ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე — სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები

507 Views Comment Off

ბაქტერიული სიდამწვრე, რომელსაც იწვევს ბაქტერია Erwinia amylovora, ხეხილის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერიული დაავადებაა. ის სწრაფად ვრცელდება და შეუძლია ხის სრული განადგურება.

ამ ინფექციის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია ახალი ტოტები გაზაფხულზე; თუმცა, არამდგრადი, ასევე, მცენარის ყველა მიწისზედა ნაწილი. წვიმა, მაღალი ტენიანობა და 23-29°C ტემპერატურა საუკეთესო პირობებია ინფექციის და დაავადების განვითარებისთვის.

ბაქტერიული სიდამწვრე ვრცელდება წვიმის, მწერების და ფუტკრის საშუალებით დამტვერვის დროს. ბაქტერიული ხმობის განვითარების შემდეგ მისი კონტროლი ძალიან რთულია.

სიმპტომები

ბაქტერიული სიდამწვრე იწვევს დამახასიათებელ მოწითალო შეფერილობას დაავადებული მცენარეების ნაწილებზე. სიმპტომების აღმოჩენა იოლია, ვინაიდან ფოთლები, ყვავილები და ახალი ამონაყარი არის დამწვარი.

ხეხილი

ინფიცირებული ქსოვილი ყავისფრდება. დაზიანებული ფოთლები ხეზე რჩება მიმაგრებული მოსვენების მთელ პერიოდში. დაავადებული ქსოვილი ხშირად ბოლოში დამახასიათებლად იხვევა, რასაც მწყემსის კომბალს უწოდებენ.

ბაქტერიული ხმობის ინფექციის სადიაგნოსტიკო სიმპტომია დაავადებულ ფოთლებზე, ყვავილებსა და ნაყოფზე ბაქტერიის წებოვანი, მცირე ზომის ღია ქარვისფერი წვეთების წარმოქმნა თბილ, ტენიან ამინდში. ბაქტერიული სიდამპლე ჩვეულებრივ მკვახე ხილს აავადებს.

ხილი თავდაპირველად გამოიყურება ზეთოვანად ან წყლით გაჟღენთილად; ხშირად რძისებრი წებოვანი წვეთები წარმოიქმნება ნაყოფის ზედაპირზე. ნაყოფი ხმება, მუმიფიცირდება და რჩება ტოტზე მიმაგრებული.

ხეხილი

ბაქტერიულმა ხმობამ შეიძლება ძლიერ დააზიანოს ხეები, გამოიწვიოს ნეკროზი ხის დიდ ტოტებზე და მთავარ ღეროზეც კი. გაზაფხულზე ბაქტერიული წებო გამოჟონავს დანეკროზებული უბნებიდან და გახდება ახალი ინფექციების ინოკულანტი.

დიდი ტოტების და შტამბის ბაქტერიული სიდამწვრე ჩნდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები ვრცელდება დაინფიცირებული ყვავილებიდან, ყლორტებიდან და კვირტებიდან უფრო დიდ ტოტებზე ან ხის მთავარ შტამბზე.

დაავადების ციკლი

ბაქტერია გამოიზამთრებს ქერქის ქსოვილებში დანეკროზებული ადგილების კიდეების გასწვრივ, რაც გამოწვეულია წინა წლებში გავრცელებული ინფექციით.

გაზაფხულზე ბაქტერია სწრაფად მრავლდება და დანეკროზებული ადგილებიდან გამოიყოფა დამახასიათებელი წებოვანი მასა.

ბაქტერიული სიდამწვრე, როგორც წესი, ყველაზე გავრცელებულია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. დაავადების გავრცელება და განვითარება, როგორც წესი, ჩერდება ცხელ და მშრალ ამინდში.

ბაქტერიული ხმობის გამომწვევი ბაქტერიები ვრცელდება წვიმით, ქარით, მწერებით, სასხლავი ინსტრუმენტებით, ასევე, ფუტკრის საშუალებით დამტვერვის დროს.

ამ ინფექციის მიმართ ყველაზე დაუცველი ქსოვილებია ღია ყვავილები, ნედლი ყლორტების ბოლოები და ახალი ფოთლები. ბაქტერიებს შეუძლია ყვავილში ბუნებრივი ღია ადგილების გზით ან ფოთლების ბაგეებით შეღწევა, მწერების, სეტყვის, ქარის ან გასხვლის შედეგად გაჩენილი დაზიანებები მნიშვნელოვანი გზებია ბაქტერიების შესაღწევად.

პირველადი ინფიცირების შემდეგ ბაქტერიები შეიძლება გადავიდნს სხვა ყვავილებზე, ყლორტებზე ან ნაყოფზე და გამოიწვიოს მეორადი ინფექციები. მეორადი ინფექციები შეიძლება გაგრძელდეს მთელი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში და თითოეული ინფექცია შეიძლება დასრულდეს დანეკროზებულ ადგილში.

ბაქტერიული ხმობის ეპიფიტოტიის მთავარი მიზეზია ძლიერი სეტყვა, ვინაიდან ის იწვევს ხის ყველა ქსოვილის მნიშვნელოვან დაზიანებას და ქმნის ღია ჭრილობას, რომლის საშუალებითაც ბაქტერიებს შეუძლიათ ხეში შეღწევა.

მონიტორინგი

საჭიროა ბაღების კვირაში ერთხელ დათვალიერება პირველადი ინოკულაციის ეტაპზე გაზაფხულზე.

ბაღის ნაკლებად ხშირი, თუცმა პერიოდული დათვალიერება ბაქტერიული ხმობის სიმპტომების სანახავად უნდა ჩატარდეს ზაფხულის განმავლობაში ახალგანვითარებული ინფქეციების აღმოსაჩენად.

ნებისმიერი დაავადებული ტოტი ან ამონაყარი, რომელსაც აღენიშნება ბაქტერიული ხმობის სიმპტომები, მაშინვე უნდა გაისხლას. საჭიროა ბაქტერიული ხმობით დაინფიცირებული ყველა ხის მონიშვნა სიმპტომების შემდგომი განვითარების მონიტორინგისთვის.

ბრძოლის ღონისძიებები

ვაშლის ბაღში ბაქტერიული ხმობის მართვა უნდა განხორციელდეს რამდენიმე მეთოდით. ახალი ბაღების გაშენებისას მოერიდეთ ნაკლებად გამძლე ჯიშებს და ვაშლის ხეები დარგეთ მხოლოდ კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგში.

ბაღში პირველადი დაინფეცირება უნდა შენარჩუნდეს დაბალ დონეზე, რაც ხორციელდება ზამთრის განმავლობაში დაავადებული ტოტების ან ამონაყარის სათანადოდ გასხვლით.

დაინფიცირებული მცენარის ნაწილების მოცილებისას ტოტები უნდა მოიჭრას, სულ ცოტა, 30 სმ-ით ქვემოთ იმ წერტილიდან, სადაც აღინიშნება ბაქტერიული ხმობის ყველაზე მცირე ნიშანი.

გამოყენებამდე სასხლავი ინსტრუმენტები კარგად გაწმინდეთ, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევით ბაქტერიის მთელ ხეზე ან ბაღში გავრცელება. აუცილებელია, სასხლავი ინსტრუმენტები მოთავსდეს 70-95%- იან სპირტის ხსნარში ან 10-50%-იან მათეთრებელ ხსნარში გასხლვის ყოველი პროცედურის შემდეგ.

ბაქტერიული სიდამწვრე, ჩვეულებრივ, აზიანებს ახალ ნაზარდს და წვრილ ტოტებს გაზაფხულზე. მისი კონტროლი ხდება დაინფიცირებული ქსოვილის ამოჭრით და მოწვით მისი გამოჩენისთანავე.

დაინფიცირებული ყლორტების მოცილებისას ხის ქსოვილი დაზიანებული უბნიდან საკმაო დაშორებით ჩამოჭერით, ვინაიდან ბაქტერიას შეუძლია გავრცელდეს ქსოვილში სიმპტომების განვითარებამდე.

გასხვლა ტარდება მხოლოდ მზიან დღეებში, როდესაც არ არის მოსალოდნელი წვიმა. თითოეული მოჭრის შემდეგ აუცილებელია სასხლავი ინსტრუმენტების სათანადოდ გაწმენდა.

უნდა მოერიდოთ ისეთ ხერხებს, რომლებიც ხელს უწყობს ხის მეტისმეტად გაძლიერებას, როგორიცაა მაგალითად, აზოტის მაღალი დოზით განოყიერება.

ბაქტერიული ხმობისადმი განსაკუთრებით არამდგრადია სწრაფად მზარდი ახალი ნაზარდები. ბაქტერიისადმი მეტი გამძლეობით გამოირჩევა ზომიერად ძლიერი ხეები. ხის ამონაყრები აუცილებლად უნდა მოსცილდეს გამოჩენისთანავე.

გაზაფხულზე ახალი ინფექციების პრევენცია კრიტიკული დროის განმავლობაში ყვავილობიდან ფურცლების ჩამოცვენამდე უნდა განხორციელდეს სპილენძის ნაერთებით ან ბაქტერიციდული სტრეპტომიცინით (აგრიმიცინი) დამუშავებით.

სტრეპტომიცინით დამუშავება ხდება 4-5-დღიანი ინტერვალით, სტრეპტომიცინის კონცენტრაცია 1:1000. პირველი დამუშავება იწყება მაშინ, როდესაც ყვავილების 5-10% გახსნილია და გრძელდება გვირგვინის ფურცლების ჩამოცვენამდე. ფურცლების ჩამოცვენიდან 7-10 დღიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს ორი ან სამი შესხურება.

ბაქტერიული ხმობისგან დამცავი სტრეპტომიცინის შესხურება, ასევე, უნდა განხორციელდეს უშუალოდ ძლიერი სეტყვის შემდეგ, განსაკუთრებით, ბაქტერიული ხმობის მიმართ არამდგრად ჯიშებზე.

მოერიდეთ სპილენძით ან სტრეპტომიცინის ჭარბი დოზით დამუშავებას. სპილენძის ჭარბმა დოზამ შეიძლება დააზიანოს ნაყოფი და ბაქტერიამ შეიძლება გამოიმუშაოს რეზისტენტობა სტრეპტომიცინის მიმართ.

ზრდის მარეგულირებელი პროჰექსადიონ-კალციუმით (Apogee) დამუშავება დაგეხმარებათ ბაქტერიული ხმობის შემცირებაში, შეჩერდება რა ყლორტების ჭარბი ზრდა.

ავტორი: დევიდ პიჩა
წყარო: ჟოლოს ბაღის გაშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB