მასანობუ ფუკუოკას მეთოდი

314 Views

მასანობუ ფუკუოკას მთავარი იდეა ისაა, რომ მომდევნო კულტურა ითესება წინამორბედის შემოსვლის პერიოდში.

ამასთანავე გამოიყენება უწყვეტი მულჩირება (შეთესილი სამყურა) და ორმაგი ნათესების პრინციპი, საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების გამოყენებით.

ბრინჯის მოსაყვანად ნაკვეთი თავიდან უნდა მოშანდაკდეს და გარშემო (პერიმეტრზე) დაბალი ჯებირები გაკეთდეს (წყლის დასაგუბებლად) ისე, რომ ზაფხულში წყლის 7 სმ-იანი შრე შეაკავოს.

ნიადაგის მომზადების შემდეგ შეაქვთ კირი ან დოლომიტი, სავარგული ირწყვება, იყოფა 5 თანაბარი სიდიდის ნაკვეთად და ითესება საშემოდგომო კულტურა.

შემოდგომით ხუთივე ნაკვეთზე ითესება შემდეგი კულტურები:

ნაკვეთი 1: ბრინჯი, სამყურა, ჭვავი;

ნაკვეთი 2: ბრინჯი, სამყურა, ქერი;

ნაკვეთი 3: ბრინჯი, სამყურა, ფეტვი;

ნაკვეთი 4: ბრინჯი, სამყურა, საშემოდგომო ხორბალი;

ნაკვეთი 5: ბრინჯი, სამყურა, შვრია.

ბრინჯის თესლი რჩება ნიადაგში გაზაფხულამდე, ხოლო სხვა კულტურები აღმოცენდებიან დათესვის შემდეგ.

ადრე შემოდგომა

ყამირ ნაკვეთზე თხელ ფენად მიმოიბნევა ფრინველის ნაკელი. 1კგ სამყურა 1 ჰა-ზე ითესება, ჭვავი და სხვა მარცვლოვანი კულტურები _ 7_16კგ, ბრინჯი– 6_11კგ.

თუ სამყურა პირველად ითესება, თესლს ინოკულაცია უნდა ჩაუტარდეს (პარკოსანი მცენარეების სათესლე მასალის კოჟროვანი, აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიებით ხელოვნური დასნებოვნება).

თესვისას სათესლე მასალა შეიძლება ჯერ ნიადაგის ზედაპირზე მიმოიბნეს (სათესის გარეშე), ხოლო შემდეგ, ფრინველებისაგან და საცავად, ნამჯით დაიფაროს. გარდა ამისა, შესაძლებელია, თესლი შეერიოს თიხის ცომს და მავთულის ცხაურში გატარდეს, გამოვა თიხის ბურთულები (კაფსულები), რომელთა გულშიც თესლია მოთავსებული.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: თესლი ჯერ უნდა დალბეს, ხოლო შემდეგ, სველ ლანგარზე ფერთხვით შეერიოს მშრალ თიხის ფქვილს და ასე თესლის გარშემო წარმოიქმნება თიხის ბურთულები.

თესლის დიდი რაოდენობის შემთხვევაში ამისათვის შესაძლებელია ბეტონსარევი მანქანის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც მანქანაში დანამული თესლი თიხის ფქვილთან ერთად იყრება.

მეორე წელიწადს, შემოსული ბრინჯის ნათესში (ბრინჯის აღებამდე) ითესება ჭვავის (ან სხვა ჩამო თვლილი მარცვლოვნებიდან ერთ-ერთის) და სამყურას ნარევი.

შემოდგომის შუა რიცხვები

შემოდის შარშანდელი ბრინჯი. მოსავალი 2_3 კვირის განმავლობაში შრება სტელაჟებზე და შემდეგ იცეხვება. ბრინჯის ნამჯა და ნაცეხვი, მულჩის სახით, კვლავ ყანაში ბრუნდება.

სანამ ნიადაგის ზედაპირზე თანაბარი თხელი ფენით ნამჯას მიმოაბნევდეთ, საგაისოდ ითესება ბრინჯი (ამ დროს, ჭვავისა და სამყურას ნარევი ბრინჯის აღებამდე უკვე დაითესა).

ზამთარი

ნათესში იხვების მსუბუქი ძოვება ხელს უწყობს მცენარეების ბარტყობას, უზრუნველყოფს ნიადაგს სასუქით (იხვების სკორე) და ამცირებს მავნებლების ოდენობას.

ზედმეტად „ამოხშირული“ ადგილები მაშინათვე (შეძლებისდაგვარად სწრაფად) უნდა დაითესოს. როდესაც მცენარეების სიმაღლე დაახ ლოებით 15სმ-ს მიაღწევს, ნათესში შესაძლებელია კვლავ იხვების გაშვება.

გაზაფხული

უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად კარგად იზრდება ბრინჯი, და საჭიროების შემთხვევაში შეითესოს „ცარიელი“ ადგილები.

გვიანი გაზაფხული / ზაფხულის დასაწყისი

ხორბლეული (ჭვავი, ქერი, ფეტვი, შვრია და ხორბალი) აიღება, რჩება გასაშრობად (7_8 დღის განმავლობაში – ამ პერიოდში მოსავალი ფრინვე ლებისაგან წვრილი, პლასტმასის ბადით უნდა დაიცვათ).

ამ დროს ბრინჯის ნათესი ოდნავ ზიანდება, მაგრამ იგი თავად სწრაფად აღიდგენს თავს. ცეხვის შემდეგ ნამჯა მთლიანად ბრუნდება ყანაში.

ამასთანავე, ნამჯის ყოველი სახეობა გარკვეულ ნაკვეთზე უნდა შეიტანოთ:

ნაკვეთი 1: შვრია;

ნაკვეთი 2: ჭვავი;

ნაკვეთი 3: ქერი;

ნაკვეთი 4: ფეტვი;

ნაკვეთი 5: საშემოდგომო ხორბალი.

ზაფხულის დასაწყისი

ყანაში რჩება მხოლოდ ბრინჯი და სამყურა (ცოცხალ მულჩად). შესაძლოა აღმოცენდეს ზაფხულის სარეველა, მაგრამ დატბორვისას, რომელიც 7_8 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, იგი სწრაფად იღუპება.

სამყურა წესით არ უნდა დაიღუპოს, თუმცა, შესაძლოა გაყვითლდეს (რომც დაიღუპოს, მას, ამ დროისათვის, თავისი ძირითადი მისია უკვე შესრულებული აქვს). ბრინჯი რჩება მოსავლის აღებამდე (შემოდგომამდე).

ზაფხული

ყანაში ბრინჯის ნათესის გაჯერებულობა უნდა შეადგენდეს 50_80%-ს. სხვა მარცვლეულის სათესლე მასალა მზადდება დასათესად, რაც ადრე შემოდგომაზე ბრინჯის აღებამდე ხორციელდება. შემდეგ ციკლი თავიდან მეორდება.

მასანობუ ფუკუოკას მეთოდი

მასანობუ, ფუკუოკა

1. შემოდგომა: თავიდან ყამირი ითიბება (A), კავით იხვნება (ნიადაგის გადაუბრუნებლად), რის შემდეგაც ითესება ბრინჯი, ჭვავი და სამყურა (B), ნათესი იმულჩება (C) და ემატება საჭირო ორგანული სასუქი.

2. ზამთარი: სამყურა და ჭვავი აღმოცენდება.
ბრინჯი გაზაფხულამდე მიწაში რჩება.

3. გაზაფხული/ზაფხული: ჭვავი დამწიფებისას იმკება.
ჭვავის ჩალა რჩება ყანაში მულჩად.
ბრინჯი აღმოცენდება.

4. ზაფხული/შემოდგომა: ბრინჯი იზრდება, მწიფდება და იმკება.
ბრინჯის ჩალაც ყანაში რჩება.

5. ციკლი მეორდება.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლად საკუთარი სისტემა უნდა შეიმუშაოთ და კულტურების შესაბამისი კომბინაცია შეარჩიოთ (მაგ.: ბრინჯი სიმინდით შეცვალოთ ან სამყურას ნაცვლად რომელიმე სხვა, თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომი პარკოსანი დათესოთ).

როდესაც სახეობებს დაადგენთ, შემდეგ 2_3 წელი ეს სისტემა საკუთარ მცირე ნაკვეთზე უნდა გამოსცადოთ. სამაგიეროდ აღარ დაგჭირდებათ ხვნა, კულტივაცია, თოხნა და სარეველებთან ჭიდილი.

ნაკვეთის გარშემო, წყლის შემაკავებელ მიწაყრილზე სასურველია დარგოთ სარეველა ბალახების გავრცელების დამთრგუნავი მცენარეები (ისინი თავიანთი ფესვებით მიწაყრილსაც გაამაგრებენ).

მაგ.: ლაშქარა (Symphytum caucasicum – სამკურნალო მცენარე), ქაცვი (Hippophae rhamnoides), ცირცელი (Sorbus caucasigena), ძახველი (Viburnum opulus), კოწახური (Berberis vulgaris), ბარამბო (Melissa officinalis) – სამკურნალო ბალახი, გემრიელი ჩაი) და სხვ. ამ ნარგავებისათვის მულჩად ნახერხიც გამოდგება.

ბ. მოლისონი, რ.მ. სელეი, „პერმაკულტურის შესავალი“.

ავტორი: ზურაბ კარბელაშვილი
/ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB