ხეხილის სანერგე მეურნეობის მოწყობა (რეკომენდაციები)

სანერგე, ხეხილი, ნერგები

შესავალი

საქართველოში უძველეს დროიდან ხეხილის სარგავ მასალას ნერგს უწოდებდნენ, ხოლო მეურნეობას ან მეურნეობის ნაწილს, სადაც ხეხილის აღზრდას აწარმოებდნენ, სანერგე უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს დიდი ყურადღება ექცეოდა, მან განვითარება ჰპოვა XX საუკუნის პირველ ნახევარში.

მანამდე, XIX საუკუნის ბოლოდან, აღსანიშნავია გორის მაზრის რამოდენიმე სოფელში მოღვაწე მეხილეთა საქმიანობა, რომლებმაც სათავე დაუდეს სანერგე მეურნეობების ჩამოყალიბების საქმეს.

კერძოდ, ცნობილმა მებაღემ ისაია ფურცელაძემ, რომელსაც კარგად მოწყობილი სანერგე მეურნეობა ჰქონდა სოფელ მერეთში, ასევე ნიკო კეცხოველმა, რომელსაც აგრეთვე კარგად მოწყობილი სანერგე მეურნეობა ჰქონდა სოფელ ტყვიავში, სიმონ ხეთაგუროვმა, რომელსაც აგრეთვე ხეხილის სანერგეები ჰქონდა სოფელ ნიქოზსა და კასპში, ძმებმა ავსარქისოვებმა, რომლებსაც შესანიშნავი სანერგე მეურნეობა ჰქონდათ სოფელ სკრაში.

აღნიშნულმა სანერგეებმა გადამჭრელი როლი შეიტანეს არა მარტო მეხილეობის სარგავი მასალით უზრუნველყოფის, არამედ ხეხილის სანერგის აგროტექნიკის დამუშავებისა და სრულყოფის, აგრეთვე კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

შემდეგში, მეხილეობის განვითარების ტემპის გადიდებასთან ერთად გაიზარდა როგორც ხეხილის სანერგეთა რაოდენობა, ისე ცალკეულ სანერგეებში მორიგი მინდვრით დაკავებული ფართობები. ყოველივე ამან ხელი შეუწყო მაღალი ხარისხის ნერგების წარმოებასა და შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

ხეხილის სანერგე მეურნეობის და ბაღის გაშენების პროექტირება

ხეხილი, როგორც მრავალწლიანი კულტურა, მოითხოვს ბაღის გაშენების და სანერგე მეურნეობის დაპროექტებას, რომ არ იქნეს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები.

პროექტის შედგენისათვის საჭიროა წინასწარ შესწავლილი იქნეს სანერგის მოწყობის და ბაღის გასაშენებელი ტერიტორია, ნიადაგები, მიკროკლიმატი, რელიეფი. ბუნებრივი მცენარეული საფარი. პროექტში აღნიშნული უნდა იყოს ფართობი, საძირე, ჯიში და ნამყენი ნერგის წარმოების მოცულობა.

ხეხილის სანერგის და ბაღის გასაშენებლად პირობების დადებით გადაწყვეტილების შედეგად პროექტი წარედგინება სანერგის და ბაღის მეპატრონეს. პროექტში მოცემული უნდა იყოს სანერგის ტიპი, სანერგისათვის საჭირო ფართობი, სანერგის განყოფილებათა ურთიერთშეფარდება, თესლბრუნვის სქემა, ტერიტორიის ორგანიზაცია, თავისი საზღვრებით, ნიადაგის რუკა, სარწყავი არხები და გზები.

ტერიტორია ნაწილდება კვარტლებად და თარგებად. სასურველია შეირჩეს ქარებისაგან დაცული ადგილი. სანერგის და ბაღის გაშენებამდე 4-5 წლით ადრე უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი.

ხეხილის სანერგისათვის საუკეთესოა ალუვიური ქვეთიხნარი, სილნარევიანი, ჰუმუსით მდიდარი შავმიწები, წაბლა, მდელოს ყავისფერი სტრუქტურიანი ნიადაგები. ნაკვეთის დაქანება არ უნდა აღემატებოდეს 30-50-ს, სანერგე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი და სასმელი წყლით.

სასურველია სანერგე მოეწყოს სატრანსპორტო გზასთან ახლოს, რაც ხელსაყრელია როგორც სანერგის მეპატრონის, აგრეთვე ნერგის შეძენის მსურველისათვის.

სანერგის მოწყობა

ხეხილის სანერგის მეპატრონემ, ფერმერმა, უნდა განსაზღვროს წინასწარ რა ტიპის სანერგე სურს რომ მოაწყოს. არის დროებითი და მუდმივი სანერგეები. დროებითი სანერგეები ფუნქციონირებენ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გარკვეული ხნით სარგავი მასალის საწარმოებლად.

მუდმივი ეწოდება სანერგეს, რომელიც ათეული წლობით მოქმედებს, რაც არის დადებითი ფაქტორი სანერგეში დასაქმებული კადრის აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

სანერგეს აუცილებელია უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიის სპეციალური შენობა; სამყნობი სახელოსნო, ზამთრის მყნობის ჩასატარებლად, ასევე თესლის გადასამუშავებელი და გასაშრობი საამქრო, კალმების თესლის სტრატიფიკაციის ოთახი; დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი-შენობა, საფუმიგაციო ოთახი, სარგავი მასალის შესანახი საკანი.

ყოველი სანერგე მეურნეობის მფლობელი თვითონ განსაზღვრავს რა შენობა-ნაგებობა სჭირდება ადგილობრივი პირობების და ნერგის გამოყვანის ტექნოლოგიის გათვალისწინებით.

ერთი ჰექტარი სანერგის ფორმირების, ორწლიანი ნამყენი ნერგის მისაღებად საჭიროა სულ ცოტა – 24 ჰექტრამდე სასარგებლო მიწის ფართობი. ეს განაპირობებს ნერგის ჯიშობრივ სიწმინდეს, საძირეთა სადედის ცოდნას და წარმოდგენა იქმნება ზონების მიხედვით ჯიშების დარაიონებაზე. ეს ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების გაზრდას და სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებას.

კერძო ფირმების და ოჯახური სანერგეების გაჩენამ მთლიანად შეცვალა სანერგე მეურნეობის დანიშნულება, დაქუცმაცდა, დანაწევრდა სახელმწიფო სანერგეები. ამიტომ შეიცვალა მათი სტრუქტურა. გაუქმდა ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ხეხილსანერგეები.

ამჟამად მოქმედებს პატარა ფართობებზე კომპლექსური ხეხილსანერგეები, რომელიც აწარმოებს ხეხილის რამოდენიმე კულტურის სარგავი მასალის გამრავლებას, თუმცა არც ეს არის სრულყოფილი, რადგან სანერგეები არ მოქმედებენ ცალკეული ზონისათვის საჭირო სარგავი მასალის წარმოებისათვის.

სანერგის მფლობელმა შესაძლებელია შექმნას სპეციალიზებული ხეხილის სანერგე კულტურათა ჯგუფების მიხედვით, ბუნებრივი პირობების თავისებურებათა გათვალისწინებით.

ხეხილის სანერგე მეურნეობა მოითხოვს განსაკუთრებულ აგროტექნიკას ნამყენი ნერგის აღზრდისათვის, ცალკეულ ნაკვეთებსა და სტრუქტურას. სანერგის ორგანიზატორებმა უნდა შექმნან სხვადასხვა დანიშნულების განყოფილებები (იხ. ცხრილი 1)

სანერგე

შენიშვნა:

1. გასამრავლებელი განყოფილება, საძირეთა გამრავლების ნაკვეთი

ა) სათესი სკოლა, სადაც ითესება თესლი და მიიღება ნათესარი საძირეები. აღნიშნულ ნაკვეთს ეწოდება სათესი სკოლა;
ბ) საძირეთა სადედე, სადაც საძირეებს ვეგეტატიურად ამრავლებენ.

2. ფორმირების განყოფილება, სადაც ტარდება მყნობა და ნამყენის აღზრდა. ეს განყოფილება შედგება ორი ნაკვეთისგან:

ა) პირველი წლის მინდორი _ საძირეებზე სანამყენე ნაკვეთი;
ბ) მეორე მინდორი _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის აღზრდის ნაკვეთი;
ც) მესამე წლის მინდორი ერთწლიანი ნამყენის ფორმირების ანუ ვარჯის ჩასახვის ნაკვეთი.

3. სადედე განყოფილება:

ა) შედგება სათესლე სადედე ბაღისაგან, სადაც მზადდება თესლი საძირეების მისაღებად;
ბ) საკალმე სადედე ბაღი – სადაც იჭრება კალამი ე.ი. საკვირტე მასალა.

აუცილებელია სადედეები მოეწყოს სანერგეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო რაოდენობის კვირტით, დაცული იყოს ჯიშების სიწმინდე. კალმის დამამზადებლები კარგად უნდა ცნობდნენ და ერკვეოდნენ ჯიშებში, რომ გამორიცხული იყოს გაუგებრობა.

სანერგისათვის ნიადაგის მომზადება

სანერგისათვის გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს არასასურველი ნარჩენებისაგან, გაკორდებული ნიადაგი საძირეებისათვის უნდა მოიხნას 30_40 სმ სიღრმეზე ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე. ხვნის წინ შეტანილი უნდა იყოს ნაკელი 40 ტ/ჰა, ფოსფორი 40 კგ/ჰა და კალიუმი 30 კგ/ჰა.

განოყიერებისათვის სასურველია გამოყენებულ იქნას მწვანე სასუქი-სიდერატები, რისთვისაც გაზაფხულზე უნდა დაითესოს პარკოსნები, ხოლო ზაფხულში ჩაიხნას.

ორი წლის განმავლობაში ითესება სათოხნი კულტურები, მესამე წლიდან ფართობი გამოიყენება სანერგისათვის. თუ ნიადაგი გაკორდებულია, მისი ათვისება ერთი წლით ადრე უნდა იყოს გათვალისწინებული. კორდი სანერგისათვის საუკეთესო წინამორბედია.

სანამყენე მინდორზე ნიადაგი უნდა მოიხნას ივლის-აგვისტოში საპლანტაჟე გუთნით 50-60 სმ სიღრმეზე, მოხვნის წინ შეტანილი უნდა იქნეს ნაკელი 25-30 ტონა, 40 კგ ფოსფორი და 30 კგ კალიუმი ჰექტარზე გადაანგარიშებით.

ხეხილოვანი კულტურების თესლის თესვის და საძირეების დარგვის წინ უნდა მოხდეს ნაკვეთში ნიადაგის კულტივაცია ფართე მოდების განის კულტივატორით 12-15 სმ სიღრმეზე და შემდეგ იგი დაიფარცხოს.

დამუშავებული ნიადაგის დროს საჭიროა მოიხნას სანერგის პირველი მინდორი 30-35 სმ სიღრმეზე. რაც სრულებით საკმარისია ნათესების ნორმალური ზრდისათვის. თესლი და საძირე გაფხვიერებულ ნიადაგში უნდა მოთავსდეს.

ფორმირების განყოფილებაში წარმოდგენილია მეორე და მესამე წლის ნამყენი ნერგი, მომავალი ვარჯის ჩასახვის და ფორმის მიცემისათვის აუცილებელია სადედე ნარგაობები გაშენდეს სანერგეებთან, რომ უზრუნველი იყოს საჭირო რაოდენობის კვირტით ან კალმით, დაცული იყოს ჯიშური სიწმინდე.

სამყნობი მასალის დამამზადებლები კარგად უნდა ცნობდნენ და ერკვეოდნენ ჯიშებში, რათა გამორიცხული იყოს გამოუსწორებელი შეცდომა და გაუგებრობა. აუცილებელია შემოღებული იქნეს სანერგის წიგნი.

რეკომენდაციების ავტორები: იუზა ვასაძე; გივი ბადრიშვილი; პროფესორი; ვაჟა კვალიაშვილი/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/

თქვენი რეკლამა