მცენარეთა მინერალური კვების ელემენტები

მიკრო, მაკრო, ელემენტები

ნორმალური კვება არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების საფუძველი.

ნიადაგში საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ან სიჭარბე იწვევს მცენარის განსაზღვრული ფუნქციების დარღვევას, რომელიც ვლინდება სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესში.

საკვები ნივთიერებების ნაკლებობის ან სიჭარბის გავლენა განისაზღვრება ორი გარემოებით:

1) ერთი საკვები ელემენტის ნაკლებობაც კი გავლენას ახდენს მცენარის ნორმალურ ზრდაზე და სხვა რომელიმე ელემენტის სიჭარბე ვერ შეცვლის მის ფუნქციას.

2) ყველა საკვები ელემენტი უნდა იყოს არა მარტო საკმაო რაოდენობით, არამედ მათ შორის უნდა იყოს განსაზღვრული თანაფარდობა.

მცენარისათვის მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმას, თუ რა ფორმით იმყოფება ნიადაგში საკვები ნივთიერებები, რადგან დადგენილია, რომ მცენარე შეითვისებს მხოლოდ განსაზღვრულ ფორმაში მყოფ საკვებ ნივთიერებებს.

თუ ისინი არსებობენ სხვა ფორმით, მაშინ ისინი მცენარისათვის მიუწვდომელია მანამ, სანამ ისინი ნიადაგის მიკროორგანიზმების ან სხვა ფაქტორების მოქმედებით არ გადავლენ შესათვისებელ ფორმაში.

ამიტომ, მცენარემ აუცილებელი ელემენტის ნაკლებობის სიმპტომი შეიძლება გამოავლინოს მაშინაც, როდესაც ეს ელემენტი არის ნიადაგში მცენარისათვის მიუწვდომელი ფორმით.

მცენარის ფესვების მიერ მინერალური კვების ელემენტების შთანთქმის უნარზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ნიადაგის ხსნარის pH-ის ცვლილებამ, ასევე ელემენტთა ანტაგონიზმმა, რომლის დროსაც ერთი ელემენტი ამუხრუჭებს სხვა ელემენტის შთანთქმას (მაგ. კალციუმი ამუხრუჭებს კალიუმის შთანთქმას).

მინერალური კვების ნივთიერებები ფესვების მიერ შთაინთქმება წყალში გახსნილი სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ტოქსიკური ეფექტი.

საკვები ნივთიერებების დეფიციტი წარმოიშვება ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში, განსაზღვრული ამინდის პირობებში. მაგალითად, ადვილად ხსნად ფორმაში მყოფი ელემენტები სილნარი ნიადაგებიდან ძლიერი წვიმების დროს ირეცხება.

ნიადაგის მიკროორგანიზმებმა, განსაკუთრებით ბაქტერიებმა, შეიძლება შეცვალონ მცენარისათვის საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარი. საერთოდ ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მთელი რიგი ელემენტების შეთვისების საქმეში.

მინერალური კვების ამა თუ იმ ელემენტის ნაკლებობის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მცენარის ყველა ორგანოზე. უმეტესად ისინი ტიპიურია, მაგ რამ ზოგჯერ განსხვავებული (ამ შემთხვევაში დაავადების მიზეზის დადგენა რთულია). ხშირად ასეთი სიმპტომები ჰგავს სხვა არაპარაზიტული ფაქტორებით გამოწვეულ ან სოკოებით, ბაქტერიებით და ვირუსებით გამოწვეულ სიმპტომებს.

ზოგჯერ ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს მინერალური კვების სხვადასხვა ელემენტების დეფიციტით. ამავე დროს, ერთი და იგივე ელემენტის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის სხვადასხვა სახეობაზე სხვადასხვა სიმპტომები.

აზოტის, ფოსფორის და მაგნიუმის ნაკლებობა საწყის ეტაპზე ვლინდება მცენარის ქვედა ფოთლებზე და ვრცელდება შემდგომ ზევით მაშინ, როდესაც კალციუმის, სპილენძისა და ბორის ნაკლებობის სიმპტომები იწყება მცენარის ახალგაზრდა ნაწილებიდან და ვრცელდება ხნიერ ნაწილებზე.

ამ ელემენტების მოთხოვნილების შესაბამისად, სხვადასხვა ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ქლოროზი, დაწინწკვლა, არანორმალური პიგმენტაცია, ნაადრევი დაბერება, ნეკროზი, ტოტების კვდომა, ფოთლებისა და ფესვების ზრდის შეჩერება, დეფორმაცია, მარცვლოვანთა ჩაწოლა და სხვ.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მინერალური კვების ელემენტების ფუნქციები დაკავშირებულია უჯრედის შიგთავსის ოსმოსური წნევის, მისი pH-ის და ციტოპლაზმატური მემბრანის გამჭოლვადობის ცვლილებებთან. ეს ელემენტები შედიან ასევე უჯრედის კედლისა და პროტოპლაზმის შემადგენლობაში. გარდა ამისა, ისინი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ფერმენტების აქტივობაში.

მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, გარდა ნახშირბადის(C), წყალბადის (Н) და ჟანგბადისა(O) საჭიროა მაკრო და მიკრო ელემენტები:

მცენარეს ესაჭიროება დიდი რაოდენობით მაკროელემენტები: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca) და სხვა; ხოლო მიკროელემენტებზე: მაგნიუმი(Mg). რკინა (Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo), ბორი(B). მანგანუმი(Mn), ნატრიუმი (Na) და სხვა მცენარის მოთხოვნილება მცირეა.

თითოეული ელემენტის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს მცენარის შესაბამისი დაავადება. დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს აღნიშნული ელემენტების სიჭარბეც. მცენარის ოპტიმალური განვითარებისათვის აუცილებელია საკვები ნივთიერებების განსაზღვრული ბალანსი. ბალანსის პირობების გარკვევა წარმოადგენს მემცენარეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას.

სხვადასხვა სახეობის მცენარეები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი მოთხოვნილებით მაკრო და მიკროელემენტების მიმართ, ასევე მათ მიმართ ამტანობით. ამიტომ, თუ მცენარის ერთ სახეობაზე ამა თუ იმ ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარბე შესამჩნევია, სხვა სახეობაზე ის არ აღინიშნება.

მცენარის არაბალანსირებული კვება შეიძლება გახდეს მისი პარაზიტული დაავადებისადმი მიმღებიანობის გაზრდის მიზეზი. მაგ., ფიტოფტოროზი ძლიერ აავადებს კარტოფილს მაგნიუმით ღარიბ ნიადაგებზე აზოტის სიჭარბის პირობებში.

მინერალური კვების ელემენტების ნაკლებობის შევსება ნიადაგში ხდება სასუქების შეტანით. მაკროელემენტები შეაქვთ საკმაო რაოდენობით, ხოლო მიკროელემენტები მცირე რაოდენობით (რამდენიმე კილოგრამი 1ჰა-ზე), ამ უკანასკნელს ურევენ ჩვეულებრივ სასუქებს ან თესლს, ან ვეგეტაციის განმავლობაში ხდება ფესვგარეშე გამოკვება შესხურების გზით.

შესხურების შემთხვევაში დაცული უნდა იქნას სამუშაო ხსნარის განსაზღვრული კონცენტრაცია. ამისათვის აუცილებელია ნიადაგისა და მცენარეული მასალის წინასწარი ანალიზი. შესხურების დროს აუცილებელია სიფრთხილე რომ არ მოხდეს  ფიტოტოქსიკური ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სამუშაო ხსნარის მაღალი კონცენტრაციით ან შეუფერებელ დროს შეწამვლით. აღნიშნული ღონისძიებები მაღალეფექტური რომ იყოს, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ თუ რა რაოდენობით იმყოფება მცენარისათვის აუცილებელი ელემენტები ნიადაგში.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მინერალური კვების ელემენტების სიჭარბე იშვიათად აღინიშნება და პრაქტიკულად გვხვდება კვების ან მისი ცალკეული ელემენტების ნაკლებობა.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.

იხილეთ აგრეთვე: ნიადაგური ფაქტორების გავლენა მოსავლიანობაზე

თქვენი რეკლამა