ბოსტნეულის ფუზარიოზი-დაავადების მიზეზები და ბრძოლის ხერხები

534 Views Comment Off

ბოსტნეულის, კერძოდ ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი კულტურებისთვის (პომიდორი, ბადრიჯანი წიწაკა) ძალიან სახიფათო დაავადება – ფუზარიოზული ჭკნობა.

დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და მოითხოვს ბრძოლის ღონისძიებათა საკმაოდ რთული კომპლექსის განხორციელებას.

მოცემული სტატიის მიზანს წარმოადგენს საბაზისო ინფორმაციის გავრცელება  აღნიშნული დაავადების და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

დაავადების გამომწვევი და მისი გავრცელების პირობები

დაავადების გამომწვევია სოკო Fusarium oxysporum (Schlech). იგი დიდი ხნის განმავლობაში ინახება ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებში. დაავადება ვრცელდება ნიადაგით, მორწყვისას. მისი გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს მსუბუქი ნიადაგები.

სოკო მოქმედებას იწყებს მცენარის ფესვიდან და აზიანებს მცენარის წყლის გამტარ ჭურჭლებს ღეროს მთელ სიგრძეზე. ამ პროცესის შედეგად უწყდება წყლის და საკვები ნივთიერებების მიწოდება ფოთლებს და მტევნებს. დაზიანებულ მცენარეს აქვს ძალიან ცოტა ნაყოფი, უფრო ხშირად კი მცენარე მთლიანად იღუპება.

დაავადება განსაკუთრებით პროგრესირებს ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობის პირობებში.

დაავადებისაგან ზიანდება როგორც ახალგაზრდა, ასევე მოზრდილი მცენარეები.

სოკოები, რომლებიც იწვევენ ფუზარიოზულ ჭკნობას, დიდი ხნის განმავლობაში ინახებიან ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებში.

დაავადების გავრცელებას უმთავრესად ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  • დაინფიცირებული სათესლე მასალა;
  • ჩითილები, რომლებიც წარმოებულია დაინფიცირებულ ნიადაგზე;
  • ადამიანები, ვინც გადაადგილდებიან დაინფიცირებული ფართობიდან სუფთა ფართობში;
  • დაინფიცირებულ ფართობში გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო იარაღის და აღჭურვილობის მოხვედრა სუფთა ფართობზე;
  • დაავადების გავრცელებისათვის იდეალურ პირობას წარმოადგენს ნიადაგის pH 5.0-დან 5.6-ის ფარგლებში;

დაავადების სიმპტომები

დაავადების გაჩენის პირველი ნიშანია გაყვითლება და ჭკნობა. ეს პროცესი როგორც წესი, მიმდინარეობს მცენარის ცალ მხარეს. დროთა განმავლობაში სოკოების გამრავლების პარალელურად სიყვითლე და ჭკნობა ვრცელდება მთელს მცენარეზე. დაზიანებული ფოთლები სისტემატურად ჭკნება და ცვივა. ამავე დროს შეინიშნება ფოთლების აჭრელება და ტურგორის დაკარგვა, რომელიც ხშირად იწყება ფოთლის წვეროდან. ღეროს და  ფოთლის გადანაჭერზე ადვილად შეინიშნება გამტარი ჭურჭლების დაზიანება.

ზიანდება ლებან-ფოთლები, ლპება ფესვები ან ღეროს ფუძე. შედეგად, ხშირ შემთხვევაში ხდება მცენარეთა მასობრივი განადგურება.

ზრდასრული მცენარეების დაავადებისას ფერხდება განვითარება, მცენარე ჭკნება და იღუპება;

იმ შემთხვევაში თუ მცენარე მთლიანად არ დაჭკნა, მისი ნაყოფი კარგავს სასაქონლო ხარისხს.

ბრძოლის ღონისძიებები

ბრძოლის მექანიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებებები

დაავადების გაჩენისას უპირველესად ყოვლისა აუცილებელია დაზიანებული მცენარეების მოცილება და გატანა ნაკვეთიდან და დაწვა. ეს ღონისძიება ხელს უწყობს დაავადების გავრცელების არეალის შემცირებას.

ასევე აუცილებელია მოსავლის აღების შემდეგ დასნებბოვნებულ ფართობზე არსებული მცენარეული ნარჩენების დაწვა-განადგურებაც.

ბრძოლის ქიმიური მეთოდი და მცენარის გამოკვება

უნდა აღინიშნოს რომ არ არსებობს ფუზარიოზის წინააღმდეგ პირდაპირ მოქმედი ქიმიური პრეპარატი. თუმცა ამავდროულად აუცილებელია მცენარის გაძლიერების მიზნით, დაზიანებული მცენარეების მოცილების შემდეგ წამლობების ჩატარება პრეპარატ, “პრევიკურის” ან “ფუნდაზოლის” გამოყენებით.

ეს წამლობა იძლევა იმის მცირე შანსს რომ ჯერ კიდევ დაუზიანებელი მცენარეები გადარჩნენ. ასევე აუცილებელია მცენარის გამოკვება შესაბამისი მინერალური სასუქებით. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას ნიტრატზე ბაზირებული აზოტოვანი სასუქები, ნაცვლად ამონიუმზე ბაზირებული აზოტოვანი სასუქებისა.

ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდები

დაავადების ლიკვიდაციას და ფართობის დეზინფექციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნიადაგის ფუმიგაცია, ან ნიადაგის არეს რეაქციის (pH – ის) გაზრდა 6.5 – 7.0 – მდე. ამ ღონისძიებას იგივე ეფექტი აქვს რაც ფუმიგაციას.

მძიმე მულჩირება უზრუნველყოფს ნიადაგის დაბალ ტემპერატურას, რის შედეგადაც ფერხდება დაავადების გამომწვევი სოკოების განვითარება და ასევე ამ ღონისძიების შედეგად დაავადების გამომწვევი სოკოების მასპინძელი სარეველა მცენარეების რაოდენობის შემცირება.

დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი არის კულტურათა მონაცვლეობა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ ბრძოლის ამ მეთოდის გამოყენებისას დასნებოვნებულ ნაკვეთზე 4-5 წლის მანძილზე არ უნდა მოხდეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი არც ერთი კულტურის წარმოება.

არსებობს ფუზარიოზისადმი მეტ-ნაკლებად გამძლე კულტურათა ჯიშები/ჰიბრიდები. მათი წარმოებაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების მასშტაბებს.

ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი

ფუზარიოზის წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდს წარმოადგენს სოკო ტრიქოდერმას (Trichoderma harzianum) გამოყენება. ტრიქოდერმა ცნობილია როგორც ფუნგიციდი, რომელსაც იყენებენ სათესლე მასალის დასამუშავებლად, ფოთლებზე შესხურებისათვის და ნიადაგის დეზინფექციისათვის.

დამატებითი ინფორმაცია:

  1. დაავადების გავრცელებისა და განვითარების შანსები გაცილებით მცირეა ისეთ ნიადაგებზე, რომელთაც აქვთ კარგი დრენაჟი.
  2. ფესვის ნემატოდები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს დაავადების გავრცელებას.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2332 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB