ლოკოკინასთან ბრძოლის — ბიოლოგიური, მექანიკური და ქიმიური საშუალებები

1209 Views Comment Off

ლოკოკინა

ლოკოკინა თავფეხიანი მოლუსკია, რომელსაც გააჩნია სპირალური ნიჟარა. ნიჟარას ლოკოკინა ზურგით ატარებს და საფრთხის ან არასასურველ პირობებში შიგ იმალება. ნიჟარა ცხოველთან ერთად იზრდება და იხვევა. მისმა ზომამ 60 მმ-ს და წონამ 30 გრამს შეიძლება მიაღწიოს (არსებობს გოლიათი ლოკოკინა ახატინაც, რომლის ზომებიც ბევრად დიდია).

ლოკოკინას სხეული ასიმეტრიულია და იყოფა 3 ნაწილად: თავი, ფეხი და შიგნეულის ტომსიკა (პარკი), რომლიდანაც  გამოდის მანტიის ნაკეცი. ლოკოკინები გადაადგილდებიან ფეხის ქვედა ზედაპირით, კუმშავენ და შლიან რა კუნთებს მის მთელ სიგრძეზე ტალღისებურად.

ფეხის ეპითელიუმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, რაც ეხმარება უკეთესად მოძრაობაში, სრიალებს რა სუბსტრატის ზედაპირზე. არასასურველი პირობების დადგომისას ან ზამთრის სიცივეებში გამოყოფილი ლორწოს აფსკი მჭიდროდ ხურავს შესასვლელს და იცავს სხეულს. შიგნეულის ტომსიკა მოთავსებულია კირის სპირალურ ან თალფაქისებურ (წყლის ნიჟარა) ნაჭუჭში.

ლოკოკინას თავზე გააჩნია ერთი წყვილი გრძელი და ერთი წყვილი მოკლე საცეცი. გრძელი საცეცების ბოლოებზე მოთავსებულია თვალები. ყბები რქოვანია, ხახაში მოთავსებულია ენა რამოდენიმე რიგად განივად გაწყობილი წვრილი კბილებით, რითაც მოლუსკი ფხეკს საკვებს.

ლოკოკინების უმრავლესობა ჰერმაფროდიტია. ისინი ფეხებით მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და ხდება სპერმატოფორების გაცვლა. შემდეგ განაყოფიერებული ლოკოკინები ნიადაგის ჩაღრმავებებში, მცენარეთა ძირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ დებენ 30-60 კვერცხს, საიდანაც სამი კვირის შემდეგ გამოდის ახალი თაობა, რომელიც მხოლოდ ზომებით განსხვავდება ზრდასრულისაგან.

ზამთრობს ძირითადად კვერცხის სახით ნიადაგის კოშტებქვეშ. ეს ცხოველი კარგად უძლებს ზამთრის სიცივეს. მას შეუძლია დიდ ყინვებს გაუძლოს და ყინულში ჩაყინული მიეცეს ზამთრის ძილს.

ლოკოკინა ბაღის სანიტრის როლს ასრულებს, მაგრამ მისი მავნეობა ბევრად სჭარბობს მისგან გამოწვეულ სიკეთეს, რადგან ის აზიანებს ხეებს, ბუჩქებს, ვენახს, ბოსტანეულს, ბაღჩეულსა და დეკორატიულ მცენარეებს, იკვებება რა მათი ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, კვირტებითა და ყვავილებით.

გარდა ამისა ლოკოკინები არიან უძიმესი დაავადებების შისტოსომოზისა და ოპისტორქოზის გადამტანები, თუმცა საქართველოში ეს დაავადებები ჯერ არ დაფიქსირებულა.

ლოქორა

ეკუთვნის თავფეხიან მოლუსკებს. მას არ გააცნიანიჟარა, ან აქვს რუდიმენტის სახით (გადაგვარებული). ისინი იკვებებიან როგორც ბოსტნეულით, ისე ხის და ვაზის ფოთლებით (ძირითადად ჩამოცვენილით), გაუმერქნიანებელი ყლორტებით და სოკოებით (მათ შორის შხამიანით).

ზოგიერთი ლოქორა მტაცებელი ან ნეკროფაგია, იკვებება ნიადაგის ცოცხალი უხერხემლოებით, მაგ. სხვა თავფეხიანი მოლუსლებით და ჭიაყელებით. ლოქორებს არ გააჩნიათ გაუწყლოებისაგან დამცავი ეფექტური საშუალებები, ამიტომ ისინი ცხოვრობენ ტენიან ბიოტიპებში.

ლოქორების სხეული წაგრძელებულია, ისინი სხეულის ფორმას იცვლიან და მოძრაობენ კუნთების შეკუმშვის ხარჯზე. სხეული ორმხრივსიმეტრიულია. კანის ეპითელიუმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, რომელიც იცავს სხეულს გამოშრობისაგან, უადვილებს მოძრაობას და აფრთხობს მტაცებლებს.

სხეული შედგება თავის, ფეხისა და ვისცერალური მასისაგან. თავზე მოთავსებულია 1 ან 2 წყვილი საცეცი რომლებზეც განლაგებულია გრძნობათა ორგანოები. თავს უკან ზურგის მხარეს მოთავსებულია მანტია, რომლის ზედაპირზეც მარჯვენა მხარეს არის სასუნთქი ხვრელი.

ბევრი სახეობის ლოქორას შენარჩუნებული აქვს ნიჟარის რუდიმენტი, რომელიც წარმოადგენს კალციუმის მარილების მარაგს და ხშირადდაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებთან.

ბრძოლის ღონისძიებები ლოკოკინების წინააღმდეგ

ლოკოკინები ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიან უქმნიან მცენარეებს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მცენარეებს, იკვებებიან რა მწვანე მასით. მათ წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა არსებობენ ისეთი მექანიკური მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია საგრძნობლად შევამციროთ მათი რაოდენობა და აქედან გამომდინარე უარყოფითი შედეგები.

მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდები:

  • ნარგაობის (ხეების, ბუჩქების ან ბოსტან-ბაღჩის) გარშემო დანაყილი ზღვის ლოკოკინების ნიჟარების ზოლის ან კვერცხის ნაჭუჭთან და დაფქვილ კაკლის ნაჭუჭთან შერეული მსხვილი ქვიშის ზოლის ბარიერის შექმნა;
  • მცენარეთა ან ბოსტანისა და ბაღჩის გარშემო ნაძვისა და ფიჭვის ტოტების შემოწყობა. ის ქმნის ბარიერს ლოკოკინებისათვის და ამავე დროს, სასუქიც იქნება;
  • პრაქტიკაში გამოიყენება გამხმარი ჭინჭრის დაყრა მცენარის ირგვლივ;
  • ნიადაგის მულჩირება ნახერხით;
  • ხეების და ბუჩქების ძირში ნიადაგზე მშრალი ხის ნახშირის, ცარცის ან თამბაქოს მტვერის მოფრქვევა, (ეს მეთოდი კარგად მოქმედებს მშრალ ამინდში, წვიმის შემდეგ კი ეს მასა ლბება და ეფექტი მცირდება).

ზემოთ აღწერილი ყველა მეთოდი განიზიდავს ლოკოკინებს, რადგან მათ ამ ბარიერების გადალახვა არ შეუძლიათ.

  • რიგთაშორის სველი ფანერების ან სველი ტომრების დალაგება ( ლოკოკინები შედიან მათ ქვეშ და შემდეგ ავკრეფთ და მექანიკურად გავანადგურებთ);
  • ლოკოკინას მოსაცილებლად მცენარეები შეგვიძლია შევასხუროთ ყავის ნაყენით შემდეგი პროპორციით-ყოველ ერთ ჭიქა წყალში უნდა გაიხსნას 2 ჩაის კოვზი ყავა;
  • ნივრის ნაყენი-100 გრამ გახეხილ ნიორს დავასხათ ცოტა წყალი, გავაჩეროთ ერთი დღე და ღამე, შემდეგ მიღებული ხსნარი გავაზავოთ არსებულ ნაყენზე 3-4-ჯერ მეტი წყლით და დავამუშავოთ მცენარეები;
  • გამოიყენება მწარე წიწაკა ან მდოგვი. 50 გრამი მშრალი მასა იხსნება 300 მლ წყალში, აყოვნებენ 1 საათს, შემდეგ 3-4 ჯერ მეტ წყალში ხსნიან და ასხურებენ.
  • ლოკოკინები გაურბიან დაფნას, ამიტომ კარგ შედეგს იძლევა მცენარეთა შესხურება დაფნის ნახარშით;
  • კონსერვის ქილებში, რომელთაც პირები ჩაკეცილი აქვთ ასხამენ ლუდს და დგამენ ნიადაგში ისე, რომ ქილის პირი მიწის პირის დონეზე იყოს. ლოკოკინები ეტანებიან ლუდს, ჩადიან ქილაში და იღუპებიან. პერიოდულად ქილის შიგთავსი უნდა განახლდეს, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ;
  • ყველასთვის ცნობილია რიგთაშორის მარილის მოყრა, რადგან ლოკოკინა მასზე გადაცოცებისას კვდება, მაგრამ არ შეიძლება ამ მეთოდის ხშირად გამოყენება, რადგან ნიადაგს დავამლაშებთ.

ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდია აგრეთვე: ლოკოკინების წინააღმდეგ პარაზიტული ნემატოდას-Phasmarhabditis hermapodis გამოყენება, საწარმოო დასახელება-nemaslug. ტენიან ამინდში ამ მიკროორგანიზმების წყლიანი ნაზავით უნდა შეიწამლოს მცენარეები.

თუმცა ამ პრეპარატს აქვს უარყოფითი მხარეც, პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას გამოშვებიდან 3-4 კვირაში და ინახება სიცივეში.

ქიმიური საშუალებებიდან გამოიყენება:

  • მეთალდეჰიდი- საწარმოო დასახელებით მეტადექს პელეტი, გრაზა, მეტა ან სხვა. ამ პრეპარატის გრანულები უნდა განლაგდეს შემდეგი პროპორციით: 40 გრ. პრეპარატი ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე. ეს მასა უნდა განაწილდეს ყოველ 10-15 სმ-ზე ერთმანეთისაგან. ამ შემთხვევაში დაკრეფილი ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა გაირეცხოს;
  • წვრილად დაფქვილი რკინის ძაღა (რკინის შაბიამანი) შერეული ქვიშასთან ან ჩამქრალ კირთან. ეს ნარევი უნდა მოიყაროს საღამოს ან ნესტიან დღეს ნიადაგზე. შეიძლება გაიჭიმოს ნიადაგზე შაბიამანში დასველებული თოკები ან დალაგდეს რიგთაშორისებში ამ ხსნარში დასველებული ძველი ნაჭრის ნახევები ან ბამბის ფთილები;
  • რიგთაშორისებზე მოეფრქვიოს სუპერფოსფატი ან ჩამქრალი კირი 2-ჯერ 15 წუთის გამოშვებით, ზედიზედ 2 დღის მანძილზე ამ პროცედურის განმეორებით მნიშვნელოვნად შემცირდება ან მოისპობა ლოკოკინები.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აგროტექნიკური ღონისძიებების დროული ჩატარება: ნიადაგის გაფხვიერება მთელი სეზონის მანძილზე, მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება, რიგთაშორისებში სარეველების დროული მოსპობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
280 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6029 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB