მწვანე სასუქებით ნიადაგის განოყიერება – მწვანე სასუქის ფორმები

მწვანე, სასუქები

ბიოლოგიური წარმოების დროს, ნიადაგის განოყიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე სასუქების (სიდერატების) გამოყენებას.

მწვანე სასუქებით ნიადაგის განოყიერება ხდება შემდეგი მეთოდებით:

1. ახალი, დაქუცმაცებული (დაქუცმაცება სასურველია) მწვანე მასის უშუალო შეტანა ნიადაგში მისი შემდგომი ჩახვნით. პრინციპში ეს მეთოდი ჩვეულებრივი ორგანული სასუქების შეტანისაგან განსხვავდება მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადით;

2. ნიადაგის მულჩირება დაქუცმაცებული მცენარეებით – ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდია.

მულჩირების წინ საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება: ნიადაგის გათოხნა, გაფხვიერება, ნათესის გამარგვლა. მულჩის ფენა შეიძლება იყოს 8-10 სმ სისქის, უფრო მცირე სისქის შემთხვევაში მულჩი არაეფექტურია, ხოლო უფრო სქელმა ფენამ შეიძლება დააკნინოს კულტურული მცენარეები.

მწვანე მულჩის ფენა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს:

  • უნარჩუნებს ნიადაგს ტენიანობას;
  • იცავს ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან;
  • ზღუდავს ერთწლიანი სარეველების ზრდას;
  • ხელს უშლის ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნას;
  • წარმოადგენს დამატებით საკვებს კულტურული მცენარეებისათვის;
  • ორგანული მასალის თანდათანობითი დაშლის ხარჯზე, ქმნის ჭიაყელებისათვის ხელსაყრელ პირობებს.

მწვანე სასუქის ფორმები მრავალნაირია, ისინი იცვლება კლიმატის, ნიადაგის, მწვანე სასუქად დათესილი მცენარის თავისებურებათა მიხედვით.

არჩევენ მწვანე სასუქების შემდეგ ფორმებს:

დამოუკიდებელი (ძირითადი) – ნაკვეთი თითქმის მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში დაკავებულია სიდერალური კულტურებით.

ეს ფორმა გამოიყენება უმთავრესად ძალზედ ჩამორეცხილი და ღარიბი ნიადაგების ნაყოფიერების აღსადგენად. ამ დროს ნაკვეთი ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარულია ვეგეტაციის პერიოდში მყოფი ერთწლიანი კულტურებით.

იმის მიხედვით, თუ წლის რომელ პერიოდში მიმდინარეობს მათი ვეგეტაცია, განასხვავებენ შემდეგ სიდერატებს:

ა) გაზაფხულ–ზაფხულის სიდერატები, რომელთაც მიეკუთვნება: ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა, ბრინჯისებრი ლობიო, სოიო და სხვა. ისინი ითესება თებერვლიდან ივნისამდე და ივლისიდან აგვისტომდე.

ბ) ზამთარ–საშემოდგომო, რომელთაც მიეკუთვნება: თეთრი ხანჭკოლა, მინდვრის ბარდა, ჩიტიფეხა, ცერცველა, ტანჟერის ცულისპირა. ისინი ითესება სექტემბრიდან თებერვლამდე.

მრავალწლიანი სიდერატებიდან დამოუკიდებელ სიდერატებად გამოიყენება ლურჯი ხანჭკოლა, იონჯა, წითელი სამყურა, ლესპედეზა და კურდღლის ფრჩხილა, რომლებიც ითესება სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევარში. გამონაკლისია ლესპედეზა, რომელიც ითესება თებერვალ-მარტში.

სუბტროპიკულ ზონაში ხელსაყრელი პირობების გამო შესაძლებელია სიდერატების ორი მოსავლის მიღება.

შუალედური – როცა სიდერატს უკავია ერთი კულტურის მოსავლის აღებასა და მეორე კულტურის დათესვას შორის პერიოდის ფართობი.

შუალედური ნათესი თავისთავად შეიძლება იყოს გამოთესილი, როდესაც სიდერატის გამოთესვა ხდება საფარ კულტურებზე, მათი განვითარება მიმდინარეობს ძირითადი კულტურების (ხორბლეულის) აღების შემდეგ და სანაწვერალო, რომლებიც ითესება ძირითადი კულტურების აღებისთანავე–ნაწვერალზე.

შუალედურ სიდერატებად გამოიყენება: ცერცველა, ცულისპირა, ჩიტფეხა, ბარდა, თეთრი, ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა, მათი ნარევი ქერთან, შვრიასთან და ჭვავთან.

სათიბი – როცა მწვანე სასუქი მოჰყავთ ერთ ადგილას, ხოლო გათიბვის შემდეგ სხვაგან გადააქვთ და ჩახნავენ.

სიდერატების ეს ფორმა გამოიყენება ჩაისა და ციტრუსოვანი, ძირითადი კულტურებისათვის, უვარგისი ნიადაგების გასანოყიერებლად.

მწვანე სასუქად აქვიტის (წამონაზარდის) გამოყენება. ამ ფორმის სიდერატების პირველი ნათიბი გამოყენება პირუტყვის საკვებად, ან სხვა ნაკვეთის გასანოყიერებლად, მულჩად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაიხვნება მწვანე სასუქად.

ამ მიზნით თესავენ: სამყურას, ძიძოს, კურდღლის ფრჩხილას, ტანჟერის ცულისპირას, ჩიტფეხას და სხვა.

ამრიგად, სიდერატების ანუ მწვანე სასუქების როლი შემდეგში მდგომარეობს:

  • იწვევს ორგანული ნივთიერებებით ნიადაგის გამდიდრებას და მისი თვისებების გაუმჯობესებას;
  • პარკოსანი კულტურები ძლიერ ღრმად ივითარებენ ფესვთა სისტემას, აფხვიერებენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იქ არსებული საკვები ელემენტების შეთვისების შედეგად ამოაქვთ ზედა ფენებში;
  • ახდენს მცენარისათვის ზოგიერთი საკვები ნივთიერებების მობილიზაციას ნიადაგში და გადაყავს ისინი მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმებში. განსაკუთრებით ეს ახასიათებს ხანჭკოლას, რომელსაც შესწევს უნარი შეითვისოს ფოსფორი ძნელადხსნადი ფოსფორიტებიდან;
  • სასიდერაციო კულტურების მიერ მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებისა და ნიადაგის ზედაპირზე გართხმული დიდი მწვანე მასის შექმნის შედეგად, მცირდება ეროზიული მოვლენები. განსაკუთრებით ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს ჭარბტენიანი რაიონებისა და დაქანებული ადგილმდებარეობის შემთხვევაში სიდერატების თესვას;
  • ადგილი აქვს ნიადაგიდან ნიტრატების ჩარეცხვის შემცირებას, სასიდერაციო მცენარეების მიერ მისი გამოყენების შედეგად;
  • სიდერატის მწვანე მასის მულჩად გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის წყლისა და ტემპერატურულ რეჟიმს;
  • ციტრუსოვანი კულტურების მწკრივთაშორისებში შემოდგომა–ზამთრის სიდერატების თესვა ზრდის მათ ყინვაგამძლეობას;
  • კარგად განვითარებული სასიდერატო მცენარეები ახშობენ სარეველა მცენარეებს.

ავტორები: ნ. ნაკაშიძე; დ. ჯაში.  

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.

იხილეთ აგრეთვე: სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა – დავიცვათ ბაღ-ბოსტანი პრობლემებისგან

თქვენი რეკლამა