გოჯი კენკრის პირველადი შესწავლის შედეგები შიდა ქართლის პირობებში

გოჯიბერი

სტატიაში წარმოდგენილია, ახალი კენკროვანი კულტურის-გოჯის (Lycium barbarum L.), ინტროდუცირებული ჯიშის – ნინგსია N1, სამეცნიერო კვლევა, რომლის საფუძველზეც სამომავლოდ მოხდება ამ ახალი კულტურის პოპულარიზაცია და დანერგვა საქართველოს მეხილეობის სხვადასხვა რეგიონებში.

კვლევა ჩატარდა, სოფ. ჯიღაურაში (მცხეთის მუნციპალიტეტი, საგურამო), სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტის მიერ, 2014-2016 წლებში.

შესწავლილი იქნა მცენარის შემდეგი ბიოლოგიური მახასიათებლები: ბუჩქის სიმაღლე, ნაზარდების სიგრძე. განისაზღვრა ყვავილობის და სიმწიფის ვადები; 1 ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა (კგ-ში); ჩატარდა ნაყოფის პომოლოგიური აღწერა.

შესავალი

დღეს, სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ტრადიციულ კულტურებთან ერთად, ხელი შეუწყოს ქვეყანაში კონკურენტული უპირატესობის მქონე, მაღალ ადაპტური კულტურების შემოტანას და გამოცდას, როგორიცაა მაგალითად, კენკროვანი ხილი, გოჯი.

გოჯი კენკრა (სხვა სახელები – lycium barbarum, wolfberry, gou ki, lycii) – არ არის უბრალოდ სენსაცია. დღეს იმდენად დიდია, გატაცება ამ პროდუქტით, რომ უკვე საუბრობენ გოჯიმანიაზე.

ასეთი პოპულარობა, ამ უნიკალურმა ხილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ცოტა ხნის წინ მიიღო, მაგრამ აღმოსავლეთში მისი სასწაულებრივი სამკურნალო თვისებები უკვე ცნობილია მრავალი ათასი წლის განმავლობაში.

გოჯი კენკრამ კომერციული მნიშვნელობა გასული საუკუნის 90-იანი წლებში, ჩინეთში (ტიბეტი, ნინქსია) შეიძინა, სადაც დაინერგა ამ სახეობის ახალი გაუმჯობესებული ჯიშები. კულტურის დასახელება-გოჯი ჩინური წარმოშობისაა. ჩინეთში ამჟამად აწარმოებენ (მსოფლიო 90%-ზე მეტი) 95 000 ტონა გოჯის კენკრას.

გოჯი კენკრა (მგლის კენკრა, თეთრეკალა) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი მიეკუთვნება Lycium barbarum-ის სახეობას, რომლის ველური ფორმები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხრიოკ ადგილებში.

ჩვენთან, ეს მცენარე თეთრეკალას სახელით არის ცნობილი. გოჯი ხასიათდება მაღალი კვებითი და სამკურნალო თვისებებით; ჩინური ფოლკლორი გოჯის ბედნიერების კენკრას უწოდებს. იგი საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

გოჯი წარმოადგენს ბუჩქს ან ხე-მცენარეს, რომელიც ნაკლებად მომთხოვნია კლიმატური და ნიადაგური პირობებისადმი, თუმცა უპირატესობას ანიჭებს კარბონატულ, მაღალი pH-ს მქონე, კარგად დრენირებულ მსუბუქ ნიადაგებს. იტანს დამლაშებას.

მცენარისათვის უმჯობესია მზიანი ადგილები. შედარებით უკეთესად უძლევს გვალვას, თუმცა ამ შემთხვევაში მოსავალი მკვეთრად ეცემა. ხასიათდება კარგი ზამთარგამძლეობით – უძლებს -20 – 210C ყინვას.

კვლევის მიზანი

უკანასკნელი წლებში, საქართველოში შემოტანილი იქნა გოჯის რამდენიმე ჯიში, რომელთა აგრონომიული და კომერციული თავისებურებების შესახებ არ არის ჩატარებული სამეცნიერო კვლევა.

კვლევის მიზანია პირველად გოჯი ჯიშის-ნინგსია N1, ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებუ- რებების შესწავლა შიდა ქართლის პირობებში.

ჯიში-ნინგსია N1, ხასიათდება კომპაქტური ზრდით, ადრემსხმოიარობით (ზოგჯერ მოსავალს იძლევა პირველ წელსვე), უხვი მოსავალით და ნაყოფების (1.6-2.2 მმ დიამეტრი) მაღალი ხარისხით.

კვლევა ხელს შეუწყობს ახალი კულტურის დანერგვას და გავრცელებას საქართველოში.

კვლევის ობიექტი და ჩატარების პირობები:

კვლევის ობიექტია კენკროვანი ხილის გოჯის ჯიში- ნინგსია N1, რომლის პირველადი შესწავლა ჩატარდა 2014-16 წ.წ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის-საგურამო სოფ. ჯიღაურას (მცხეთის რ-ნი)-საკოლექციო ნაკვეთში.

ბაღი გაშენებულია 2011 წელს, 3X1,5მ; კვების არეზე. დაკვირვება წარმოებდა ერთნაირ აგროტექნიკური პირობებში მყოფ გოჯის 10 მცენარეზე.

შესწავლილი იქნა თითოეული მცენარის მიხედვით შემდეგი ბიოლოგიური მახასიათებლები: ბუჩქის სიმაღლე, ყლორტის წლიური ნაზარდების სიგრძე. განისაზღვრა ყვავილობის და სიმწიფის ვადები; 1 ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა (კგ-ში); ჩატარდა ნაყოფის პომოლოგიური აღწერა.

კვლევის შედეგები:

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ჯიშ ნინსია N1-ის ბუჩქს ახასიათებს ზომიერი კომპაქტური ზრდა და ყლორტების განვითარების კარგი უნარი (სურ1,2,3,4).

გოჯიბერი

2014 წელს ბუჩქის სიმაღლე საშუალოდ შეადგენდა 112სმ. 2015 წელს -168სმ და 2016 წელს 200სმ. ჯიშის-ნინგსია N1 ბუჩქი წელიწადში სიმაღლეში იზრდება საშუალოდ 160სმ-ით (ცხრილი1).

ყლორტები არის ნაზი, ღია ყავისფერი, ან მონაცრისფრო ფერის. ღეროები სწორმდგომია, მაგრამ აქვს მიდრეკილება ჰორიზონტალური მიმართულებით გადახრის. (სურ 2).

ყლორტს ახასითებს ზრდის სამი ფაზა. ზრდის დასაწყისი (მაისი), აქტიური ზრდა (ივლისი- აგვისტო) და ზრდის დასასრული (ნოემბერი).

2014 წელს ყლორტის წლიურმა ნაზარდმა საშუალოდ შეადგინა 21.2სმ; 2015 წელს -17.5 და 2016 წელს 19.4 სმ (ცხრილი 1).

ფოთლები მარტივი, ღეროზე მორიგეობით არის გაწყობილი, ლანცეტისებური ფორმის კიდემთლიანი. ფოთლის სიგრძე საშუალოდ 7.0 სმ -ია, სიგანე 3.5სმ.

საყვავილე კვირტები ისახება ფოთლის იღლიაში, საიდანაც ვითარდება ზარისებრი ფორმის 1-3 იისფერი შეფერილობის მარტივი ყვავილი. 5-6 გვირგვინის ფოთლით. 10-15მმ დიამეტრის.

კვლევის პერიოშდი ჯიშის ყვავილობა მიმდინარეობდა მაისში. ყველაზე ადრე ყვავილობა დაიწყო 2016 წელს (4 მაისი) და ყველაზე გვიან 2014 წელს (22 მაისი). ყვავილობისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები იყო 2014 წელს. გოჯის ნაყოფები ყველაზე ადრე დამწიფდა 2016 წელს (23.06 – 04.07), შედარებით გვიან 2014 წელს (14-25.07).

საკვლევ ზონაში, წლების მიხედვით, ჯიშის ყვავილობის და სიმწიფის კალენდარული ვადები, წლების მიხედვით ცვალებადია, რაც კლიმატური პირობების სხვადასხვაობით აიხსნება.

გოჯი, ბერი, ჯიში

ჯიში-ნინგსია N1, ხასიათდება, ადრემსხმოიარობით (ზოგჯერ მოსავალს იძლევა პირველ წელსვე), უხვი მოსავალით და ნაყოფების მაღალი ხარისხით. ბუჩქის საშუალო მოსავალი შეადგენს 1.18კგ. ნაყოფის საშუალო მასა უდრის 0.45გ (1.6X0.9 მმ) (სურ.3.4 ). ნაყოფის ქიმიურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა ცვალებადობს 18.5-21.8%.

დასკვნა:

კოლექციაში (2014-2016 წ.წ.) ჯიშის ნინსია N1 სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებების კვლევის და პომოლოგიური აღწერის პირველი ეტაპის ჩატარების შედეგად, დადგინდა, რომ კენკროვანი ხილი გოჯი საკმაოდ კარგად გვარობს შიდა ქართლის კლიმატურ პირობებში.

სამეცნიერო კვლევა უნდა გაგრძელდს სხვა მაჩვენებლების შესწავლის კუთხითაც და განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

ავტორები:

ზ. ბობოქაშვილი– სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
ე. მაღლაკელიძე-სოფლის მეურნეობის აკადემიურიდოქტორი,
ვ. კაკაშვილი- მაგისტრი,
ლ. ციგრიაშვილი-ბაკალავრი.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/მოამბე.

იხილეთ: გოჯი ბერი (Licium Barbarum) დარგვა, მოვლა, გამრავლება

თქვენი რეკლამა