კოლხური ბზის ინვაზიური მავნებელი ბზის ალურა

3580 Views

კოლხური ბზის ინვაზიური მავნებელი ბზის ალურა – Cydalima perspectalis საქართველოში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, კინტრიშის ეროვნულ პარკში), 2015 წელს კი ეს მავნებელი გავრცელდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.

ბზის ალურას სამშობლოა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში მაღალგანვითარებულია დეკორატიული მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ასეთი გზით მოახერხა მავნებელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრა, კერძოდ: 2007 წელს დაფიქსირდა გერმანიაში, შემდგომ გავრცელდა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. 2008 წელს ბზის ალურა აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ცნობილია, რომ 2012 წელს, სოჭში (რუსეთი) დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, გამწვანების მიზნით, იტალიიდან შეძენილ დეკორატიულ მცენარეებს შორის იყო ასევე ბზის ნერგებიც, რომელთაც ვექტორის როლი ითამაშეს და მცენარეებთან ერთად მოხდა მავნებლის ინვაზიაც.

მომდევნო წლების განმავლობაში კი, ბზის ალურამ შეძლო ნელ-ნელა გავრცელება შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ: აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ბზის ალურას დაფიქსირებისთანავე, სააგენტოს მიერ, 2015 წელს, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, განხორციელდა ბზის კორომების ფიტოსანიტარიული შესწავლა საქართველოს ყველა რეგიონებში, სადაც ვხვდებით კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს.

განხორციელებული კვლევის, ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებისა და რეგიონებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავდა 2016 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც, 2016 წელს, Bacillus thuringiensis-ის ბაზაზე (ლეპიდინი) დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატით სამჯერ შეიწამლა ბზის კორომები საქართველოს სამ რეგიონში, კერძოდ, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში (400 ჰა ფართობი).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წამლობის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხდებოდა კოლხური ბზის კორომების სანიტარიული მდგომარეობის ცვლილების შეფასება და ასევე ბზის ალურას ახალ ფართობებზე გავრცელების დაფიქსირებაც.

2017 წელს, ბზის ალურა გავრცელდა ახალ ფართობზე, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში (150ჰა), შესაბამისად, სააგენტომ წამლობა განაგრძო საქართველოს ოთხ რეგიონში, 550ჰა ფართობზე. ბზის ალურას გავრცელებამ ახალ ფართობებზე მასიური ხასიათი მიიღო და 2018 წელს რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის რეგიონში შესაწამლი ფართობი გაიზარდა 100 ჰა-ით, შესაბამისად, რეგიონში წამლობა დაიგეგმა 250 ჰა ფართობზე.

აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში არსებული ბზით დაფარული ფართობი აღარ შედიოდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების შემადგენლობაში, შესაბამისად, სააგენტოს მიერ წამლობა გაგრძელდა საქართველოს სამ რეგიონში, კერძოდ: იმერეთში (63ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (237ჰა) და რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში (250 ჰა), სულ 550 ჰა ფართობზე.

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არსებობს სრულყოფილი მონაცემები ბზის ალურაზე, მის ბიოლოგიასა და სხვა მახასიათებლებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მავნებელმა შეძლო, დროის მოკლე მონაკვეთში, ძალიან დიდ ტერიტორიებზე სხვადასხვა მეთოდებით გავრცელება, მიენიჭა „მოგზაურის“ სტატუსი.

ამჟამად, მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ბზის ალურას ევროპულ ქვეყნებში ახასიათებს 2-3 გენერაცია (თაობა) წლის განმავლობაში, თუმცა იქ, სადაც მაღალი ტემპერატურა უფრო ხანგრძლივადაა, შესაძლოა, 5 თაობის მოცემაც მოახერხოს.

ცივი ზამთრის შემდეგ, მავნებელი აქტიურდება 150C ტემპერატურაზე, კვერცხებიდან გამოჩეკვასა და ზრდასრულობის (სქესმწიფობა) ასაკამდე მიღწევას დაახლოებით 40 დღე სჭირდება. განვითარების პროცესები მიმდინარეობს მანამ, სანამ, მინიმუმ 150C ტემპერატურაა.

მოზამთრე ფორმაა 2-3 ხნოვანების მატლი, რომელიც შემოდგომაზე ორ-სამ ფოთოლს შორის ქმნის აბლაბუდის კაფსულას, უმეტესად ბზის ტოტის წვერზე და მასში იზამთრებს.

ბზის, ალურა

ბზის ალურა იკვებება მხოლოდ ბზის გვარში (Buxus) გაერთიანებული მცენარეებით. თუმცა, დადგენილია, რომ დროებით შესაძლოა იგი სახლდებოდეს ქვეტყის სხვა წარმომადგენლებზეც, კერძოდ: თაგვისარა (Ruscus), ბაძგი-ჭყორი (Ilex), ჭანჭყატი (Euonymus) და სხვა. მისი გავრცელება დაფიქსირებულია ასევე ანწლზეც (Sambucus).

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ, 2017 წელს, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში განთავსდა 500 ცალი ფერომონიანი ხაფანგი, რომელთა დახმარებითაც დაჭერილი და განადგურებული იქნა 93 000 ცალი ბზის ალურა (პეპელა).

ბზის, ალურა

ენტომოლოგიური გამოთვლების მიხედვით, ერთი პეპელა (მდედრი) დებს 80 ცალამდე კვერცხს, შესაბამისად, 93 000 ცალი ბზის ალურას დახოცვა, სავარაუდოდ, ნიშნავს 7 440 000 ცალი მავნებლის განადგურებას.

აღნიშნული გამოთვლა დაკავშირებულია მხოლოდ ერთ გენერაციასთან (თაობა), საქართველოში კი, წლიდან წლამდე 3 თაობაა დაფიქსირებული, ორი – თბილ სეზონზე, მესამე – მოზამთრე. შესაბამისად, განადგურებული მავნებლის რაოდენობა, შესაძლებელია, სამმაგად გაზრდილიყო.

ცნობილია, რომ უცხო ქვეყანაში მოხვედრილი ინვაზიური ცხოველი (ან მცენარე), ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში (შესაბამისი კლიმატი და დიდი რაოდენობით საკვები ბაზა), ბუნებრივად მარეგულირებელი მტრის (თუნდაც ადგილობრივი) არარსებობის დროს იწყებს მაღალი ინტენსივობით გამრავლებას. თუმცა,

გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, იმავე გზებით, როგორც ეს მავნებელი აღმოჩნდა ამ უცხო ქვეყანაში, გაჩნდეს მისი ბუნებრივი მტერიც. შესაბამისად, მსხვერპლი სახეობის დიდი რაოდენობის გამო, ბუნებრივი მტრის რიცხოვნობაც ინტენსიურად იზრდება.

საქართველოში კოლხური ბზის კორომების შესწავლისას, ბზის ალურას პოტენციური ბუნებრივი მტრების გამოჩენა 2017 წლიდან დაიწყო. პირველად ნანახი იქნა ბზის ალურას დაზიანებული მატლი ჩუხჩუხელა ბუზების წარმომადგენლის მიერ სამეგრელოში (სავარაუდოდ Episyrphus balteatus).

2018 წელს კი გამოვლინდა იმერეთსა და რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში. აღსანიშნია, რომ მასთან ერთად, 2018 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი პოტენციური ბუნებრივი მტერი, რომელიც მიეკუთვნება ზღარბაბუზისებრთა ჯგუფის (Tachinidae) ბუზებს, თუმცა, სახეობის დონეზე დღემდე დაუდგენელია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პოტენციური ბუნებრივი მტრების რიცხოვნობა უფრო და უფრო მატულობს, იქმნება იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ ბზის ალურას ბუნებრივად დარეგულირების შესაძლებლობაზე.

მავნებლისგან გამხმარი ბზა

ბზა

შეგახსენებთ რომ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: ბზის გამრავლება საშინაო პირობებში, გადაარჩინე კოლხური ბზა

და ლეპიდინი – მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB