ამბროზიის ხოჭო-თხილნარების საშიში მავნებელი-რეკომენდაციები

საქართველოში თხილის კულტურას ასზე მეტი მავნებელი აზიანებს. მათ შორის, უარყოფითი მნიშვნელობით გამოირჩევა სხვადასხვა სახის ფოთლიჭამიები, ჩრჩილები, მზომელები, ბუგრები, ხარაბუზები, ამერიკული თეთრი პეპელა, ტკიპები, ცხვირგრძელები და სიდამპლის გამომწვევი სოკო _ ორგანიზმები, რომელთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში ოც სახეობამდეა.

ამ მრავალფეროვანი სახეობების გამრავლება-განვითარება, დაზიანების სიმპტომები და ბრძოლის კალენდარული ვადები სხვადასხვაა.

თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ თხილის ახალ სერიოზულ მავნებელზე _ ამბროზიის ხოჭოზე, რომლის სახეობა საქართველოში ადრე ცნობილი არ იყო. პირველად ეს მავნებელი ჩვენს მიერ შენიშნული იყო სამეგრელოში, 2007-2013 წლებში.

მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებები ჩვენი პირობებისთვის შეუსწავლელია და ამჟამად მიმდინარეობს მისი ბიოლოგია-ეკოლოგიის და მასთან ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება.

ის აზიანებს თხილის მცენარის ტანს. დაზიანების ადგილას სიგრძივ ზოლად გასდევს სხვადასხვა ზომის მოყავისფროდ შებოლილი ლაქები, რომლის შიგნით მცენარის კანზე შეიმჩნევა მწერის გამოსაფრენი ნახვრეტი. ხის ტანი გაყავისფერებულია სითხის გამოსვლით, რასაც “ხის ტირილს” უწოდებენ. მავნებლის ხოჭო პატარა, მოშავო-მოყავისფროა, ზამთრობს ხის ქერქში _ გალერეაში, გადააქვს სოკო და ახმობს ხეებს.

მავნებელი ხოჭოების ეს ჯგუფი ორი ოჯახისგან შედგება. ისინი მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავებული არიან. პირველი ჯგუფი ღრმად შედის თხილის ტოტის გულგულაში, ხოლო მეორე მხოლოდ კანის შიგნითაა და ამით ხელს უწყობს მცენარეთა ინფექციის (სოკოების) გავრცელებას. ორივე სახეობა პოლიგაფებია და აზიანებს არა მარტო თხილს, არამედ ტყის მცენარეების სხვა მერქნიან ჯიშებს _ რცხილას, წაბლს, მუხას.

ხოჭოები გალერეაში ორმოცამდე კვერცხს დებენ. იქედან გამოსული მატლები იკვებებიან ხის გულგულით და სოკოებით, შემდეგ იქვე იჭუპრებენ. ჭუპრიდან სოკოები გამოდიან მაის-ივნისში. ისინი პატარებია და მოშავო-მოყავისფრო ელფერი გადაკრავთ. მასიური დაზიანებისას თხილის მცენარე ცეცხლით გარუჯულს წააგავს.

დაზიანებულ თხილნარებში, ჯერჯერობით, შეიძლება გატარებული იქნეს შემდეგი პროფილაქტიკური, კარანტინული და აგროტექნიკური ღონისძიებანი:

1. აუცილებელია, სასტიკი კარანტინული ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებით, თხილის სარგავი მასალის გადატანის აკრძალვა ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც იწვევს მავნებლის გავრცელებას;

2. დაზიანებული და დასუსტებული ტოტების შეჭრა ადრე გაზაფხულზე;

3. მოჭრილი, მავნებლით დაზიანებული ტოტების თხილნარებში რამდენიმე ადგილზე დაწყობა და მავნებლის “ხაფანგად”გამოყენება, რადგან მცენარის ტოტებიდან გამოსული ხოჭო დაესევა მოჭრილ, დაზიანებულ ტოტებს;

4. დაზიანებული ტოტები თხილნარებში ორ თვეზე მეტი არ უნდა დავტოვოთ, თორემ ისინი გადადიან საღ მცენარეებზე;

5. ორი თვის შემდეგ, მოჭრილი დაზიანებული ტოტები გავიტანოთ პლანტაციის გარეთ და დავწვათ.

6. დაზიანებულ პლანტაციაში მოჭრილი ჭიგო არ გამოვიყენოთ სხვა მცენარეების (ლობიო, პომიდორი) საყრდენად;

7. ხოჭოების ფრენის პერიოდში (მაის-ივნისი) საჭიროა თხილნარების მორწყვა, ნიადაგში მოხვედრილი მავნებლების დასახოცად;

8. გამოვიყენოთ ენტომოლოგიური სარტყლები _ დავკიდოთ წითელი ეთალონითა და წყლით გაჯერებული სარტყლები. ალკოჰოლი იზიდავს მწერებს და ისინი ეწებებიან მას. ერთი ცალი სარტყელი დაიჭერს ათასობით ხოჭოს. 15-20 დღეში ამ სარტყელზე ახალი წებოს წასმაა საჭირო. ყველაზე ეფექტურია წითელი ფერის სარტყლის გამოყენება. ეს ღონისძიება უნდა ჩატარდეს ხოჭოების ფრენისას, მაის-ივნისში;

9. შესაძლებელია დაზიანებულ ხის კანში ეთანოლის სპირტის შეყვანა. ამ ხეს დაესევიან მწერები. ხეს უნდა დავარტყათ სიმძიმე _ ეს მწერზე თავდასხმის მომენტია. შემდეგ ხე იჭრება და ხდება მისი გაუსნებოვნება.

ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი
gurianews.com
agrokavkaz.ge

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.