ნიადაგის დამუშავების სისტემა, ხვნის სიმწიფე, სიღრმე და წესი

ნიადაგი, ხვნა, დამუშავება, ფერმერი

ნიადაგის დამუშავების სისტემა

ნიადაგის დამუშავება არის ადამიანის კულტურულ მექანიკური ზემოქმედება ნიადაგზე მისი ნაყოფიერების გადიდების მიზნით. ნიადაგის დამუშავების დროს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღებით ხდება ზედაფენის გაფხვიერება.

წლის განმავლობაში სახნავ ფენაში გარკვეული ცვლილებები ხდება, რომელიც სასიცოცხლო ფაქტორებზე უარყოფითად მოქმედებს. ნიადაგის ზედა შრე ირღვევა ნიადაგის მრავალჯერადი მექანიკური დამუშავებით, ნალექებისა და სხვა მიზეზებით, ამ შემთხვევაში სტრუქტურული აგრეგატები იშლება სხვადასხვა ნაწილაკებად, რომლებიც თანდათანობით კარგავს გაფხვიერების უნარს.

150-200 წლის წინათ, რიგ შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო მიწა იხვნებოდა 10-15 სმ სიღრმეზე. შემდეგში მისი სიღრმე რკინის გუთნის შემოღებასთან ერთად თითქმის გაორმაგდა.

იმისდა მიხედვით დამუშავებული ნიადაგი მუშავდება თუ დაუმუშავებელი, რომელი იარაღით, რა სიღრმითა და მიზნით, არჩევენ ნიადაგის ძირითად (ღრმა) და ზერელე (ზედაპირული) დამუშავებას.

ნიადაგის დამუშავების ამოცანაა: გაფხვიერდეს ნიადაგი, გაუმჯობესდეს სახნავი ფენის ისეთი შენება (სტრუქტურა), რომ კარგად მოწესრიგდეს წყლის, ჰაერისა და კვების რეჟიმი, მოისპოს სარეველები, ხელი შეეწყოს ორგანული ნივთიერებებისა და კორდის დაშლას, სასუქების ნიადაგში კარგად ჩაკეთებას, ტენის დაგროვებას, შეიქმნას მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის ნორმალური პირობები, გაუმჯობესდეს ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა, მოსწორდეს ნიადაგის ზედაპირი და მომზადდეს თესვისათვის.

ნიადაგის დამუშავება პირობითად სამ ჯგუფად იყოფა:

  • ძირითადი დამუშავება;
  • თესვისწინა დამუშავება;
  • ნათესის მოვლის სისტემა.

ძირითადი დამუშავება ეწოდება წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის სრულ სიღრმეზე ხვნას, რომელიც ტარდება გუთნებით, ღრმა გამაფხვიერებლით.

ამ დროს ხდება ნიადაგის გადაბრუნება. ქვედა ფენის ზევით ამობრუნება, ხოლო ზედა გამტვერებული უსტრუქტურო ფენის ქვევით მოქცევა. ხვნის დროს ნიადაგში ჩაკეთება ხდება გუთნის მიერ მოჭრილი სარეველების და მცენარეთა ანარჩენების.

ნიადაგის მოსახნავად იყენებენ სხვადასხვა ტიპის გუთანს. ამჟამად ფართოდ გავრცელებულია ე.წ. კულტურული გუთნები. მათ კულტურული ფრთის გარდა აქვთ წინმხვნელიც.

კულტურული ხვნის დროს წინმხვნელი ჭრის ზედა 10 სმ სისქის ფენას აგდებს კვლის ფსკერზე, ხოლო ძირითადი კორპუსის მიერ მოჭრილი ქვედა ფენა გადაეყრება ზემოდან. ასეთი ოპერაცია ხელს უწყობს ზედა უსტრუქტურო ფენისა და სარეველათა თესლების სიღრმეში მოქცევას.

ხვნის სიმწიფე

ხვნის ჩატარება ყოველთვის არ შეიძლება, ნიადაგი იხვნება მაშინ როცა ის “სიმწიფეშია”. ხვნისწინა სიმწიფის დროს ნიადაგში ტენი 50-60% უნდა იყოს.

ხვნისწინა სიმწიფე ისაზღვრება, როგორც ლაბორატორიული მეთოდით ისე პრიმიტიულადაც. ლაბორატორიული მეთოდის შემთხვევაში ხდება ნიადაგის გამოშრობა, ამით ზუსტად დგინდება ნიადაგში ტენის რაოდენობა.

პრიმიტიული მეთოდის დროს ხდება ნიადაგის ბარით ამობარვა ნიადაგს ავიღებთ ხელით, მოვსრესთ და მიწაზე მაღლიდან დავანარცხებთ. თუ ნიადაგი ადვილად დაიშალა, მაშინ ის ხვნისწინა სიმწიფეშია და შეიძლება ხვნა ჩავატაროთ, თუ აიზილა ჭარბტენიანია, ან თუ არ დაიშალა მაშინ გამოგვალულია და მისი არც ერთ შემთხვევაში მოხვნა არ შეიძლება. ეს მეთოდი ზუსტი არ არის. მისი სიზუსტე მეურნეზეა დამოკიდებული.

ხვნის სიღრმე

ხვნის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, სახნავი ფენის სიღრმეზე და დასათეს კულტურაზე. მოხვნის სიღრმეს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წყალგამტარობისა და ტენტევადობის უნარის გასაუმჯობესებლად. ამასთან ხვნა აუმჯობესებს ჰაერგამტარობას.

მოხვნის შედეგად უმჯობესდება ნიადაგში მიკრობიოლოგიური პროცესები, ძლიერდება ორგანული ნივთიერების დაშლა, უმჯობესდება მცენარეთა კვების რეჟიმი.

ნიადაგის ნორმალურ მოხვნის სიღრმედ ითვლება 20-22 სმ. 30-35 სმ სიღრმეზე მოხვნა ითვლება ყველაზე კარგ სიღრმედ, ასეთ სიღრმეზე მოხვნისას ნეშომპალიანი ჰორიზონტი მოექცევა 30-35 სმ სიღრმეზე. ხოლო ამაზე ღრმად მოხნულს პლანტაჟი ქვია.

სხვადასხვა ნიადაგისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, ღრმა კულტურული სახნავი ფენის შექმნის მეთოდები სხვადასხვაა. ერთბაშად არ შეიძლება გატარდეს ნიადაგის გაღრმავება და ათვისება. პირველ რიგში უნდა მოხდეს ნიადაგის გაღრმავება.

გამაღრმავებელი მიმაგრებულია გუთანზე ღრმად ფრთის ქვეშ. გამაღრმავებელი წარმოადგენს სოლისებრ თათს და ბელტს ამოუბრუნებლად აფხვიერებს სახნავი შრის ქვედა ღრმა შრეს. მომდევნო წლებში ამგვარად გაფხვიერებული ნიადაგი გუთნის თანდათანობით 2-3 სმ-ს დაღრმავების გზით ნაწილნაწილად აირევა ჩვეულებრივ სახნავ შრეში.

გარდა ამისა ასეთ დამუშავებულ ნიადაგებზე შეიძლება დაითესოს ბალახი, სადაც შეტანილ უნდა იქნეს ორგანული სასუქი, მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლება ასეთი წესით დამუშავებული მიწების განიადაგება.

ხვნის წესი

ხვნის რამდენიმე წესი არსებობს:

  • კვალსაქცევებად ხვნა;
  • ფიგურული ხვნა;
  • მარტივი (ცალმხრივი) ხვნა;

კვალსაქცევებად ხვნა

კვალსაქცევებად ხვნის დროს მოსახნავი ფართობი იყოფა საქცევებად. საქცევის სიგრძე ნაკვეთის სიგრძის ტოლი უნდა იყოს, სიგანე გუთნის მოდების განის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

საქცევის თავში და ბოლოში ტოვებენ აგრეგატის მოსაბრუნებელ ზოლს, რომელიც იხვნება საქცევების ხვნის დამთავრების შემდეგ. ხვნის პერპენდიკულარული მიმართულებით.

კვალსაქცევი იხვნება ნაღარად და ნაზურგად. ნაზურგად იხვნება პირველი და მესამე კვალსაქცევი, ნაღარად კი მეორე და მეოთხე. მომდევნო წელს არ შეიძლება ნაღარი მოიხვნას ნაღარად, ნაზურგი კი ნაზურგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთის ზედაპირი ტალღისებრ ფორმას ღებულობს და მასზე ტექნიკით მუშაობა გაძნელდება.

ფიგურული ხვნა

არასწორი კონფიგურაციის მქონე ნაკვეთზე აწარმოებენ ფიგურულ ხვნას. ფიგურული ხვნის დროს გუთანი სისტემატიურად ჩართულია. ასეთი წესით მოხვნის დროს რჩება გადაუბრუნებელი ბელტები, რაზედაც რჩება სარეველები. ამჟამად საქართველოში ფიგურულ ხვნას არ მიმართავენ.

მარტივი (ცალმხრივი) ხვნა

მარტივი (ცალმხრივი) ხვნის დროს ბელტი ბრუნდება ერთი მიმართულებით-მარჯვნივ, ხოლო მეორე მიმართულების დროს მარცხნივ. ასეთი წესით, მხოლოდ ფერდობებს ხნავენ.

ნიადაგის უფრთო გუთნით დამუშავება. ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაბრუნების გარეშე. ეს ოპერაცია ტარდება უფრთო გუთნით.

უფრთო გუთნით მოხვნის შემთხვევაში ნიადაგის ზედაპირზე რჩება, როგორც მცენარეთა ანარჩენები, ისე სარეველა მცენარეთა თესლები, მავნებელები და დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები.

ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის ზედა ნაწილში ორგანული ნივთიერების დაგროვება მცენარეთა ანარჩენების ლპობის შედეგად. არ ხდება ნიადაგის ზედა და ქვედა ფენის ერთმანეთთან შერევა. უფრთო გუთნით ნიადაგს ხნავენ გვალვიან ადგილებში.

ასეთი წესით ნიადაგის დამუშავება ხელს უწყობს შრომითი დანახარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.

ნიადაგის ბრტყლად მჭრელებით დამუშავება

ნიადაგის მრტყლად მჭრელებით დამუშავებისას იყენებენ სპეციალურ ბრტყლადმჭრელ ღრმად გამაფხვიერებელ იარაღებს. ეს იარაღები ნიადაგის ზედაპირზე ტოვებეს მცენარეთა ანარჩენების 70-81% და აფხვიერებენ ნიადაგს 30 სმ სიღრმეზე.

ზედაპირზე დარჩენილი მცენარეთა ანარჩენები ხელს უწყობენ ქარის სიჩქარის შენელებას. თოვლის დაგროვებას და რაც მთავარია ამცირებს ეროზიულ პროცესებს. ნიადაგის ასეთი წესით დამუშავებას მიმართავენ ქარისმიერი ეროზიის ადგილებში.

ბრტყლად მჭრელებით დამუშავებისას ხელსაყრელი პირობები ექმნება სარეველა მცენარეების გამრავლებას, ამიტომ აუცილებელია ამ წესით დამუშავებისას სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენება.

სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.

იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების მიმოხილვა

თქვენი რეკლამა