რამდენიმე საჭირო რჩევა ხეხილის ბაღის მოვლისთვის

ბაღი, მოვლა, ხეხილი, ხილი

კარგად მოვლილი ხეხილის ბაღი თვალსაც ახარებს და მეურნის ეკონომიკასაც აძლიერებს. ხეხილის ჭრილობის, ტანის, მექანიკური დაზიანების მოვლა, შტამბის და დედა ტოტების გასუფთავება, ამონაყრების შეცლა, ფუღუროების და ფესვის ყელის სიდამპლის აღმოფხვრა თუ მთლიანად მცენარის დაცვა მღრღნელებისგან სულ უნდა ხდებოდეს და მეურნემ ბაღში გამუდმებით უნდა იტრიალოს.

ჭრილობის მოვლა 

ხეხილზე მიყენებული ყოველგვარი  ჭრილობა წარმოადგენს მავნე სოკოებისა და ბაქტერიების განვითარების საუკეთესო სუბსტრატს. აღნიშნული მიკროორგანიზმები ჭრილობების საშუალებით იჭრება ხეხილის ორგანიზმში, რაც თავის მხრივ დამღუპველად მოქმედებს მასზე.

ხეხილზე ჭრილობის მიყენება არა მარტო პერიოდული სხვლის (გაახალგაზრდავების) დროს ხდება _ არსებობს ხის დასახიჩრების არა ერთი მექანიკური თუ უნებლიე მიზეზი.

ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის დაზიანებისთანავე მისი ზედაპირი ფრთხილად უნდა შემოიჭრას ბაღის დანით. მეორე პირობა, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას, არის მისი იზოლირება გარემო პირობებისგან ბაღის მალამოს საშუალებით. დღესდღეობით ბაღის მალამოს მრავალი სახეობა არსებობს, რის ყიდვაც მეურნეს არ გაუჭირდება სპეციალურ მაღაზიებში.

გარემოსგან იზოლაციის გარდა, ბაღის მალამოს ზემოქმედებით არ უნდა დაზიანდეს ხის ქსოვილები. რახან მალამოა, არ შეიძლება მისი წასმა მცენარის ჯანმრთელ ნაწილზე, თუნდაც ეს მცირე გადაცდომით მოხდეს. ის მხოლოდ დაზიანებულ ნაწილზე უნდა წავუსვათ და დროებით შევახვიოთ ქსოვილის ნაჭერით.

ხეხილის ტანის მოვლა 

ხეხილის შტამბი და დედა ტოტები ხის ვარჯის საყრდენია. ის მიწისზედა ნაწილებს უკავშირებს ფესვთა სისტემას და  მათ შორის საკვებ ნივთიერებათა გატარების ძირითადი მაგისტრალია. მათშივე ხდება სამარაგო ნივთიერებათა შენახვა.

შტამბის და დედა ტოტების დაზიანება შესაძლოა, გამოიწვიოს ტემპერატურის რყევადობამ, სტიქიურმა მოვლენებმა, მანქანა-იარაღების დაუდევარმა გამოყენებამ, მავნე დაავადებებმა თუ მღრღნელებმა. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს აღნიშნული მიზეზების თავიდან აცილება, სტიქიური დაზიანების შემთხვევაში კი შემოვაცალოთ დაზიანებული ტოტები და სხვადასხვა ნაწილები _ არაერთ ბაღში გვინახავს ნახევრად მოტეხილი  თუ დაგრეხილი და ჩამოკიდული ტოტი, წვერო და ა.შ.

მექანიკური დაზიანება 

ასეთი სახის დაზიანება საბოლოოდ მაინც ჭრილობას წარმოქმნის. თუ დაზიანება მცირე ზომისაა, შეხორცება სწრაფად მიდის და დაზიანებული ადგილი ყოველგვარი ჩარევის გარეშე აღდგება.

რთული მექანიკური დაზიანების დროს, განსაკუთრებული  მარტო ჭრილობის მოსუფთავება და მალამოს დადება ვერ უზრუნველყოფს დაზიანების ლიკვიდაციას. ასეთ დროს საჭიროა ქერქის გადანერგვა, ის უნდა აიჭრას ხიდან ან დედა ტოტიდან, რომელიც აღარ არის საჭირო (ამორტიზებული ნაკვეთიდან ან ქარსაფარ ზოლში მდებარე შესაბამისი ხიდან). აღნიშნული ოპერაცია გაზაფხულის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.

წინასწარ მომზადებული ნებისმიერი ფორმის ჭრილობის ქერქი ამოიჭრას  დამხმარე ხიდან, სწრაფად ჩაიდგას დაზიანებულ ადგილზე და მიეჭედოს მომცრო ლურსმნებით, რასაც წვრილ თოკს შემოვუჭერთ. ზემოდან კი დავადოთ სველი თიხა და შემოვახვიოთ რამდენიმე ფენა ქაღალდი, რათა თავიდან ავიცილოთ გამოშრობა.

შტამბი და დედა ტოტები 

ეს პროცესი ხშირად არ ხდება. დროთა განმავლობაში, როცა სისქეში ზრდის გამო ხეხილის შტამბი და დედა ტოტების ქერქის ზედა ფენა სკდება და ხეზევე რჩება, იგი წარმოადგენს მავნებლების თავშესაფარს. ამიტომ უნდა მოხდეს შტამბისა და დედა ტოტების პერიოდული გაფხეკა. ეს ქერქი ხეს ისე უნდა მოსცილდეს, რომ ცოცხალი ქსოვილი არ დაზიანდეს. გაფხეკის დაწყებამდე ხის ირგვლივ უნდა გაიშალოს საფენი, რომელზეც გროვდება ჩამოცვენილი ქერქი, შემდეგ ის უნდა დაიწვას.

ამონაყრების შემოცლა 

ხეხილის ბაღში ხშირია ფესვის ამონაყრების წარმოქმნა, რომლებიც მცენარეს ართმევს საკვებს. ამიტომ გაზაფხულზე (დასაშვებია ზაფხულშიც), უნდა მოხდეს ფესვის ამონაყრების შემოცლა. ფესვის ყელთან შემოვაცალოთ მიწა და დანის საშუალებით რგოლზე ამოვაჭრათ ამონაყარი, რაც შეიძლება ძირთან ახლოს, რადგან დარჩენილ მცირე ნაწილზეც კი მუდამ უხვად არის მძინარე კვირტები. თუ ასე არ ვიზამთ, ამონაყრების სახით მცენარის შტამბის ირგვლივ მუდამ იქნება ბუჩქის სახით ამონაყართა ერთობლიობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ხეხილის აქტივობას და რასაკვირველია, მცირდება მოსავლის რაოდენობა.

ფუღუროების აღმოფხვრა 

ხნიერ ხეებზე განსაკუთრებით შეიმჩნევა ფუღუროების მომრავლება. ხშირად ეს მექანიკური დაზიანებითაა გამოწვეული. ის საშიშია მცენარის სიცოცხლისთვის და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დახურვა. დახურვამდე მერქნის დამპალი ნაწილები უნდა ამოიფხიკოს საჭრეთლით ან სხვა რაიმე მჭრელი იარაღით საღი ქსოვილის გამოჩენამდე. ამის შემდეგ, მთლიანად ამოსუფთავებულ ფუღუროს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ხუთპროცენტიანი ძაღის ხსნარით.

თუ ფუღურო პატარაა, შიგ უნდა ჩაისვას მაგარი ჯიშის ხის ხმელი მერქანი და დაიფაროს ბაღის მალამოთი. თუ დიდია, საჭიროა სპეციალური შენარევით ამოვსება. კარგ შედეგს იძლევა გუდრონისა და ხმელი ნახერხის ნარევით ფუღუროს ამოვსება ( ერთი წილი გუდრონი და ოთხი წილი ნახერხი).

ფესვის ყელის სიდამპლე 

ეს იგივე ქერქის დასკდომაა, რაც ზოგჯერ ზამთრის ყინვების ზემოქმედებითაც ხდება და ფესვის ყელთან ქერქის დასკდომის შემდეგ ლაფანი ხმება. არსებობს მრავალი სხვა მიზეზი _ ნესტიანი თუ თბილი შემოდგომა.

ასეთ დროს, ფესვთა სისტემასა და მიწისზედა ნაწილებს შორის ირღვევა წვენის მოძრაობა. ფესვის ყელი სიდამპლისგან რომ დავიცვათ,  შემოდგომით შემოვბაროთ და შემოვაყაროთ მიწა, გაზაფხულზე კი ნიადაგის გაფხვიერებისას მიწა უნდა შემოეცალოს და გადაიყაროს.

წყარო: gurianews.com

იხილეთ: ბაღის მალამო – მომზადების რეცეპტები და გამოყენება

თქვენი რეკლამა