მაყვალი – როგორ შევარჩიოთ ნაკვეთი მაყვლის დასარგავად

მაყვლის, ნაკვეთის, არჩევა

მაყვლის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება:

  • ნიადაგის ტიპი და ნაყოფიერება;
  • დრენაჟი;
  • ქარისგან დაცვა;
  • განათება;
  • წყლის ხელმისაწვდომობა;

მაყვლის გასაშენებლად უნდა შეირჩეს კარგად განათებული ადგილი. მაყვალი არ უნდა დაირგას ხეების რიგების ან შენობების ჩრდილში.

საუკეთესოა დრენაჟირების კარგი სისტემის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერი, მაღალი ორგანული ნივთიერებებით მდიდარი (2-4%-იანი) ნიადაგი.

ნიადაგის pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0-სა და 7.0-ს შორის.

მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს, ასევე, კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც.

ნაკვეთის შერჩევისას წყლის დრენაჟის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაყვლის ფესვთა სისტემა ნიადაგში 1 მეტრის ან მეტ სიღრმეზეა განვითარებული. მიზანშეწონილი არ არის მაყვლის გაშენება ქვედა შეუღწევი შრის მქონე ნიადაგის ნაკვეთზე.

ჟანგბადის დაბალი შემცველობისადმი მაყვლის ფესვების მგრძნობიარობის გამო ნიადაგის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე არ უნდა იყოს გრუნტის წყლები. მაყვალი უნდა დაირგას სწორ ან ოდნავ დაქანებულ მიწის ნაკვეთზე.

აუცილებელია ნარგავების გარშემო უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის სათანადო მოძრაობა. ჰაერის მოძრაობა ამცირებს ტენიანობას მცენარეთა გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას.

ჰაერის მოძრაობა, ასევე, ამცირებს გაზაფხულზე მცენარეების მოყინვის საფრთხეს. როდესაც მცენარეები დარგულია შედარებით მაღალ, დაქანებულ ნაკვეთზე, ცივი ჰაერი მიემართება ქვევით, ნაკვეთის ყველაზე დაბალ შესაძლო წერტილში.

ვინაიდან ცივი ჰაერი შეკავდება ყველაზე დაბალ წერტილში, ჰაერის სათანადო მოძრაობის პირობებში ნაკლებ სავარაუდოა გვიანი გაზაფხულის ყინვებით ნარგავების დაზიანება.

მეორე მხრივ, საჭიროა მაყვლის დაცვა ძლიერი ქარისგან, რომელიც ამცირებს მცენარეთა სიძლიერეს სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში, იწვევს ბუჩქის ზრდის შეფერხებას და შეიძლება, გამოიწვიოს ზამთარში დაზიანება.

ზაფხულის ცხელ ქარებს შეუძლია ნაყოფის დესიკაციის და სიდამწვრის გამოწვევა და მცენარის მოთხოვნილების გაზრდა წყალზე. ცხელი ქარის ზემოქმედება გამოიწვევს ბუჩქის სიძლიერისა და ნაყოფის ზომის შემცირებას.

ბორცვიან და მთიან ნაკვეთებში მაყვალი, როგორც წესი, ყველაზე კარგად იზრდება დაცულ ჩრდილოეთ ფერდობებზე. შესაძლებელია სამხრეთის ფერდობების გამოყენება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში დღის განმავლობაში მცენარეთა ტემპერატურა შეიძლება იყოს მაღალი.

იანვარ-თებერვალში რამდენიმე დღის განმავლობაში თბილმა ამინდმა შეიძლება გამოიწვიოს ვეგეტაციის დაწყების პროვოცირება, მოგვიანებით დამდგარმა ცივმა ამინდებმა კი დააზიანოს ის.

ახალი ნერგები უნდა დაირგოს რაც შეიძლება შორს ველური მაყვლისა და ჟოლოსგან. მაყვლის ნარგავებზე დაავადების გავრცელების პროფილაქტიკისთვის ნაკვეთიდან 300 მეტრის ფარგლებში საჭიროა ტყის კენკრის ნარგაობის მოცილება.

მაყვლის პლანტაციის გასაშენებლად ნაკვეთი, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა შეირჩეს მცენარეების დარგვამდე ერთი წლით ადრე. ნაკვეთის მოსამზადებლად და ნიადაგის დასამუშავებლად საჭიროა სათანადო დრო.

მიწის მომზადების სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს ნიადაგის დრენაჟის გაუმჯობესებას, pH-ის შეცვლას, ნიადაგში საკვები ნივთიერებების და ორგანული სასუქის შეტანას და მრავალწლიან სარეველებთან ბრძოლას.

ნიადაგით გავრცელებული მწერების პოპულაციის, მაგალითად, როგორიცაა მავთულა ჭიები, შემცირების მიზნით, მაყვლის დარგვამდე უნდა დაირგას ტექნიკური კულტურები ან დაითესოს მარცვლეული.

ეს, განსაკუთრებით, რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთზე მანამდე მოჰყავდათ კორდი ან შინაური ცხოველებისთვის საკვებად განკუთვნილი პარკოსანი მცენარეები.

მაყვლის დარგვამდე ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს წინა კულტურის დარჩენილი ნებისმიერი ნარჩენებისგან. ნიადაგი უნდა მოიხნას ან დამუშავდეს შემოდგომაზე, მომავალ გაზაფხულზე მაყვლის დასარგავად.

ავტორი: დევიდ პიჩა, მაყვალი.
იხილეთ აგრეთვე: მაყვალი – დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა