კომბინირებული საკვების მნიშვნელოვანი ინგრედიენტები

კომბინირებული, საკვები

კომბინირებული საკვების წარმოებისათვის სადღეისოდ მეტად მრავალფეროვანი, განსხვავებული ქიმიური შედგენილობის, ყუათიანობის და სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტები გამოიყენება.

ყველა ეს პროდუქტი შეიძლება დაიყოს: მცენარეულ საკვებად, მცენარეული პროდუქტების ტექნიკური გადამუშავებით მიღებულ საკვებ ნარჩენებად, ცხოველური წარმოშობის საკვებად, მიკრობიოლოგიური და ქიმიური სინთეზის პროდუქტებად, მინერალურ და ვიტამინოვან დანამატებად.

მცენარეული საკვები

მცენარეული საკვები – კომბინირებული საკვების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ამ შემთხვევაში იყენებენ მარცვლეულ კულტურებს.

მარცვლეული შედგენილობისა და სპეციფიკური თვისებების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: პურეულის, პარკოსნების და ზეთოვანთა მარცვალი.

კომბინირებულ საკვებში რთავენ ამ კულტურათა თესლს (ნაყოფი), მათი ტექნიკური გადამუშავების ანარჩენებს და მწვანე მასიდან მიღებულ ფქვილს.

კომბინირებული საკვების დასამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ სრულფასოვანი და მწიფე თესლი, რადგან მხოლოდ მწიფე, შემოსულ მარცვალში შედის ნივთიერებათა სრული ნაკრები, რომელიც აუცილებელია ცხოველის ორგანიზმისათვის.

მარცვლოვანთა (პურეულის) მარცვალი

პურეულს მიეკუთვნება სასოფლო სამეურნეო კულტურები, რომელთა ნაყოფი წარმოადგენს საზრდო ნივთიერებებით, ძირითადად სახამებლით მდიდარ მარცვალს.

პურეულის მარცვალში ცილების შემცველობა 5-25%-მდე მერყეობს. თესლის ცილების ძირითადი მასა მიეკუთვნება ალბუმინებს, გლობულინებს, პროლამინებს და გლუტელინებს. ალბუ-მინები წყალში იხსნება, გლობულინები ნეიტრალურ მარილხსნარში, პროლამინები 70%-იან სპირტში, გლუტელინები კი – სუსტ ტუტეში.

პურეულის მარცვალი შეიცავს აგრეთვე არაცილოვან აზოტოვან ნაერთებს: თავისუფალ ამინომჟავებს და მათ ამიდებს, ნუკლეინის მჟავებს, პეპტიდებს და სხვა. ყველა ამ შენაერთის საერთო რაოდენობა არ აღემატება მშრალი მარცვლის წონის 1%-ს.

პურეულის მარცვალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ნახშირწყლები, რომელთა შემცველობა 80%-ს აღწევს. აქედან 49-80% სახამებელია, 3-5% შაქარი, 2-24% უჯრედანა, 7-12% ჰემიცელულოზები და პენტოზები.

პურეულის მარცვალში ცხიმის შემცველობა 1,6-დან 15%-მდე მერყეობს. ამასთან შეუცვლელ ლინოლენის და ოლეინის მჟავებზე მოდის მთელი ცხიმოვანი მჟავების 70- 85%. ცხიმებთან ერთად პურეულის მარცვალში შედის ფოსფატიდები და სტეროიდები, კეფალინი და სხვა ლიპიდები. განსაკუთრებით ბევრია ლეციტინი. ნაცარი 0,9-9%-მდე, საიდანაც 80%-მდე კალიუმზე და ფოსფორზე მოდის.

პურეულის მარცვალში შედის მანგანუმი, სპილენძი, თუთია, ბორი, ალუმინი, იოდი, კობალტი, ნიკელი, მოლიბდენი, ფტორი, სელენი, ბრომი, ტიტანი, კალა, დარიშხანი და ბევრი სხვა ქიმიური ელემენტი.

პურეული მარცვალის ღირსებას განაპირობებს ვიტამინების, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების არსებობა. ცხოველის მომნელებელ ორგანოებში, საზრდო ნივთიერებათა მონელებაში, მონაწილეობს პურეულის ფერმენტები (კარბოჰიდრაზები, ლიპაზები, და პროტეინაზები).

პურეულ მარცვლებს მიეკუთვნება მცენარეთა დიდი ნაწილი, მაგრამ წარმოებაში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება – სიმინდი, ქერი, ხორბალი, შვრია, ჭვავი, ფეტვი, სორგო და ღომი.

  • სიმინდი – გამოირჩევა სახამებლის (70%-მდე) და ცხიმის (4-6%-მდე) დიდი შემცველობით. უჯრედანა – 2,5%. აქვს კარგი საგემოვნო თვისებები და ჭამადობა. ცხოველები სიამოვნებით ჭამენ, მაგრამ ღარიბია პროტეინით (5-20%).

სიმინდის მარცვლის პროტეინი დაბალი ბიოლოგიური ღირებულებისაა, რადგან მცირეა მასში შეუცვლელი ამინომჟავა ლიზინი და ტრიპტოფანი. ამიტომ სიმინდის შემცველ კომბინირებულ საკვებში აუცილებელია დაემატოს ეს ამინომჟავები. ის შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, პროლამინებს 50%-მდე.

სხვა პურეულისაგან განსხვავებით სიმინდი ღარიბია კალციუმით, ფოსფორით და ზოგიერთი B ჯგუფის ვიტამინებით. ამიტომ აუცილებელია ჩაირთოს კომბინირებულ საკვებში სხვა საკვების ინგრედიენტები. კარგია პარკოსანთა ბალახის და მარცვლის – ჭვავის, ქერის, გამშრალი კარტოფილის ფქვილი. თუ ფურის კომბინირებულ საკვებში დიდი ოდენობით სიმინდი ირთვება, მაშინ კარაქი რბილი და ქონისმაგვარი გამოდის.

გასასუქებელი ღორის კომბინირებულ საკვებში კი სიმინდი წონის მესამედს უნდა შეადგენდეს, ხოლო სუქების ბოლოს უკეთესია იგი სულ გამოვთიშოთ. მთავარ ინგრედიენტად სიმინდი გამოდგება გასასუქებელი ძროხის, ცხვრის, ქათმის და თევზის კომბინირებულ საკვებში. მიიღება კარგი ხარისხის ხორცი. მაგრამ ცხვრის სიმინდით გაძლიერებული კვებისას შეიძლება დაქვეითდეს მატყლის ზრდა მეთიონინ- ცისტინის ნაკლებობის გამო.

სიმინდი გამოიყენება დაღერღილი მარცვლის ან ტაროების სახით, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში კვებადობა მცირდება, რადგან ტაროს ნაქუჩში უჯრედანა 35%- მდეა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმინდის დიდი რაოდენობით შემცველი კომბინირებული საკვები ცუდად ინახება, არევის გარეშე იგი მწარდება და ობდება.

  • ქერი – შვრიასთან შედარებით შეიცავს ნაკლებ უჯრედანას და ცხიმს, მაგრამ მეტ სახამებელს. პროტეინის შემცველობა 7-24%-მდე მერყეობს.

საერთო ყუათიანობით ქერი შვრიას 20%-ით სჭარბობს. აზოტოვან ნივთიერებათა 97-98% ცილებია, დანარჩენი ამიდებია. უ.ე.ნ-დან 95% სახამებელზე მოდის, 5% შაქარზე.

ქერის ფქვილს იყენებენ ყველა კომბინირებულ საკვებში, მაგრამ ყველაზე მეტად გასასუქი ღორისათვის. ქერით გასუქებული ღორის ხორცი მაღალი ხარისხისაა. კომბინირებულ საკვებში ქერის დიდი რაოდენობით ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს ძროხის ტიმპანია.

  • შვრია – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვალია. მისი შეფასებისას მნიშვნელობა აქვს ვარგისიანობას. კარგ შვრიაში გარსი დაახლოებით 30%-ს უნდა შეადგენდეს, მარცვლის წონიდან. საერთო ყუათიანობით შვრიის გარსი ნამჯას უახლოვდება.

კომბინირებული საკვების ინგრედიენტად დიდი მნიშვნელობა აქვს გარსგაცლილ შვრიას, რომელსაც რთავევნ მოზარდეულის გამოსაზრდელად განკუთვნილ ნარევში.

დიეტური მოქმედებით შვრია საუკეთესოა განსაკუთრებით ყველა სახეობის მოზარდეულისათვის და სანაშენო ცხოველისათვის. შვრია შეიძლება ჩაირთოს ყველა სახის კომბინირებულ საკვებში, მაგრამ მისი მომეტებული დოზით ჩართვა გასასუქებელი ცხოველის საკვებნარევში იწვევს ძლიერ რბილ ცხიმიანობას, უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო.

შვრიის შემცველი კომბინირებული საკვები ზრდის ფრინველის მეკვერცხულობას. მას იყენებენ მაღალხარისხოვანი ფქვილის სახით, რომელსაც არ უნდა ქონდეს ობის და შმორის სუნი.

  • ჭვავი – კვებითი ღირებულებით ახლოსაა ქერთან და ხორბალთან. მასში ცილის საერთო რაოდენობიდან 25%-მდე ალბუმინები, 29%- გლობულინები, 25% პროლამინები, 17% გლუტელინებია.

ჭვავის დიდი რაოდენობით კვებისას შეიძლება გამოიწვიოს მონელების მოშლა, ამიტომ კომბინირებულ საკვებში იგი განსაზღვრული დონით უნდა ჩაერთოს. ამ მიზნით იყენებენ დაბალი ხარისხის არასასურსათო ჭვავს (დაჯირჯვებული, წვრილი).

ეს კულტურა, განსაკუთრებით კარგია ღორებისათვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებში შესარევად.

  • ხორბალი – კომბინირებული საკვების წარმოებისათვის სრულად დამაკმაყოფილებელი ინგრედიენტია. პურეულის სხვა მარცვლოვნებისაგან განსხვავებით ხორბალი გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით (15-26%).

გააჩნია კარგი საგემოვნო თვისებები, ჭამადობა. ხორბლის პროტეინში 50%-მდე წყალში და მარილხსნარში ხსნადი ამინომჟავებია. ამინომჟავური შედგენილობით ის ახლოს დგას ქერისა და შვრიის პროტეინთან.

ხორბლის ძვირფასი სასურსათო თვისება ისაა, რომ ის შეიცავს ბევრ წებოვანას, რომლის შემცველობა აქვეითებს მის საფურაჟე ღირსებას. წებოვანა ცილოვანი ნაერთია, რომელიც ცილა გლუტელინისა და გლიადინისაგან შედგება. მასში შედის აგრეთვე 5% სახამებელი.

ეს ნაერთი წყალში და მარილხსნარში უხსნადია, მაგრამ უნარი აქვს შეიერთოს ძალიან დიდი რაოდენობით წყალი და წარმოქმნას რეზინის მსგავსი მასა, ხოლო უფრო მეტი გაწყლიანებისას – კლეისტერი. წებოვანას ეს თვისება უზრუნველყოფს ცომის გაფუებას მის ნახშირმჟავით გაჯერების გამო, რომელიც საფუარს ზრდის და საჭმლის ცილის დაშლის შედეგად წარმოიქმნება.

წებოვანა ასეთივე კლეისტერს წარმოქმნის კუჭში, რის შედეგად მომნელებელი ფერმენტებისათვის ძნელად მისაწვდომი ხდება ყველა საზრდო ნივთიერება. რამდენადაც წებოვანა ცილოვანი ბუნებისაა, მისი თვისობრივი შეცვლა შეიძლება ტემპერატურული დამუშავებით. წებოვანას თვისების ასეთი შეცვლა შეიძლება პურის ცხობისას.

ღორისა და ფრინველისათვის ხორბალის შემზადების ყველაზე ეფექტური ხერხია ექსტრუდირება, ხოლო მცოხნავებისათვის – დაჭყლეტა. ამ წესით შემზადებული ხორბალი ყველა სახის ცხოველის კომბინირებულ საკვებში შეიძლება შეადგენდეს 50%-მდე.

  • ფეტვი – გამოირჩევა ძალიან მაგარი, ძნელად მონელებადი, ფერადი გარსის შემცველობით (25%-მდე), რომელიც დიდ რაოდენობით მაინკუსტირებელ ნივთიერებას შეიცავს.

ამიტომ ფეტვი კარგად უნდა დაქუცმაცდეს. ძირითადად მას რთავენ ფრინველისა და ღორის საკვებში.

  • სორგოს მარცვალი – მისი ზოგიერთი ჯიში შეიცავს ციანმჟავას გადიდებული რაოდენობით, რომელიც მომწამვლელია.

ამიტომ მისი გამოყენებისას ის უნდა შემოწმდეს ამ ნივთიერების შემცველობაზე. სორგო ღარიბია კაროტინით. არ შეიცავს ვიტამინს. რეკომენდებულია მხოლოდ სასუქი ცხოველის კომბინირებული საკვებისათვის.

  • ღომი – კვებადობით ახლოს დგას ფეტვთან.

პარკოსანთა მარცვალი

პარკოსანთა მარცვალი – გამოირჩევა პროტეინის მაღალი შემცველობით (პურეულის მარცვალზე 2-3-ჯერ მეტი) და შეუცვლელი ამინომჟავების სიმდიდრით, პარკოსანთა პროტეინში შედის 80%-ზე მეტი წყალში და მარილხსნარში ხსნადი

ფრაქციები, რაც განაპირობებს მისი გამოყენების მაღალეფექტურობას ერთკამერიანი კუჭის მქონე ცხოველის ორგანოებში. მაგრამ იგივე თვისება მცოხნავი ცხოველისათვის მას აუფასურებს, რადგან სწრაფად იშლება რა ამიაკამდე შეიწოვება და გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველა პარკოსანი შეიცავს სხვადასხვა ანტისაზრდოობად ნივთიერებას (ფერმენტთა ინჰიბიტორებს, კერძოდ ტრიფსინს, ალკალოიდებს, ჰიდროლიზურ ფერმენტებს) რაც აქვეითებს ამ პროდუქტების ღირსებას.

ანტისაზრდოობადი ნივთიერებების უმრავლესობა ცილოვანი ბუნებისაა და შეიძლება მათი ინაქტივირება (გაუვნებლობა) ცილის დენატურირების გამომწვევი მოქმედებით, რაც ამ საკვებთა ღირსების გადიდების საშუალებას იძლევა. ასეთი ხერხია ტემპერატურული დამუშავება.

  • ბარდა – ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული, მაღალი კვებითი ღირებულების საკვებია. შეიცავს 18-24% პროტეინს, 5% უჯრედანას. მისი პროტეინი კარგად იხსნება. 1 კგ ბარდაში 12,5 გ ლიზინია, 1,5 გ ტრიპტოფანი, 1,7 გ მეთიონინი, 2 გ ცისტინი.

მინერალებიდან ბარდა მდიდარია ფოსფორით 3,3 გ/კგ. შეიცავს ტრიფსინის მოქმედების დამაქვეითებელ ნივთიერებას. ამიტომ ღორის კომბინირებულ საკვებში ჩასართველ ბარდას უნდა ჩაუტარდეს ექსტრუდირება. მცოხნავებისათვის კი ეფექტურია მისი მოხალვა საშრობ აგრეგატებში, სადაც გაშრობის ტემპერატურა უნდა იყოს 100-1050C.

ღორისათვის განკუთვნილ საკვებში ბარდის ექსტრუდანტს რთავენ 25%-მდე. ამასთან შეიძლება მთლიანად გამოვთიშოთ ცხოველური წარმოშობის საკვები. მცოხნავების კომბინირებულ საკვებში შეიძლება ჩაირთოს 15-20% მოხალული ბარდა.

  • სოიო – იმის გამო, რომ სოიო ძირითადად სასურსათო მიზნით გამოიყენება, კომბინირებული საკვების მრეწველობაში მას იშვიათად იყენებენ, თუმცა ყველაზე საუკეთესო პროტეინოვანი საკვებია და პარკოსანთა შორის კვებითი ღირებულებით პირველ ადგილზე დგას.

ცილის ბიოლოგიური ღირებულება უახლოვდება რძის ცილის ბიოლოგიურ ღირებულებას. სოიოში 32-45% პროტეინია, 20% ცხიმი, შედარებით ნაკლებია ნახშირწყლები. პროტეინი კარგი ხსნადობით ხასიათდება (80% და მეტი). კარგია მისი ამინომჟავური შედგენილობა: 1 კგ სოიოში 22 გ ლიზინია, 4,3 გ ტრიპტოფანი, 4,6 გ მეთიონინი, 5,3 გ ცისტინი. სოიო მდიდარია ფოსფორით – 7 გ/კგ.

ამავე დროს სოიო როგორც ბარდა, შეიცავს ანტისაზრდოობად ნივთიერებების დიდ რაოდენობას (ტრიფსინის ინჰიბიტორი, სოლანინი, ურეაზა, ლიპოქსიდაზა და სხვა), რის გამოც არ შეიძლება ცხოველს ეძლეოდეს წინასწარი დამუშავების გარეშე. თუ კომბინირებულ საკვებში 15% სოიოა, მაშინ ღორი ასეთ საკვებს აღარ ჭამს. ხბოებში კი იწვევს დიარეას (ფაღარათს).

სოიოს ყველა ანტისაზრდოობადი ნივთიერებების გაუვნებლობა შეიძლება გახურებით – მცირდება პროტეინის ხსნადობა, რაც არსებითად აუმჯობესებს მის ღირსებას მცოხნავთა საკვებად. კვების წინ მარცვალი აუცილებელია დამუშავდეს მაღალტემპერატურულ საშრობში, სადაც ტემპერატურა უნდა იყოს 1050C.

დამუშავებული სოიო ყველაზე მიზანშეწონილია გამოიყენებოდეს მეწველი ფურისა და კვერცხმდებელი ქათმის კომბინირებული საკვების დასამზადებლად, სადაც იგი შეაქვთ 15-20%-ის რაოდენობით.

  • საკვები ცერცვი – შეიცავს 33% პროტეინს. 1 კგ მარცვალში 14-15 გ ლიზინია, 1,75 გ ტრიპტოფანი, 2,5 გ მეთიონინი, 3,4 გ ცისტინი, მასში ბევრია კალიუმი და ფოსფორი, კარგად ხსნადია.

ცერცვში შედის მთრთილავი ნივთიერებები, რომელთაც მშუშხავი თვისებები გააჩნიათ. ამიტომ კომბინირებულ საკვებში უნდა ჩაირთოს ხორბლის ქატო ან ბადაგი, რაც ასუსტებს მთრთილავი ნივთიერების ამ თვისებას (არ გამოიყენება ფრინველის კვებისას).

  • ცულისპირა – ქიმიური შეგენილობით და კვებადობით ახლოსაა ბარდასთან და გამოირჩევა კარგი ჭამადობით.

კარგად ხსნადია, მაგრამ შეიცავს ალკალოიდებს, ამიტომ მისი ხანგრძლივი ხმარებისას ცხოველებში ხდება ნერვული სისტემის მოშლა, განსაკუთრებით ცხენებში. ანტისაზრდოობადი ნივთიერებების გაუვნებლობა ხდება ჩაორთქვლით. ღორის საკვებში შეიძლება ჩაირთოს 20% ცულისპირა.

  • ხანჭკოლა – მდიდარია პროტეინით 45%. ამას გარდა შეიცავს 6-8%-მდე ცხიმს. კომბინირებულ საკვებში გამოიყენება ხანჭკოლის ისეთი ჯიშები, რომლებიც ალკალოიდებს შეიცავენ არა უმეტეს 3%-სა.

კარგად ხსნადია. შეიცავს ლიზინს 4,9 გ, 3,9 გ ტრიპტოფანს, 4,3გ მეთიონინს, 4,6 გ ცისტინს. ალკალოიდები ლუპინინი და სპარტეინი მარცვალს მომწარო გემოს აძლევს, რაც აქვეითებს ჭამადობას.

სიმწრის მოსაცილებლად მარცვალს ალბობენ, ჩააორთქლებენ და შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით. კარგ შედეგს იძლევა ექსტრუდირება. ღორისათვის განკუთვნილ საკვებში შეიძლება ჩაირთოს 20%-მდე ხანჭკოლის ექსტრუდანტი.

  • მარცვლის ანარჩენი – კომბინირებულ საკვებში შემავალი მარცვლის ანარჩენი დასაშვებზე მეტს არ უნდა შეიცავდეს შხამიან მარცვალს.

მასში სასარგებლო მარცვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 50%-ს. მარცვლის ანარჩენში ნაგვიან მინარევს მიეკუთვნება ველური სარეველა მცენარეების თესლი, კულტურულ მცენარეთა ჩამპალი, ჩაობებული, ჩამწვარი, დანახშირებული თესლი.

კომბინირებულ საკვებში შეიძლება ჩაირთოს ხორბლის, ფეტვის, ჭვავის, ქერის, შვრიის, ბარდისა და სხვა კულტურების მარცვლეულის ანარჩენები (შეფარდებით 50% ჯანსაღი, 50% ანარჩენი).

ავტორთა ჯგუფი: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე.
/კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

თქვენი რეკლამა