ბოსტნეული მცენარეების კლასიფიკაცია

144 Views Comment Off

სხვადასხვა ბოსტნეული მცენარე და აგრეთვე ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა ჯიშიც კი თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები ერთი რაიონის და ზონის ფარგლებშიც კი არ არის ერთნაირი.

ამიტომ, ბოსტნეულის მაღალი მოსავლის აგროტექნიკის სისტემა უნდა აიგოს როგორც მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, აგრეთვე მათი კონკრეტული ზრდის პირობების აღრიცხვის საფუძველზე.

იმის ცოდნა, თუ რომელ ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება ესა თუ ის მცენარე, საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ მცენარის დამოკიდებულებაზე გარემო პირობებისადმი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მცენარის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის ცოდნა და იმ ორგანოს ფორმირების ხასიათი, რისთვისაც მოჰყავთ ეს მცენარე, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია აიგოს აგროტექნიკის ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი მოსავლის მიღებას.

ბოსტნეული მცენარეების მოხერხებული შესწავლისთვის, თვისებების მსგავსების შესაბამისად მათ აერთიანებენ ჯგუფებში. ასეთი დაჯგუფების საფუძვლად იღებენ ბოტანიკურ, ბიოლოგიურ და სამეურნეო თვისებებს.

ამ თვისებების მიხედვით ბოსტნეული მცენარეები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

  • კომბოსტოსნაირი ბოსტნეული;
  • ძირხვენები;
  • ხახვნაირები;
  • ტუბერიანები;
  • ნაყოფიანი ბოსტნეული;
  • მწვანილეული ბოსტნეული;
  • მრავალწლიანი ბოსტნეული.

კომბოსტოსნაირი ბოსტნეული

კომბოსტოსნაირი ბოსტნეული მიეკუთვნება ჯვაროსანთა ოჯახს (Crucifear). მათი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა. ყველა კულტურული ფორმა წარმოშობილია ველური წინაპრისგან ხელოვნური და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად, რთული ჰიბრიდიზაციის გზით.

კომბოსტოსნაირ მცენარეებს მიეკუთვნება: თეთრთავიანი, წითელთავიანი, სავოის, ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი და ფოთლოვანი კომბოსტო (საკვები და დეკორატიული), აგრეთვე ჩინური (ფოთლოვანი და თავიანი).

კომბოსტოსნაირი ბოსტნეული ხასიათდება შემდეგი საერთო თვისებებით: ყველა ისინი ორწლიანი მცენარეები არიან, თესლი უვითარდებათ სიცოცხლის მეორე წელს (ყვავილოვანი და ჩინური კომბოსტოს ფოთლოვანი ფორმების გამოკლებით). ყველა კომბოსტოსნაირი მცენარე საუკეთესოდ იზრდება ზომიერი ჰავის პირობებში, ზიანდება საერთო მავნებლებით და ავადმყოფობებით; ყველა ეს მცენარეები ვეგეტაციური ორგანობის მოსავლის მისაღებად მოჰყავთ.

თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოის კომბოსტოს პროდუქტიული ორგანო _ კომბოსტოს თავი გიგანტური წვეროს კვირტია, რომელშიც მოთავსებულია საკვები ნივთიერების დიდი მარაგი, რაც აუცილებელია მცენარისათვის სიცოცხლის მეორე წელს.

ძირხვენა ბოსტნეული მცენარეები

ძირხვენების ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ბოსტნეული ოჯახების წარმომადგენლები: ქოლგოსნები (სტაფილო, ფოთლოვანი ოხრახუში, ძირთეთრა, ნიახური), ნაცარქათამისებრნი (ჭარხალი), ჯვაროსნები (თვის ბოლოკი, ბოლოკი, თალგამი, მიწამხალა).

ყველა ეს მცენარე, თვის ბოლოკის გარდა, ორწლიანია. პირველ წელს მათ უვითარდება ფოთლების როზეტი და ძირხვენა, რომლებშიც უგროვდებათ საკვები ნივთიერებების მარაგი და რომელსაც მცენარე მეორე წელს თესლის წარმოქმნაზე ხარჯავს.

ძიხვენების ფორმირებაში მონაწილეობს მთავარღერძინი ფესვი. ლებნის ქვედა და ზედა მუხლიდან ვითარდება ძირხვენის თავი, რომელსაც მოაქვს ფოთლები, კვირტები და ინარჩუნებს დაღუპული ფოთლების კვალს. თვით ფესვიდან წარმოიქმნება ძირხვენის დარჩენილი ნაწილი, თუმცა სხვადასხვა ძირხვენა მცენარის საპროდუქტო ნაწილი სხვადასხვანაირად ფორმირდება.

ჯვაროსანთა ოჯახის ძირხვენა მცენარეების სამარაგო ორგანოები (ძირხვენა) ან მთლიანად ლებნის ქვედა მუხლის ხარჯზე (თვის ბოლოკი) წარმოიქმნება, ან მისი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, ამიტომ ეს მცენარეები შეიძლება გამრავლდნენ ჩითილით (მაგრამ პრაქტიკულად ჩითილით მხოლოდ მიწამხალა მოჰყავთ).

ქოლგოსანთა ოჯახის ძირხვენა მცენარეები წაგრძელებული ფორმის ძირხვენებით ფორმირდება, ძირითადად მთავარღერძა ფესვის ხარჯზე. ასეთი მცენარეების ძირხვენები თითქმის მთლიანად ჩაფლულია ნიადაგში, რაც საშუალებას იძლევა საგვიანო ჯიშები უფრო გვიან ვადებში ავიღოთ.

ასეთი მცენარეების გადარგვა არ შეიძლება, ვინაიდან გადარგვისას მთავარღერძა ფესვი წყდება, რის შედეგადაც დატოტვილი ძირხვენები მიიღება. გამაგრებულ, გაკორდებულ, ნაკლებკულტურულ ნიადაგებზე (მცირე სიღრმის სახნავი ფენით), გრძელი და ნახევრად გრძელი სტაფილოს ძირხვენების, ოხრახუშისა და ძირთეთრას მთავარი ღერძის დაზიანების გამო, იძენს დამახინჯებულ, დატოტვილ ფორმას.

ხახვნაირი მცენარეები

ხახვნაირ მცენარეებს მიეკუთვნება თავიანი ხახვი, ხახვი-ჭკვალა, პრასი, მრავალიარუსიანი ხახვი და სხვა მრავალწლიანი ხახვი, რომლებიც არ წარმოქმნიან გაბერილ ბოლქვს: ჭლაკვი, ხახვი-შნიტა, აგრეთვე ნიორი.

ხახვი მიეკუთვნება ერთლებნიანთა კლასს, შროშანისებრთა ოჯახს. მათი ღივები ერთი ლებნის სახით გამოჩნდება.

თავიანი ხახვის ბოლქვი სახეცვლილი ყლორტია: ხახვის ფოთლები მრგვალია, ღრუიანი. ყოველი ახალი ფოთოლი თავიდან წინა ფოთლის შიგნით იზრდება, შემდეგ კი გარეთ გამოდის. ამიტომ ფოთლების ქვედა მხარე (ვაგინები) ერთმანეთს ეკვრის.

ბოლქვის ფორმირების დროს მათში ინახება პლასტიკურ ნივთიერებათა მარაგი, ისინი მსხვილდებიან, ქმნიან ხორციან, სქელ ქერქლს. ქერქლის ფუძე გამოდის ბოლქვის ძირაკიდან, გამსხვილებული ღეროდან, რომლის გარეგან ნაწილს ქუსლს უწოდებენ.

გარეგანი ქერქლი თანდათან შრება და წარმოქმნის ხალათს, რომელიც ბოლქვებს გამოშრობისა და მიკროორგანიზმების შეღწევისგან იცავს. რაც მეტია მშრალი ქერქლი, მით უკეთესად უძლებს ბოლქვი ზამთრის შენახვას.

ტუბერიანები

ტუბერიან ბოსტნეულს მიეკუთვნება კარტოფილი, მრავალწლიანი მცენარე ძაღლყურძენისებრთა ოჯახიდან (Solanaceae). ის მოჰყავთ, როგორც ერთწლიანი მცენარე. კარტოფილის ღეროს მიწისქევეშა ნაწილის იღლიის კვირტებიდან ვითარდება ყლორტები-სტოლონები, რომლის ბოლოებზეც წარმოიქმნება გამსხვილებული ბოლქვები.

ნაყოფიანი ბოსტნეული

ნაყოფიანი ბოსტნეულის ჯგუფს შეადგენს გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები — კიტრი, ყაბაყი, პატისონი; ბაღჩეული მცენარეები — გოგრა, საზამთრო, ნესვი; პარკოსნები ანუ ფარვანასებრნი — ბოსტნის ბარდა, ლობიო, ცერცვი; ძაღლყურძენისებრნი — პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, ფიზალისი; მარცვლოვანი — ტკბილი სიმინდი. ყველა ეს მცენარე ერთწლიანია, კულტურის მიზანია — ნაყოფის მიღება.

მწვანილეული ბოსტნეული

მწვანილეულ ბოსტნეულს მიეკუთვნება — სალათა, თავიანი სალათა, ისპანახი, ფოთლოვანი სალათა და პეკინის კომბოსტო, ცერეცო და ქინძი, კიტრისურა ანუ ბორაგო.

ყველა მწვანილეული ბოსტნეული კულტურა გამოირჩევა ადრეულობით. ბევრი მათგანი, აღმონაცენის გამოჩენიდან 2-4 კვირის შემდეგ, გამოიყენება საკვებად, ამის გამო, ზრდისთვის ისინი მოითხოვენ მცირე კვების არეს და ნაყოფიერ, კარგ ტენიან ნიადაგს.

მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურები

მცენარეების ამ ჯგუფს მიეკუთვნება მჟაუნა და რევანდი (მატიტელასებრთა ოჯახი), სატაცური (შროშანისებრთა ოჯახი, ტარხუნა (რთულყვავილოვანთა ოჯახი), პირშუშხა (ჯვაროსანთა ოჯახი).

მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურების ფესვებში და ფესვურებში, გროვდება საკვებ ნივთიერებათა დიდი მარაგი, რის ხარჯზეც, მოზამთრე კვირტებში იქმნება გაზრდილი ოსმოსური წნევა (იგივე ტურგორი), რაც განაპირობებს მათი გამოზამთრების უნარს. საკვები ნივთიერებანი, რომელიც დაგროვილია ფესვურებში, გამოიყენება ზრდის განახლებისთვის მომავალი წლის გაზაფხულზე.

ავტორი: ილია მჭედლიძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB