ნემატოდები – მცენარეთა უხილავი მავნებლები

310 Views

ნემატოდები  (Nematoda) ცხოველური წარმოშობის პარაზიტები არიან, მიეკუთვნებიან მრგვალი ჭიების ტიპს, გვხვდებიან სხვადახვა სუბსტრატზე, განსაკუთრებით ბევრია ნიადაგში, სადაც ისინი მრავალუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმების 90%-ს შეადგენენ.

ცნობილია ნემატოდების 80 ათასამდე სახეობა. მათი უმრავლესობა საპროფიტია, ნაწილი კი იწვევს ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დავადებებს. მცენარეებზე დასახლებულ ნემატოდებს ფიტოჰელმინთები ეწოდება, მათზე დაავადებების გამომწვევებს კი ფიტოპათოგენური ნემატოდები.

ფიტოპათოგენური ნემატოდები მოგრძო ფორმის, ორმხრივ სიმეტრიული მრგვალი ჭიები არიან. სიგრძე-0,5-3 მმ, სიგანე-0,01-0,5 მმ. დედალი და მამალი ინდივიდების სხეულის ფორმა უმეტესად ერთნაირია, ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში კი დედალი ზოგჯერ თითქმის ბურთისებურია.

ფიტოპათოგენური ნემატოდების აგებულებაში სპეციფიკურია პირის აპარატის აგებულება: მას აქვს მილის ფორმის სტილეტი, რომელსაც ასობს მცენარის ქსოვილში და ბულბუსი, რომელიც ტუმბოს როლს ასრულებს და იწოვს უჯრედის შიგთავსს. სტილეტის საშუალებით ისინი მცენარეში უშვებენ ფერმენტებს და ტოქსიურ ნივთიერებებს, ისინი ნემატოდას ეხმარებიან მცენარის უჯრედის შიგთავსის გადამუშავებაში.

ნემატოდები

ნემატოდების მიერ მცენარის უჯრედებში ჩაშვებული ფერმენტები და ტოქსინები არღვევენ მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს: კვებას, წყლით უზრუნველყოფას და სხვ., რასაც მივყევართ მცენარის ჭკნობასთან, ცალკეული ნაწილების ნეკროზებთან, გალების წარმოქმნასთან და ა.შ

ნემატოდები

ნემატოდების დაჯგუფება მცენარის დაზიანების და ცხოვრების ნირის თავისებურების მიხედვით:

• ფოთლის ნემატოდები;

• ღეროს ნემატოდები;

• ფესვის ნემატოდები:

ა) ფესვის გალიანი ნემატოდები;

ბ) ფესვის მოძრავი ნემატოდები;

გ) ფესვის ექტოპარაზიტი ნემატოდები.

ზოგიერთი ნემატოდა წარმოქმნის ცისტას, რომელიც 10 წლამდე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.

ნემატოდები მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც დედალი დებს სუბსტრატზე ან გალში ანდა მკვდარი დედლის სხეულში, რომელიც ცისტადაა გადაქცეული. კვერცხი იდება 14-15 გრადუსი ტემპერატურის დროს. 30 გრადუსზე კვერცხში ნემატოდის განვითარება 20-25 დღეს გრძელდება, დაბალ ტემპერატურაზე კი შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს.

ამის მიხედვით ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-დან 4-5 თაობამდე. კვერცხების რაოდენობა 1-4 დან 500-1000 ცალამდეა.

მცენარეში იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ.

ნემატოდა ნიადაგში დიდხანს არ ცოცხლობს, გამხმარ ფოთლებში კი შეუძლია რამდენიმე წელს გაძლოს. დაავადებას ხელს უწყობა ნიადაგის მაღალი ტენიანობა, 25-300C  ტემპერატურა, ph-5,5-5,8.

ნემატოდები ხშირად გვხვდებიან სათბურებში.

რაც შეეხება ნემატოდების კლასიფიკაციას, ისინი მიეკუთვნებიან: ტიპი – მრგვალ ჭიები: Nematoda; კლასი- Chromadorea , მნიშვნელოვანია რიგები: 1) Araeolaimida 2) Benthimermithida.

ნემატოდები ხშირად გვხვდებიან კარტოფილზე, ჭარხალზე, სათბურის მცენარეებზე და სხვ.

ნემატოდები, გარდა იმისა, რომ თვითონ იწვევენ დაავადებებს, ხელს უწყობენ სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადების გავრცელებას.

მათი დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ვიზუალური დიაგნოსტიკის და მიკროსკოპული ანალიზის მეთოდები.

ნემატოდებთან ბრძოლისათვის გამოიყენება:

• პროფილაქტიკის მიზნით:  

ნიადაგის დეზინფექცია;

საღი სარგავი მასალა;

ნიადაგის ტენიანობის და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სათბურებში.

• დაავადების შემთხვევაში:

ფესვების თერმული დამუშავება;

ნემატიციდების გამოყენება;

ხალხური საშუალებები – ანტიჰელმინთური პრეპარატებით მორწყვა (1 ტაბლეტი 1 ლ წყალზე) და სხვ.

ავტორები: მზაღო ლობჟანიძე, მზია ბერუაშვილი, გიორგი გაგოშიძე /მცენარეთა დაცვა/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB