აჩეჩვა და აოშვა – ნიადაგის დამუშავება

ფარცხი, აჩეჩვა, აოშვა, ნიადაგი

ნიადაგის მოვლის თვალსაზრისით, აჩეჩვა ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა და მასში იგულისხმება ნაწვერალის (მოხვნამდე) და აოშვაში ხნულის (მოხვნის შემდეგ) ნიადაგის დამუშავება, რომლის დროსაც ყველაზე ნაკლებად ირღვევა ნიადაგის ზედა ფენების სტრუქტურა.

აჩეჩვა წინ უძღვის ძირითად ხვნას და ტარდება მოსავლის აღებისთანავე ან არა უგვიანეს 2-3 დღისა. ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 4-6 სმ სიღრმეზე დისკოებიანი იარაღით, რომელსაც ამჩეჩს (აჩაჩს) უწოდებენ.

ნაწვერალის დროული და ხარისხობრივი აჩეჩვა სპობს ნაწვერალის სარეველებს, მოსავლის აღების დროს ნიადაგის ზედაპირზე დაცვენილი მათი თესლი მიწის გაფხვიერებულ მასაში აირევა.

ამგვარი გაფხვიერება ნიადაგში დარჩენილი ტენის ორთქლებას აჩერებს. ამ ტენს იყენებს სარეველების თესლი და გაღვივებას იწყებს. აჩეჩვა ხელს უწყობს მოსული ნალექების ნიადაგში უკეთეს ჩაჟონვას. ნადგურდება მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევი საწყისები.

აოშვის მიზანს შეადგენს ხნულში ამა თუ იმ მიზეზით გაჩენილი გამკვრივებული ქერქის გაფხვიერება, ანეულის დროგამოშვებით გარკვეულ სიღრმეზე გაფხვიერება, სარეველების მოსპობა და სხვა.

აოშილ მინდორზე მატულობს ხნულის ფორიანობა, უმჯობესდება ჰაერის რეჟიმი და უკეთესი პირობები იქმნება ნიადაგში მიმდინარე მიკრობილოგიური პროცესებისათვის.

აჩეჩვა და აოშვა ტარდება დისკოიანი ან სახნისიანი ფრთებიანი იარაღებით. უფრო მეტად გავრცელებულია დისკოებიანი ამჩეჩები.

სურათი 1. დისკოებიანი ფარცხი აჩეჩვისა და აოშვისათვის

ფარცხი, აჩეჩვა, აოშვა

სათანადო ცდებით დადგენილია, რომ დისკოებიანი იარაღით გადიდებულ სიჩქარეზე 4-დან 9 კმ/სთ-ში ნაწვერალის აჩეჩვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის ხარისხს _ უკეთესად იჭრება და იზრდება აგრეგატის მწარმოებლობა.

ავტორი: ა. კორახაშვილი /მემინდვრეობა/.

* ნაწვერალი — მომკის შემდეგ დარჩენილი მარცვლოვანი კულტურების ღეროს ქვედა ნაწილის გადანაჭრები. ნაწვერალთან ერთად მინდორზე რჩება აგრეთვე სარეველები, რომლებიც აგრძელებენ ვეგეტაციას. ნაწვერალი და სარეველები წარმოადგენს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების გამრავლება-გავრცელების კერას, ამიტომ საჭიროა მინდვრის აჩეჩვა.

ფარცხი, აჩეჩვა, აოშვა

იხილეთ აგრეთვე: ხვნა, ნიადაგის ზედაპირული დამუშავების წესები და იარაღები

თქვენი რეკლამა