ბალახნარევები, მათი მნიშვნელობა და გამოყენება

619 Views Comment Off

ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის, ისე როგორც საერთოდ აგრარული მეცნიერებისა და წარმოების პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მაღალმოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევა, მაღალმოსავლიანი ჯიშების მოვლა-მოყვანით, შესაფერისი აგროტექნოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გააუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და დაიცავენ მას ეროზიისაგან.

აღნიშნულთან ერთად ცხოვრებამ ცხადყო არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, მეცხოველეობისათვის მტკიცე საკვები ბაზის შექმნა, რაც უზრუნველყოფს ცხოველის ფიზიოლოგიურ ნორმას საყუათო ნივთიერებების თვალსაზრისით და მის მაღალ პროდუქტიულობას.

მეცხოველეობისათვის საჭირო მაღალყუათიანი და ვიტამინებით მდიდარი საკვები ბაზის შესაქმნელად ნათეს საკვებ ბალახებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბალახები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება საკვებ კულტურათა შორის. მათგან მიიღება მაღალი კვებითი თვისებების თივა, ამასთანავე ნათესი საუკეთესო საძოვარი და მწვანე საკვებია ცხოველისათვის, ვიტამინებით მდიდარი საკვები, რომელიც დადებითად მოქმედებს ცხოვლთა ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაზე.

საკვები ბალახები ბიოლოგიური თავისებურების, თესვა-მოყვანისა და დანიშნულების მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პარკოსნები და მარცვლოვნები. ორივე ჯგუფში წარმოდგენილია მრავალწლოვანები და ერთწლოვანები ფორმები. მათ თესავენ ცალკე (სუფთად) და ბალახნარევის სახით.

კვების რაციონში ცილებით მდიდარი საკვების მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ბალახნარევებს, სუფთა ნათესთან შედარებით იგი იძლევა მაღალ და მყარ მოსავალს, უკეთესად იყენებს სასიცოცხლო ფაქტორებს-სითბოს, სინათლეს, ტენს და ნიადაგის საკვებ ნივთიერებებს.

კულტურაში ნათესი მარცვლოვნების ფესვები ნიადაგში 100-150 სმ სიღრმეზე ჩადის, ზოგიერთი მარცვლოვნების (უფხო შვრიელა, მაღალი კოინდარი, კაპუეტა) ფესვები ნიადაგში  2 მეტრზე მეტ სიღრმეს აღწევს. მრავალწლოვანი პარკოსნები კი კიდევ უფრო ღრმად ფესვიანდებიან, ვიდრე მარცვლოვანი ბალახები. მარცვლოვნებისა და პარკოსნების ფესვების 50-70% განლაგებულია ნიადაგის ზედაპირის 20-30 სმ სიღრმეზე.

ბალახნარევების ძოვნადობა და გამოყენების კოეფიციენტი მაღალია, ვიდრე სუფთა ნათესის. მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევად ნათესი უფრო გამძლე არის არახელსაყრელი პირობებისადმი და უკეთესად ებრძვის სარეველებს. ბალახნარში პარკოსნების გამეჩხერებისას თავისუფალ ადგილებს იკავებს  უფრო გამძლე და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი მარცვლოვნები.

მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების არათანაბარი განვითარების გამო ბალახნარევებში თესვისას თითოეული მათგანისათვის იქმნება შედარებით სასურველი პირობები ნიადაგის ტენისა და საკვები ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს თივის მაღალი მოსავლის მიღებას, გათიბვისა და გაძოვების შემდეგ ბალახნარის კარგ აქვიტს (წამონაზარდს). რთული ბალახნარევები წლეების მიხედვით (სამი და მეტი წელი) იძლევა უფრო სტაბილურ და მაღალ მოსავალს, ვიდრე მარტივი ბალახნარევები.

ბალახნარევების (მარცვლოვან-პარკოსანი) შრობისას პარკოსნების (სამყურა, იონჯა) ფოთლების სრული შენარჩუნება ხდება, მაშინ როდესაც პარკოსნების ცალკე შრობისას ფოთლების დიდი დანაკარგი აღინიშნება და შესაბამისად მნიშვნელოვანია კვებითი მაჩვენებლებლების შემცირებაც. ბალახნარევების თესვისას საგრძნობლად უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობა, იზრდება ნიადაგის დაკორდების პროცესი.

გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს მოკლევადიანი (2-3 წლის) და გრძელვადიანი (4-6 და მეტი) სარგებლობის ბალახნარევები.

ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ბალახნარევების შემადგენლობა სხვადასხვანაირია. ნარევში ითესება ადგილობრივი პირობებისათვის ყველაზე მოსავლიანი და მაღალი კვებითი ღირებულების ბალახები. შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი დამოკიდებულება ნიადგის, წყლის რეჟიმის, საკვები ნივთიერებების და სხვათა მიმართ.

მაგალითად მარცვლოვნები აზოტის მიმართ მომთხოვნი არიან, ამიტომ ისინი კარგად იზრდება აზოტით მდიდარ ნიადაგებზე. პარკოსნები კარგად იზრდება ფოსფორისა და კალიუმის შემცველ ნიადაგებზე. საშუალო ტენიანობის ნიადაგებზე კარგად იზრდება მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, მდელოს თივაქასრა, სათითურა, წითელი და თეთრი სამყურა. მაღალი ტენიანობის პირობებში კარაგდ იზრდება მდელოს ტიმოთელა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, ვარდისფერი სამყურა და სხვა.

ხანგრძლივი გამოყენების სათიბებისათვის მიზანშეწონილია დაითესოს ფესურიანი მაღლარი ბალახები, ხოლო საძოვრული გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია დაითესოს დაბლარი, ძოვების ამტანი ბალახები. საერთოდ ბალახნარევების თესვისას აუცილებელია შერჩეული იქნეს თანაბარი (შეთავსებადი) ვეგეტაციის მქონე მცენარეები, იმისათვის რომ მივიღოთ მაღალი და მყარი მოსავალი, გამოვიყენოთ მეორე ნათიბის მიღების შესაძლებლობა.

ხანგრძლივი სარგებლობის მრავალწლოვანი საძოვრების შესაქმნელად მიზანშეწონილია ბალახნარევებში შეტანილი იქნეს პარკოსნები 20-30%, მაღლარი მარცვლოვნები 20%-მდე, დაბლარი მარცვლოვნები 50-60%.

საძოვრის ტიპის ბალახნარევებში შეტანილი უნდა იქნეს სხვადასხვა ვადებში მწიფადი ბალახები (საადრეო, საშუალო, საგვიანო), რომლებიც გაძოვების შემდეგ კარგ აქვიტს იძლევა. ძოვების ამტან ბალახებად ითვლება: საძოვრის კოინდარი, სათითურა, ყვითელი იონჯა, თეთრი სამყურა, კურდღლისფრჩხილა და სხვა.

საძოვრულ ბალახნარევებში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე მაღლარი მარცვლოვნები, ისინი სწრაფად იზრდება და საშუალებას აძლებს მათი საფარის ქვეშ გაიზარდოს და ბალახნარში  დამაგრდეს დაბლარი ბალახები. მაღლარი მარცვლოვნები დათესვის წელსვე იძლევა მწვანე მასის კარგ მოსავალს.

ცნობილია, რომ რაც მეტია მცენარის მიწისზედა ნაწილები (ღერო-ფოთლები), მით მეტი ფესვები გროვდება ნიადაგში. იმისათვის, რომ მცენარემ შექმნას ღერო-ფოთლების დიდი მასა მცენარეს ესაჭიროება ძლიერი ფესვთა სისტემა, ხოლო ფესვების დიდი მასის შესაქმნელად საჭიროა ნიადგში ფესვის მცენარეული ქსოვილის წარმოსაქმნელი ორგანული ნივთიერების არსებობა.

მრავაწლოვანი ბალახებისაგან თივის მაღალი მოსავლის მიღება ნიშნავს, რომ მოსავლის მიღებასთან ერთად ნიადაგში გროვდება აზოტი (საშუალოდ 1 კგ ყოველ ცენტნერ თივაზე), ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და მცენარისათვის  საჭირო სხვა საკვები ნივთიერება.

მრავალწლოვანი ბალახების ღერო ერთ წელიწადს ცოცხლობს, მაგრამ მათი ძირითადი ბიოლოგიური განსხვავება ერთწლოვანი ბალახებისაგან იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი ღეროს ფუძეში, იმ ადგილას სადაც ღერო უერთდება ფესვს და რომელიც მორფოლოგიურად მცენარის ფესვის ყელს წარმოადგენს, მეორე წელს წარმოიქმნება ახალი ყლორტები. მრავალწლოვანი ბალახების ამ თვისებას ვეგეტატიური განახლება ეწოდება. მრავალწლოვანი ბალახების ეს თვისება დამოკიდებულია ფესვის ყელისა და მასზე მოთავსებული კვირტების ცხოველმყოფელობაზე.

მრავალწლოვანი ბალახების თესვა წარმოებს საფარი კულტურების ქვეშ და უსაფაროდ—სუფთად. უსაფაროდ თესვა სარწყავ ნიადაგებზე ზაფხულში ან ადრე შემოდგომით წინამორბედი კულტურების მიერ ნიადაგის განთავისუფლებისთანავე სწრაფად ხდება, იმ ანგარიშით, რომ ნათესი დაზამთრებამდე მოძლიერდეს და შესაძლებელია ერთი ნათიბიც კი მივიღოთ.

საფარქვეშ დათესილი ბალახები პირველ წელს სუსტად ვითარდება და მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ ამით ჩვენ ვიგებთ ერთ სავეგეტაციო წელს და რაც მთავარია ვზოგავთ ხარჯებს. საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ მცენარე სწრაფად ვითარდება და იმავე წელს იძლევა 1-2 ნათიბს.

კულტურების საფარქვეშ ბალახების თესვა შესაძლებელია ადრე შემოდგომით ან საგაზაფხულოდ. ასევე შესაძლებელია ბალახების შეთესვა გაზაფხულზე სიმინდში, რომლის აღების შემდეგ კარგად იზრდება და წლის ბოლომდე 1-2 ნათიბს იძლევა, ხოლო მომდევნო წელს უკვე სრულად ითიბება _4-5-ჯერ.

ბალახებისათვის ნიადაგის დამუშავება დამოკიდებულია თესვის წესებსა და ვადებზე. თუ ბალახები ითესება გაზაფხულზე ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად, წინსახვლენიანი გუთნით 22_25 სმ სიღრმეზე. მოხვნის წინ შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქები. ადრე გაზაფხულზე ხნულს ფარცხავენ, ხოლო თესვის წინ ატარებენ კულტივაციას და ფარცხვას.

ბალახების ზაფხულში ან ადრე შემოდგომით თესვისას, ნიადაგის ძირითადი დამუშავება წარმოებს წინამორბედი კულტურისგან ნიადაგის განთავისუფლებისთანავე. ხნული თუ ბელტიანია, კარგად უნდა დაიშალოს დისკოებიანი ფარცხებით, მოსწორდეს მისი ზედაპირი კულტივაციით და ფარცხვით, საჭიროა ხნულის მოტკეპნა საგორავებიანი სატკეპნელით, რადგან უზრუნველყოფილი იქნეს ბალახების თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვა და შესაბამისად ნათესის თანაბარი აღმონაცენის მიღება.

თანაბარი აღმონაცენი საშუალებას იძლევა სრულად იქნეს გამოყენებული მანქანა_იარაღები და მიღებული მოსავალი (თივა) საგრძნობლად მეტია, ვიდრე არათანაბარი აღმონაცენის შემთხვევაში.

ავტორი: იოსებ სარჯველაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

იხილეთ აგრეთვე: საძოვრები — კულტურული საძოვრის მოწყობა და გამოყენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3287 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB