მცენარის სწორად განათება, ტემპერატურა და მცენარის ზრდა

მცენარე, განათება

მზის პირდაპირი სხივები მცენარეებზე არასასურველ სითბურ ეფექტს ახდენს და ზოგიერთ შემთხვევაში ფოთლების დამწვრობაც შეიძლება გამოიწვიოს.

ყველაზე ხშირად ზედმეტი განათების სიმპტომები უჩნდება ჩრდილის მოყვარულ მცენარეს, რომელიც მზიან რაფაზე მოათავსეს.

ეს სიმპტომებია:

მიუხედავად მიწის ტენიანობისა, ფოთლები დღისით თავს ქინდრავს; ფოთლები, რომლებსაც მზე პირდაპირ ხვდება, ყვითლდება, თავიდან კიდეებში, შემდეგ მთლიანად; ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფოთლები ნაწილობრივ ან მთლიანად ყავისფერდება და ისე შრება, რომ შეგვიძლია „მზით დამწვრობაზე“ ვილაპარაკოთ.

რა უნდა გაკეთდეს:

აქ ყველაზე მარტივი გამოსავალი მცენარის გადადგმაა. ცოტათი მაინც მოაშორეთ ფანჯარას ან ნაკლებად მზიან ოთახში გადადგით. თუ ეს შეუძლებელია, ფანჯარას ფარდა ან ჟალუზი ჩამოაფარეთ, რათა მცენარე შუადღის მზისგან დაიცვათ.

თუ გჭირდებათ მოუჩრდილოთ მცენარეების ნაწილს და არა ყველა მათგანს, ფანჯრის შიდა მხარეს შესაბამისი ზომისა და ფორმის ქაღალდი ან მუყაო მიამაგრეთ. ასევე შეგიძლიათ სპეციალური ხის ჩარჩოს გაკეთება, რომელზეც ქაღალდს ან მატერიას გადაჭიმავთ.

ხელოვნური განათება

ადამიანის თვალი მზის სინათლის შემადგენელი სხივების მხოლოდ ნაწილს ხედავს. ეს სინათლე სხვადასხვა ფერის სპექტრად იშლება. ამაზე დაკვირვება ცისარტყელას მაგალითზე შეგვიძლია, სადაც სინათლის გარდატეხის წყალობით სპექტრის შვიდი ფერია წარმოდგენილი.

კარგი მხედველობის მქონე ადამიანები მასში არჩევენ იისფერ, ლურჯ, ცისფერ, მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ფერებს. მცენარისთვის მზის სპექტრის ყველა ფერი ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის: არ აქვს მნიშვნელობა, ოთახში იზრდება ის თუ ღია ცის ქვეშ.

ფოტოსინთეზის პროცესს, პირველ რიგში, ლურჯი და წითელი ფერები სჭირდება. როცა მცენარისთვის ხელოვნურ განათებას აწყობთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ მცენარესთან ჩვეულებრივ გასათბობ სანათს დაკიდებთ, ერთი შეხედვით, თითქოს მცენარის განათება სავსებით ნორმალური იქნება.

სინამდვილეში კი ასეთი სანათი მიღებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5%-ს აქცევს სინათლედ, დანარჩენი კი სითბოს სახით იკარგება. ასეთი სანათის სინათლის სპექტრი ძირითადად წითელი სხივებია. რადგანაც არ არის ლურჯი ფერი, მცენარის ზრდა ნელდება და მისი ღეროები წვრილდება.

მცენარის გასანათებლად უნდა გამოიყენოთ სანათები, რომლის ნათების სპექტრში ლურჯი ფერიც არის და წითელიც. თვალი ასეთ სანათებს ცოტა უჩვეულოდ აღიქვამს. სპეციალურ მაღაზიებში მრავალგვარი მოდელის ყიდვა შეიძლება: დასაკიდი, კედლის თუ შტატივზე.

სანათების გავრცელებული ტიპებია:

  • მაღალი წნევის ვერცხლისწყლის სანათი (შემოკლებით HPL ან HQL);
  • მაღალი წნევის ჰალოგენის სანათი (შემოკლებით HPI ან HQI);
  • ფლურესცენციული სანათი.

ყველაზე მისაღები სანათის მცენარის მაღლა დაკიდებაა, რადგან გვერდითა განათებისას მცენარეები სინათლის წყაროს მიმართულებით იზრდება. მცენარესა და სანათს შორის მინიმალური დაშორება 25-50 სმ უნდა იყოს. ეს დაშორება აუცილებელია მცენარის სითბური გამოსხივებისგან დასაცავად.

თუ მცენარეები მხოლოდ ხელოვნური შუქით ნათდება, სანათები დღეში მინიმუმ 12 საათი მაინც უნდა ენთოს, ხოლო თუ ხელოვნური განათება დამატების სახით გამოიყენება, მაგალითად, ზამთარში, 4-6 საათის განმავლობაში ნათებაც საკმარისია.

მცენარეების სწორად განათება

ოთახის მცენარეებს განათებისადმი სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. როგორ მოვნახოთ მათთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი? ჩვეულებრივ, განასხვავებენ სინათლის მოყვარულ მცენარეებს, მცენარეებს რომლებსაც ნახევრადჩრდილი ურჩევნიათ და ჩრდილამტან მცენარეებს.

რაც შეეხება განლაგებას, სინათლის მოყვარულ მცენარეებს ჩვეულებრივ სამხრეთ ფანჯრებზე ალაგებენ, ნახევარჩრდილის მოყვარულებს აღმოსავლეთ ან დასავლეთ, ხოლო ჩრდილამტანებს ჩრდილოეთ ფანჯრებზე.

თუმცა ეს ძალიან ზოგადი რეკომენდაციებია. ზოგჯერ ჩრდილამტანი მცენარე თავს მშვენივრად იგრძნობს, თუ ფანჯრის იქით მდგომი ხე ან მეზობელი შენობა უჩრდილავს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ შუადღის ცხელი მზისგან დაცვა სინათლის მოყვარულ მცენარეებსაც ჭირდებათ.

ზოგიერთი ჩრდილის ამტანი მცენარე: ესქინანტუსი, ასპიდისტრა, ქლოროფიტუმი, ცირტომიუმი, სურო, პლატიცერიუმი, დრაცენა, სპატიფილუმი.

მცენარეები, რომელთაც ნახევარჩრდილი ურჩევნიათ: გლოქსინია, სტრეპტოკარპუსი, ზანტედესკია, ფიკუსი, აზალია…

სინათლის მოყვარული მცენარეები: ანიგოზანტოსი, ბუგენვილია, ჭოტოსანი წიწაკა, ცერეუსი, კრასულა, კოლეუსი, ბანანი, კლდისდუმა, იუკა…

ტემპერატურული რეჟიმი

მცენარის ცხოველქმედების ყველა პროცესი ტემპერატურაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მცენარეებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ და თუ ისინი არ სრულდება, ხშირად მცენარე ცუდად იზრდება.

ბუნებრივ პირობებში ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა პირველ რიგში სწორედ ჰაერის ტემპერატურით განისაზღვრება. როცა ის ნულს უახლოვდება, მცენარის ცხოველქმედების პროცესები თითქმის ჩერდება.

ზოგადად მცენარეებს არსებობა -400C-დან +400C-მდე ტემპერატურაზე შეუძლიათ, ამ ინტერვალის უკიდურესი კიდეების გადატანა მცენარეებს ბოლქვებისა და თესლის ან სიმშვიდის მდგომარეობაში შეუძლიათ.

გათბობისა და ვენტილაციის წყალობით ჩვენ შეგვიძლია მცენარეებისთვის დღის საშუალო +200C ტემპერატურა უზრუნველვყოთ, ღამით კი, ბუნებრივია, ის ცოტა ნაკლები უნდა იყოს.

ჰაერის ტემპერატურა და მცენარის ზრდა

მცენარის სინათლისა და სითბოს მოთხოვნილებებს შორის მჭიდრო კავშირია. უნდა დაიმახსოვროთ ერთი ზოგადი წესი: რაც მეტი სინათლეა ოთახში, მით უფრო მაღალი ტემპერატურის ატანა შეუძლია მცენარეს და პირიქით: რაც ნაკლებ სინათლეს იღებს მცენარე, მით უფრო ნაკლები სითბო ჭირდება მას. აქედან გამომდინარეობს, რომ ზამთარში, როცა დღის ნათელი ნაწილის ხანგრძლივობა მცირდება, მცენარეები თავს უკეთ გრძნობენ, თუ ოთახში საშუალო ტემპერატურაც ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში.

ზამთარშიც და ზაფხულშიც მცენარეებს ურჩევნიათ, რომ ღამით უფრო დაბალ ტემპერატურაში იყვნენ, ვიდრე დღის საათებში. ამას თავისი მიზეზები აქვს: ფოტოსინთეზის პროცესში მცენარისთვის აუცილებელი შენაერთები იქმნება. დღის ბნელ ნაწილში კი მიმდინარეობს სხვა.

მცენარისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია — სუნთქვა, სუნთქვის პროცესი ხასიათის მიხედვით ფოტოსინთეზის საპირისპიროა. დღის სინათლეზე შექმნილი ზოგიერთი შენაერთი ღამით კვლავ შემადგენელ ნაწილებად იყოფა და მცენარე მათ ხარჯავს.

მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზისა და სუნთქვის პროცესებს შორის სწორი შეფარდების დაცვა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ზამთარში, როცა მცენარემ შეიძლება ღამის განმავლობაში უფრო მეტი შენაერთი დახარჯოს, ვიდრე დღის განმავლობაში შექმნა.

რაც უფრო თბილა ოთახში, მით მეტ ნივთიერებას ხარჯავს მცენარე, ამიტომაც სიცივეგამძლე სახეობები დღის ბნელ მონაკვეთებში რაც შეიძლება გრილ პირობებში უნდა გვქონდეს. თუ ეს შეუძლებელია, მცენარეს ყოველდღიურად დამატებით რამდენიმე საათის განმავლობაში განათება დასჭირდება.

ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები

ასეთი დაზიანებები მცენარეს ყვავილების მაღაზიიდან სახლამდე გზაში, ასევე ზამთრის ცივ დღეს ოთახის განიავებისას შეიძლება გაუჩნდეს. შედეგია ზრდის სხვადასხვაგვარი დარღვევა, ზოგიერთ, სიცივისადმი მგრძნობიარე მცენარეს ყვავილები და კვირტები სცვივა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მცენარე შეიძლება გაიყინოს: მის ფოთლებზე გაჩნდება ლაქები და მცენარის ქსოვილები კვდომას დაიწყებს.

მცენარისთვის ასევე დამღუპველია ტემპერატურის მკვეთრი მატება. განსაკუთრებით სახიფათოა თუ მაგალითად ყვავილების მაღაზიიდან მზეში გახურებული მანქანით მოგაქვთ. ადრე თუ გვიან, როცა ტემპერატურა 400C–ზე მაღლა აიწევს, მცენარეს დაზიანებები უჩნდება.

ფანჯრის უშუალო სიახლოვისას მზე იმდენად მცხუნვარე შეიძლება იყოს, რომ მცენარემ ტენი სწრაფად დაკარგოს და მოიმჩვაროს. მათ ფოთლებსა და ყვავილებზე დამწვრობებიც შეიძლება გაუჩნდეთ. თუმცა გაცილებით ხშირად ისეა, რომ ოთახის ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მცირედ აჭარბებს ან ჩამორჩება იმ ტემპერატურას, რაც მცენარეს ჭირდება. შედეგი კი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება და მისი ამოცნობაც საკმაოდ ძნელია.

თუ ოთახში ზედმეტად ცივა, როგორც წესი, მცენარე ზრდას ანელებს. ჩერდება ფესვთა სისტემის განვითარება და მცენარე ტენისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. გარდა ამისა, მცირდება მავნებლებისა და ავადმყოფობებისადმი წინააღმდეგობის უნარი.

ფესვების ლპობის გამომწვევი ბევრი სოკო განსაკუთრებულად აქტიურად დაბალ ტემპერატურაზე ვრცელდება, რადგან ამ დროს მიწა მორწყვის შემდეგ ძალიან ნელა შრება. ამიტომ ნორმაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა ფესვების ლპობის ალბათობას ზრდის.

მაღალი ტემპერატურისა და არასაკმარისი მორწყვის პირობებში უფრო აქტიურად მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი და მცენარე რეზერვების გახარჯვას იწყებს. ამას მალე მცენარის ყლორტების დასუსტებამდე მივყავართ, ფოთლებისა და ყვავილების შეფერილობა მკრთალდება და მათი ზომებიც მცირდება.

თქვენი რეკლამა