ბიოლოგიური მეთოდები მეცხოველეობაში

317 Views Comment Off

ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება ორგანული სოფლის მეურნეობის კონცეფციის პრინციპია.

თავდაპირველად ორგანული სოფლის მეურნეობის მიმდევრები მეცხოველეობას მემცენარეობის დანამატად აღიქვამდნენ, მას უყურებდნენ, როგორც სასუქის მოპოვების საშუალებას და შინაური ცხოველების რაოდენობა მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საჭიროებას შეესაბამებოდა. თვით ცხოველებს, მათ საჭიროებებს, საარსებო პირობებსა და სხვა თავისებურებებს ხშირად უგულებელყოფდნენ.

მეცხოველეობის თანამედროვე ფერმების ძირითადი ინტერესი ცხოველთა პროდუქტიულობის ზრდაა, რასაც სხვადასხვა მეთოდებით აღწევენ: ღორების მოთავსება ბნელ საღორეში და მხოლოდ ხელოვნური საკვებით გამოკვება, ქათმების გამოკვება ჰორმონალური საკვებით და მათი მოთავსება ვიწრო გალიებში–ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება შინაური ცხოველისა თუ ფრინველის ბუნებრივ ინსტიქტებს.

ცხოველებს გააჩნიათ ე.წ. „მეექვსე გრძნობა“, რომლითაც ისინი ერთმანეთს, ჩვენთვის ამოუცნობი საშუალებებით უკავშირდებიან, ისინი მხოლოდ ინსტიქტებით (თანდაყოლილი ან შეძენილი) მოქმედებენ.

ბუნებრივი ინსტიქტების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგია: უნაყოფობა, მაღალი ინფექციური ფონი, დაბალი გამძლეობა, უხარისხო პროდუქცია, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოველების არაბუნებრივ პირობებში გამოზრდისა და შენახვის შედეგია.

თუ მოვლის პირობები შეძლებისდაგვარად არ შეესაბამება ცხოველის ბუნებრივ ინსტიქტებს, ირღვევა ბუნებრივი კანონზომიერება და საუკეთესო საკვებიც კი ვერ გამოასწორებს მდგომარეობას.

დღეისათვის სიტუაცია ნაწილობრივ გამოსწორდა და ბიომეურნეობაზე გადასვლისას იცვლება დამოკიდებულება არა მხოლოდ ნიადაგის, არამედ ცხოველების მიმართაც.

ძნელად, მაგრამ მაინც მკვიდრდება მოსაზრება, რომ ორგანულ მეურნეობაში დამზადებული საკვების გარდა აუცილებელია ჯიშების სწორად შერჩევა და მოვლის პირობების ცხოველის ბუნებრივ ინსტიქტებთან მისადაგება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მემცენარეობაში გაცილებით სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება, ვიდრე მეცხოველეობაში.

ყველა მეურნეს კარგად ესმოდა და ესმის მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მნიშვნელობა, მაგრამ მრავალი წელი დასჭირდა იმის გააზრებას, რომ მეცხოველეობაში გამოყენებული ანტიბიოტიკები არამარტო მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხს აუარესებს ნარჩენი რაოდენობების არსებობის გამო, არამედ უარყოფითად მოქმედებს ნიადაგის ნაყოფიერებაზეც.

ანტიბიოტიკები ნაკელშიც ინარჩუნებენ აქტივობას და ნიადაგში მოხვედრისას შეუძლიათ იმ მიკროორგანიზმების განადგურება, რომელთა ცხოველმოქმედება ნაყოფიერი ნიადაგის ფორმირებას უწყობს ხელს.

ბიომეცხოველეობა შედარებით ახალი მიმართულებაა, რომლის კვლევა დღესაც მიმდინარეობს: ჯიშთა შერჩევა, მოვლის პირობები, სწორი კვება, მკურნალობა, ეს ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ორგანულ მეურნეობაში.

კონვენციური ფერმების მიზანია გაზარდონ ცხოველთა პროდუქტიულობა ნებისმიერი საშუალებით, კერძოდ ახალი პროდუქტიული ჯიშების გამოყვანა, მოვლის პირობებისა და საკვები რაციონის სასაქონლო მოთხოვნაზე მორგება, კლონირებისა და ემბრიონის გადანერგვის მეთოდების გამოყენებით მართლაც იზრდება ცხოველთა პროდუქტიულობა, მაგრამ ეს ხდება ადგილობრივი ჯიშების გადაშენების, ცხოველთა ჯანმრთელობის გაუარესების, მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის დაქვეითებით და გარემოს დაბინძურების ხარჯზე.

ორგანულ მეურნეობაში ცხოველთა ჯიშების შერჩევისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გათვალისწინებულია და ყურადღება ექცევა ადგილობრივ პირობებს მაქსიმალურად მორგებული ჯიშების შეძენა-გამოყვანას. ამასთან პროდუქტიული საქონლის შეძენა ნებადართულია მხოლოდ ორგანულ მეურნეობაში, მაგრამ რიგ შემთხვევებში თუ არ არის ორგანულ მეურნეობაში შეძენის საშუალება, დასაშვებია საქონლის ან სანაშენე ცხოველის ნაწილის (10–15%) შეძენა კონვენციურ მეურნეობაში.

ორგანულ მეურნეობაში ცხოველთა მოვლა-შენახვა უნდა ემყარებოდეს მათ ბუნებრივ ინსტიქტებს. დაუშვებელია ცხოველების მუდმივად დაბმა ან სადგომებში შენახვა. ყველა ცხოველს უნდა ჰქონდეს საძოვარზე ან ისეთ ადგილზე გასვლის საშუალება, სადაც იგი თავისუფლად იმოძრავებს და ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს.

ცხოველების სადგომი არატოქსიკური მასალებისაგან უნდა აშენდეს, დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურა, ვენტილაცია, სისუფთავე და სხვა. არაბუნებრივი ან უბრალოდ ცუდი პირობები ცხოველებში იწვევს სტრესს, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს მათ იმუნურ სისტემაზე და ასეთი ცხოველები გაცილებით ხშირად ავადდებიან: ზედა სასუნთქი გზების, კუჭის წყლულით, მასტიტით და სხვა დაავადებით.

ორგანულ მეცხოველეობაში ცხოველთა კვება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. სწორი კვება, ერთის მხრივ, ცხოველთა ჯანმრთელობას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის გარანტიცაა.

სწორი კვება, რომელიც ეფუძნება სახეობრივი თავისებურებების გათვალისწინებას, სერიოზული პროფილაქტიკური ღონისძიებაა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მაგ: მსხვილფეხა რქოსან საქონელს(ძროხას) რთული საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს და არასწორი კვების პირობებში ნივთიერებათა ცვლის სერიოზული დარღვევა ხდება. სწორი კვება გულისხმობს საკვების ხარისხს და მასში შემავალი კომპონენტების სწორ ბალანსს.

ორგანულ მეურნეობაში ცხოველები უნდა იკვებებოდნენ მხოლოდ ბიოლოგიური საკვებით და იგი უნდა დამზადდეს მეურნის მიერ საკუთარ მეურნეობაში. თუმცა დასაშვებია საკვების შეძენა სხვა მეურნეობებიდან და გამონაკლის შემთხვევაში, მცირე რაოდენობით შეიძლება კონვენციურ მეურნეობაში დამზადებული საკვების გამოყენებაც.

რაც შეეხება კვების რაციონს, აუცილებელია ყველა მცოხნელმა, ყოველდღიურად მიიღოს უხეში საკვები. საძოვრის პერიოდის დამთავრების ან საძოვრის პროდუქტიულობის შემცირების შემდეგ, რომელიც სრულფასოვან წვნიან საკვებს წარმოადგენს, ყველა სახის ცხოველისათვის ძალიან სასარგებლოა ისეთი წვნიანი საკვების მიცემა, როგორიცაა ჭარხალი, ტურნეფსი და სხვა ძირხვენები, სილოსი და ბაღჩეული კულტურები.

მათ ნაცვლად ან მათთან ერთად წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კარტოფილი. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს შეიძლება მიეცეს ნედლი სახით, ხოლო ღორებს, ბოცვრებს და ფრინველებს მოხარშული სახით.

დაუშვებელია ცხოველთა საკვებად გამოყენებულ იქნას დამპალი ან მიწიანი ძირხვენები და კარტოფილი. ასევე დაუშვებელია მწვანე კარტოფილის გამოყენებაც, რადგან იგი შეიცავს სოლანინს, რომელიც შხამს წარმოადგენს და იწვევს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ძლიერ მოწამვლას.

გაყინული კარტოფილის საკვებად გამოყენებისას აუცილებელია მისი გალღობა, ამასთან ისეთი რაოდენობით, რომ ცხოველს ერთჯერად საკვებად ეყოს. წვნიანი საკვების მიცემისას გასათვალისწინებელია ცხოველების ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისი ნორმები.

დღიური ნორმების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვებში ცილების რაოდენობას, მათ საკვებ ერთეულთან და შაქრებთან შეფარდებას. ამ მაჩვენებლის დარღვევა საკვების გადახარჯვას, პროდუქტიულობის დაქვეითებას და ბერწიანობას იწვევს.

წლის ცივ პერიოდში ცხოველების ორგანიზმი მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. ზამთრის საკვებში მათი შემცველობა შედარებით მცირე და თანაც ძნელად მოსანელებელ ფორმაშია, ამიტომ აუცილებელია დანამატების სახით მიეცეს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მინერალური ნივთიერებების დანაკლისის შევსებას.

მინერალური ნივთიერებები: კალციუმი, ფოსფორი, რკინა და სხვა განსაკუთრებით აუცილებელია მაკე ცხოველისათვის, რათა ნაყოფის ძვლოვანი სისტემა ნორმალურად განვითარდეს და უდღეური, მახინჯი ხბო, გოჭი, ბატკანი, ციკანი არ დაიბადოს.

ზამთარში კალციუმის ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ წყაროს ცარცი წარმოადგენს. ცარცის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას კბილის ფხვნილი. მისი ერთი კოლოფი ერთ ძროხას, 2-3 ცხვარს და თხას, ორ ღორს ორი დღის განმავლობაში ეყოფა.

კალციუმის საუკეთესო წყაროს კვერცხის ნაჭუჭი, ძვლის ფქვილი, ქათმებისათვის ნაცარი წარმოადგენს. კალციუმთან ერთად ცხოველის ორგანიზმისათვის აუცილებელია ფოსფორი და რკინაც. ამ ელემენტებისა და ვიტამინების საუკეთესო წყაროა ჭინჭარი. მას საკვებში ფხვნილის სახით უმატებენ.

პრაქტიკოსების მიერ შენიშნულია, რომ 10 ფრთა ქათამზე ყოველ დღე საკვებში ერთი სუფრის კოვზი ჭინჭრის ფხვნილის დამატებისას შემოდგომა-ზამთრის ცივ პერიოდშიც კი კვერცხებს დებენ. როგორც წლის ცივ, ისე სხვა პერიოდში საუკეთესო ცილოვან-ვიტამინოვან საკვებს ყველა სახის ცხოველისა და ფრინველისათვის გაღივებული მარცვალი–ჯეჯილი წარმოადგენს.

ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მაკე ცხოველს სადგომის ტემპერატურის ან არანაკლებ 15-170C–ზე გამთბარი წყალი უნდა მიეცეს. უფრო ცივი წყალი სხვა ცხოველის შემთხვევაში გაბერწების წინაპირობაა.

ცხოველთა საკვებდანამატებად შესაძლებელია მცენარეული პროდუქტების, კვების მრეწველობის ანარჩენების, ბაქტერიების, სოკოებისა და ცილების გამოყენება.

ორგანულ მეურნეობაში აკრძალულია საკვები დანამატების სახით სინთეზური ზრდისა და მადის რეგულატორების, ჰორმონების, კონსერვანტების, საღებავების, ყველა ტიპის ექსკრემენტების, გამხსნელებისა და სხვა ქიმიური აგენტების, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენება.

პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ აღნიშნული დანამატები უარყოფით გავლენას ახდენენ ცხოველის ჯანმრთელობაზე. მაგ: კონცენტრატების დიდი რაოდენობით გამოყენება ძროხის წიგნარაში მჟავიანობის არასასურველ მომატებას იწვევს. აგრეთვე აქვეითებს მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხსაც, კერძოდ რძის პროდუქტებში აღმოჩენილია ჰორმონალური პრეპარატების ნარჩენი რაოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე „ელკანას“ სტანდარტის მიხედვით:

– ცხოველთა საკვებად გამოყენებული საკვების მინიმუმ 50% უნდა იყოს ადგილობრივად, მეურნეობაში წარმოებული;

–ცხოველთა გამოკვება 100%–ით ბიოლოგიური საკვებით უნდა ხდებოდეს. თუ ორგანულ მეურნეობაში არ არის საკვების შეძენის საშუალება, მაშინ გამონაკლისის სახით დასაშვებია გარკვეული რაოდენობის საკვების დამატება კონვენციური მეურნეობიდან, კერძოდ მცოხნელებისათვის 10%, არამცოხნელებისათვის 15%;

–აკრძალულია საკვები დანამატების სახით სინთეზური ზრდისა და მადის რეგულატორების, ჰორმონების, კონსერვანტების, საღებავების, ყველა სახის ექსკრემენტების, გამხსნელებისა და სხვა ქიმიური აგენტების, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენება.

მეცხოველეობის ანარჩენების (სისხლი, შიგნეულობა და სხვა) მცოხნელებისათვის საკვებად გამოყენება აკრძალულია!

ბიომეურნეობაში ცხოველთა მკურნალობაში უპირატესობა ენიჭება პროფილაქტიკური ღონისძიებების გამოყენებას. მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა პროფილაქტიკური და მკურნალობის ბიომეთოდები არაეფექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ ყურადღებაა საჭირო, რადგან ქიმიური პრეპარატების ხშირი გამოყენება ცხოველის ჯანმრთელობისათვის არასასურველია.

მაგ. ანტიბიოტიკებით მკურნალობა იწვევს ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვას, დაავადებების გამომწვევები გარკვეული დროის შემდეგ გამოიმუშავებენ რეზისტენტულობას სადეზინფექციო საშუალებებისა და მედიკამენტების მიმართ, რის შემდეგ ამ პრეპარატების გამოყენება იმავე დოზით არაეფექტურია და აუცილებელი ხდება სამკურნალო საშუალებების ან მათი დოზების შეცვლა.

სინთეზური მედიკამენტებით მკურნალობა უარყოფით გავლენას ახდენს მეცხოველეობის პროდუქტის ხარისხზეც, ვინაიდან მათში რჩება მედიკამენტის ნარჩენი რაოდენობები, მაგრამ თუ პროფილაქტიკური ღონისძიებების მიუხედავად, ცხოველი ავად გახდა, უნდა მოხდეს მისი იზოლაცია და მკურნალობა.

უპირატესობა ენიჭება ბიოპრეპარატების გამოყენებას, მაგრამ საქართველოში, სადაც, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მეცხოველეობის პარაზიტებისა და დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი ძალზე მაღალია, ბიოპრეპარატები პრაქტიკულად არ არსებობს.

ბუნებრივი მეთოდების გამოყენებას საფუძვლად უდევს ცხოველის ორგანიზმის ერთ მთლიანობაში განხილვა ანუ ღონისძიებათა სისტემა მიმართულია არა ერთი რომელიმე ორგანოს დარღვევის სამკურნალოდ, არამედ მთლიანად ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ.

მეცხოველეობაში გამოყენებულ ბუნებრივ მეთოდებს შორის გამოყოფენ ჰომეოპათიის, ფიტოთერაპიის და ტრადიციული (შინაური) საშუალებების გამოყენებას. ჰომეოპათია, როგორც მედიცინაში ისე ვეტერინარიაში, სათავეს იღებს მე–18 საუკუნიდან.

მეთოდის საფუძველი გახდა კონცეფცია–მსგავსი კურნავს მსგავს. თუ ნივთიერება ორგანიზმში რაიმე სიმპტომებს იწვევს, მაშინ იგი შეიძლება ამ სიმპტომებისაგან განკურნვის საშუალებაც იყოს. მაგ. ფუტკრის შხამი კარგი საშუალებაა მწერების ნაკბენის სამკურნალოდ. ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ მათი გამოყენება სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე არარეკომენდებულია.

რაც შეეხება ფიტოთერაპიასა და შინაური საშუალებების გამოყენება ეყრდნობა ხალხის ისტორიულ გამოცდილებას და წარმატებით გამოიყენება. საქართველოში მრავლადაა მცენარეები, რომელთაგან დამზადებული ნაყენები, ნახარშები თუ ნედლად გამოყენება ძალზედ ეფექტურია.

მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს: აბზინდა, ლემა, ლენცოფა გამოიყენება ცხოველთა გასაბანად პარაზიტების წინააღმდეგ. დეზურა მაღალი–ადამიანისა და ცხოველების ექტოპარაზიტების წინააღმდეგ, შხამა–მადის გასაუმჯობესებლად, მალამოდ მუნის წინააღმდეგ და პარაზიტი მწერების წინააღმდეგ, მარიამსაკმელი– საქონლის მუნის წიმააღმდეგ.

ელკანას სტანდარტი ცხოველთა მკურნალობის შესახებ:

–ცხოველთა მკურნალობისათვის ბიომეურნემ უნდა გამოიყენოს პროფილაქტიკური ღონისძიებები. თუ პროფილაქტიკური საშუალებები შედეგს არ იძლევა მედიკამენტი უნდა მიეცეს ვეტერინარის დანიშნულებით;

–დასაშვებია სანიტარული სამსახურის მიერ დაწესებული ვაქცინაცია; გენმოდიფიცირებული ვაქცინების გამოყენება აკრძალულია;

–დასაშვებია წყალში და ცხიმში ხსნადი სინთეზური ვიტამინების გამოყენება ვეტერინარის დანიშნულებით;

–აკრძალულია ზრდის, პროდუქტიულობის სტიმულირების ან ბუნებრივი ზრდის შეზღუდვისათვის სინთეზური სტიმულატორების, ნივთიერებების გამოყენება.

ავტორები: ნ. ნაკაშიძე,  დ. ჯაში /ორგანული სოფლის მეურნეობა/

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB