მცენარეთა კვება-მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა და სიჭარბე

ყვავილები, მოვლა

ჩვეულებრივ, მცენარეები საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებენ, თუ ზრდის პერიოდში მათი რეგულარულად განოყიერება არ გვავიწყდება, ხოლო მრავალწლიან მცენარეებს ამისთვის დროდადრო ახალ ნიადაგში სჭირდებათ გადარგვა.

თუმცა, ხანდახან, მცენარეების მოყვარულები თავიანთ „აღსაზრდელებში“ ზრდის ან შეფერილობის დარღვევას ამჩნევენ და მიზეზს ვერ ხვდებიან.

ამ დროს მართალია, მცენარეს არანაირი დაავადება არ აქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის რაიმე დამცავ საშუალებას მიმართავენ. ეს კი არ წყვეტს მთავარ პრობლემას, რაც მცენარის არასწორ კვებაში მდგომარეობს.

განსაკუთრებით ხშირად ოთახის მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სიმპტომები, რომლებიც მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას ან სიჭარბეს ადასტურებს:

→ აზოტის უკმარისობა მცენარის ზრდას ანელებს: დეკორატიულფოთლებიან მცენარეს ძალიან ცოტა ახალი ყლორტი გამოაქვს. ფოთლები ფერს კარგავს, ღიამწვანე ფერის ხდება, შეიძლება წითელი შეფერილობაც გაუჩნდეს. პირველ რიგში ეს ნიშნები ეტყობა უფრო ძველ ფოთლებს, რომლებიც მომდევნო სტადიაზე ნაადრევად ჩამოცვივდება.

→ აზოტის ზედმეტობა ვლინდება ფოთლების შეფერილობის გამუქებაში, ამ დროს დაავადებებისა და მავნებლებისადმი წინააღმდეგობის უნარი მცირდება.

→ თუ მცენარე დადგენილ დროს არ ყვავილობს ან მისი ყვავილები ძალიან მკრთალადაა შეფერილი, ეს ფოსფორის უკმარისობაზე მიუთითებს. ამასთან ხშირად ქვედა, უფრო ძველი ფოთლები ჭუჭყიან მწვანე ფერს იძენს; მის შეფერილობაში სხვა ფერებიც შეიძლება გაჩნდეს, ლურჯიდან-წითლამდე ან იისფრამდე. ახალგაზრდა ფოთლები არ იზრდება და წვეროები ზემოთ ეპრიხება.

→ კალიუმის უკმარისობის დროს მცენარეები მომჩვარულები ხდებიან, განსაკუთრებით თბილ და მზიან დღეებში. მცენარე ზრდას წყვეტს, ფოთლები უმკრთალდება და სცვივა. კალიუმის უკმარისობაც მცენარის თავდაცვისუნარიანობის შემცირებას იწვევს.

→ რკინის უკმარისობის ტიპიური ნიშანი ე.წ. ფოთლების ქლოროზია: ძარღვები მუქ–მწვანე ხდება, მათ შორის ფოთლის ზედაპირი კი მკრთალდება და მოყვითალო შეფერილობას იძენს. რკინის ნაკლებობა მცენარეებს განსაკუთრებით მაშინ ეწყება, როცა დღის სინათლის ხანგრძლივობა იკლებს ან ნიადაგის მჟავიანობის დონე მცირდება.

ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის დონე

მცენარის კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის დონეზეც (pH) უნდა ითქვას. pH-ს მჟავებისა და ტუტეების თანაფარდობა განსაზღვრავს.

თვალსაჩინოებისთვის შკალა ასე გამოიყურება: ძლიერ მჟავე (pH = 3-4); მჟავე (pH = 4-5); სუსტად მჟავე (pH = 5-6); ნეიტრალური (pH = 7); სუსტი ტუტე (pH = 7-8); ტუტე (pH = 9); ძლიერ ტუტე (pH = 9-11).

pH-ის დონეზეა დამოკიდებული მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების უნარი. ყველაზე უკეთ მცენარე საკვებს მაშინ ითვისებს, როდესაც ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის დონე მისი მოთხოვნის დიაპაზონშია. თუ pH–ის დონე რომელიმე მხარეს გადაიხრება, მცენარეს საკვები ნივთიერებების უკმარისობა ექნება, მიწაში ეს ნივთიერებები საკმარისადაც რომ იყოს.

მცენარის ყიდვისას იმ შემთხვევაშიც კი თუ ნიადაგი ნეიტრალური ან სუსტად მჟავეა, დროთა განმავლობაში არასასურველი გადახრები მაინც წარმოიქმნება. რაც მეტ კირს შეიცავს სარწყავი წყალი, მით სწრაფად მცირდება მჟავიანობის დონე. მცენარეს ფოთლები უყვითლდება (აზოტის უკმარისობა) ან ვითარდება ფოთლების ქლოროზი (რკინის უკმარისობა).

განსაკუთრებით ხშირად ეს სიმპტომები უჩნდებათ მცენარეებს, რომლებსაც მჟავე ნიადაგი ურჩევნიათ. ესენია კამელია (Camellia japonica), ქათლეა (Cattleya labiata) და აზალია (Rhododendron simsii). ეს მცენარეები თავს ყველაზე უკეთ pH=4–5-ის დროს გრძნობენ. მათ გასახარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დანამატები, რომლებიც მიწის მჟავიანობას ზრდის.

ასევე შეგახსენებთ, რომ სარწყავი წყალი აუცილებელად მსუბუქი უნდა იყოს, რათა მიწაში ტუტეების დაგროვება არ მოხდეს.

ოთახის ყვავილების მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე

მცენარეების მოთხოვნილება მინერალურ ნივთიერებებზე მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ეს მოთხოვნილება განსაკუთრებით მაღალია ზრდის პერიოდში, ანუ მარტიდან სექტემბრამდე.

მცენარეების უმრავლესობას ამ პერიოდში კვება მონიმუმ კვირაში ერთხელ სჭირდება. სხვა სიტუაციაა ზამთარში, როცა ყველა მცენარეს ინდივიდუალური კვების რეჟიმი უნდა ქონდეს. მცენარეებს, რომლებიც ზამთარს ბნელ, გრილ შენობებში ატარებენ, 3–4 კვირაში ერთხელ კვებავენ. არის მცენარეები, რომლებსაც ზამთარში სრული სიმშვიდის პერიოდი აქვთ და მათ კვება საერთოდ აღარ ჭირდებათ. სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილება ძლიერად ვარირებს მცენარის განვითარების ფაზასთან მიმართებაში.

ახალგაზრდა მცენარეებს აზოტის მეტი შემცველობის სასუქი ჭირდება, რომელიც ღეროებისა და ფოთლების ზრდას უწყობს ხელს. მოგვიანებით, ყვავილობის პერიოდში, მეტი ფოსფორისშემცველი მინერალური დანამატის შეტანაა საჭირო.

კალიუმი კი განვითარების ფაზის მიუხედავად ყოველთვის დიდი რაოდენობით არის საჭირო.

მცენარეების სწორი კვება

ზრდის პერიოდში მცენარეს დამატებითი საკვები ყიდვიდან 2–4 კვირაში უნდა მისცეთ. თუ მცენარე თავად დარგეთ, მისი კვება მხოლოდ ზრდის დაფიქსირების შემდეგ უნდა დაიწყოთ. ამასთან არჩევანი უნდა გააკეთოთ მინერალურ და ორგანულ სასუქს შორის. მინერალური სასუქის გამოყენებისას მცენარისთვის საკვები ნივთიერებები მაშინვე ხელმისაწვდომი ხდება, ორგანულ სასუქში შემავალ საკვებ ნივთიერებებს კი მცენარე უფრო ნელა ითვისებს.

ყველაზე ჩვეულებრივი ორგანული სასუქია – კომპოსტი და ნაკელი. თუმცა ისინი უფრო ბაღებისა და მინდვრებისთვისაა გამოსადეგი, ვიდრე ოთახის მცენარეებისთვის. სახლის პირობებში დამზადებულ კომპოსტში ძნელია მინერალური ნივთიერებების შემადგენლობის განსაზღვრა, ამან კი შეიძლება არასწორი კვების შედეგად ოთახის მგრძნობიარე მცენარეების დაზიანება გამოიწვიოს. სხვა ორგანული სასუქი, როგორიცაა რქის ნათალი, ძვლის ფქვილი, სკინტლი – აჯობებს ეს ნივთიერებები ნიადაგს მცენარის გადარგვისას დაამატოთ.

სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძლება ორგანული სასუქის ყიდვა, რომელიც ასევე შეიცავს ნიადაგის შემადგენლობის გამაუმჯობესებელ, წყლის ზედმეტად აორთქლებისა და ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნის წინააღმდეგ მოქმედ მიკროორგანიზმებს.

ყველაზე მარტივია ოთახის მცენარეებისთვის მინერალური სასუქის გამოყენება, ამ დროს მცენარე ყველა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას საჭირო პროპორციით მიიღებს.

თხევადი მინერალური სასუქი

ეს მცენარის გამოკვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს გამოიყენება კონცენტრირებული საკვები ხსნარი, რომელიც ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტებს შეიცავს.

არსებობს სპეციალური ნარევები აზოტის მაღალი შემცველობით დეკორატიულფოთლებიანი მცენარეებისთვის. დეკორატიული მოყვავილე მცენარეებისთვის კი პირიქით, ფოსფორის მაღალი შემცველობის სხნარია საჭირო.

ამ ტიპის სასუქის გამოყენების მეთოდი საკმაოდ იოლია. სასუქის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს შეფუთვაზე მითითებულს, თუნდაც თქვენს მცენარეს საკვები ნივთიერებების ნაკლებობის სიმპტომები აღენიშნებოდეს. სასუქის ზედმეტმა კონცენტრაციამ მცენარის ნაზი ფესვები შეიძლება დააზიანოს.

გასახსნელი მინერალური სასუქი მარილის სახით

ის მცენარისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის, მაგნიუმს. სასუქის გარკვეული ოდენობა წყალში იხსნება. ჩვეულებრივ, საჭიროა სულ ცოტა მარილი.

აბები და ჩხირები

კვების ეს მეთოდი ადვილი, მაგრან ნაკლებად ზუსტია. ქოთნისა და მცენარის ზომის მიხედვით ნიადაგში საკვები ჩხირების ან აბების გარკვეული ოდენობა უნდა შეიტანოთ. მცენარეები მათში შემავალ მინერალურ ნივთიერებებს თანდათანობით ითვისებენ, რითიც ამ უკანასკნელთა სიჭარბის საფრთხე მცირდება.

სპეციალური სასუქი

მცენარეების ზოგიერთ სახეობას, როგორიცაა კაკტუსი ან ორქიდეა, კვების განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ასეთი მცენარეებისთვის სპეციალური საკვები ნარევები იყიდება.

დახმარება ექსტრემალურ შემთხვევებში: მცენარეების კვება ფოთლების ზედაპირის მეშვეობით

მინერალური ნივთიერებების მძაფრი უკმარისობის შემთხვევაში მცენარე ფოთლების ზედაპირის მეშვეობით შეგიძლიათ გამოკვებოთ. ეს მეთოდი გამოიყენება მაგალითად, მიწაში რკინის ნაკლებობისას, როცა ფოთლების ქლოროზი იწყება. ძალიან ხშირად ემართება ეს ჰორტენზიას, ბუჰენვილიას და ციტრუსებს. მიზეზი pH–ის ცვლილებაა, ანუ ნიადაგში სასუქის შეტანა პრობლემას არ გადაწყვეტს, რადგან მცენარე მის ათვისებას ვერ შეძლებს.

ახალი დაფესვიანებული ლერწების გამოკვება, ფოთლების ზედაპირიდან აზოტის მაღალი შემცველობის საკვები ნარევებით ძალიან სასარგებლოა. თუმცა მცენარის ფოთლებიდან კვება მხოლოდ დამატებითი ღონისძიებაა.

როგორ მოვიქცეთ მინერალური ნივთიერებების სიჭარბისას?

სასუქის მცირე ზედმეტობას მცენარე დამოუკიდებლადაც შეიძლება გაუმკლავდეს, უბრალოდ გარკვეული დროით მისი კვება უნდა შეწყვიტოთ. ნიადაგი ამ დროს მუდმივად ტენიანი უნდა იყოს, რათა მინერალურმა მარილებმა ფესვები არ დააზიანოს.

თუ ნიადაგში მინერალური ნივთიერებების შემცველობა ნორმაზე ბევრად მეტია, თქვენ ორი გზა გაქვთ: მცენარის გადარგვა ან ნიადაგის გარეცხვა. ამისთვის დადგით ქოთანი 15–20 წუთით გამდინარე წყლის ქვეშ. წყალი ძალიან ცივი არ უნდა იყოს და სადრენაჟო ნახვრეტში დაუბრკოლებლად გადიოდეს.

ასევე შეგიძლიათ ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადოთ დაახლოებით მიწის დონემდე და დაელოდოთ, სანამ მთელი მიწა წყლით გაიჟღინთება. შემდეგ ამოიღეთ ქოთანი და წყალს დაწრეტვა აცადეთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

დამატებითი კვების წესები

თუ მცენარე მიწის სპეციალურ ნარევშია ჩარგული, მისი ზედმეტად კვება რეკომენდებული არ არის. ზოგიერთ მომენტში მცენარეს კვება უბრალოდ არ ჭირდება. საკვები ნივთიერებების რაოდენობა მცენარისა და ქოთნის ზომებითაც განისაზღვრება. ყველაზე ხშირად მორწყვასთან ერთად ზრდის ან ყვავილობის პერიოდში უნდა კვებოთ. მოსვენების პერიოდში მცენარეს კვება ან საერთოდ არ ჭირდება ან მეტად მოზომილად.

თქვენი რეკლამა