როგორ დავიცვათ ხე და მისი ქერქი დაავადებისგან-მებაღის ცნობარი

3546 Views

ახლა ზამთარია, ასე ვთქვათ, «მკვდარი სეზონი» მცენარისთვის, თუმცა, მისი მოვლის მეთოდები, რომელსაც ახლა გთავაზობთ, გვიან შემოდგომაზე, ზამთრის თბილ დღეებში და ადრე გაზაფხულზეც ძალიან საჭიროა.

რაც უფრო ხანში შედის ხე, მცენარე, მით უფრო უსწორმასწორო ხდება მისი ქერქი. იგი იფარება ღრმა ბზარებით, რომლებშიც თანდათანობით გროვდება წყალი, რომელიც ანესტიანებს ხის ქერქს და ხელს უწყობს მასში პათოგენური მიკრობების და სოკოების დასახლებას, შემდეგ კი სოკოვანი დაავადებების განვითარებას. ქერქის ნაპრალებში თავს იფარებენ მავნე მწერებიც.

აღნიშნული მოვლენების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ქერქის მოვლა, რაც შემდეგში გამოიხატება-ხის ქერქს ასწორებენ ყოველგვარი გამონაზარდების მოშორებით. ახალგაზრდა ხეების ქერქს წმენდენ ბაღის დანებით.

ძველ ხეებზე, რომელთა ქერქი უხეშია და არ არის ცოცხალი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობა, ქერქის გაწმენდა შეიძლება ვაწარმოოთ ლითონის ცოცხებით. ამ ოპერაციის ჩატარება უკეთესია ნოტიო ამინდში, შემოდგომაზე, ზამთრის თბილ დღეებში, ადრე გაზაფხულზე, როცა დარია.

ქერქის გაწმენდის შედეგად მიღებული მთელი ნაწმენდი გროვდება ხის ძირთან დაფენილ საფენზე, ყველა შიგ არსებული მავნებლების გასანადგურებლად. შემდეგ მას წვავენ, ხავსებისა და მღიერების წინააღმდეგ კი ატარებენ შესხურებას რკინის შაბიამნის 5%-იანი ხსნარით.

შტამბისა და მსხვილი ტოტების გაწმენდის მიზნით ხდება აგრეთვე კირით შეთეთრება. ამისთვის უნდა ავიღოთ ჩამქრალი კირი და დავუმატოთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მივიღოთ. ეს გავაჩეროთ ერთი დღე და მეორე დღეს შევათეთროთ.

ხის შტამბის ან ქერქის დაზიანებას იწვევენ თაგვები და სხვადასხვა მღრღნელები. მათგან დასაცავად კარგია შტამბისა და ქვემოთა ტოტების ძირების შეხვევა.

სხვადასხვა მიზეზებით დაზიანებულ მცენარის ქერქს უნდა ვუწამლოთ. წამლობის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათისაა დაზიანება. თუ ქერქი დაზიანებულია მექანიკურად (გაკაწვრა, ჭრილობები და სხვა), ჭრილობებს წმენდენ ჯანსაღ ადგილამდე და ფარავენ საცხებით. გავრცელებულია ზეთის საღებავი, ან უკეთესია ბაღის მალამო.

თაგვებისა და სხვა მღრღნელებისაგან გაღრღნილ ქერქს ამავე წესით უსვამენ საცხს და შემდეგ ახვევენ.

თუ დაზიანებული ადგილი მიწასთან ახლოსაა, მიაყრიან მიწას. თუ ქერქი გაღრღნილია არა ადგილ-ადგილ, არამედ მთელი შტამბის გარშემო, საცხებლის წასმისა და შეხვევის შემდეგ, როდესაც ხეები დაიწყებენ ზრდას და ქერქი თანდათანობით მოსცილდება, აწარმოებენ ე.წ. ხიდით მყნობას (როცა სეზონია) _ შტამბის ირგვლივ, დაზიანებული ქერქის ნაპირების გასწვრივ ჩაუშვებენ 3-4 კალამს.

თუ ქერქი დაზიანებულია მთელი შტამბის ირგვლივ 10 სმ-ზე და მეტზე, ამ დროს სპეციალური წამლობა არ შველის. ხეებს გადავჭრით დაზიანებული ადგილის ქვემოთ იმ მიზნით, რომ გამოვიწვიოთ დარჩენილი ჯანსაღი ადგილებიდან ამონაყრების განვითარება და მასზე გამოვიყვანოთ ახალი (კრონა) ვარჯი. ახალგაზრდა ხეები სწრაფად იძლევა ამონაყრებს, ვიდრე ძველი.

ამიტომ ძველ ხეებში, გადაჭრის ადგილას, ახდენენ ქერქში ჩამყნას ორი-სამი კალმით, თითოეულ ხეზე. გახარებული კალმებიდან შემდგომში ვტოვებთ მხოლოდ ერთს და მასზე გამოგვყავს ახალი (კრონა) ვარჯი. შტამბზე წარმოშობილი ახალი ნაზარდები ან უნდა მოვაცილოთ, სანამ ხე არ გამოჯანსაღდება.

თუ თავის დროზე არ იქნა მიღებული ზომები ჭრილობის მოსარჩენად და ყურადღება არ მივაქციეთ გადამტვრეულ ტოტებს, ლპობა თანდათან გავრცელდება ხის შიგნით და წარმოიშობა ფუღურო. ფუღურო ყოველწლიურად დიდდება, რის შემდეგაც შტამბის მთელი გული ლპება და ცარიელდება.

ფუღუროიანი ხეები ცუდად იზრდებიან, სუსტდებიან და ადვილად ტყდებიან. ამიტომ აუცილებელია მათი ამოვსება შემდეგნაირად: ფუღუროს ჯერ ამოვწმენდთ, გავუკეთებთ დეზინფექციას, გავლესავთ ასფალტით («გუდრონი») და ამოვავსებთ ცემენტის და სილის ნარევით (ერთ წილ ცემენტს ვუყოთ სამი წილი სილა და შევზილოთ). როცა ცემენტი გამაგრდება შიგ, ზედაპირი ისევ გადავლესოთ ასფალტით. ასე უნდა გავიმეოროთ ყოველ წელს, რომ ხელი შევუშალოთ ფუღუროში წყლის ჩასვლას.

თუ ხეებს აქვთ ღეროზე მსხვილი კუთხით შეზრდილი ტოტები, მათ ერთმანეთზე აკრავენ მავთულით. ტოტთან მავთულის შეხების ადგილზე ატანებენ ტყავს ან რეზინს. როდესაც ტოტები მსხვილია, შეიძლება, ის ბურღით გავხვრიტოთ, ჩავუშვათ შიგ ჭანჭიკი და მისი საშუალებით გავამაგროთ.

გაბურღულ ადგილს გავუკეთოთ დეზინფექცია ბორდოს სითხით და წავცხოთ ზემოთ ხსენებული ასფალტის საცხი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: შეათბობენ ასფალტს მანამ, სანამ არ გადნება. შემდეგ გავიტანთ ცეცხლისგან მოშორებით და და ოდნავ შეგრილებულს დავუმატებთ ბენზინს, ავურევთ და ეს მალამოც მზადაა. ასე შეიძლება შინაურ პირობებში საფუძვლიანად ვუმკურნალოთ ხე მცენარის ქერქს, მასზე გაჩენილ ფუღუროებს და ბზარებს.

ლამზირი ბერაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი 

gurianews.com
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB