ნეკერისაგან (ხის კვირტებიანი ნორჩი ტოტები) თივის დამზადება

ნეკერი, ყლორტები, საკვები

ნეკერის ცხოველთა საკვებად გამოყენებას საქართველოში საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ნეკერი ეწოდება უხეშ საკვებს, რომელიც მზადდება შემდეგი ხის ჯიშების ფოთლების მქონე ერთი-ორწლიანი ტოტებისაგან: ვერხვი, ნეკერჩხალი, არყი, იფანი, ტირიფი, ცაცხვი, თელა და სხვა.

ნეკერის დასამზადებლად არ გამოიყენება მუხა, ხეჭრელა, შოთხვი, შავი მურყანი, დიდგულა, შხამიანი თუთუბო და სხვა ის ხეები, რომლებიც შეიცავენ ძლიერ მთრიმლავ, ან სხვა ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ცხოველთა საჭმლის მონელების მოშლას იწვევენ.

ნეკერის ქიმიური შედგენილობა საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს მრავალი ფაქტორისაგან დამოკიდებით (ხის ჯიში, დამზადების დრო, ტოტების შეფოთვლის ხარისხი და სხვ.).

ფოთლების ყუათიანობა უახლოვდება საშუალო _კარგი ხარისხის თივის ყუათიანობას, მაგრამ უფოთლო ტოტები ხარისხის მიხედვით ჩალის ყუათიანობასაც ჩამორჩება.

განსაკუთრებით უხარისხოა ზამთარში დამზადებული ნეკერის ყუათიანობა. ასე, მაგალითად ამ დროს დამზადებული ვერხვის ნეკერის 100 კგ შეიცავს მხოლოდ 12,8 საკვებ ერთეულს.

ზაფხულში დამზადებული კარგი ნეკერი (კარგად შეფოთლილი, არაუმეტეს 1 მმ დიამეტრის მქონე ტოტებისაგან), საკმაოდ დამაკმაყოფილებელ უხეშ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც 2 მმ დიამეტრის, სუსტად შეფოთლილი ნეკერი მხოლოდ საარსებო საკვებადაც არ არის საკმარისი.

ნეკერი

ფოთლებთან ერთად მოჭრილ 1_1,5 მმ-დე სისქის ტოტებს ზაფხულში, კარგ ამინდში, თხელ ფენად აწყობენ მიწაზე და 1_2 დღის მანძილზე აშრობენ, შემდეგ კრავენ ფაშარ კონებად და კიდებენ ჩრდილში გამოშრობისათვის. ერთი კვირის შემდეგ გამომშრალ ნეკერს აწყობენ და ინახავენ კარგად ვენტილირებულ ადგილებზე.

ნეკერი

პირუტყვისათვის მიცემის წინ ნეკერი უნდა დაიჭრას ჩალისაჭრელზე ან სამსხრეველა-საცეხველებზე 3_4 სმ სიგრძეზე. გემოს გაუმჯობესების და ჭამადობის ამაღლების მიზნით დაკუწულ მასას დათუთქავენ 4_8 საათის მანძილზე ან დაადუღებენ ცხელი წყლით ალაოს, ბუყის (დურდოს), ან ფქვილის სალაფავის დამატებით (ნეკერის მასის 1%-ის ოდენობით).

ასე მჭიდროდ ჩალაგებული დაკუწული ნეკერი 50_600 C-მდე ხურდება და ორ-სამ დღეში სავსებით მზადაა პირუტყვისათვის საკვებად მისაცემად.

ნეკრის დამზადება რეკომენდირებულია ზაფხულის პირველ ნახევარში, უპირატესად ბუჩქნარის გაკაფვის, გაწმენდის და ტყესაკაფის ანარჩენებისაგან. ტყეებსა ან ბუჩქნარში ნეკერის სპეციალურად დამზადებისას არ უნდა მოიჭრას შეფოთლილი ტოტების 2 %-ზე მეტი.

ჭამადობის მიხედვით უკეთესი ხარისხის ნეკერის დასამზადებლად უმჯობესია გამოვიყენოთ ჩვენ ტყეებში მზარდი არყი, აკაცია, ვაშლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, ვერხვი, რცხილა, ტირიფი, ვაზი, იფანი, აგრეთვე მუხა (თხისა და ცხვრისათვის).

დიდი უმრავლესი მცენარისაგან დამზადებული კარგი ხარისხის ნეკერით, უფრო ყუათიანი საკვების ნაკლებობისას, შესაძლებელია ცხენის ულუფის უხეში საკვების 25%-ის შეცვლა, მსხვილი რქოსანი პირუტყვის 50%-მდე, ცხვარსა და თხაში კი _ 80%-მდე.

უკანასკნელ ათწლეულებში ნეკერის მნიშვნელობა ცხოველთა კვებაში საგრძნობლად მცირდება და უფრო მეტად გამოიყენება ე.წ. ხის მწვანობის, ე.ი. ფოთლის ფქვილის და წიწვის ფქვილის საწარმოებლად.

ავტორი: გ. აგლაძე, სსმ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოსი

თქვენი რეკლამა