ბოსტნეული კულტურების შეთავსებადობა, თანამიმდევრული მოყვანის წესები

ბოსტნეული, ბიო, ორგანული

შერეულ ნათეს-ნარგაობათა ერთ-ერთი დანიშნულება მთელი სეზონის მანძილზე ცოცხალი ბოსტნეულის თანაბარზომიერად მოწევაა.

ამის მიღწევა კი მაშინ შეიძლება, თუ მივმართავთ იმ კულტურებს, რომლებსაც არა მარტო შემოსვლის, არამედ დათესვა-დარგვის სხვადასხვა ვადები აქვთ.

მათ სწორედ ასე _ თანამიმდევრულ ნათეს-ნარგაობებს უწოდებენ. ერთ კვალში ერთი სეზონის მანძილზე ტარდება თავისებური მცირე თესლბრუნვა, რომელიც მოიცავს წინამორბედ ძირითად და მომდევნო კულტურებს.

მცირე თესლბრუნვის უკეთესი პირობებია იმ რაიონებში, სადაც თბილი ჰავაა და ხანგრძლივი ვეგეტაციური პერიოდია, დაახლოებით მარტიდან ნოემბრამდე. თუმცაღა უფრო ცივკლიმატიან რეგიონებშიც შეიძლება ამ ხერხის გამოყენება,

თუკი ძირითად ან მომდევნო კულტურებს წინასწარ სანერგეში, ან ჩითილებად გამოვზრდით და ამით შევამცირებთ კვალში მათი ზრდის ვადას.

სხვა ხერხიც არსებობს: იმ წინამორბედი კულტურების მწკრივთა შორის, რომლებიც ჯერ არ აუღიათ, შეთესავენ ან რგავენ მომდევნო მცენარეს; ამ კულტურის ქორფა მცენარეებს არ სჭირდება დიდი ადგილი და მათ შეუძლიათ გარკვეული დროის მანძილზე იზარდონ წინამორბედი კულტურის საფარქვეშ, სანამ მას (წინამორბედს) აიღებდნენ. კვალი რომ განთავისუფლდება, ძირითადი კულტურის მცენარეები უკვე კარგად იქნებიან გახარებულ-დაფესვიანებული და სწრაფად გააგრძელებენ ზრდას.

კულტურების თანამიმდევრული მოყვანის ძირითადი წესები:

→ ძირითადი კულტურა, რომელსაც შემოსვლამდე დიდი დრო სჭირდება, იმავე კვალს სამი წლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს. სტაფილოს, ჭარხალს, ბარდას, კიტრსა და ოხრახუშს ეს ვადა უნდა გაუგრძელდეს, რადგანაც მათზე მავნედ მოქმედებს საკუთარი ფესვის გამონაყოფი.

→ ძირითადი კულტურა ადრინდელ კვალში შეიძლება უფრო ადრეც დავაბრუნოთ, თუკი მის მომდევნოდ მარცვლეული (ხორბალი, ჭვავი, შვრია) ან მწვანე სასუქი დაითესა.

→ ის წინამორბედი და მომდევნო კულტურები, რომელთაც შემოსვლის მოკლე ვადა აქვთ, ერთმანეთს არ უნდა მიჰყვნენ.

→ ერთი ოჯახის ბოსტნეული კულტურები ერთ კვალზე ერთმანეთს არ უნდა მიაყოლო. ეს წესი უმკაცრესად უნდა დავიცვათ ნაცარქათამას ოჯახის მცენარეთა მიმართ (ჭარხალი, ისპანახი, წითელი მხალი), რადგანაც ისინი ძალზე მგრძნობიარე არიან საკუთარი ფესვების გამონაყოფისადმი.

→ თუ კვალი კარგადაა განოყიერებული კომპოსტით ან გადამწვარი ნაკელით, მაშინ მართებული იქნება მასზე კომბოსტოს, ნიახურის, პრასის, კიტრისა და პომიდვრის ყველა სახეობის მოყვანა. ნაკელით გაუნოყიერებელ კვლებზე ნაკლებ მომთხოვნი კულტურები_ ძირხვენები, ხახვი, პარკოსნები უნდა მოვიწიოთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა დრო უნდა დაჰყოს ყოველმა კულტურამ ბაღ-ბოსტანში და ზრდის სხვადასხვა პერიოდში რა მოთხოვნილება აქვთ მათ სინათლისა და კვების მიმართ.

კულტურების შეთავსებადობა

თესვა, შერეული, ბიო

ცხრილით სარგებლობის წესი:

მარცხენა სვეტში („კულტურა“) მოცემულ კულტურების ჩამონათვალში ყოველ კულტურას (მარცხნიდან) თავისი ნომერი შეესაბამება. ზემოთა ხაზში მოცემულია ციფრები. ყოველ ციფრს იგივე კულტურა შეესაბამება, რაც მარცხენა სვეტშია მოცემული.

ვირჩევთ საჭირო კულტურას – მაგალითად ისპანახს (მას შეესაბამება რიცხვი 8) და გვაინტერესებს, ამ კულტურისათვის რამდენად შეთავსებადია, მაგალითად, სტაფილო (მას შეესაბამება რიცხვი 12).

ვაგრძელებთ ისპანახის (მერვე) ხაზს მეთორმეტე სვეტთან გადაკვეთის უჯრამდე. მასში მოცემულია ნიშანი „0“ – რაც ნიშნავს – „ნეიტრალურია“. მაშასადამე ისპანახისთვის სტაფილო ნეიტრალური კულტურაა.

ავტორი: ზურაბ კარბელაშვილი

იხილეთ აგრეთვე: შერეული თესვა – ბოსტნეული, მწვანილი – მეგობარი მცენარეები

თქვენი რეკლამა