მიწავაშლა – თესვა-დარგვა, მოვლა, მოყვანა, გამოყენება

მიწავაშლა, ტოპინამბური

მიწავაშლა – ერთწლიანი ტუბერიანი (ბოლქვიანი) მცენარეა, რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. (ლათ. Heliantus tuberosus L. ინგლ. Jerusalem Artichoke, ევროპ. Topinambur, რუს. земляная груша.)

მიწავაშლას კულტურის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა

მისი სამშობლო ამერიკის კონტინენტია. მიწათმოქმედთათვის მიწავაშლა ცნობილია საუკუნეების მანძილზე. ამერიკიდან მე-17 საუკუნეში შემოიტანეს ევროპაში, საიდანაც მე-18 საუკუნეში ვრცელდება ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ საქართველოში.

მიწისქვეშა ფესვებზე აქვს ტუბერები (თეთრი, ყვითელი, იისფერი ან წითელი). მისი მოყვანა ერთი და იგივე ადგილას შეიძლება წლების მანძილზე, მიწავაშლა შეიძლება გამოვიყენოთ:

  • საკვებად პირუტყვისათვის — მწვანე მასა გამოიყენება სასილოსედ;
  • ტექნიკური მიზნით — საკონდიტრო, სპირტის და შაქრის წარმოებაში;
  • სასურსათოდ — საკვებად და იყენებენ დიეტური ყავის დასამზადებლადაც;
  • სამკურნალოდ (ხალხურ მედიცინაში — დიაბეტის სამკურნალოდ);
  • კოსმეტიკაში (ხალხური კოსმეტიკა).

მიწავაშლას ქიმიური შედგენილობა შემდეგ სურათს იძლევა: ტუბერი შეიცავს 3% ცილას, მინერალურ მარილებს, ხსნად პოლისაქარიდ ინულინს 16-18%, ფრუქტოზას, მიკროელემენტებს, აზოტოვან ნივთიერებებს 2-4%. საკმაოდ მდიდარია ვიტამინებით B1, ვიტამინ C, კაროტინით.

ტუბერში შაქრების რაოდენობა იცვლება მოსავლის აღების ვადების მიხედვით, ღეროებიდან და ფოთლებიდან საკვები ნივთიერებების გადინების ხარჯზე. მიწავაშლას ტუბერი შეიცავს ისეთ შეუცვლელ ამინომჟავებს, როგორიცაა: არგინინი, ვალინი, ლიზინი, ლეიცინი. ამის გამო ის შეუცვლელი პროდუქტია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

განსაკუთრებით მდიდარია ინსულინის ანალოგით — ინულინით. ამიტომ რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. ნახშირწყლების რაოდენობით ის აღემატება შაქრის ჭარხალს და შაქრის ლერწამს. 100 კგ მიწავაშლასგან ღებულობენ 10 კგ ფრუქტოზას.

ფოთოლი შეიცავს პროტეინს, შაქარს, ცხიმებს, უჯრედისს, ვიტამინებს, კაროტინს, მარილებს, ნიკოტინის მჟავას. ტუბერები შეიცავს ინულინს, შაქარს, ცილებს, ორგანულ მჟავეებს, მინერალურ ნივთიერებებს. გამოიყენება სისხლაღმდგენად, დამამშვიდებლად, ათეროსკლეროზის და დიაბეტის სამკურნალოდ.

მიწავაშლას ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება და ბიოლოგიური თავისებურებანი

მიწავაშლას ბიოლოგიური დახასიათება ჯეროვნად არ არის შესწავლილი. იგი მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახს. დღეისათვის ცნობილია მიწავაშლას (Helianthus tuberosus) 100-ზე მეტი სახეობა. სამშობლოში მცენარე 2-2,5 მ აღწევს. ღეროს დიამეტრი 60-70 მმ-ა.

ფესვი — მთავარღერძაა, მიწისქვეშა მუხლებიდან ინვითარებს დამატებით ფესვებს და ხშირად ფესვებს ფუნჯისებური სახე აქვს. ძირითადი მასა გავრცელებულია 20-30 სმ სიღრმეზე, მაგრამ ცალკეული ფესვი ვრცელდება 1,5 მ და მეტ სიღრმეზე.

ღერო — სწორმდგომია, 1,5-2 მ სიმაღლის; იტოტება ძირიდან და ქმნის 3-4 ღეროიან ბუჩქს; ღერო ცილინდრული, დამუხლული, ახალგაზრდა ნაწილები დაფარულია უხეში ბუსუსებით, რომლებიც შემდეგ თანდათან კვდება. ღეროს ფუძე განიერია, ზემოთ თანდათან წვრილდება და ზემოთ 0,4-0,5 სმ დიამეტრისაა; სუსტად დატოტვილია; ადვილად ფესვიანდება წყალში;

ფოთოლი — ყუნწიანია, ხეშეშა, კვერცხისებრი, წაწვეტებული ბოლოთი, კიდედაკბილული; სიგრძე ყუნწთან ერთად 21 სმ; სიგანე 12 სმ; ქვედა ფოთლები მოპირდაპირეა, ზედა ფოთლები ლანცეტურია, სპირალურად განლაგებული, და ქმნის კალათას საბურველს; ყვავილედი, პატარა ზომისკალათა (3-4 სმ დიამეტრის);

ყვავილები ღია ყვითელია, კარგი სუნით, ორი ტიპის ყვავილი აქვს — მილისებრი და ენისებრი; თესლის მასა 7-9 გ;  ტუბერი წარმოიქმნება შემოდგომით; ზამთრის განმავლობაში მიწაში კარგად ინახება.

მიწავაშლას მოყვანა საქართველოში

საქართველოში მიწავაშლა მოდის ყველგან. კარტოფილთან შედარებით უკეთ იტანს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას. მისი ტუბერი მიწაში -20-210C ტემპერატურას უძლებს. მისთვის საუკეთესო პირობებია ზაფხულის მეორე ნახევრის და შემოდგომის ნალექების პერიოდი. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია.

იგი ეგუება ნიადაგის ყველა ტიპს, სადაც კი ხვნაა შესაძლებელი, მაგრამ ზედმეტად მწირი და მლაშე ნიადაგები მისთვის გამოუსადეგარია. მოკლე დღის მცენარეა. გვალვაგამძლეა, მაგრამ წყლით უზრუნველყოფისას ის იძლევა მეტ მოსავალს, ჭარბი ტენი კი უარყოფითად მოქმედებს მასზე და ტუბერები ძნელად ვითარდება.

სელექციონერებმა ის შეუჯვარეს მზესუმზირას და მიიღეს ჰიბრიდები (სასილოსე). თესლბრუნვაში არ გამოიყენება. მიწაში ჩარჩენილი ტუბერები ათეული წლების მანძილზე იძლევა ახალ-ახალ ამონაყარს ყოველგვარი მოვლის გარეშე. მაგრამ ნაყოფი თანდათან წვრილდება.

საქართველოში მიწავაშლას კუთხური სახელწოდებები: გურიაში-მიწის ვაშლი; ჭანეთში — დიხა უშქირი; სამეგრელოში — დიხაში უშქური; სვანეთში — გიმიშ ვისგ.

მიწავაშლას აგროტექნიკა

მიწავაშლა ერთწლიანი ტუბერიანი მცენარეა. იმის გამო, რომ მის ტუბერებს უნარი აქვთ გამოიზამთრონ და წარმოქმნან ახალი მცენარე, მათი მოყვანა შეიძლება ერთ ადგილზე წლების განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელია მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა, წვრილი და ხშირი ფუნჯისებრი ფესვები 1,5 მ სიღრმემდე აღწევს ნიადაგში.

ის კარგად იტანს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას. ტუბერი ნიადაგში 20-210C ყინვის პირობებში არ იყინება, რაც აიხსნება წყალში ადვილად ხსნადი ინულინის შემცველობით.

მიწავაშლა გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ წყლით ზომიერად უზრუნველყოფის შემთხვევაში მყარ და მაღალ მოსავალს იძლევა. უარყოფითად მოქმედებს ჭარბი ტენი, კერძოდ, მწვანე მასა და ტუბერები ძნელად ვითარდება, ცუდად ზამთრობს და ადვილად ლპება.

ვითარდება თითქმის ყველა სახის ნიადაგში, მაგრამ უკეთესია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნოყიერი ნიადაგი, კარგად ეგუება ქვიშიან და ქვიანღორღიან ნიადაგებსაც.

ვერ იტანს მჟავე და დაჭაობებულ ნიადაგებს. მიუხედავად იმისა, რომ მიწავაშლა გაუნაყოფიერებელ ნიადაგებზე მისი მძლავრი და ღრმად მზარდი ფესვთა სისტემის გამო იძლევა მოსავალს, სასუქების გამოყენების ეფექტი მაღალია.

სასურველია შევიტანოთ ორგანული სასუქი ან აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, მოქმედი ნივთიერებები შემდეგი დოზით: N60-P60-K30.

ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქები შეაქვთ ძირითადად ხვნის წინ, ხოლო აზოტიანი სასუქები თესვის წინ და პირველი კულტივაციის დროს, მომდევნო წლებში პირველი და მეორე კულტივაციის დროს.

მიწავაშლას დასარგავად ნიადაგის მომზადება იწყება ღრმა ხვნით (25-27 სმ), ფრეზირებით და ფარცხვით. დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ისე გაზაფხულზე. ბარის პირობებში შემოდგომით დარგული უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე გაზაფხულზე დარგული.

დარგვამდე ნიადაგში შეაქვთ 50-70 ტონა გადამწვარი ნაკელი ჰექტარზე ან სხვა განოყიერების საშუალება, შესაბამისი დოზირებით.

დარგვის სქემა

  • რიგებს შორის 60 X 70 სმ;
  • რიგში მცენარეთა შორის 35 X 40 სმ;
  • დარგვის სიღრმე – 10-12 სმ;
  • დასარგავი ბოლქვის მასა 30-50 გრ;
  • ირგვება 40 000 ცალი – ჰექტარზე;
  • დარგვის ხარჯი 1.2-2.0 ტ-ჰექტარზე.

მოვლა

გაზაფხულზე მიმდინარეობს ნათესის პირველი კულტივაცია რიგთაშორისების გაფხვიერებით აღმონაცენის 10-15 სმ-ის დროს, მეორე კულტივაცია ტარდება ნათესის 40-50 სმ-ის დროს.

მეორე კულტივაციის შემდეგ მიწავაშლა იმდენად ძლიერად ვითარდება, რომ ფოთლები მთლიანად ფარავს ნიადაგს და მისი შემდგომი მოვლა საჭირო აღარ არის.

მიწავაშლას მაღალი მოსავლის მისაღებად კულტივაციის წინ, იქ სადაც მორწყვის საშუალება არ არსებობს, აწარმოებენ ორჯერად გამოკვებას ყოველი კულტივაციის წინ 1ჰა-ზე მოქმედი ნივთიერებიდან შემდეგი დოზით: პირველი კულტივაციის დროს N30-P60-K30.

მეორე კულტივაციის დროს შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა, მოქმედი ნივთიერებიდან 30 კგ-ის ოდენობით.

აღმოცენების შემდეგ საჭიროა კულტივაცია რიგთაშორისების გამოჩენის და ზედმეტი აღმონაცენის მოცილებისათვის.

მიწავაშლას სავეგეტაციო პერიოდი 180-200 დღეა

მოსავალი

მიწავაშლას ტუბერების ამოსაღებად იყენებენ კარტოფილის ასაღებ მანქანებს. ღეროების აღება ხდება ყინვების დაწყებამდე, ამ პერიოდში ტუბერები კარგად ვითარდება და ზრდას აჩერებს მხოლოდ ყინვების დაწყებისას.

ტუბერების ამოღება შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე, მიწავაშლას ტუბერების შემოდგომით ამოღებისას ნაკვეთი გაზაფხულზე უნდა დაიფარცხოს.

ტექნიკურ ლიტერატურაში არსებული მონაცემებით, 1 ჰა-ზე მიწავაშლას ტუბერების მოსავალი სხვადასხვა კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებში 35-დან 50 ტონამდე მერყეობს.

მიწავაშლას კულტივირებისას, მწვანე ბიომასის მოსავალი, ერთ ჰექტარზე, 40-დან 70 ტონას უდრის. ამ რაოდენობის მწვანე მასიდან დაახლოებით 6-10 ტონა ინულინი მიიღება, ხოლო ამ უკანასკნელის ჰიდროლიზით იგივე რაოდენობის ფრუქტოზა (6-10 ტონა), რომლის დადუღება მოგვცემს დაახლოებით 3,5-6,0 ტონა სპირტს.

აქედან გამომდინარე, 1 ჰა-ზე აღებული მიწავაშლას მთლიანი მასიდან, მიწისზედა (ბიომასა) და მიწისქვეშა (ტუბერები), შესაძლებელია 11-17 ტონა ფრუქტოზის, ხოლო ამ უკანასკნელიდან 6,5-10 ტონა სპირტის წარმოება.

ავტორი: ნანი აროშიძე; /ტოპინამბურის (მიწავაშლა – Helianthus tuberosus L.) საქართველოში ინტროდუცირებული ჯიშის შესწავლა და ფრუქტოზად გადამუშავების ტექნოლოგია. (დისერტაცია)/

თქვენი რეკლამა