ჩვეულებრივი ანუ ევროპული ურთხელი, უთხოვარი

ევროპული, ურთხელი, უთხოვარი

ჩვეულებრივი ანუ ევროპული ურთხელი, უთხოვარი (ლათ.Taxus baccata)

ბოტანიკური აღწერა

ბუნებაში საკმაოდ იშვიათია. მცირე კორომებისა და ერთეული ეგზემპლარების სახით გვხვდება კავკასიაში, დასავლეთ ევროპაში, ყირიმში, ალჟირის, მცირე აზიისა და სირიის მთებში.

ბუნებრივ პირობებში 10-20 მ სიმაღლის ხეა უსწორმასწოროდ მომრგვალებული ვარჯით. კულტურაში კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელსაც გააჩნია ჯიშების დიდი რაოდენობა ზრდის ტიპისა და ვარჯის ფორმის მიხედვით.

ურთხელი, უთხოვარი

აგროტექნიკა

უთხოვარი ჩრდილისამტანი მცენარეა. რბილი ზამთრის რეგიონებში ის კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებშიც, მაგრამ შედარებით მკაცრი კლიმატის პირობებში ზიანდება ზამთრის ცივი ქარებით. ამიტომ სასურველია მის დასარგავად შერჩეულ იქნას ქარისგან დაცული ადგილი.

უყვარს ნოყიერი თიხნარი ნიადაგები. მწირ ფხვიერ ქვიშნარ ნიადაგებზე ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ უკეთ იზამთრებს. ნორჩი ნერგების დარგვისას სასურველია სუბსტრატში ტყის წიწვიანი ნიადაგის მცირე რაოდენობის დამატება, ვინაიდან მასში არის ნიადაგის სოკოები, რომლებიც სახლდებიან უთხოვრის ფესვებზე და უზრუნველყოფენ მის დამატებით კვებას აზოტითა და მიკროელემენტებით.

მოზრდილ ეგზემპლარებს დამატებითი კვება არ ესაჭიროებათ. უფრო მეტიც, კონცენტრირებული მინერალებით ან ახალი ორგანული სასუქებით გამოკვებამ შეიძლება მიკორიზას სიკვდილი და ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ფესვებსა და ნიადაგის სოკოებს შორის კავშირის აღდგენამდე.

ურთხელი, უთხოვარი

გადარგვას კარგად იტანს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ნორჩი ყლორტების აქტიური ზრდის პერიოდში. გადარგვისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი. შემოდგომაზე შეიძლება გადაირგოს მხოლოდ მკვრივ ფესვთა კოშტიანი ან კონტეინერში გამოზრდილი ეგზემპლარები. მსხვილი ეგზემპლარის გადასარგავად საჭიროა ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადება გადარგვამდე 6-12 თვით ადრე.

უთხოვარი ტენის მოყვარულია მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში. მოზრდილი, კარგად განვითარებული მცენარე საკმაოდ გვალვისამტანია. ზედაპირული გრუნტის წყლები მისთვის დამღუპველია.

ხანმოკლე ყინვებს, -300-მდეც კი, იოლად იტანს. ნორჩი ხეები კარგად იზამთრებენ თოვლის საფარის ქვეშაც. გაზაფხულზე უთხოვრის ნარგავების ერთდროული გამოღვიძებისათვის საჭიროა მათი უხვად მორწყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასუსტებული ეგზემპლარების მორწყვა.

ურთხელი, უთხოვარი

კონტეინერებსა და ვაზონებში უთხოვრის გასახარებლად აუცილებელია სივრცე და ნოყიერი თიხნარი ნიადაგი. ვიწრო ქოთნების შემთხვევაში აუცილებელია რეგულარული გამოკვება სუსტი კონცენტრაციის სასუქებით აქტიური ზრდის პერიოდში.

გასაკაჟებლად სასურველია ზაფხულში მცენარის გარეთ გამოტანა და ჩრდილში მოთავსება. ზამთარში დახურულ გრუნტში უნდა იმყოფებოდეს 8-120-ის ტემპერატურის პირობებში.

გამწვანებაში გამოყენება

უპრეტენზიობა, დეკორატიულობა და სიცივისამტანობა უთხოვარს საკმაოდ ძვირფას მასალას ხდის ბაღების გასაფორმებლად. მის გარეშე წარმოუდგენელია რეგულარული სტილის ვერც ერთი ბაღი.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ უთხოვრები და ბზები განსაზღვრავენ ფორმალური ბაღების სტილისტიკას. უთხოვარი ერთ-ერთი იდეალური მცენარეა ფიგურული კრეჭვისათვის.

ურთხელი, უთხოვარი

ზამთრის ბაღებში იყენებენ მხოლოდ უთხოვრის იმ ფორმებს, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურნი არიან ცივი „სუბტროპიკული“ ბაღებისათვის სხვა წიწვოვნებთან და ლამაზადმოყვავილე ბუჩქებთან კომპოზიციაში.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა