბლარი ბალახეულობის) ცხვრის მიერ – 4-6 სმ და ა.შ.

გაზაფხულზე ძოვების დაწყების ვადა შესაძლებელია განვსაზღვროთ ინდიკატორი მცენარეების ყვავილობის მიხედვითაც. ასე, მაგალითად სუბალპურ საძოვრებზე კავკასიური ბაიას ყვავილობის დასაწყისი შესაძლოა მივიჩნიოთ ბალახნარის გაძოვების დაწყების მომენტად, ხოლო ვაციწვერიან და ველის წივანიან საძოვრებზე კი ტიტების ან გამობერილი გლერძის ყვავილობა.

ბალახის მოსავლიანობისა და აქვიტიანობის პოტენციალური შესაძლებლობის დადგენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გაძოვების სიმაღლეს, რომლის რეგულაცია ძოვების სხვადასხვა ინტენსივობით მიიღწევა. დადგენილია, რომ ბალახნარის მაღალი მოსავლიანობის დროს ნიადა-გის ზედაპირიდან 4-5 სმ სიმაღლემდე მწვანე მასის საერთო მოსავლის მხოლოდ 5-15% განლაგებული, დაბალი მოსავლიანობისას კი 25-50%, ხოლო ნიადაგის ზედაპირიდან 7-8 სმ სიმაღლემდე შესაბამისად განლაგებულია მწვანე მასის საერთო მოსავლის 10-30% და 35-60%.

აღნიშნულიდან გამომდინარე ბალახნარის მაღალ სიმაღლეზე (10-15 სმ) გაძოვებისას მწვანე მასის უმეტესი ნაწილი გამოუყენებელი რჩება, ხოლო დაბალი (2-3 სმ) გაძოვებისას მართალია თითქმის მთლიანად გაიძოვება, მაგრამ მომდევნო წლებში ფოთლის აპარატის პროდუქტიულობა საგრძნობლად კლებულობს ფართობის შემცირებისა და ფოტოსინთეზის ინტენსივობის კლების გამო.

უნდა აღინიშნოს რომ საძოვრის საკვები მარაგის პირუტყვის მიერ სისტემატიურად ინტენსიური გამოყენება აუარესებს ბალახნარის სახეობრივ შედგენილობას, კვებით ღირებულებას და ამცირებს მოსავ-ლიანობას. ამიტომაც ბალახნარის ინტენსიური გაძოვებისას უნდა დავიცვათ საძოვრის გამოყენების დასაშვები ნორმები.

არსებული გამოცდილების განზოგადოების შედეგად მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ნახევრადუდაბნოს და ველის ზონის გაზაფხულის და შემოდგომის ეფემერეტუმის გაძოვება 2-3 სმ სიმაღლეზე, ზამთრის მანძილზე ავშნის 3-6 სმ, წითელწვერასი 10 სმ, სხვა ნახევრადბუჩქებისა (ხურხუმო, ჩარანი) – ძირითადად ერთწლიანი ყლორტის გაძოვება; ველის ზონის ვაციწვერიანი, ველის წივანიანი, უროიანი და სხვა მსგავსი დაჯგუფების, აგრეთვე მთის შუა ზ-ნის მთა-მდელოს, მთა-ველის საძოვრებისათვის – 4-6 სმ, სუბალპური და ალპური ზონების უმრავლესი ტიპის ნაირბალახოვან-მარცვლოვან საძოვრებისათვის 3-6 სმ, მთის შუა და სუბალპური ზონების ფართოფოთლოვანი დაჯგუფებების და მაღალბალახეულობისათვის 6-7 სმ, ნათესი მრავალწლოვანი ბალახებისათვის 6-7 სმ, სარგებლობის ბოლო ორ წელს კი 2-3 სმ; ბალახნარში იონჯის საკმაო რაოდენობით მონაწილეობისას გაძოვების სიმაღლე არ უნდა იყოს 8-10 სმ-ზე დაბალი.

ერთჯერადი გამოყენებისას მიწისპირზე შეიძლება იქნეს გაძოვილი ერთწლოვანი საკვები მცენარეები, ხოლო აქვიტის მომცემი ისეთი მცენარეების რომლებიც გათვლილია ორჯერ ან მეტად გაძოვებისათვის, (სუდანურა, სორგო, ერთწლოვანი კოინდარი, მოჰარი, საშემოდგომო ცერცველა და სხვა), გაძოვების სიმაღლე არ უნდა იყოს 5-7 სმ დაბალი (ბოლო გაძოვება კი 2-3 სმ სიმაღლეზე).

სეზონის მანძილზე საძოვრის გამოყენების ოპტიმალური ჯერადობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც საძოვრის ბალახნარის პროდუქტიულობაზე, ასევე ძოვების მთელ პერიოდში მწვანე მასით პირუტყვის უზრუნველყოფისათვის. მცენარეს საშუალება უნდა მიეცეს ძოვების ციკლებს შორის პერიოდში ფოთლების საშუალებით დააგროვოს ფესვებში სამარაგო საყუათო ნივთიერებები, ახალი ყლორტებისა და ფოთლების წამოზრდისათვის. გაძოვილი ბალახნარის აქვიტი გამოყენებიდან პირველი ათი დღის მანძილზე ხარჯავს სამარაგო პლასტიკურ ნივთიერებებს, ხოლო მათი მარაგის სრულ აღდგენას ესაჭიროება 3-4 კვირა. საძოვრად ბალახნარის გამოყენების ჯერადობა მრავალ ფაქტორსა და მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ბალახოვან მცენარეთა დაბლარი ფორმები უფრო მეტჯერ და ხშირად გამოიყენება, ვიდრე მაღლარი.

ძოვების ციკლებს შორის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვნად მერყეობს ადგილმდებარეობის და საძოვრის ტიპის მიხედვით და საქართველოს ზაფხულის ბუნებრივ საძოვრებზე საშუალოდ, უმრავლეს შემთხვევაში, პირველ და მეორე გაძოვებას შორის 20-25 დღეს, მეორე და მე-სამე გაძოვებას შორის 35-40 დღეს შეადგენს. ნათესი სარწყავი საძოვრის ბალახნარის გაძოვებას შორის დასვენების პერიოდი მნიშვნელოვნად მცირეა და ციკლების მიხედვით 14-25 დღეს არ აღემატება.

დაკვირვებები ადასტურებს, რომ საძოვრული სეზონის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით სეზონის დასასრულს, როდესაც მწვანე მასის წამოზრდა მკვეთრად შემცირებულია, გაძოვების ციკლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, პირველთან შედარებით 1,5-2,0-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში ნათესი კულტურული საძოვარი შესაძლებელია გაიძოვოს 5-8-ჯერ, ტყისა და ტყე-ველის ბუნებრივი საძოვრები 2-4-ჯერ, მთის შუა ზონაში 3-4-ჯერ, სუბალპებში – 2-3-ჯერ, ალპებში 1-2-ჯერ. აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნოს და მშრალი ველის ზამთრის საძოვრებზე ზამთრის საკვების ძირითადი მარაგის, უმთავრესად ნახევრადბუჩქების (ავშანი, ხურხუმა, ჩარანი, წითელწვერა და სხვ.) ერთწლიანი ყლორტების, უროს, ვაციწვერას და ზოგიერთი სხვა ბალახის ხმელი მასის გამოყენება ჩვეულებრივ ერთხელ ხდება, ხოლო ეფემერეტუმი, რომლის განვითარება ნალექების მოსვლასთან არის დაკავშირებული, ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით გაიძოვება ხოლმე.

ველისა და მთის ქვედა ზონის ბუნებრივი საკვები სავარგულები, ძირითადად უროიანი, ვაციწვერიანი და ველის წივანიანი სხვადასხვა დაჯგუფებები, ზაფხულის მანძილზე, წლის კლიმატური პირობებისაგან დამოკიდების საძოვრად გამოიყენება 1-3-ჯერ.

მნიშვნელოვანია აგრეთვე შემოდგომით ძოვების დამთავრების ოპტიმალური ვადის დაცვა. მართალია ამ დროისათვის თითქმის შეწყვეტილია ბალახის მიწისზედა მასის მატება, მაგრამ ინტენსიურად მიმდინარეობს დაფესვიანება, ყლორტების წარმოქმნისა და სამარაგო ნივთიერებე-ბის დაგროვების პროცესები. ამიტომ, ზაფხულ-შემოდგომის ბარტყობის ბოლოს, არ უნდა დაუშვათ ბალახნარის გაძოვება ან გათიბვა.

კალენდარულად ეს პერიოდი საქართველოს ბუნებრივი საკვები სავარგულების სხვადასხვა ვერტიკალურ ზონაში სხვადასხვა იქნება. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ ძოვება უნდა შეწყდეს მცენარეთა ვეგეტაციის დამთავრებამდე 3-4 კვირით ადრე. ველის ზონაში ამას ის მნიშვნლობაც აქვს, რომ ზამთრისთვის რამდენადმე წამოზრდილი ბალახნარი ხელს უწყობს თოვლის საფარის შეკავებას.

ამასთან ერთად, რიგ მეცნიერებს დასაშვებად მიაჩნიათ აქვიტის გაძოვება ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, უშუალოდ ყინვების დაწყების წინ, როდესაც ახალი ყლორტების წამოზრდა უკვე გამორიცხულია, თუმცა არ ურჩევენ მის სისტემატიურ გამოყენებას, განსაკუთრებით ველის და ტყე-ველის ზონაში.

ცხადია, აგრეთვე გვიან შემოდგომით, ისევე როგორც ადრე გაზაფხულზე ძოვებას უნდა ვერიდოთ ტენიან ნიადაგზე – დატკეპნის, მოსავლის შემცირების და კოლბოხების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

საძოვრის რაციონალური გამოყენების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწო-რი დატვირთვის დადგენა, ე.ი. განსაზღვრა იმისა, თუ ძოვების მთელ პერიოდში ერთ ჰექტარ სა-ძოვარზე ცხოველის რა რაოდენობის გამოკვება შეიძლება საძოვრის პროდუქტიულობის შემცირების და ბალახნარის გაუარესების გარეშე. ამასთან ერთად დასადგენია ძოვების სიმჭიდროვეც, ე.ი. ცხოველთა რაოდენობა ერთ ჰექტარ საძოვარზე ბალახნარის გაძოვების მომენტში. დატვირთვის და სიმჭიდროვის სწორი მაჩვენებლების დადგენა და დაცვა მეტად მნიშვნელოვანია რადგან ხშირად გაძოვების მიმართ მეტად გამძლე ბალახების ბალახნარიდან ამოვარდნასაც კი იწვევს. საძოვრის დატვირთვა მეტად დიდ ფარგლებში მერყეობს საძოვრის ტიპის, მოსავლიანობის და ბალახნარის გამოყენების ხარისხისაგან დამოკიდებით.

იმასთან დაკავშირებით, რომ წლის კლიმატური პირობებისაგან დამოკიდებით მოსალოდ-ნელია სავარაუდო მოსავლიანობის შემცირება, საჭიროა დადგენილი ფართობი გავადიდოთ 15-20%, ე.წ. საკვების სადაზღვევო ფონდის შესაქმენლად. უხვმოსავლიან წლებში ბალახნარის ნა-წილი გაითიბება თივის ან სენაჟის დასამზადებლად.

საძოვრის დატვირთვის დასადგენად სარგებლობენ შემდეგი საორიენტაციო მონაცემებით: ერთ პირობით სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საძოვრული სეზონის განმავლობაში (საშუ-ალო 150-180 დღე) ესაჭიროება ნათესი ან გაკულტურებულ ბუნებრივ ურწყავ საძოვარზე, დასავლეთ საქართველოში დაბლობ ზონაში 0,2-0,3 ჰა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ კულტურულ საძოვარზე 0,25-0,35 ჰა. მთის შუა ზონის ურწყავ პირობებში 0,5-0,7 ჰა, სუბალპურ საძოვრებზე 0,5-0,6 ჰა, ალპებში 0,9-1,3 ჰა, ნახევრად უდაბნოს ზამთრის საძოვრებზე მცენარეუ-ლობის ტიპის მიხედვით 2,0-4,0 ჰა, ვაციწვერიან-ველის წივანიან საძოვრებზე 1,0-1,5 ჰა და ა.შ.

პროდუქტიულობისაგან დამოკიდებით ერთ ფურს საშუალოდ დღე-ღამეში საშუალოდ ესაჭიროება 40-75 კგ მწვანე საკვები, ერთ წელზე უხნეს დეკეულს ან მოზვერს 30-40 კგ, ერთ წლამდე ასაკისას – 15-25 კგ, ცხენს – 30-40 კგ, ცხვარს 6-7 კგ, ბატკანს 2-3 კგ მწვანე მასა, საშუალოდ 72-78% საერთო წყლის შემცველობით. აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრებზე ნახევრად უდაბნოსა და მშრალი ველის გვალვიან პირობებში, საკვების სიმშრალის გამო, ცხვარს გაცილებით ნაკლები (2,5-5,0კგ) საძოვრული ბალახი ესაჭიროება. ბალახნარის ძოვნადობის კოეფიციენტი შეადგენს 0,80-0,85% მაღალპროდუქტიულ ბუნებრივ, ან ნათეს და სარწყავ საძოვრებზე 0,4-0,8%-ს გვალვიან და 0,65-0,75% მთიან რეგიონებში.

საძოვრის დატვირთვის ნორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბალახნარის პროდუქტი-ულობასთან. რაც უფრო მაღალია საძოვრის პროდუქტიულობა, მით უფრო მეტია დატვირთვა. გასათვალისწინებელია, რომ საძოვრის გადატვირთვა იწვევს საკვებად ძვირფასი ბალახების მოსპობას, აჩქარებს კორდის დაშლას და ეროზიული მოვლენების განვითარებას. ამიტომ, დატვირთვის ოპტიმალური ნორმების დადგენა და დაცვა საძოვრის რაციონალური გამოყენების ერთიანი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ავტორი: იოსებ სარჯველაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე/

თქვენი რეკლამა