ფურის სარძეო პროდუქტიულობა

ფური, ძროხა, რძე, პროდუქტიულობა

ფურის სარძეო პროდუქტიულობა გარკვეულწილად დამოკიდებულია მაკე მშრალი ფურის კვებაზე და მშრალობის პერიოდის ხანგრძლივობაზე.

ფური რომელსაც არ ჰქონდა მშრალობის საკმაო პერიოდი (50-60 დღე), ვერ განავითარებს მაღალ მერძეულობას. 

მშრალობის პერიოდი აუცილებელია როგორც ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, ისე წველადობის გასადიდებლად.

ფურს შეუძლია ჯიშიდან და კვების პირობებიდან გამომდინარე, დღე-ღამეში ერთიდან რამდენიმე ათეულ ლიტრამდე რძე გამოყოს. ნორამლური კვებისა და მშობიარობისთვის ფურის კარგად მომზადების პირობებში, მაქსიმალური რაოდენობის რძის გამოყოფა იწყება მოგებიდან პირველი თვის ბოლო დეკადაში ან მეორე თვეში, იშვიათად მესამე ან მეოთხე თვეში. 

→ მაქსიმუმი წველადობის მიღწევის შემდეგ, წველადობის დაქვეითება ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია.

ფურის მაქსიმალური პროდუქტიულობის გამოსავლენად მიმართავენ მის განწველას, რაც გულისხმობს ცხოველის სარძეო პროდუქტიულობის პოტენციალის გამოვლენას სრულფასოვანი საკვების მომატების ხარჯზე.

ფურისთვის მისაცემ ნორმით გათვალისწინებულ საკვებს უნდა დაემატოს დასაწისში 2-3 საკვები ერთეული, შემდგომში კი 1,5 – 2,5 საკვები ერთეული. საკვების დამატება ხდება მანამ, სანამ ფური ნორმის ზემოთ მიღებულ საკვებზე წველადობის გაზრდით პასუხობს. თუ წველადობის გაზრდა არ ხდება, მაშინ კვების დონეს უმცირებენ.

→ რძის გამოყოფის პერიოდი (მოგებიდან გაშრობამდე) — იწოდება ლაქტაციის პერიოდად. ლაქტაციის ნორმალურ ხანგრძლივობად მიღებულია 305 დღე.

ადგილობრივი დაბალპოდუქტიული პირუტყვი ერთი-ორი თვით ადრე შრება. სარძევე პროდუქტიულობის დასადგენად ლაქტაციის განმავლობაში აწარმოებენ მონაწველის აღრიცხვას. მონაწველის აღრიცხვის გამარტივებულ ხერხად ითვლება საკონტროლო წველა, რომელიც ტარდება ყოველთვიურად, დეკადაში ან თვეში ერთხელ. სიზუსტისთვის უკეთესია დეკადური აღრიცხვა.

მონაწველის აღრიცხვა ხდება დილა-საღამოს. დეკადაში აღრიცხული ერთი დღის მონაწველი მრავლდება 10-ზე და ვიღებთ დეკადურ მონაწველს. შემდეგ ყოველ დეკადურ ან ყოველთვიურ მონაწველს ვაჯამებთ და ვღებულობთ ფურის საშუალო წლიურ, ლაქტაციურ მონაწველს. ფურის მერძეულობა მატულობს ასაკის მატებასთანე ერთად.

→ პირველნაყოლი ფურები, შედარებით მცირე რაოდენიბის რძეს იძლევიან ვიდრე ზრდასრული ფურები.

პირველი ლაქტაციის მონაწველი შეადგენს ზრდასრული ფურების მონაწველის 60-70 პროცენტს, მეორე ლაქტაციისა 70-80 პროცენტს. უმაღლეს წველადობას ფურები ანვითარებენ ხშირ შემთხვევაში მეოთხე-მეექვსე ლაქტაციაზე.

ახლადნამშობიარები ფური პირველად უნდა მოიწველოს მოგებიდან ერთი-ორი საათის შემდეგ. კარგი კვების პირობებში სწორი და ხშირი წველა ხელს უწყობს სარძეო ჯირკვლის აქტიურ მუშაობას. ხოლო ამ უკანასკნელის გაძლიერებული მოქმედება თავსი მხრივ იწვევს მადის აღძვრას და ააქტიურებს საჭმლის მონელებელი სისტემის, გულის ფილტვების და სხვა შინაგანი ორგანოების მოქმედებას.

→ ამიტომ საჭიროა მოგებიდან პირველი ათი დღის განამვლობაში ფური დღეში სამჯერ იწველებოდეს, ხოლო თუ ფური მაღალპროდუქტიულია ოთხჯერ მოწველაც შეიძლება. ორი-სამი კვირის შემდეგ კი, ორჯერად წველაზე გადასვლა სრულიად ნორმალურია.

მოგებიდან პირველ დღეებში რძეში ცხიმის შემცველობა მაღალია, იგი განსაკუთრებით ბევრია ხსენში. შემდეგ ცხიმიანობა კლებულობს და ლაქტაციის ბოლო თვეებში თანდათან მატულობს, ფურის გაშრობის მომენტისთვის კი მაქსიმუმს აღწევს. საერთოდ რძეში ცხიმიანობის მომატება ან დაკლება დამოკიდებულია ფურის კვებისა და მოვალ პატრონობის პირობებზე. ცურის მასაჟზე, მოციონზე, ცხოველის კანის სისუფთავეზე, სადგომის ჰაერიზაციაზე და სხვა.

→ ფურის სარძეო პროდუქტიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია ცურის განვითარებულობა და მისი ფორმა. ფორმის მიხედვით ცური სამი სახისაა: ჯამისებური, მომრგვალებული და თხისებური.

მაღალპროდუქტიული ფურებისათვის ძირითადად დამახასიათებელია ჯამისებური ფორმის ცური, კარგად განვითარებული სარძეო ჯირკვლებით; კარგად განვითარებული მომრგვალო ცურის მქონე ფურებიც კარგი სარძეო პროდუქტიულობით ხასითადებიან, მაგრამ შედარებით ნაკლებს იწველიან ვიდრე ჯამისებური ფორმის ცურის მქონე ფურები.

თხისებური ცურის მქონე ფურები დაბალპროდუქტიულობით ხასიათდებიან. მათ განვითარებული აქვთ, მხოლოდ ცურის უკანა მეოთხედები, წინა ორი მეოთხედი კი ძალიან სუსტად აქვთ განვითარებული. ჩვეყულებრივ ასეთი ფურები გამოწუნებას ექვემდებარებიან.

ავტორები: ელიოზ ხაჭაპურიძე, კობა კობალაძე

იხილეთ აგრეთვე: ფურის დაგრილების და ხბოს მოგების კალენდარი

თქვენი რეკლამა