ლაქის ხე — კულტურა, დარგვა-მოყვანა, გამოყენება

143 Views Comment Off

ზოგადი ონფორმაცია

ლაქის ხე ფოთოლმცვენი მცენარეა, თავის სამშობლოში სიმაღლით 20-22 მეტრამდე იზრდება;  შტამბის დიამეტრი 0,5-1,0 მეტრს აღწევს. შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ასწლოვანი ნარგავები 17 მეტრამდე სიმაღლეს, ხოლო შტამბის დიამეტრი 60-80 სმ-ს აღწევენ.

ლაქის ხე ეკუთვნის ძვირფას ტექნიკურ კულტურას, იგი შემოტანილი იქნა საქართველოს დასავლეთ რაიონებში შორეული აღმოსავლეთიდან პროფ. კრასნოვის ექსპედიციის მიერ 1896 წელს.

ლაქის ხის კულტურა საინტერესოა მაღალი ტექნიკური თვისებების მქონე პროდუქციით, რის გამოც მისი გავრცელების კარგი შესაძლებლობებია ჩვენს სუბტროპიკებში. არსებული მონაცემებით ცხელი ჰავა და სილნარი, მწირი ნიადაგები ცვილის დაგროვებას უწყობს ხელს, ღრმა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები და ზომიერი კლიმატი ხელსაყრელია რძე-წვენის (ლაქის ნედლეულის) დაგროვებისათვის.

მეტად მნიშვნელოვანია ლაქის ხისათვის ზამთრის პერიოდში სრული და ხანგრძლივი მოსვენების პერიოდი. თუ ზამთარი შედარებით თბილია და მცენარე ხანგრძლივ მოსვენებაში არ იმყოფება, გაზაფხულზე მცენარეში წვენთა მოძრაობა აქტიურად არ მიმდინარეობს, რაც აფერხებს ლაქის დაგროვებას.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ლაქის ხე სავსებით ნატურალიზებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჯერჯერობით არ აღნიშნულა მისი დაზიანება ყინვებისაგან, ყოველწლიურად უხვად მსხმოიარობს და ბუნებრივად მრავლდება, როგორც თვით ჩათესვით, აგრეთვე ძირითადი ამონაყარით.

გამოყენება

ლაქის ხის რძე – წვენის ლაქსაღებავად გამოყენება მის სამშობლოში (ჩინეთი, იაპონია) თითქმის უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ყველაზე დიდი განვითარება ლაქის წარმოებამ იაპონიაში ჰპოვა, სადაც მზადდება ძვირფასი ზეთი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მასში შემავალი მაღალი ტექნიკური თვისებებისა და თავისი სილამაზის გამო.

მას ძირითადად ხმარობენ ან ბუნებრივი სახით – შავი ფერისას ან აფერადებენ  საღებავებით და ამზადებენ სხვადასხვა ფეროვან ლაქებს. მიღებულია შესაღები საგნის გაფერადება ლამაზად შეხამებული ფერებით.

ლაქის ხე იძლევა ცვილს, რომელიც იაპონური ცვილის სახელწოდებითაა ცნობილი და ფუტკრის ცვილის შემცვლელია სანთლის წარმოებაში. გამოიყენება აგრეთვე საპნის სახარშ საწარმოებში, საფეიქრო და ტყავის წარმოებაში, მედიცინაში და პარფიუმერიაში.

იაპონური ლაქი გაშრობისას ბუნებრივად შავ, მბზინავ ფერს იღებს; მისი აპკი სარკისებრ პრიალა, მკვრივი, გამძლე, ელასტიურია და მჭიდროდ ეკვრის შესაღებ ზედაპირს, არ სკდება, ათეული წლობით არ კარგავს თავის ელვარებას, მასზე არ მოქმედებს არც ატმოსფერული პირობები, არც სუსტი ქიმიური რეაგენტები, ამავე დროს იგი საუცხოო იზოლატორია.

გამრავლება

ლაქის ხე მრავლდება, როგორც თესლით, ისე ვეგეტაციურად – მყნობით, მაგრამ წარმოებაში თესლით გამრავლებას მიმართავენ, რადგანაც ეს უფრო ადვილია (იაფი ჯდება). სტანდარტული სარგავი მასალა მიიღება ერთ სავეგეტაციო პერიოდში, ნაცვლად ორი წლისა, რაც საჭიროა მყნობით გამრავლებისას.

გასამრავლებელი თესლი უნდა ავიღოთ სადედე პლანტაციაში გამოყოფილ სათესლე ხეებიდან, რომელთაც უნდა ახასიათებდეს კარგი ყინვაგამძლეობა და შედარებით ადრე მწიფადობა.

თესვა

სათესლედ ვიღებთ სრულიად მომწიფებულ ნაყოფებს, რომელთაც ვაშრობთ ფარდულში და ვინახავთ გაზაფხულამდე მშრალ შენობაში 5-80 C ტემპერატურის პირობებში.

თესვის წინ, საჭიროა თესლს ნაყოფგარემო მოსცილდეს, ამ მიზნით ნაყოფს წყალში ალბობენ დღე-ღამის განმავლობაში, რის შემდეგ თესლი ჩენჩოსაგან ადვილად თავისუფლდება.

ლაქის ხის თესლს თესავენ თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე; თესვა წარმოებს მწკრივებად, კვლების გასწვრივ. მანძილი მწკრივთა შორის უნდა იყოს 80 სმ, ხოლო რიგში მცენარეთა შორის _ 12-15 სმ.

ნიადაგი

ნიადაგის მიმართ მცენარეს დიდი მომთხოვნები აქვს; ნიადაგი უნდა იყოს წყლისა და ჰაერის კარგი გამტარი, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, ღრმა სახნავი ფე-ნის მქონე, რომელთაც ახასიათებს სუსტი მჟავე რეაქცია.

მცენარეებისათვის საუკეთესოდ ითვლება წითელმიწა და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები.

დარგვა

მუდმივ ადგილზე დარგვა 5,0X5,0 მ და 4,0X5,0 მ კვების არით წარმოებს. ერთ ჰექტარზე 400-500 ძირი ირგვება.

დარგვა რეკომენდებულია გაზაფხულზე. სუბტროპიკულ ზონაში _ შეიძლება შემოდგომით, რადგანაც გახარების პროცენტი მაღალია.

მოვლა პირველ წლებში გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას და სარეველებისაგან გასუფთავებას. ასაკში შესვლისას, როდესაც მცენარეები განვითარდებიან, სარეველების ზრდა იხშობა და ნარგავები მოვლას თითქმის არ საჭიროებენ.

ჩვენს პირობებში ლაქის ხის მასობრივი სამრეწველო პლანტაციების გაშენებისას, დასაზუსტებელია მისი გამრავლების საკითხები.

მოსავალი

ლაქის ხეს მწიფე ნაყოფი ადვილად სცვივა და მოსავლის უდანაკარგოდ აღებისათვის საჭიროა წინასწარ მცენარეთა გარშემო არე დაბალზე გაითიბოს. ნაყოფის მომწიფება და ჩამოცვენა ჩვენში იწყება: შუა სექტემბერში და გრძელდება ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.

ნაყოფი, რომელიც 15 დეკემბრისათვის არ ჩამოცვენილა, საჭიროა ჩამოიბერტყოს; ნაყოფი გროვდება კალათებში და გადაიტანება საშრობ ფარდულებში.

თავის სამშობლოში ლაქის ხე 18-20 წლიანი (ერთი ძირი) სისტემატური ექსპლოუატაციის პირობებში 0,2-0,5 კგ ნედლეულს იძლევა, უფრო ახალგაზრდა _ 0,1-0,2 კგ-ს ერთ სეზონზე. გ. ხუციშვილის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სრულასაკოვანი მცენა-რე სეზონში საშუალოდ 40 გრ. მასას იძლეოდა, ხოლო ჩაქვის პირობებში 30 გრ-ს. ცალკეულ შემთხვევებში კი _ 100-150 გრამს.

შავი ზღვის სუბტროპიკული ზონის პირობებში ლაქის ხის ნაყოფის მოსავლის აღება ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობს. 50 წლიან ნარგავებში მოსავალი 1 ხიდან 5-7 კგ-ს შეადგენს. ნედლი ლაქი (რძე-წვენი) მორუხო თეთრი ფერისაა და სიროფის მსგავს სითხეს წარმოადგენს.

ნედლი ლაქის შემადგნლობაა: 60-80% ლაქის მჟავა, 3,0-6,5 % წებვადი გუმმის მსგავსი ნივთიერება, 1,7-3,5% შავი ცილოვანი ნივთიერებები, 9,4 – 34,0% ცხიმები და მქროლავი მჟავები.

ლაქის ხე იმდენად ყინვაგამძლეა, რომ შესაძლებელია გაშორდეს სუბტროპიკული ზონის საზღვრებს, საქართველოში კი მისი განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია. ლაქის ხის ბიოლოგიისა და მოვლის ტექნოლოგიების შესასწავლად ჩვენში გარკვეული კვლევითი მუშაობაა ჩატარებული, თუმცა მთელი რიგი საკითხები მოითხოვს შემდგომ შესწავლას და დაზუსტებას.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი;
ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB